ჟურნალისტები სოციალურ ქსელებში
25.08.2015
“საყვარელი”, “მაგარი კაცი”, “ჯიგარი”, “სამაგალითო”, “კარგი ადამიანი” - ამ ეპითეტებით და კიდევ ბევრი “გულით” სოციალურ ქსელ ფეისბუქში ჟურნალისტებმა საქართველოს პრეზიდენტი შეამკეს. ზოგიერთი უფრო შორს წავიდა და პრეზიდენტის სიყვარული საჯაროდ გამოხატა: “მე მიყვარს ჩემი პრეზიდენტი”, წერდნენ ფეისბუქის მომხმარებელი ჟურნალისტები.

გასულ თვეს, მედიის წარმომადგენელთა კეთილგანწყობა პრეზიდენტმა იმიტომ დაიმსახურა, რომ წაქცეული ქალბატონი წამოაყენა და შინ ტაქსით გაამგზავრა. ბუნებრივია, ამბავი ძალიან სასიამოვნოა და პრეზიდენტმა თავისი ქცევით მოქალაქეებს კარგი მაგალითი მისცა, მაგრამ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჟურნალისტები სოციალურ ქსელში პოლიტიკოსის მიმართ აღფრთოვანებას გამოხატავენ და არა მხოლოდ - აღფრთოვანებას. მოქმედი ჟურნალისტების ნაწილი ღიად გამოხატავს დამოკიდებულებას სხვადასხვა პოლიტიკოსის, პარტიისა თუ პოლიტიკური მოვლენის შესახებ.

მაგალითად, ჟურნალისტებმა საკმაოდ ფამილიარული ტექსტებით მიულოცეს გამინისტრება თინა ხიდაშელს. Facebook-ზე საჯაროდ დაწერილ სტატუსებსა, თუ კომენტარებში ჟურნალისტები წერდნენ, როგორი კარგი პოლიტიკოსი და ადამიანია თინა ხიდაშელი, როგორი კარგი ოჯახი აქვს და როგორი სამაგალითოა.

იყო შემთხვევები, როდესაც მედიის წარმომადგენლები თავისუფალი დემოკრატების წევრ ალექსი პეტრიაშვილს “უხსნიდნენ სიყვარულს” მისი იუმორის, ან პოლიტიკაში გადადგმული ნაბიჯების გამო. ასევე, ჟურნალისტებს პოლიტიკოსების, ან მათი საქმიანობის მისამართით, საკმაოდ შეურაცხმყოფელი სტატუსებიც დაუწერიათ საჯარო სივრცეში.

ერთია, როდესაც რომელიმე პოლიტიკოსი პიროვნულად შენს სიმპათიას, ან ანტიპათიას იმსახურებს, მაგრამ რამდენად სწორია, როდესაც ჟურნალისტები დადებით, ან უარყოფით ემოციებს პოლიტიკოსი რესპოდენტების, ან პოლიტიკური გუნდის მიმართ საჯაროდ გამოხატავენ? უშლის თუ არა მსგავსი ქცევა მათ საქმიანობას ხელს და მოქმედებს თუ არა გამოცემის იმიჯზე და სანდოობაზე ჟურნალისტების თვითგამოხატვა სოციალურ ქსელებში? ან პირიქით, როცა რედაქცია „უკრძალავს“ ჟურნალისტს პირადი მოსაზრებების სოციალურ ქსელებში გამოხატვას, ხომ არ იზღუდება მისი პირადი გამოხატვის თავისუფლება?

სხვადასხვა გამოცემას ამ მიმართულებით სხვადასხვა სარედაქციო პოლიტიკა აქვს. ზოგიერთი რედაქციის წევრებს ეკრძალებათ სოციალურ ქსელში საკუთარი შეხედულებების დაფიქსირება და ვალდებული არიან თავი შეიკავონ ემოციური კომენტარებისგან რესპოდენტებსა და იმ თემებზე, რაზეც მუშაობენ. ზოგიერთი მედიასაშუალება და ჟურნალისტი კი, განსხვავებულად უყურებს ამ საკითხს.

