ცნობილი ადამიანების დიეტები, ერთ თვეში დაკლებული 20 კილო და სიგამხდრის პროპაგანდა მედიაში
24.09.2015
როგორ დავიკლოთ 5 თვეში 25 კგ, 9 დღეში 7-8 კგ, ერთ თვეში 22 კგ - ასეთი სათაურებით სხვადასხვა ქართული მედიასაშუალება ყოველდღიურად გვთავაზობს რჩევებს წონაში დასაკლებად. წონის კლების მეთოდი რომ დამაჯერებელი იყოს, მათ ცნობილი ადამიანები წარმოგვიდგენენ. ამ „პრობლემის“ გაშუქებით, განსაკუთრებით ონლაინმედიის გასართობი რუბრიკები და ტელევიზიების დილისა და შუადღის შოუები ინტერესდებიან ხოლმე.

სტატიები სათაურებით - გიგი უგულავას დიეტა, ქეთა თოფურიას დიეტა, როგორ დაიკლო მაკა შალიკაშვილმა 25 კილოგრამი, სუხიშვილების დიეტა შაინინასგან, ვიქტორია ბექჰემის და ჯენიფერ ენისტონის დიეტა - ხშირად გვხვდება და მკითხველს წონაში კლებისკენ უბიძგებს.

გამხდარი სხეული და ზოგადად, სიგამხდრე პოპულარული მხოლოდ საქართველოში არაა. ამ პოპულარობაში კი მედიამ საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.

მედიასაშუალებები დაუღალავად გვარწმუნებენ, რომ უნდა ვიყოთ იმაზე გამხდრები, ვიდრე ვართ, უნდა დავიკლოთ არა იმიტომ, რომ ჯანმრთელი ცხოვრების წესია მნიშვნელოვანი, არამედ იმიტომ, რომ სათანადო ეფექტი მოვახდინოთ. იქმნება სტერეოტიპი, რომ წარმატებული ადამიანები ძირითადად გამხდრები არიან, ისინი ბედნიერებას ასხივებენ. ყოველ შემთხვევაში - ასეთებად წარმოგვიჩენენ მათ ჟურნალების პრიალა გარეკანებზე, ვებგვერდებზე, ვიდეოკამერებთან, სარეკლამო პოსტერებისთვის პოზირებისა.

მედიაში სიგამხდრის ასეთი რეკლამირება გავლენას ახდენს იმ ადამიანებზე, ვისაც წონა აწუხებს. განსაკუთრებით ამძაფრებს სტრესს "სილამაზის სტანდარტები", რომელსაც მედია ადგენს.

ყველა ადამიანის სხეული ინდივიდუალურია და შეუძლებელია ყველას ფორმები ერთნაირ სტანდარტში ჩაჯდეს.

მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ სიგამხდრეზე ან დიეტებზე საუბრისას მთავარი ადრესატები ქალები არიან. მსგავს თემებზე მომზადებულ მასალებს უმეტესაც ქალების ფოტოები ერთვის. ასეთი მასალები ქალებს არწმუნებს, რომ აუცილებლად გამხდრები უნდა იყვნენ.

ბრიტანეთში ჩატარებული რამდენიმე კვლევის შემდეგ დადგინდა, რომ 2003-2004 წლებთან შედარებით იმატა კვებითი ფუნქციის დარღვევით საავადმყოფოებში ახალგაზრდების მოხვედრის შემთხვევებმა. მათი დიდი ნაწილი გოგონები არიან. მათ ნერვული ფუნქციის დაღვევაც აღენიშნებათ.

2003-2004 წლებში კვებითი ფუნქციის დარღვევით საავადმყოფოში 19 წელს ქვემოთ 658 პაციენტი მოხვდა, 2013-2014 წლებში ეს ციფრი გაიზარდა 172 პროცენტით და მიაღწია 1791-ს. ამ მოზარდებს შორის 90 პროცენტზე მეტი იყვნენ გოგონები. როგორც წესი, ისინი კვებითი ფუნქციის დარღვევასთან ერთად ანორექსიით იყვნენ დაავადებული. გარდა ამისა, მათ აღენიშნებოდათ ნერვული აშლილობა და მენტალური პრობლემები.

