20.07.2015
გაზეთები „ასავალ-დასავალი“ და
„კვირის ქრონიკა“ შეურაცხმყოფელი სტატიებით გამოეხმაურნენ „მედიის
განვითარების ფონდის“ (MDF) მიერ ჩატარებულ კვლევას - „საბიუჯეტო
სახსრები სიძულვილის ენის და ანტიდასავლური განწყობების გამავრცელებელ
მედიაში“.
MDF -ის კვლევის თანახმად, იმ
მედიასაშულებებიდან, რომლებიც სიძულვილის ენით, ჰომოფობიითა და
ანტიდასავლური განწყობების გაღვივებით გამოირჩევიან, რეკლამის
განთავსების მიზნით, 2013-14 წლებში საბიუჯეტო დაფინანსება აქვთ
მიღებული. მათ შორის, როგორც კვლევაშია აღნიშნული, „ალია ჰოლდინგში“
შემავალი გაზეთები 48650 ლარით დაფინანსდნენ, ხოლო „ასავალ დასავალი“
- 1200 ლარით.
ამ კვლევის პასუხად 13-19 ივლისის
„ასავალ დასავალსა“ და „კვირის ქრონიკაში“ გამოქვეყნდა სტატიები,
სადაც „მედიის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელი თამარ კინწურაშვილი
შეურაცხმყოფელი ეპითეტებით არის მოხსენიებული („ტუტუცი დედაკაცი“,
„ბოკერიას ხელის გოგო“, „არშემდგარი ჟურნალისტი“ და სხვა).
„ადეიშვილის მოწაფე თამარ კინწურაშვილი, რომელიც „ნაცებმა“ ჯერ
„საზოგადოებრივ მაუწყებელში“ მიაგდეს ძუძუს გოჭივით, ხოლო შემდეგ გიგა
ბოკერიას ჰყავდა შეფარებული უშიშროების საბჭოში და დიდ ფულს
ფლანგავდა, აქეთ გვედავება!“ - წერს „კვირის ქრონიკა“.
ამავე დროს, იგივე ნომრებში
ტრადიციულად გრძელდება ანტიდასავლური და ჰომოფობიური რიტორიკა.
სიძულვილის ენით გამოხატული
ანტიდასავლური განწყობები, ქსენოფობია და ჰომოფობია გვხვდება 13-19
ივლისის „ასავალ-დასავალის“რამდენიმე პუბლიკაციაში. მე-12 გვერდზე,
ვრცელ ინტერვიუში, მსახიობი, ნოდარ მგალობლიშვილი აცხადებს: „ჩანჩურა
ევროპელებსა და ამერიკელებს ისევ რუსეთი მირჩევნია!“ ეს ფრაზა
გამოტანილია ინტერვიუს სათაურად. რესპონდენტი ხაზს უსვამს მიზეზს, თუ
რატომ აკეთებს არჩევანს რუსეთის სასარგებლოდ: მან (რუსეთმა) „პირდაპირ
განაცხადა, რომ ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდას არ დაუშვებს“.
მგალობლიშვილი, ასევე, აცხადებს: „ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება
ერთსქესიანთა ქორწინებაზე იყო ვაჟკაცი კაცის შეძახილი. ვინც
ღარიბაშვილს ამ კაცურ საქმეში გვერდით არ დაუდგება, ის არის ყოვლად
ზნედაცემული, ქვეყნის მტერი! ასე დაწერეთ ზუსტად“.
ანტიდასავლური რიტორიკა და
სიძულვილის ენა გვხვდება გაზეთის მე-16 გვერდზეც, პარტია „ნეიტრალური
საქართველოს“ თავმჯდომარესთან, ვალერი კვარაცხელიასთან ინტერვიუში:
„მამაკაცს, ნომერ პირველ ზესახელმწიფოს პრეზიდენტს რომელიღაცა
ზიმბაბვეს ხანდაზმული პრეზიდენტი ცოლობას რომ სთხოვს საჯაროდ და
რეაქცია არ ექნება, რით ახსნით?! პედერასტობა (უკაცრავად პასუხია)
ვიღაცისათვის უკანალის მიშვერა კი არ არის მხოლოდ, პედერასტობა
შეურაცხყოფის ამგვარი გადაყლაპვაა!“ - აცხადებს რესპონდენტი.
ჰომოფობიური და ანტიდასავლური
გამონათქვამები გვხვდება 13-19 ივლისის „კვირის ქრონიკაშიც“. მე-4
გვერდზე გამოქვეყნებულია ინტერვიუ მომღერალ ლელიკო ჯაფარიძესთან,
რომელიც აცხადებს: „თამარ კორძაია რომ გამოვა და დაგიწყებს ლაპარაკს,
ერთსქესიანთა ქორწინება კარგიაო, სახლში შეუვიდეს მაგას მაგისთანა
ათი! ატყობთ, რომ მარტო ირაკლი ღარიბაშვილი და სულ რამდენიმე კაცი
გამოდის ამ პედერასტების ქორწინების წინააღმდეგ?“ „ვხედავ, რომ
ამერიკა არ დაგვანებებს თავს არასოდეს, უნდა აქაურობა, მაგრამ
ქართველების გარეშე და ამაშია საქმე. მაგრამ ამასობაში მე ცუდი
მეზობელი მირჩევნია გადამთიელს, რუსეთს ვგულისხმობ. მე არ მწამს
ამერიკელების არაფერი. მაგათ რაც ჩვენ გაგვიკეთეს აფხაზეთთან და
ოსეთთან დაკავშირებით, დავივიწყოთ?..“
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-7
პრინციპი: ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის
წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის
დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური
ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების,
ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა
ნიშნით.