ქორწინების თანასწორობის თემის გაშუქება ქართულ ტელემედიაში
07.07.2015
ქართულმა მედიამ ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ერთი და იმავე სქესის პირთა შორის ქორწინების შესახებ, ძირითადად ახალი ამბების გამოშვებებში გააშუქა. ტელეკომპანია კავკასიის გადაცემა „ბარიერის“ პირველი ივლისის გამოშვება კი მთლიანად ამ თემას მიეძღვნა.

26 ივნისს “მოამბის” მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოშვების მიწურულს ნახევარი წუთი დაეთმო. 28 ივნისს გაშუქდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს საკვირაო ქადაგება. ქადაგებაში ილია მეორე ამერიკის უმაღლესი სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და მას “დიდი შეცდომა” უწოდა.

“მოამბის” მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში ეს საკითხი კიდევ ერთხელ 1 ივლისს მოხვდა. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ეთერში ზიმბაბვეს პრეზიდენტის ხუმრობა გაუშვა. მასალაში ჟურნალისტმა თქვა, რომ ზიმბაბვეს პრეზიდენტმა “ამერიკის მთავრობის გადაწყვეტილება მკაცრად გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ის ამერიკაში მიემგზავრება, რათა ობამას დაქორწინება შესთავაზოს”. ახალ ამბავს ტიტრიც ჰქონდა წარწერით: “ზიმბაბვეს პრეზიდენტმა ობამას ხელი სთხოვა”.

ტელეკომპანია „იმედმა“ ამავე თემას დრო 29-30 ივნისს საინფორმაციო გამოშვებაში დაუთმო. მათ საინფორმაციო გამოშვება „ქრონიკაში“ განაცხადეს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთი და იმავე სქესის ადამიანებს დაქორწინების უფლება მიეცათ. სიუჟეტში სტამბოლში მიმდინარე მოვლენებზეც იყო საუბარი, სადაც ლგბტ პირთა მომხრეების აქცია პოლიციამ დაშალა. სტუდიაში ამ საკითხზე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილმა და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ ისაუბრეს. 30 ივნისს „იმედმა“ კვლავ გააშუქა ეს საკითხი. ამჯერად, სიუჟეტის თემა, ის პროტესტი და კრიტიკა იყო, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებას მოჰყვა. „ქრონიკის“ ჟურნალისტებმა „ქართული ოცნების“ წევრიც ჩაწერეს, რომელმაც განაცხადა, რომ „ეს ჩვენ არ გვემუქრება. ამერიკა სუვერენული სახელმწიფოა და ჩვენ არაფერი გვესაქმება მის გადაწყვეტილებებთან“.

რაც შეეხება ტელეკომპანია „რუსთავი 2-ს“, აშშ-ში ერთი და იმავე სქესის პირთა ქორწინების საკითხი მათ ძირითადად დღის საინფორმაციო გამოშვებებში გააშუქეს. 26 ივნისს კი თემას დრო საღამოს გამოშვებაში დაუთმეს. მასალაში საუბარი იყო იმაზე, თუ როგორ შეხვდა ამერიკული საზოგადოება სასამართლოს გადაწყვეტილებას.

„მაესტრომ“ ამერიკის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება დღის გამოშვებებშიც გააშუქა. 29 ივნისს კი საღამოს გამოშვებაში ტელეკომპანიამ ვრცლად მიმოიხილა პრემიერის ინიციატივა კონსტიტუციაში ოჯახის განმარტების ჩაწერასთან დაკავშირებით. „მაესტრომ“ პრემიერის ინიციატივაზე საუბრისას ამერიკის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების თემაც განიხილა. მაესტროს 9-იანის ეთერი სტუმრებს დაეთმო, რომლებმაც პრემიერის ინიციატივა შეაფასეს.

რაც შეეხება „კავკასიას“ - ტელეკომპანიამ გააშუქა როგორც ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი საბჭოს გადაწყვეტილება, ისე საქართველოში ამ თემასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები. 1 ივლისის “ბარიერის“ თემა იყო, თუ რატომ ღელავს საქართველოს მოქალაქეთა ნაწილი ამერიკაში მიღებულ გადაწყვეტილებაზე.

ტოკშოუს განსახილველი საკითხი ასე წარუდგინეს მაყურებელს: “რატომ ღელავს საქართველოს მოქალაქეების ნაწილი და რა გავლენას მოახდენს ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება დანარჩენ მსოფლიოზე? პოლიტიკური განცხადებები, ემოციური შეფასებები და დებატები ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზაციის გარშემო. რატომ თვლიან მოწინააღმდეგები, რომ მალე შესაძლოა ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების საკითხი საქართველოშიც დადგეს? რა არგუმენტები აქვთ მომხრეებს, ვისთვისაც ამერიკის გადაწყვეტილება მისაღებია? ახალი ამერიკული რეალობა და ქართული რეაქცია”.


