27.07.2015
იყო თუ არა საქართველოს ერთ-ერთ
რაიონში მცხოვრები 19 წლის გოგონა ქორწინების ღამეს ქალწული? ამ
კითხვაზე პასუხის ძიებას 26 ივლისის „იმედის კვირამ“ 13 წუთიანი
სიუჟეტი მიუძღვნა. სიუჟეტიდან მაყურებელმა 19 წლის გოგოსა და მისი 34
წლის მეუღლის სექსუალური ურთიერთობის ყველა დეტალი დაწვრილებით
შეიტყო. სიუჟეტის ყველა გმირი კი - თავად გოგონა, მეუღლე, მშობლები,
მეზობლები - იდენტიფიცირებული იყო. სიუჟეტში არ იყო წარმოდგენილი
განსხვავებული მოსაზრებები ქალიშვილობის ინსტიტუტის შესახებ.
მეუღლე და მისი ოჯახი ამბობს, რომ
გოგონა ქალიშვილი არ იყო, რის გამოც ის სახლიდან გააგდეს. გოგონა კი,
როგორც მისი მშობლები და ადვოკატი ამბობენ, მეუღლეს ფიზიკურ და
სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს და ცდილობს დაამტკიცოს, რომ
დაქორწინებამდე სექსუალური ურთიერთობა არ ჰქონია.
13 წუთიან სიუჟეტში ყველა
რესპონდენტი, მათ შორის, ცოლ-ქმრის ოჯახის წევრები და მეზობლები,
დეტალურად საუბრობენ წყვილის ინტიმურ ურთიერთობაზე, გოგონას
მენსტრუაციულ ციკლზე, საქალწულე აპკზე. საქმეში უკეთ გასარკვევად კი
მაყურებელს ექსპერტიზის არაერთი დასკვნაც წარმოუდგინეს.
სიუჟეტში, ოდნავ მოგვიანებით,
ირკვევა, რომ გოგონა საავადმყოფოში სხვადასხვა დაზიანებით მიიყვანეს:
ტვინის შერყევა, ცხვირის ტრავმა, სისხლჩაქცევები თვალში. ტექსტის
ფონად ნაჩვენებია გოგონას ფოტო, რომელზეც ფიზიკური დაზიანებებია
აღბეჭდილი.
ჟურნალისტი ჯერ ქმრის ოჯახს
ესტუმრა, შემდეგ კი გოგონას მშობლებს და ზედმიწევნით გამოიკვლია
ცოლ-ქმრის თანაცხოვრების დეტალები.
„ამ ოთახში ინტიმური კავშირების
შესახებ, დიდი თუ პატარა, ყველა დეტალურად ინფორმირებული იყო“ -
ამბობს ჟურნალისტი და კამერა ცოლ-ქმრის ოთახს გვათვალიერებინებს,
ბუნებრივია, მთავარი აქცენტი საწოლზეა.
საძინებელი მოგვიანებით კიდევ
ერთხელ გამოჩნდა კადრში: „აი ეს ოთახი არის, აქ ეძინათ
ახალდაქორწინებულებს“ - ამბობს გოგონას მული და ჟურნალისტსა და
კამერას საძინებლისკენ მიუძღვება. ამჯერად საწოლი უფრო დეტალურად და
ნათლად - ე.წ. პანორამული კადრით ვიხილეთ.
ჟურნალისტი გოგონას ოჯახს ესტუმრა.
პირველივე კადრებიდან ჩანს მისი აღელვებული დედა, რომელიც სასწრაფოში
რეკავს. როგორც სიუჟეტიდან ვიგებთ, გოგონა მომხდარის შემდეგ 4 თვე
პრაქტიკულად, ლოგინადაა ჩავარდნილი, არ სურს კომუნიკაცია, არ გადის
სახლიდან და ემართება შეტევები. ის მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია.
ამაში დასარწმუნებლად კადრში სიუჟეტის გმირს, ლოგინად ჩავარდნილ
გოგონას უჩვენებენ, რომელიც, როგორც კადრებიდან ჩანს, უგონო
მდგომარეობაშია. დედამისი კი ხმამაღლა ქვითინებს. ჟურნალისტი ამბობს,
რომ მომხდარის შემდეგ გოგონას ასე ხშირად ემართება და გონებას
კარგავს. კადრებში ჩანს კიდევ ერთი ატირებული არასრულწლოვანი,
რომელიც, სავარაუდოდ, ან ოჯახის წევრია, ან მეზობლის ბავშვი. თუმცა,
ფაქტია, რომ მას მომხდართან კავშირი არ აქვს და გაუგებარია, რატომ
მოხდა მისი იდენტიფიცირება.
თავად დაზარალებული გოგონას
კომენტარი, სავარაუდოდ, მისი მძიმე ფიზიკური და ფსიქოლოგიური
მდგომარეობიდან გამომდინარე, სიუჟეტში არ არის, ამიტომ, არ ჩანს,
ჰქონდა თუ არა ჟურნალისტს ამ სიუჟეტის მომზადების ნებართვა უშუალოდ
დაზარალებულისგან აღებული.
გოგონა არა, მაგრამ სხვები: მისი
და მისი მეუღლის მშობლები, და, მეზობლები, ადვოკატები მომხდარის
შესახებ კამერის წინ დაუფარავად და ღიად საუბრობენ. ლოგინად
ჩავარდნილი გოგონას კადრების შემდეგ კვლავ ქმრის ოჯახს გვიჩვენებენ.
ეზოში 20-მდე მეზობელი ქალი შეკრებილა, ისინი კამერებთან
საზოგადოებისთვის იმის ახსნას ცდილობენ, რომ რძალი ქალიშვილი არ
აღმოჩნდა, მეგრული წესის მიხედვით კი, ასეთ ქალს „უშვებენ“.
