„ასავალ-დასავალი“რესპუბლიკური პარტიის წინააღმდეგ
10.09.2015
საგარეჯოს რაიონში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს თამარ ხიდაშელს „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტები სიძულვილის ენის შემცველი გამონათქვამებით აკრიტიკებენ.

გაზეთის აგრესია დიდწილად, მიმართულია არა ზოგადად „ქართული ოცნების“, არამედ ამ კოალიციაში შემავალი ერთ-ერთი სუბიექტის - რესპუბლიკური პარტიის მიმართ.

7-13 სექტემბრის „ასავალ-დასავალის“ მე-5 გვერდზე გამოქვეყნებული სტატიის ავტორი წერს: „ოცნებაში“ ბევრი იფიქრეს თუ ცოტა, თამარ ხიდაშელი გამოჩხრიკეს. თუმცა, უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, თინა ხიდაშელის ადგილმონაცვლის შერჩევის პრეროგატივა რესპუბლიკურ პარტიას ჰქონდა და მანაც თავისი მაღალი ყურადღება კიდევ ერთ ლიბერასტზე და თანაც - ხიდაშელზე - თამარზე შეაჩერა...“

ავტორი ქსენოფობიურ გამონათქვამებს იყენებს, ასევე, ეთნიკურ უმცირესობებზე საუბრისას: „თამარ ხიდაშელის რესპუბლიკელობა იქით იყოს. რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, მან თავისი ლიბერასტობა არ დამალა და პირდაპირ თქვა, ადამიანის უფლებების კუთხით გავირჯებიო - ნახეთ, საგარეჯოს რაიონში რამდენი ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები ცხოვრობენო! ანუ საგარეჯოში მცხოვრები ქართველები და მათი ინტერესები თამარ ხიდაშელისთვის მეათეხარისხოვანია! ნამდვილი ლიბერასტი რესპუბლიკელია და რა ქნას, ვერ მალავს თავის შიგთავსს!“

პარალელურად, „ასავალ-დასავალი“ დადებითად აშუქებს თამარ ხიდაშელის მთავარი პოლიტიკური მოწინააღმდეგის - „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის, ირმა ინაშვილის აქტიურობას. გაზეთის მე-4-მე-5 გვერდზე გამოქვეყნებულია ირმა ინაშვილთან ვრცელი ინტერვიუ, სადაც რესპონდენტიც და ჟურნალისტიც უარყოფითი ტონით საუბრობენ თამარ ხიდაშელზე. მეორე მხარის პოზიციას კი გაზეთში ადგილი არ ეთმობა.

რესპუბლიკური პარტიისადმი გაზეთის ჟურნალისტების აგრესია სხვა პუბლიკაციებშიც გვხდება.მე-8 გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში, რომელიც დეპუტატ თამაზ მეჭიაურისა და რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელთა დაპირისპირებას ეხება, ჟურნალისტი წერს: „რესპუბლიკელი ხომ სწორედ იმის რესპუბლიკელია, რომ გულღრძოობისა და ქვებუდანობის გარეშე არ შეუძლია! იმ მორიელისა არ იყოს, კუს მდინარის მეორე ნაპირზე ზურგით რომ გადაჰყავს, ის კი შუა გზაში დაგესვლას დაუწყებს!“
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