ბავშვთა დაცვის დღე ტელემედიაში
11.06.2015
ტელევიზიებმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ერთფეროვნად გააშუქეს. მასალები ძირითადად, საპირველივნისო ღონისძიებებს და საქველმოქმედო აქციებს ეხებოდა. სიუჟეტები , როგორც წესი, კერძო კომპანიების ან სახელმწიფო უწყებების პიარს ემსახურებოდა. ბავშვთა უფლებებისა და სოციალური პრობლემების შესახებ სიღრმისეული სიუჟეტები თითქმის არ გაკეთებულა. სიუჟეტების ნახევარზე მეტში კი, (65%) ბავშვების მოსაზრება საერთოდ არ იყო წარმოჩენილი.
„პირველი არხი“
“დღე, რომელიც მხოლოდ ბავშვებს ეკუთვნით” - ასე დაიწყო პირველი ივნისის შესახებ საუბარი “მოამბის” წამყვანმა მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში. “ბავშვების კუთვნილი” დღის გაშუქება კი კოლაჟით შემოიფარგლა - როგორ მიულოცეს ბავშვთა დღე ბავშვებს პრემიერმა, პრეზიდენტმა, პირველმა ლედიმ, ქალაქის მერმა და საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
კიდევ ერთი ღონისძიება, რომელიც მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში მოხვდა, დუშეთში, კულტურის სახლში შეკრებილი ბავშვებისთვის კონცერტის გამართვა და მათთვის საჩუქრების გადაცემა იყო.
საზოგადოებრივ მაუწყებელს, იმ დღეს, რომელიც “ბავშვებს ეკუთვნით” , არ მოუმზადებია სიუჟეტი, სადაც ბავშვთა უფლებები სიღრმისეულად იქნებოდა წარმოჩენილი.
„მაესტრო“
მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში ტელეკომპანია “მაესტრომ” სიუჟეტი მიუძღვნა ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებს, სადაც საკითხი საკმაოდ ფართოდ იყო წარმოჩენილი.
თუმცა, ამის პარალელურად, ტელეკომპანიამ საკმაოდ დიდი დრო დაუთმო საქველმოქმედო აქციებისა და ღონისძიებების გაშუქებასაც.
მაგალითად, 18:30 წუთზე ეთერში გადაცემა “ბიზნეს კონტაქტი” გავიდა, სადაც რამდენიმე წუთი ბავშვთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაეთმო. პირველი სიუჟეტი მზიურში გამართულ ღონისძიებას მიეძღვნა, მეორე - „კომპანია “თოლიამ” პატარებს ფესტივალი მიუძღვნა“, მესამე - „კომპანია “ბარამბომ” ბავშვებს ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბარამბინოს ნაყინი, ბუშტები და ტკბილეული დაურიგა“, მეოთხე - „კომპანია “ავერსმა” სოციალურად დაუცველ რამდენიმე ათეულ ბავშვს “ზალიკოს ცენტრში” უმასპინძლა“, მეხუთე - „ლუდსახარშმა “ზედაზენმა” ერთი დღით ლუდის წარმოება შეწყვიტა და პატარებს ლიმონათის წარმოება დაათვალირებინეს“. სიუჟეტებში ჩაწერილი იყვნენ კომპანიების წარმომადგენლებიც. ჟურნალისტს არსად განუმარტავს, იყო თუ არა ეს სიუჟეტები კომპანიების მიერ დაფინანსებული, ან ბავშვთა საერთაშორისო დღეს რატომ იყო ამ კომპანიების აქტივობების გაშუქება მნიშვნელოვანი.
“რუსთავი 2”
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე “რუსთავი 2-ს“ მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში საერთოდ არ გაუშუქებია. დღის განმავლობაში კი სხვადასხვა საპირველივნისო ღონისძიებას მიუძღვნა მასალები, მათ შორის კომპანიების აქტივობებს. მაგალითად, როგორ დარგეს ხეები ტყიბულში “ჯიაიჯის” ინიციატივით ტყიბულელმა პატარებმა.
“რუსთავის 2-ის” დილის გადაცემაში ანი გიუნტერი პირდაპირ ეთერში რამდენჯერმე “პეესპედან” ჩაერთო. ჟურნალისტმა კომპანიის წარმომადგენელთან ერთად მიულოცა ბავშვებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე და გვაცნობა, რომ “პეესპე ყოველთვის ცდილობს თავისი მომხმარებელი გაანებივროს და არაერთ სიურპრიზს სთავაზობს ხოლმე. ჩვენ გვინდოდა ბავშვებისთვის რაღაც გაგვეკეთებინა, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ბავშვთა დღეები დავიწყოთ…”
„იმედი“
ტელეკომპანია “იმედის” მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში მხოლოდ პრემიერის, პრეზიდენტისა და ლალი მოროშკინას არასამთავრობო ორგანიზაცია “ძლიერი ქალი - ძლიერი სახელმწიფოს” აქტივობები მოხვდა.
