25.05.2015
,,განო, ჩემო მეგობარო... ეს შენი და ბავშვების ახალი ბინაა. ეს იმიტომ, რომ შენ აღარაფერზე არ იფიქრო... უფრო სწორად, ამ შემთხვევაში იფიქრო მხოლოდ ბავშვებზე და იმ პატარაზე, ვისაც ელოდები... ეს ამბავი არ მოხდებოდა, რომ არა შენი მეგობრები... რომ არა “არქი ჯგუფი“, - ამ სიტყვებით მიმართა გადაცემის წამყვანმა კოტე თოლორდავას მეუღლეს, განო მელითაურს.
სიუჟეტში ჩაწერილია “არქი ჯგუფის” გენერალური დირექტორის, ილია წულაიას კომენტარიც. “ბედნიერები ვართ, რომ ამ კეთილ საქმეში ჩვენი მოკრძალებული წვლილი შევიტანეთ და განო უახლოეს პერიოდში იცხოვრებს ამ ბინაში, ამ სახლში. მისი ბინა უკვე, ფაქტობრივად, არის გამზადებული. რომელიც არის თბოსაიზოლაციო მასალებით აშენებული, გერმანული მასალებით და დარწმუნებული ვარ, კომფორტულად იცხოვრებს. ხედიც ფანტასტიურია ფანჯრიდან…ეკოლოგიური გარემო, ვულოცავ,” - ამბობს წულაია.
“ის, რომ “არქი ჯგუფი” ყველაზე მაგარი ჯგუფია, ამას ჩვენ ყველა და ყველა მაყურებელი რომ ყოველდღე ვიტყვით, ეს ხომ ფაქტია. მართლა ძალიან მოგვწონს აქაურობა”, - აცხადებს ხოფერია.
სიუჟეტი ჩაწერილია მშენებარე ბინაში, “არქი ჯგუფის” სარეკლამო ბანერების ფონზე.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად (მუხლი 63), რეკლამა იდენტიფიცირებული და პროგრამისაგან მკაფიოდ გამიჯნული უნდა იყოს.
მაუწყებელთა ქცევის კოდექსის 57-ე მუხლის თანახმად კი მაუწყებელმა არ უნდა გაუწიოს პოპულარიზაცია ან გამოხატოს მხარდაჭერა რაიმე პროდუქციის, ორგანიზაციის ან მომსახურების მიმართ. სახელწოდების, ლოგოს ან ფასის შესახებ მითითება დაყვანილი უნდა იყოს მინიმუმამდე .
სიუჟეტს არ ჰქონდა არც რეკლამის და არც პროდუქტის განთავსების (Product Placement) აღმნიშვნელი მითითება.
“გარდაცვლილი მსახიობის, კოტე თოლორდავას, ოჯახისთვის ბინის ჩუქება ძალიან კარგი ქველმოქმედებაა, ქველმოქმედება კი ყოველთვის მისასალმებელია. ისიც გასაგებია, რომ კოტე თოლორდავას მიმართ მაღალი საჯარო ინტერესი არსებობს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჟურნალისტი ვალდებულია მასალის მომზადებისას პროფესიული სტანდარტი დაიცვას. პროფესიული სტანდარტის და “მაუწყებლობის შესახებ” კანონის თანახმად კი რეკლამა სარედაქციო მასალისგან მკვეთრად უნდა იყოს გამიჯნული. ამ სტანდარტის დაცვა სავალდებულოა როგორც ახალი ამბების გამოშვებაში, ისე ტოკ-შოუში. მაყურებელმა თავიდანვე უნდა იცოდეს, ის უყურებს ჟურნალისტის მიერ მომზადებულ მასალას თუ რეკლამას. ამ შემთხვევაში საკმარისი იქნებოდა იმის აღნიშვნა, რომ კოტე თოლორდავას ოჯახს მეგობრების და “არქი ჯგუფის” დახმარებით ბინა შეუძინეს. სიუჟეტში აქცენტი უფრო იმაზე კეთდება, თუ როგორი ბინა გადასცეს კოტეს ოჯახს, როგორი მასალებით არის ის აშენებული და როგორი ხედი იშლება ფანჯრიდან. ხაზგასმულია, რომ სახლი შენდება ეკოლოგიურად სუფთა გარემოში. სიუჟეტი ფაქტობრივად გადაღებულია “არქი ჯგუფის” ბანერების ფონზე, მაუწყებელთა ქცევის კოდექსის თანახმად კი კომპანიის ან ორგანიზაციის სახელწოდებისა და ლოგოს გამოყენება სარედაქციო მასალაში მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი. როცა გადაცემას ან სიუჟეტს არ აქვს მითითება, რომ ის შეიცავს “სარეკლამო ხასიათის ეპიზოდს”, რასაც “ეკა ხოფერიას ტოკ-შოუ” ხშირად იყენებს, რა თქმა უნდა, საქმე გვაქვს ფარულ რეკლამასთან”, - ამბობს მამუკა ანდღულაძე, მედიასამართლის სპეციალისტი.