"პროფილი" ბავშვების ისტორიებით
28.09.2015
მაია ასათიანის 23 სექტემბრის “პროფილის” ძირითადი ნაწილი ბავშვების მძიმე ისტორიებს ეხებოდა. გადაცემაში ვნახეთ უკიდურეს სოციალურ გაჭირვებაში მყოფი ბავშვები ახლო ხედებით, სევდიანი ისტორიებით, პირადი ცხოვრების დეტალებით.

ისტორია N1

პირველი ამბავი ეხება ოჯახს, რომელმაც ბინა დაკარგა და ორ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად ღია ცის ქვეშ ცხოვრობს.

“უჭირთ ბავშვებს ძალიან, მეუბნებიან სახლში შევიდეთ დავიძინოთო და ვერაფერს ვუხსნი ფიზიკურად”, - ყვება თვალცრემლიანი დედა. კადრებში კი გვიჩვენებენ, როგორ ცდილობს ბავშვი დაკეტილი სახლის კარის გაღებას.

სიუჟეტის მერე კირვალიძეების ოჯახი გადაცემის წამყვანმა ბავშვებთან ერთად ეთერში მიიპატიჟა.

“გკითხავთ ქალბატონო რას აპირებთ? ეს ხომ შეუძლებელია? ბავშვებისთვის ძალიან მავნეა”, - ეუბნება თვალცრემლიან დედას წამყვანი ინტერვიუს დასასრულს.

ისტორია N2

შემდეგი ნიკას ისტორიაა, რომელიც პლაჟზე სასმელს ყიდის. ჟურნალისტი დეტალურად გვიჩვენებს ნიკას პლაჟზე ვაჭრობის სცენებს, რა სიძნელეებს აწყდება, როგორ ცდილობს ოჯახს დაეხმაროს და, რა თქმა უნდა, სტუდიაში თავის ასევე არასრულწლოვან ძმასთან ერთად პატიჟებს.

“ყველაზე ძნელი ამ საქმეში რა არის?” - ჟურნალისტი.

“სიმძიმის წევა. თუ არა გაყიდვა ძაან ადვილია”, - ნიკა.

“რატოა გაყიდვა ადვილი?” - ჟურნალისტი.

“რომ ყიდი თანდათან მსუბუქდება და...” - ნიკა.

ინტერვიუს ბოლოს მაია ასათიანი სტუმრად მოწვეულ არასრულწლოვნებს ბოდიშსაც უხდის.

“მაპატიეთ, უბრალოდ, რომ ისეთი შეკითხვები დაგისვით, რომელიც შეიძლება არ გსიამოვნებთ, თუმცა მგონია, რომ ეს ძალიან საამაყოა და ძალიან დასაფასებელია, როცა ადამიანი მუშაობს”.

ისტორია N3

კიდევ ერთი სიუჟეტი ეხება ბავშვებს, რომლებიც ასევე გაჭირვებაში ცხოვრობენ ბებიასთან ერთად. სიუჟეტში არასრულწლოვნების პირადი ცხოვრების დეტალებიც ცხადდება. დედა ავტოკატასტროფაში დაიღუპა.

“დედის გარდაცვალების შემდეგ ვნახეთ მამა. ერთხელ ჩამოვიდა და იმ დღის მერე აღარ გვინახავს, აღარ გვაქვს კონტაქტი, არ ვიცი ზუსტად, შეიძლება სხვა ოჯახიც ჰყავს.”- ჰყვება არასრულწლოვანი.

სიუჟეტში აღწერილია ბავშვების უკიდურესად მძიმე საცხოვრებელი პირობები, როგორ აგროვებს ოჯახის არასრულწლოვანი წევრი ჯართს იმისთვის, რომ ოჯახს დაეხმაროს.

ისტორია N 4

შემდეგი ისტორია ეხება დედას, რომელიც შვილებთან ერთად ქუჩაში მათხოვრობს, რომ ბავშვები არჩინოს. დედა სამ არასრულწლოვანთან ერთად სტუდიაში მიიწვიეს.

“ეს ფული გზის ფულად შევინახოთ, პურო ვიყიდოთ. თუ მოგვივა, გიორგის და პეტროს და ნიკას ვუყიდოთ რვეულები. თუ მოგვივა, რა ვიცი”, - დედა.

“მოვგვივა”, - შვილი.

“მოგვივა? ცოტა რომ გვაქვს, დედი?”- დედა.

ისტორია N5

“პროფილი“ დაინტერესდა ისეთი ოჯახითაც, რომელიც არასრულწლოვნებთან ერთად ვაგონში ცხოვრობს.

“ბევრჯერ ყოფილა, შეიძლება არ დაიჯეროთ, რომ ბავშვები სკოლაში რომ დადიან, ჩაიც კი არ მქონდა, რომ გამეცხელებინა ან ამედუღებინა, რომ ბავშვები სკოლაში მიდიოდნენ მშივრები. შეიძლება ეგეც არ დაიჯეროთ, მაგრამ ბევრჯერ მარტო ხახვი და მარილი ჭამეს, რომ პურიც არ მქონდა”, - ჰყვება დედა. ლაპარაკს კადრებად კი არასრულწლოვანი ბავშვების ახლო ხედები ადევს.