დღის განმავლობაში კი ტელეკომპანიამ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებისა და პოლიტიკოსების, ასევე კომპანია “ბარამბოს”, “ზედაზენის”, “ავერსის” საპირველივნისო ღონისძიებების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.
დილის გადაცემის ჩართვაში გაგუას კლინიკადან მაყურებელს ბავშვთა დღე დავით გაგუამ მიულოცა და დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა, ხოლო კიდევ ერთ ჩართვაში კომპანია “უნიქარდისა” და მაღაზია “პეპელას” წარმომადგენლებმა საპირველივნისო აქციის შესახებ მიაწოდეს მაყურებელს ინფორმაცია, ხოლო “დღის შოუში” სტუმრად მოწვეულმა ბავშვებმა გააკეთეს იმიტაცია, როგორ უნდა დაიცვან თავი სტიქიური უბედურებების დროს.
აჭარის ტელევიზია
“აჭარის ტელევიზიამ” ვრცლად გააშუქა დღის განმავლობაში დაგეგმილი, მიმდინარე თუ უკვე ჩატარებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია, ხოლო დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში სიუჟეტი მიეძღვნა ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებს, სადაც სხვადასხვა ფაქტზე და რესპონდენტებზე დაყრდნობით, ჟურნალისტი პრობლემის ჩვენებას ცდილობს. ფაქტობრივად, მხოლოდ აჭარის ტელევიზიამ და მაესტრომ მიუძღვნეს ვრცელი სიუჟეტი ბავშვთა უფლებებს ბავშვთა უფლებების დაცვის დღეს.
“GDS”
ჯი დი ეს-ის დილისა და შუადღის გადაცემებში ბავშვთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ფართოდ გაშუქდა. “ჯი დი ეს დილაში” არც ის გამორჩენიათ, როგორ მიულოცა კომპანია “თოლიამ” პატარებს ბავშვთა საერთაშორისო დღე, ხოლო შუადღის გადაცემაში გვიამბეს ბუნებრივი კვების მნიშვნელობაზე, ბავშვის განვითარებაზე ზრუნვასა და თინეიჯერობასთან დაკავშირებულ სირთულეებზე.
შუადღის გადაცემაში საუბარი იყო საფეხბურთი კლუბ “დიდუბე 2014-ის” შესახებაც, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ლადო ძნელაძეა. გადაცემაში საუბარია, რომ გუნდი უმეტესად სოციალურად დაუცველი ბავშვებისგან შედგება.
“გუნდის დამფუძნებლებს სურდათ, რომ ჯანსაღი ცხოვრებით დაეინტერესებინათ ის მოზარდები, რომელთაც სპორტზე სიარულის ფინანსური საშუალება არ ჰქონდათ და უმეტეს დროს ქუჩაში ატარებდნენ… მოყვარულ ფეხბურთელებს დღეს სულ სხვა ინტერესები აქვთ, ქუჩაში უსაქმოდ აღარ დგანან, სიგარეტს აღარ ეწევიან და სკოლისთვის მეცადინეობასაც მეტ დროს უთმობენ”, - ამბობს სიუჟეტში ჟურნალისტი. ამას მოჰყვება მშობლის სინქრონი, რომ გუნდში მისვლამდე მისი შვილი არ მეცადინებოდა, სკოლაში არ დადიოდა, ხოლო ფეხბურთმა მისი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა.
საერთაშორისო რეკომენდაციების მიხედვით, ჟურნალისტმა არ უნდა მოახდინოს ბავშვების კატეგორიზაცია და სტიგმატიზაცია.
საერთო ჯამში, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე გამონაკლისს, ტელემედიაში ბავშთა დღე მხოლოდ ღონისძიებებისა და საქველმოქმედო აქციების გაშუქებით შემოიფარგლა, პრობლემების სიღრმისეული ანალიზი ან ამ პრობლემების იდენტიფიცირება არ მომხდარა.
სალომე ცეცხლაძე
მასალა მომზადებულია UNICEF- ის მიერ დაფინანსებული პროექტისთვის "ბავშვთა საკითხების ეთიკური გაშუქება მედიაში".
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