საბოლოოდ, სიუჟეტში გოგონას
ისტორია უფრო გლობალური საკითხით სრულდება: ქალიშვილობის ინსტიტუტი და
მასთან დაკავშირებული ტრადიციები. ჟურნალისტი საქართველოს ერთ-ერთ
რაიონში ფრენბურთის თამაშით გართულ ახალგაზრდა ბიჭებთან მიდის და
ეკითხება, მოიყვანდნენ თუ არა არაქალიშვილს ცოლად, ან რას იზამდნენ,
თუ აღმოაჩენდნენ, რომ მეუღლე ქალწული არ არის. რესპონდენტები ერთ
აზრზე არიან, რომ არაქალწული გოგონას ოჯახში არ მიიღებენ და ეს დიდ
სირცხვილად ითვლება.
სიუჟეტის ბოლოს წამყვანი ეკა
ხოფერია ამბობს, რომ რესპონდენტების სახეები არ დაფარეს, რადგან მათ
თავად სურდათ საკითხის გაშუქება. მიუხედავად ამისა, ტელეკომპანიამ
საჯარო გახადა ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი გოგონას პირადი
ცხოვრება.
„მაუწყებელმა პროგრამების
მომზადებისას და მათი ეთერში გაშვებისას არ უნდა დაუშვას ადამიანის
პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების ხელყოფა. მაუწყებელი
ვალდებულია დაიცვას ბალანსი ინფორმაციის თავისუფლებასა და ადამიანის
პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ლეგიტიმურ მოლოდინს შორის“,
“მაუწყებელმა თავიდან უნდა აიცილოს სქესობრივი თავისუფლებისა და
ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის დაზარალებულის
ვინაობის გამჟღავნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა დაზარალებული
თანახმაა და არსებობს საზოდოებრივი ინტერესი”, ვკითხულობთ მაუწყებელთა
ქცევის კოდექსის 50-ე მუხლში. „იმედის კვირის“ სიუჟეტში არ ჩანს, რომ
ნებართვა ტელეკომპანიას უშუალოდ გოგონასგან აქვს მიღებული, (არ არის
მისი არც ერთი კომენტარი წარმოდგენილი). გარდა ამისა, როგორც
ჟურნალისტი ამბობს და კადრებშიც ჩანს, დაზარალებული მძიმე ფსიქოლოგიურ
და ფიზიკურ მდგომარეობაშია და საეჭვოა, რამდენად ცნობიერად
მონაწილეობს ის ამ სიუჟეტში.
„ეს გახმაურებული რეალობაა“ -
აჯამებს ჟურნალისტი სიუჟეტს, ამ დროს კადრში ჩანს გოგონა, რომელსაც
სახეზე ფიზიკური დაზიანებები აღენიშნება - „ამ გისოსებს მიღმა (კადრში
ჩანს სასჯელაღსრულების დაწესებულება) სწორედ ამ რეალობის შემქნელი
პიროვნება იმყოფება“ (ნათქვამია ქმრის სახელი და გვარი).
როგორც სიუჟეტიდან ირკვევა,
მამაკაცი ჯერჯერობით, მხოლოდ ბრალდებულია, მის მიმართ სასამართლოს
გამამტყუნებელი გადაწყვეტილება ჯერ არ გამოუტანია. ჟურნალისტი კი
მტკიცებით ფორმაში ამბობს, რომ ბრალდებული სიუჟეტში მოთხრობილი
რეალობის შემქმნელია. მაუწყებელთა კოდექსის 48-ე მუხლში ვკითხულობთ:
„დანაშაულისა და ანტისოციალური ქმედების გაშუქებისას, მაუწყებელმა
უნდა დაიცვას ბალანსი, ერთი მხრივ, გამოხატვის თავისუფლებასა, ხოლო
მეორე მხრივ, უდანაშაულობის პრეზუმფციასა და ეჭვმიტანილთა,
ბრალდებულთა, განსასჯელთა, მსჯავრდებულთა, მოწმეთა და დაზარალებულთა
პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას შორის".
„გაუპატიურების ან სხვა სექსუალური
დანაშაულის ნებისმიერ მსხვერპლს, გარანტირებული აქვს ანონიმურობა იმ
მომენტიდან, როგორც კი ისინი ოფიციალურად დაადასტურებენ, რომ არიან
ამგვარი დანაშაულის მსხვერპლი. ჩვეულებრივ დასაშვებია მხოლოდ იმ
პედოფილებისა და სექსუალური მოძალადეების ვინაობის დასახელება და
ჩვენება, რომლებმაც უკვე მოიხადეს სასჯელი ამგვარი დანაშაულისთვის და
დატოვეს საპატიმრო,“ - BBC-ს ეთიკის კოდექსი.
კიდევ ერთი დეტალია სიუჟეტის
ეთერში გასვლის დრო. მართალია სიუჟეტის წარდგენისას წამყვანმა
მაყურებელს მიმართა და სთხოვა, რომ ბავშვები ეკრანისთვის
მოერიდებინათ, თუმცა პრობლემას ქმნის ის, რომ სიუჟეტი გავიდა 21
საათსა და 32 წუთზე. მაუწყებელთა ქცევის კოდექსის 38-ე მუხლში
ვკითხულობთ: „სექსუალური სცენებისა ან/და სქესობრივი ურთიერთობის
შესახებ განხილვების ეთერში გადაცემა 20 საათიდან 23 საათამდე,
გამართლებულია მხოლოდ საზოგადოებრივი ინტერესის არსებობისას, ჯეროვნად
შემოკლებული და რედაქტირებული ფორმით“.