“პალიტრა მედიას” წამყვანი, ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი ერთერთია მედიის იმ წარმომადგენლებს შორის, რომელიც თამამად გამოხატავს თავის მოსაზრებებს სოციალურ ქსელებსა და სხვა საჯარო სივრცეში. მერაბ მეტრეველმა Mediachecker.ge-ს განუცხადა, რომ ყველა ადამიანს აქვს პოზიცია კონკრეტულ საკითხზე და მისი დამალვა სწორად არ მიაჩნია.

“შეიძლება პოტენციური რესპოდენტი გაბრაზდეს და გადაცემაში აღარ მოვიდეს, მაგრამ ეს, მგონი, იმ რესპოდენტის პრობლემა უფროა. ყველა ადამიანს აქვს პოზიცია კონკრეტულ საკითხზე და მისი დამალვა არ მგონია სწორი”, - ამბობს მერაბ მეტრეველი.

ის დასძენს: “მე არ მწამს სტერილური ჟურნალსიტების. აქ [სოციალურ ქსელში] რომ აზრს არ გამოთქვამენ და საქმით პროპაგანდას ემსახურებიან. ამას არ სჯობს ყველამ იცოდეს, რაზე რას ფიქრობ? ჩემთვის მიუკერძობელი ის ჟურნალსიტი კი არაა, პირში წყალს რომ ჩაიგუბებს და არაფერზე ხმას არ ამოიღებს, აზრს არ გამოთქვამს, არამედ ის, რომელიც ვიღაცის დაკვეთებს არ ასრულებს და ვიღაცის ინტერესებს არ ემსახურება”, - განაცხადა მერაბ მეტრეველმა.

განსხვავებული პოლიტიკა აქვს გამოცემა “ნეტგაზეთს” და გაზეთ “ბათუმელებს”. ამ რედაქციებში მომუშავე ჟურნალისტებს კონტრაქტში უწერიათ, რომ სოციალურ ქსელებში და ზოგადად საჯარო სივრცეში თავი უნდა შეიკავონ საკუთარი საზოგადოებრივ-პოლიტიკური აზრების გამოხატვისგან. ამ აკრძალვის მიზეზი ისაა, რომ მკითხველმა რომელიმე გამოცემის ჟურნალისტი და მათგან გამომდინარე გამოცემა მიკერძოებულად არ უნდა მიიჩნიონ.

„ჩვენ მიერ გამოთქმულმა მოსაზრებებმა სოციალურ მედიაში ამა თუ იმ მნიშვნელოვან საკითხზე შეიძლება დააზარალოს „ნეტგაზეთის“, როგორც მიუკერძოებელი, სანდო საინფორმაციო წყაროს რეპუტაცია. ამიტომაც თავს ვიკავებთ ხოლმე ჩვენი მოსაზრებების გამოთქმისგან საჯარო სივრცეში.

ჩვენი წესები არ ეხება მხოლოდ სოციალურ ქსელებს, ეს ეხება ზოგადად საჯარო სივრცეს - მაგალითად ამა თუ იმ ტელევიზიას, თუმცა რადგანაც სოციალური ქსელები ნებისმიერი მოსაზრების გამოხატვის ყველაზე სწრაფი, მოხერხებული და მაცდუნებელი ინსტრუმენტია, ცხადია სოციალური ქსელებში ქცევის წესებზე განსაკუთრებულ აქცენტს ვაკეთებთ“, - ამბობს „ნეტგაზეთის“ რედაქტორი ნესტან ცეცხლაძე.

ტელეკომპანია „მაესტროს“ „ბიზნესკონტაქტის“ ჟურნალისტი თელარა გელანტია ფიქრობს, რომ მისი ფეისბუქსტატუსები სხვადასხვა თემაზე მის ჟურნალისტურ საქმიანობას პრობლემებს არ უქმნის და პირიქით, ხშირ შემთხვევაში ეხმარება კიდეც. არც ტელეკომპანია „მაესტროს“ აქვს რაიმე აკრძალვა ამ კუტხით.

