02.09.2015
პალიტრა TV-ზე გამოქვეყნდა სიუჟეტი
სახელწოდებით: "მგონია, საქართველოში აღარ ვცხოვრობ..."- რა ხდება
ღამით აღმაშენებლის გამზირზე". სიუჟეტის მიხედვით, თბილისში,
აღმაშენებლის გამზირზე „უცხოელები, კერძოდ, თურქები, ირანელები,
ერაყელები და არაბები მომრავლდნენ“. ამასთან დაკავშირებით სიუჟეტში
აღმაშენებელზე მცხოვრები ეთნიკური ქართველები აღშფოთებას გამოხატავენ.
მათი კომენტარები და ნათქვამის ჟურნალისტისეული პერიფრაზები შეიცავს
სიძულვილის ენას საქართველოში მცხოვრები არაქართველების მიმართ.
ჟურნალისტი, აღმაშენებელზე
მცხოვრები ეთნიკური ქართველების ნათქვამზე დაყრდნობით, სიუჟეტის
დასაწყისშივე აღნიშნავს, რომ აღმაშენებელზე „ადგილობრივებსა და უცხოელ
მამაკაცებს შორის თითქმის ყოველ ღამე ხდება კონფლიქტი“. კონფლიქტის
მიზეზად კი სიუჟეტში ის სახელდება, რომ თურმე, უცხოელი მამაკაცები
ქართველ გოგონებს „აწუხებენ“, ქართველი მამაკაცები კი მათ ესარჩლებიან
და ჩხუბიც სწორედ ამ ნიადაგზე იწყება.
„ჩვენმა ბიჭებმა დაინახეს
ინციდენტი, რომ ამ არაბმა რაღაცა უთხრა ჩვენს ქართველ გოგოს, თუ
ჩაერია, თუ ატყდა ჩხუბი, არაბებს კი არაფერს ეუბნება პოლიცია, ეგრევე
იჭერენ ბიჭებს(ქართველებს)“- ამბობს ერთ-ერთი რესპონდენტი.
„ახალგაზრდა გოგონები როცა
გამოდიან, შეუძლებელია აღმაშენებელზე გავლა, რომ ეს თურქი მამაკაცები
არ აეკიდონ“ - აღნიშნავს კიდევ ერთი რესპონდენტი.
შემდეგ, სიუჟეტში პრობლემის კიდევ
უფრო განზოგადების მცდელობაა და ჟურნალისტი ქუჩაში მოსახლეობას,
როგორც ჩანს, შემდეგ შეკითხვას უსვამს: უნდა ცხოვრობდნენ თუ არა
უცხოელები საქართველოში (თავად ჟურნალისტის კითხვა სიუჟეტში არ ისმის,
თუმცა რესპონდენტების პასუხებიდან გამომდინარე, სავარაუდოა, რომ
კითხვა სწორედ ასე იყო ფორმულირებული).
ერთ-ერთი ქალბატონი ამბობს, რომ
უცხოელები, რა თქმა უნდა, უნდა ჩამოვიდნენ საქართველოში, მაგრამ აქ
„მასიურად არ უნდა დაფუძდნენ, ჩვენ, ქართველები, იმდენი აღარა ვართ,
რამდენიც ეგენი, ასე მგონია საქართველოში აღარ ვცხოვრობ“.
„საერთოდ ეს ერაყელები და
ირანელები მართლა ამოვიდა ყელში, ყველა ნაბიჯში ესენი არიან,“ - ჩივის
კიდევ ერთი რესპონდენტი.
„ქართულად ვინმეს რამეს რომ
შეეკითხები, შანსი არ არის ძმაო, ქართულად არავინ გელაპარაკება,
იმიტომ რომ უკვე არავინ არ არის ქართველი“.
სიუჟეტის მიწურულს, სიძულვილის
ენითა და ნეგატიური სტერეოტიპებით გაჯერებული კომენტარების შემდეგ,
წარმოჩენილია ორი მოქალაქის პოზიცია, რომლებიც ამბობენ, რომ
საქართველოში უცხოელების ყოფნაში ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავენ.
იქიდან გამომდინარე რომ მთლიანი სიუჟეტი ხელს უწყობს ნეგატიური
სტერეოტიპების წარმოჩენას, ხდება სიძულვილის ენის ტირაჟირება, რჩება
შთაბეჭდილება, რომ ზემოაღნიშნული ორი კომენტარი უბრალოდ ფორმალურადაა
ჩასმული, რათა ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის განცდა
შეიქმნას.
სიუჟეტის კონტექსტიდან გამომდინარე
არ ჩანს, რომ მედიასაშუალების მხრიდან სიძულვილის ენის შემცველი
კომენტარების ტირაჟირების მიზანი არატოლერანტული გარემოს
ჩვენებაა.
„ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის
მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა
იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის,
სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის,პოლიტიკური და სხვა
შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე
სხვა ნიშნით“, ვკითხულობთ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მეშვიდე
მუხლში. ამავე მუხლის განმარტებით ნაწილში აღნიშნულია: „ამ მუხლის
განხილვისას კონტექსტს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. პირდაპირ ეთერში
მოწვეული სტუმრის მიერ გაკეთებულ დისკრიმინაციულ განცხადებებს
ჟურნალისტი პირდაპირ ეთერშივე უნდა გაემიჯნოს და დაუპირისპირდეს. თუ
ჩანაწერია, მკაფიოდ უნდა ჩანდეს, რომ არატოლერანტული გამონათქვამები
არ არის ჟურნალისტის პოზიცია. საჯარო პირს დისკრიმინაციული
გამონათქვამი უნდა დაუტოვოს ჟურნალისტმა, კერძო პირს კი, შეიძლება,
ამოუჭრას – თუ მიზანი არატოლერანტული გარემოს ჩვენება არ არის“.