17.07.2015
გაზეთ „რეზონანსში“ (განყოფილება -
„ბიზნეს რეზონანსი“) გამოქვეყნდა სტატია, სახელწოდებით „საქართველო
„ენჯეოების“ ალყაში“.
სათაური თავიდანვე განაწყობს
მკითხველს არასამთავრობო ორგანიზაციების, ე.წ. „ენჯეოების“ მიმარ.
სტატია ამავე პათოსით გრძელდება. მასალაში არასამთავრობო
ორგანიზაციების საქმიანობაზე საუბრობენ ავტორი და რესპოდენტები. თავად
არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების პოზიცია კი არ ჩანს. ასევე
არ ჩანს ჟურნალისტის მცდელობა, რომ დაკავშირებოდა რომელიმე მათგანს.
გარდა ამისა, სტატია ხელს უწყობს საზოგადოებაში არასამთავრობო
სექტორის მიმართ არსებული სტერეოტიპების გაღვივებას და მათ მიმართ
ნეგატიური განწყობის გამყარებას.
სტატიაში საუბარია იმაზე, რომ
საქართველოში დაახლოებით 20 ათასი არასამთავრობო ორგანიზაციაა და მათი
რიცხვი ყოველწლიურად 1500-ით იზრდება.
„სპეციალისტების ერთი ნაწილისთვის
„ენჯეოების“ არსებობა პრობლემა არაა, თუკი მათი საქმიანობა შედეგზეა
ორიენტირებული. ცუდი ისაა, რომ მათი მოღვაწეობა უმრავლეს შემთხვევაში
უშედეგოა და მხოლოდ გრანტების მიღებას უკავშირდება. ამასთან, ასეთ
ორგანიზაციებში მოღვაწეობა ერთგვარი ტრამპლინია ჯერ დიდ
ორგანიზაციებში გადასვლისთვის და შემდეგ პოლიტიკაში მოხვედრისთვის“, -
წერს სტატიის ავტორი.
ის შენიშნავს, რომ საქართველოში
არასამთავრობოთა რაოდენობა „არაადეკვატურად დიდია“, რაც რამდენიმე
მიზეზითაა გამოწვეული. ერთერთი მთავარი მიზეზი კი ფინანსური
ინტერესია.
ავტორი სტატიაში იმ რესპოდენტებს
ეყრდნობა, რომლებიც ფიქრობენ, რომ ბევრი არასამთავრობო ორგანიზაციის
რეგისტრაცია კარგი არ არის. რესპოდენტები არიან: მასობრივი
კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია და „ფორ.გე“-ს
რედაქტორი გია იაკობაშვილი.
არჩილ გამზარდია ირწმუნება, რომ
არასამთავრობო სექტორი ხელისუფლების საქმიანობაში ერევა. ის ამბობს,
რომ არასამთავრობოთა დიდი ნაწილი „ჩვეულებრივი პოლიტიკური პარტიებია,
რომლებსაც მხოლოდ ფორმალურად გააჩნიათ არასამთავრობოების სტატუსი“ და
ისინი ფულის შოვნაზე არიან ორიენტირებული.
ფულის შოვნის იოლ მეთოდს
უკავშირებს არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას, გია
იაკობაშვილიც. ისიც ამბობს, რომ ასეთ ორგანიზაციებში მუშაობა,
ტრამპლინია დიდ პოლიტიკაში მოსახვედრად.
„ნებისმიერ საკითხზე, რომელიც
საზოაგდოებას აღელვებს და რაზეც მედია ამახვილებს ყურადღებას,
კომენტარებს სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები
აკეთებენ. უცხოური დელეგაციები რომ ჩამოდიან, ისინიც სწორედ ამ ხალხს
ხვდებიან. არასამთავრობოების წევრები არ გამოირჩევიან არც ინტელექტით,
არც პროფესიული გამოცდილებით და ამ დროს კი მათ საზოგადოებაში
სერიოზული ადგილი უკავიათ, ჭკუას ეკითხებიან, მათ აზრს
ითვალისწინებენ. ამასთან, მოგზაურობენ, გადაადგილდებიან კარგი
მანქანებით, აქვთ კარგი შემოსავალი და სოციალური სტატუსი.რიგითი
ადამიანები მათ რომ უყურებენ, უჩნდებათ სურვილი, რომ მათაც მიაღწიონ
წარმატებას და ქმნიან არასამთავრობო ორგანიზაციებს, რათა იშოვონ ფული.
"ენჯეოები" რომ იდეის გარშემო იქმნებოდეს, არ გვეყოლებოდა ერთი და
იგივე საკითხზე მომუშავე ასობით არასამთავრობო ორგანიზაცია. სრულიადაც
არა! მათ უნდათ ცალკე შექმნან, თავად ერქვათ "თავმჯდომარეები" და ამ
გზით გაიკაფონ გზა - ჯერ მედიაში გამოჩნდნენ, მერე დაირქვან
ექსპერტები და საბოლოო ჯამში კი პოლიტიკაში გადაინაცვლონ", - ამბობს
იაკობაშვილი.
სტატიაში კონკრეტულად არცერთი
არასამთავრობო ორგანიზაცია არ არის დასახელებული, რაც მასში წამოჭრილ
პრობლემას განაზოგადებს და ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას
წარმოადგენს, როგორც ფულის საჭრელ მანქანას, რომელიც კარიერული
ტრამპლინისთვის იქმნება. სტატიაში, არც ავტორისა და არც
რესპონდენტების მხრიდან, წარმოდგენილი არ არის განსხვავებული
მოსაზრებები არასამთავრობო სექტორის საქმიანობასთან
დაკავშირებით.