ბრიტანელი ექიმი, პედიატრი კოლინ მიჩი, რომელიც პედიატრთა და ბავშვთა ჯანმრთელობის სამეფო კოლეჯის კვებითი განყოფილების ხელმძღვანელია, ამბობს, რომ ახალგაზრდები, რომლებიც კვებითი ფუნქციის დარღვევით ხვდებიან საავადმყოფოში, ძირითადად ცნობილი სახეების გავლენის ქვეშ არიან. მისი თქმით, ბავშვებზე საკმაოდ ძლიერად ზემოქმედებს რეკლამები.

“ჩვენ გამოვუშვით ბეჰემოტი, რომელსაც ვერ ვაკონტროლებთ”, - განაცხადა კოლინ მიჩმა.

NHS Choices-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით ნორმალურზე ნაკლები წონა თინეიჯერ გოგონებში რიგით მეორე ყველაზე გავრცელებული პრობლემაა, რიგით მესამე პრობლემად - კვებითი ფუნქციის დარღვევა ითლება.

გამხდარი სხეულების რეკლამირებას ემატება ექსტრემალური დიეტების ისე მიწოდება საზოგადოებისთვის, თითქოს მათ გვერდითი მოვლენები არ აქვთ. აუდიტორიას მოუწოდებენ დალიონ რამდენიმე ერთმანეთში არეული პროდუქტი ერთი ან რამდენიმე დღის განმავლობაში, რაც, მართალია, წონას აკლებინებს, თუმცა, ამავდროულად, საკმაოდ მძიმედ აისახება ფსიქიკაზე და ჯანმრთელობაზე.

მნიშვნელოვანია, ასეთი ინფორმაციის მიწოდებისას ჟურნალისტებმა დიეტის შემადგენელი პროდუქტების თავისებურებები გაითვალისწინონ. ასევე საჭიროა იმის ცოდნაც, რომ ყველა ორგანიზმი სხვადასხვა საკვებზე და მისი მიღების რეჟიმზე ინდივიდუალურად რეაგირებს და მასალების მომზადებისას ეს საკითხიც დასამუშავებელია.

დიეტების აღწერის შემდეგ იშვიათადაა აღნიშნული, რომ თუკი წონაში ერთბაშად ბევრ კილოგრამს დაიკლებთ, დიეტის დასრულების შემდეგ თქვენთვის ნორმალურ კვებაზე დაბრუნებით დაკარგული კილოგრამები შესაძლოა გაიორმაგოთ.

ტელეკომპანია BBC-ის ეთიკის კოდექსში კვებითი დარღვევების გაშუქებას ცალკე მუხლი ეთმობა. კოდექსის მიხედვით ტელეკომპანიის თანამშრომლებმა მომზადებული ჟურნალისტური პროდუქტით არ უნდა წაახალისონ ბულემია, ანორექსია და კვებითი ფუნქციის დარღვევა.

BBC განსაკუთრებულ აქცენტს ბავშვებსა და ახალგაზრდებზე აკეთებს, რადგან სწორედ ამ ასაკშია დიდი რისკი, რომ მათ ეთერში გასული მასალებიდან მაგალითი აიღონ, რამაც შესაძლოა განაპირობოს კვებითი ფუნქციის დარღვევა ახალგაზრდებში. ასეთი გავლენის თავიდან ასაცილებლად, BBC თავის კორესპონდენტებს ურჩევს, კონსულტაცია გაიარონ ექსპერტებთან, რათა აუდიტორიაზე მავნე ზეგავლენა შეამცირონ.

აღსანიშნავია, რომ გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს სოციალურ ქსელ Instagram-ზეც. ინსტაგრამი კრძალავს სიგამხდრის წამახალისებელი ფოტოების გამოქვეყნებას.

ორგანიზაცია Bodywhys, რომელიც კვებითი ფუნქციის დარღვევის მქონე ადამიანთა მხარდამჭერი ორგანიზაციაა, მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებს, რომ თავი შეიკავონ ცნობილი ადამიანების კვებითი ფუნქციის დარღვევაზე, წონასა და დიეტებზე საუბრისგან. ამ საკითხების ხშირმა გაშუქებამ, ორგანიზაციის წარმომადგენელთა განცხადებით, შესაძლოა გამოიწვიოს მიბაძვა საზოგადოების მოწყვლად ჯგუფებში. ასევე ორგანიზაცია მედიას მოუწოდებს სიგამხდრის მიმზიდველად წარმოჩენა შეწყვიტოს - არ გამოაქვეყნოს ძალიან გამხდარი ადამიანების ფოტოები კვებითი დარღვევების შესახებ სტატიების დასურათებისას.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