გადაცემაში მიწვეულ სტუმართაგან 2 პოლიტიკოსი იყო და ორივე მათგანი, გარდა იმისა, რომ არ იზიარებდა ამერიკული სასამართლოს გადაწყვეტილებას, აშკარად ჰომოფობიურად იყო განწყობილი და შესაბამის განცხადებებსაც აკეთებდნენ, ასევე აღვივებდნენ ანტიდასავლურ სტერეოტიპებს. ისინი არ აცდიდნენ სხვა სტუმრებს საუბარს და გადაცემის მსვლელობისას წამყვანის ნაცვლად სვამდნენ კითხვებს.

წამყვანს უპასუხოდ არ დაუტოვებია სტუმართა არცერთი ჰომოფობიური გამონათქვამი და ცდილობდა ხელიდან არ გაეშვა სადავეები, თუმცა, როგორც თავადვე განაცხადა ერთ-ერთ სტუმართან დისკუსიისას, მას აშშ-ს უზენაესი სასამართლო გადაწყვეტილება წაკითხული არ ჰქონდა.

ასევე, მცდელობის მიუხედავად, წამყვანმა ვერ შეძლო სტუმრების მცდარ ბრალდებებზე ამერიკის პირველი პირების მიმართ და ფაქტობრივ შეცდომებზე სათანადო პასუხის გაცემა.

მაგალითად, ჯონდი ბაღათურიამ განაცხადა, რომ „ბარაკ ობამამ პირდაპირი დავალება მისცა დიპლომატებს, ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების ხაზი გაეტარებინათ ყველა სხვა ქვეყანაში“. ბაღათურიას თქმით, ამ დავალების მიხედვით საქართველოსაც ექმნება საფრთხე, რადგან ხელისუფლება ამერიკის ზეწოლის ქვეშ მოექცევა და ერთი სქესის მქონე პირთა ქორწინებას დააკანონებს.

ასეთივე განცხადება გააკეთა ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა გიორგი ახვლედიანმა: “ბაიდენმა 2 თვის წინ უთხრა დიპლომატებს: მე არ მაინტერესებს თქვენ ქვეყნებში რა კულტურული ღირებულებები არსებობს, მე მაინტერესებს მხოლოდ ის, რა დონეზე არსებობს ლგბტ ადამიანების უფლებების დაცულობა თქვენს ქვეყნებში. ეს არის კულტურის მთავარი გამოვლინება. ყველა ის სახელმწიფო, რომელიც ამ მიმართულებით არ დგამს ნაბიჯებს და ერთსქესიან პირთა ქორწინების მიმართულებით არ იცავს ლგბტ პირთა უფლებებს. ყველა ესეთმა სახელმწიფომ უნდა ზღოს არაადამიანურობისთვის”, - განაცხადა ახვლედიანმა.

ახვლედიანმა, ასევე, მაგალითად მოიყვანა ჯონ კერი, რომელმაც დანიშნა სპეციალური წარმომადგენელი ლგბტ პირთა უფლებების დასაცავად, თითქოსდა იმისათვის, რომ ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება დამკვიდრდეს სხვადასხვა ქვეყანაში.

ბაიდენის მსგავსი ციტატა, რაც ახვლედიანმა ამოიკითხა, Mediachecker- მა ვერ მოიძია. რაც შეეხება ჯონ კერის, მან მართლაც დანიშნა სპეციალური წარმომადგენელი ლგბტ პირთა უფლებების დასაცავად, თუმცა არა - ლგბტ ქორწინების დასაკანონებლად და ამ ტენდენციის სხვადასხვა ქვეყნებში დასამკვიდრებლად.

“დისკრიმინაციაზე დაფუძნებული ვერც ერთი კანონი ვერ აღუდგება სამართლიანობას წინ. სწორედ ამიტომ მე დავნიშნე პირველი სპეციალური წარმომადგენელი ლგბტ პირთა უფლებების დასაცავად, რენდი ბერი, რომელიც ყოველდღე იბრძვის ამ ადამიანების უფლებებისათვის მთელ მსოფლიოში. ჩვენ გავაგრძელებთ ამ საქმეს, ამაყები იმ პროგრესით, რასაც მიაღწია ჩვენმა ქვეყანამ და შთაგონებულები იმ გამოწვევებით, რაც უნდა დავძლიოთ”, - განაცხადა ჯონ კერიმ.

„ბარიერში“ რესპონდენტების ნაწილი იყენებდა ჰომოფობიურ გამონათქვამებს, თუმცა წამყვანი, როგორც წესი, ეწინააღმდეგებოდა რესპონდენტებს და ხაზს უსვამდა, რომ მათი ნათქვამი ჰომოფობიური იყო. ჯონდი ბაღათურიამ გადაცემაში განაცხადა, რომ ის ჰომოსექსუალებთან ერთად საჭმელს არ შეჭამს.

ჟურნალისტმა კი რესპონდენტს ასე უპასუხა:

“ბატონო ჯონდი, თქვენ თუკი თვლით, რომ ჰომოსექსუალების მიერ თქვენთან საჭმლის ჭამა პრობლემაა და თქვენ მათ არასრულფასოვან ადამიანებად მიიჩნევთ? ეს წარმოუდგენელი რამეა. არსებობს რაღაც ფასეულობები, რაც უნდა დავიცვათ. ბევრი ფული უნდა დაიხარჯოს და ნამდვილად, ვიღაცა უნდა დაგვეხმაროს ჩვენს ქვეყანაში ადამიანის უფლებების დასაცავად”.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