იქვე მყოფი ერთ-ერთი ბავშვი ჟურნალისტს ეუბნება : “მეგობრებს ვერ მოვიყვან აქ, მრცხვენია. ჩვენც ვერ ვეტევით, ისეთი პატარა ადგილებია”.

ისტროტია N6

ბოლო სიუჟეტში კი გადაცემის წამყვანი “ძალიან მაგარი ბიჭების ამბავს” გვიყვება, რომლებიც ფეხბურთმა გადაარჩინა. ბიჭი, რომელსაც მძიმე შრომა უწევდა პროფილაქტკაში, ასევე საბა, რომელიც ბავშვთა სახლში გაიზარდა, კიდევ სხვა მეგობრები, რომლებსაც მხოლოდ ქუჩა და ქუჩური ცხოვრება იტაცებდათ, ღიად ყვებიან, როგორ ეწეოდნენ სიგარეტს და როგორ არ დადიოდნენ სკოლაში. ახლა კი ფეხბურთით არიან დაკავებულები.

სტუდიაში წამყვანმა არაერთხელ გაიმეორა, რომ ბავშვებთან ინტერვიუების აღების თაობაზე მშობლებისგან ნებართვა ჰქონდა. თუმცა, მაუწყებელთა ქცევის კოდექსით, მშობლის თანხმობა ჟურნალისტს პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს: „მაუწყებელმა უნდა უზრუნველყოს “პროგრამაში მონაწილე არასრულწლოვანთა ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სულიერი კეთილდღეობის დაცვა, მშობელთა, მზრუნველთა ან მეურვეთა თანხმობის მიუხედავად”- აღნიშნულია კოდექსში.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ძველი პრაქტიკისგან განსხვავებით, 23 სექტემბრის პროფილში უკეთესი ტენდენცია დაფიქსირდა: წამყვანი სფეროს სპეციალისტებთან და გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან ერთად ცდილობს კითხვებზე პასუხის მიღებას, რაშიც ჩანს მედიის მცდელობა - მხოლოდ ერთი კონრეტული ადამიანის/ბავშის ისტორიით არ შემოიფარგლოს და საკითხი უფრო სიღრმისეულად წარმოაჩინოს.

ამ კონრეტულ გადაცემაში მოთხრობილი იყო იმ ბავშვების ისტორიები, რომლებიც მძიმე სოციალურ გარემოში იზრდებიან. შესაძლოა, ზრდასრულობის ასაკში ამ ადამიანებმა უხერხულობა იგრძნონ იმის გამო, რომ ოდესღაც, მათი მძიმე ბავშვობის შესახებ საქართველოს მოსახლეობის დიდმა ნაწილმა შეიტყო. შესაძლოა, გადაცემაში მოთხრობილი ისტორებისა და გასული სიუჟეტების გამო, ბავშვები სტიგმატიზაციის მსხვერპლნი აღმოჩდნენ.

გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ მომზადებულ სახელმძღვანელო რეკომენდაციებში ვკითხულობთ: “ ზიანი არ მიაყენოთ არც ერთ ბავშვს. თავი აარიდეთ ისეთი კითხვების დასმას, ან ისეთი დამოკიდებულების ან მოსაზრებების გამოხატვას, რომლებსაც აქვს განსჯის ხასიათი, რომლებიც არ ითვალისწინებს ბავშვის კულტურულ ფასეულობებს და საფრთხეს უქმნის ან ამცირებს ბავშვს, ან რომლებიც იწვევს ტრავმის შედეგად წარმოქმნილი ტკივილის და უარყოფითი ემოციის ხელახალ განცდას”.

საერთაშორისო და ადგილობრივი სტანდარტების შესაბამისად, ბავშვი დაცულია პირადი ცხოვრების ხელშეუხებლოგისგან და ბავშვის ინტერესი უპირველესია.

ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის სახელმძღვანელო მითითებები და პრინციპები, რომელიც ეხება ბავშვების საკითხებთან დაკავშირებულ პუბლიკაციებს:

„ბავშვებთან დაკავშირებული ნებისმიერი მასალის გამოქვეყნებისას, საგულდაგულოდ აწონ-დაწონონ შესაძლო შედეგები და მინიმუმამდე დაიყვანონ ზიანის ფაქტორი. მოერიდონ ბავშვებთან დაკავშირებული პრობლემების სენსაციურ და სტერეოტიპულ გაშუქებას პუბლიკაციების პოპულარობის მიზნით“.

კიდევ ერთი რეკომენდაციის შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს ბავშვების სტიგმატიზაცია ანუ ისეთი დეტალები არ გახდეს საჯარო, რომ მას რაიმე იარლიყო მიაკრან ან სამომავლოდ პრობლემები შეექნას.

გაეროს სახელმძღვანელო პრინციპები ბავშვებზე რეპორტაჟის მომზადებისას

„უფრო მეტად ნუღარ მოახდენთ ბავშვის სტიგმატიზაციას; თავი აარიდეთ კატეგორიზაციას ან სიუჟეტის ისეთ აღწერას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ბავშვისათვის სამაგიეროს გადახდა -დამატებითი ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ზიანის მიყენება, დამცირება, დისკრიმინაცია ან ადგილობრივი საზოგადოების მიერ გარიყვა“.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