„ხშირად კოლეგა მეგობრები თუ სხვები, არ მიწონებენ ამ საქციელს და მირჩევენ „გავჩუმდე“, რადგან ჟურნალისტი ვარ და არ შეიძლება ასე საჯაროდ გამოვხატო საკუთარი აზრი/პოზიცია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან თუ კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით, მაგრამ მე ეს სიჩუმე არ გამომდის... გასაგებია, რომ ჟურნალისტი ვარ, მაგრამ პირველ რიგში, ვარ ამ ქვეყნის მოქალაქე და არ შემიძლია გავჩუმდე მაშინ, როცა რაღაც კონკრეტულ მომენტში ესა თუ ის ფატქი, თუ პროცესი მომწონს, ან პირიქით - მაშფოთებს“, - ამბობს თელარა გელანტია.

„ბიზნესკონტაქტის ჟურნალისტის თქმით, მის ფეისბუქმეგობრებს შორის რესპოდენტებიც არიან, ვის მიმართაც ხშირად კრიტიკულ პოზიციას გამოხატავს და პოსტებს აქვეყნებს, მაგრამ მათთან საქმიან ურთიერთობაში ხელი არ შეშლია. რესპოდენტები კონკრეტული სტატუსის შემდეგ დაკავშირებიან კიდეც და დაინტერესებულან, თუ რატომ ჰქონდა ჟურნალისტს კონკრეტული პოზიცია.

„ხშირად ვამბობ, რომ 21-ე საუკუნე ელექტრონული მედიის ეპოქაა და ზოგჯერ facebook-ში გამოქვეყნებული პოსტი უფრო ქმედითია, ვიდრე სხვა ჟურნალისტური პროდუქტი, რადგან ინტერნეტი შეუზღუდავია დროსა და სივრცეში და უფრო მასობრივია“, - აღნიშნა „ბიზნესკონტაქტის“ ჟურნალისტმა - „იქ, სადაც კომუნიკაციაა, უფრო მეტი შანსი არსებობს საზოგადოების ინფორმირებულობის, მთავრობის კონტროლის და პრობლემების მოგვარების“.

რაც შეეხება საერთაშორისო გამოცდილებას ამ მიმართულებითაც მედია არაერთგვაროვანია. ამერიკის შეერთებულ შტატებში მედიასაშუალებები პოლიტიკური შეხედულებების მიხედვით იყოფა. თუმცა აუდიტორია კონკრეტული მედიასაშუალების პოლიტიკური შეხედულებების შესახებ წინადწინვე ინფორმირებულია. ევროპული მედიასაშუალებები ამ მხრივ უფრო კონსერვატიულია.

ბიბისის ეთიკის კოდექსის მიხედვით, ჟურნალისტებმა საჯარო სივრცეში გამოხატვისგან თავი უნდა შეიკავონ. რაც შეეხება სოციალურ ქსელებში აქტივობას, ბიბისის მსოფლიო ახალი ამბების ჟურნალისტის ირაკლი იმნაიშვილის თქმით, ჟურნალისტმა რომელიმე სოციალურ ქსელში, პირადი მოსაზრებების დაფიქსირებისას არ უნდა გამოიყენოს კორპორაციის სახელი. ასევე, ჟურნალისტმა არ უნდა დაწეროს სოციალურ ქსელებში საჯაროდ ის, რასაც არ იტყვის ეთერში, ან არ გამოაქვეყნებს საიტზე. ეს უკანასკნელი წესი ბიბისის ჟურნალისტებისთვის სავალდებულო მას შემდეგ გახდა, რაც მაუწყებლის ერთერთმა ჟურნალისტმა პირადი ტვიტერით ბრიტანეთის დედოფალზე არასწორი ინფორმაცია გაავრცელა.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