30.07.2015
ინტერნეტ გამოცემების უმეტესობა
რეკლამის შემცველ ტექსტებს მკითხველს სარედაქციო მასალების სახით
სთავაზობს და მინიშნება იმის შესახებ, რომ ის რეკლამაა, არსად
გვხვდება. იმ ვებგვერდების წარმომადგენლების აზრით კი, რომლებიც
სარედაქციო მასალებს სარეკლამოსგან ყოველთვის მიჯნავენ, ეს ტენდენცია
გამოცემებს არათანაბარ, არაკონკურენტულ გარემოს უქმნის.
საინფორმაციო სააგენტო
„ინტერპრესნიუსზე“ ხშირად სარეკლამო ტიპის ინფორმაცია სარედაქციო
მასალის სახით იდება ხოლმე - მასალებს არსად აქვს მითითებული, რომ ის
რეკლამაა.
როგორც სააგენტოში განგვიმარტეს,
მათ ვებგვერდზე სამი ტიპის მასალები იდება: სარეკლამო, რომელსაც
აწერია რომ რეკლამაა, ხელმომწერების მიერ გამოგზავნილი მასალები,
რომლებსაც რეკლამის აღმნიშვნელი ნიშანი არ ეწერება და თავად სააგენტოს
ჟურნალისტების მიერ მომზადებული ინფორმაცია. “პალიტრამედიის”
ნიუსრუმის მთავარი რედაქტორი ნატა მუმლაძე გვიხსნის, რომ სარეკლამო
მასალები, რომლებიც რეკლამის ნიშნის გარეშე იდება, ხელმომწერების და
მათთან დადებული ხელშეკრულების პირობებითაა გამოწვეული:
“ipn-ს ჰყავს ხელმომწერები, რაც
გულისხმობს მედია მხარდაჭერასაც. ხელმომწერები არიან როგორც
სახელმწიფო უწყებები, ისე არასამთავრობო ორგანიზაციები, საელჩოები,
კომერციული ორგანიზაციები . ისინი იხდიან კონკრეტულ თანხას და ჩვენ
ვუვრცელებთ ნიუსებს. ასეთ მასალებს არ აწერია რომ რეკლამაა, რადგან ეს
არცაა რეკლამა. უფრო საინფორმაციო ხასიათისაა. საერთოდ, ზღვარი
საინფორმაციოს და სარეკლამო მასალებს შორის ხშირად არის ბუნდოვანი.
მაგალითად, პრემიერი რომ სადღაც იმყოფება, ეს სარეკლამოა თუ
საინფორმაციო?!”- ამბობს ნატა მუმლაძე.
საინფორმაციო სააგენტოს ვებგვერდზე
ვკითხულობთ, რომ www.ipn-ge ხელმომწერებს სხვადასხვა პაკეტებს
სთავაზობს. VIP პაკეტში, რომელიც თვეში 595 ლარი ღირს, ipn-ის
კონტენტზე წვდომის გარდა, შედის დამკვეთი ორგანიზაციის მიერ
ჩატარებული ღონისძიებების გაშუქება, ipn.ge-ის ვებგვერდზე გამოკითხვის
ჩატარება შეკვეთილი თემით, ორგანიზაციის დაკვეთით მნიშვნელოვანი და
საინტერესო თემების შესახებ ინტერვიუების და კომენტარების მომზადება
და გავრცელება.
არის თუ არა რეკლამა ხელმომწერების
მიერ მედიისთვის მიწოდებული ინფორმაცია ან მათი აქტივობების გაშუქება,
როცა მედია ამაში ფულს იღებს? და უნდა იყოს თუ არა ინფორმირებული
მკითხველი იმის შესახებ, თუ რომელი მასალაა გამოქვეყნებული
სააგენტოსთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე?
“მაშინ ჩათვალეთ, რომ
ინტერპრესნიუსის ნიუსების 90 პროცენტი რეკლამის ნიშნით უნდა გავიდეს”
- გვპასუხობს მუმლაძე.
სარედაქციო და სარეკლამო მასალების
გამიჯვნასთან დაკავშირებით, „ლიბერალს“ მკაცრი სარედაქციო პოლიტიკა
აქვს:
“ბევრი ფული დაგვიკარგავს ამის
გამო, მაგრამ ჩვენთვის პირველი არის მკითხველი, რომელსაც ვცემთ პატივს
და ვუმიჯნავთ, რა არის რეკლამა, რაში ვიღებთ ფულს და რა არის
რედაქციის მიერ მომზადებული მასალა. მაგალითად, ხუდონჰესის
მხარდასაჭერი კამპანია ჰქონდა დავალებული ერთ-ერთ სარეკლამო
კომპანიას, რომელიც გვეუბნებოდა, რომ ფულს გადაგვიხდიდა, თუ
არასარეკლამო მასალის სახით გავავრცელებდით კალაძის და მთავრობის სხვა
წამომადგენლების კომენტარებს, რომლებიც ხუდონის მშენებლობის
მხარდამჭერი იქნებოდა. ჩვენ უარი ვუთხარით. პირველი მასალა რეკლამის
ნიშნითგამოვაქვეყნეთ და ამის მერე წარმოიშვა კონფლიქტი. ეტყობა
დამკვეთებმა ნახეს და აღარ მოეწონათ. სხვა მედიასაშუალებებში იმავე
ტიპის მასალები რეკლამის ნიშნის გარეშე გამოქვეყნდა. თავიდან
კომპანიასთან 20 სტატიაზე გვქონდა მოლაპარაკება, თუმცა პირველი
მასალის გამოქვეყნების შემდეგ, თანამშრომლობა აღარ მოისურვეს“- ამბობს
www.liberalia.ge-ის ბიზნეს განვითარების მენეჯერი ქეთევან
ქავთარაძე.
იმავე პრობლემებზე საუბრობს
www.netgazeti.ge-ის გაყიდვების მენეჯერი ნათია გაბეჩავაც. მისი
თქმით, დამკვეთი ხშირ შემთხვევაში, ცალსახად ითხოვს, რომ PR სტატიებს
არ დაეწეროს, რომ ის რეკლამაა. როცა ამაზე უარს ეუბნებიან, მაშინ
მედიაგამოცემას სთავაზობს, რომ რეკლამის ნიშანი R სადმე, შეუმჩნეველ
ადგილზე აღინიშნოს, მაგალითად, სტატიის ბოლოს.
“გვქონია ისეთი ფაქტი, როცა
დამკვეთს შემოუთავაზებია არასათანადო რეკლამის გამოქვეყნებაც. ამ
შემთხვევაში დამკვეთი მზად იყო დამტკიცებულ სარეკლამო ტარიფზე
გაცილებით მეტი თანხა გადაეხადა, ოღონდ მის მიერ მოწოდებული სარეკლამო
მასალა არ გავრცელებულიყო როგორც რეკლამა. დამკვეთს განვუმარტეთ, რომ
არასათანადო რეკლამის გავრცელება გამოიწვევდა ჩვენი კომპანიის
დაჯარიმებას, რეკლამის ღირებულების შვიდმაგი ოდენობით. დამკვეთმა
გამოთქვა მზადყოფნა გადაეხადა საჯარიმო თანხაც ქეშად, ხელშეკრულების
გარეშე. ჩვენ არ დავთანხმდით და ვთხოვეთ, რომ სიამოვნებით გავუწევდით
მომსახურებას, ოღონდ მასალისთვის მიეცათ ის სახე, რომ კანონთან
წინააღმდეგობაში არ მოსულიყო, დამკვეთმა უარი თქვა ჩვენთან
თანამშრომლობაზე. მეორე დღეს ეს რეკლამა, როგორც ინფორმაცაია/ახალი
ამბავი გავრცელდა თითქმის ყველა ბეჭდურ და ონლაინ გამოცემაში, როგორც
ნაციონალურში, ისე რეგიონულში” - ამბობს ნათია გაბეჩავა.
მისი თქმით, ზოგჯერ რეკლამასთან
ერთად დამკვეთები დამატებით ბონუსებსაც ითხოვენ.
“მაგალითად, თუ სამედიცინო
რუბრიკისთვის ამზადებ სტატიას, მაშინ აუცილებლად უნდა ჩაწერო ამ
სეგმენტიდან დამკვეთის წარმომადგენელი. ცხადია, ამაზე ვერ
ვთანხმდებით, რადგან რესპონდენტებს ირჩევს ჟურნალისტი თავისი
შეხედულებით და არა რეკლამის დამკვეთის მოთხოვნით. არაერთხელ გვქონია
მსგავსი სიტუაცია და სამწუხაროდ, დიდთანხიან კონტრაქტებზე გვითქვამს
უარი. დიახ, სარეკლამო ბაზარზე ეთიკურ მედიას ნამდვილად არათანაბარ
პირობებშიუწევს მუშაობა” - ამბობს www.netgazeti.ge-ის გაყიდვების
მენეჯერი.
მედია სამართლის სპეციალისტის,
მამუკა ანდღულაძის, თქმით, თუ მედიასაშუალება ფულს იღებს კონკრეტული
ინფორმაციის გავრცელებაში, ეს აუცილებლად უნდა იცოდეს
მომხმარებელმა.
“იმ შემთხვევაშიც კი თუ ე.წ.
„ნიუსს” მედიასაშუალება ავრცელებს იმიტომ, რომ კონკრეტულ
ორგანიზაციასთან ხელშეკრულება აქვს დადებული, რისთვისაც მედია
შესაბამისს ანაზღაურებას ან მომსახურებას იღებს, ეს რეკლამას
წარმოადგენს” - ამბობს ანდღულაძე.
ვებგვერდებზე გამოქვეყნებულ
რეკლამაზე ვრცელდება რეკლამის განთავსების შესახებ ზოგადი მოთხოვნები:
“რეკლამა მისი წარდგენის მომენტშივე გასაგები უნდა იყოს სპეციალური
ცოდნისა და ტექნიკური საშუალებების გამოუყენებლად, როგორც უშუალოდ
რეკლამა” - წერია “რეკლამის შესახებ” კანონში.
რეკლამის სარედაქციო მასალების
გამიჯვნის საკითხი თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებშიც
რეგულირდება. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მეცხრე მუხლის მიხედვით:
“სარედაქციო მასალები მკვეთრად უნდა გაიმიჯნოს მარკეტინგული,
სარეკლამო და სპონსორის მიერ დაფინანსებული მასალებისაგან”.