10.08.2015
რა არის საავტორო გადაცემა?
მიიჩნევა, რომ ეს არის ჟურნალისტის მიერ მომზადებული პროგრამა, რომლის
იდეაც და ფორმატიც მასვე ეკუთვნის. დღესდღეობით საქართველოში 15-მდე
საავტორო გადაცემა გვაქვს. საავტორო გადაცემაზე ისევე ვრცელდება
ეთიკური სტანდარტები, როგორც სხვა ნებისმიერი სახის
მედიაპროდუქტზე.
საავტორო გადაცემის მნიშვნელობა
ქვეყნების მედიაპრაქტიკის მიხედვით განსხვავდება. რუსეთში პროგრამათა
ამ ფორმატის პრაქტიკა საბჭოთა კავშირიდან მოდის და იქ საავტორო
გადაცემის ძირითადი მახასიათებელი ისაა, რომ წამყვანი თავის
მოსაზრებებს გადაცემაში ხშირად გამოხატავს ხოლმე. ამერიკაში კი,
საავტორო პროგრამა ნიშნავს გადაცემას, რომელიც კონკრეტულ პირთან არის
დაკავშირებული და შოუსაც მისი სახელი ჰქვია (მაგ: GPS with Fareed
Zakaria (CNN), Special report with Beret Baier (fox) და სხვა).
მსგავსი ტიპის გადაცემებზე ცალკე ჯგუფები მუშაობენ და მათი
აღმასრულებელი რედაქტორები, ძირითადად, შოუს წამყვანები არიან.
სახელებთან მიმართებით მსგავსი პრაქტიკა გვხვდება საქართველოშიც,
სადაც შოუთა ნაწილს მათი წამყვანების სახელი ჰქვია.
საქართველოს მაუწყებელთა ქცევის
კოდექსი ტერმინ „საავტორო გადაცემას“ ცნობს და მის ფარგლებში გარკვეულ
ეთიკურ ნორმებზეც მიგვითითებს. საავტორო პროგრამებს კოდექსის #17
მუხლი ეთმობა, სადაც ვკითხულობთ:
1. საავტორო პროგრამის
შემთხვევაში, უშუალოდ პროგრამის დაწყების წინ, აუდიტორიას უნდა
ეცნობოს, რომ პროგრამა საავტოროა. საავტორო პროგრამებში აუდიტორიას
უნდა მიეწოდოს მოსაზრებათა ფართო სპექტრი, თავიდან უნდა იქნას
აცილებული ფაქტების დამახინჯება და განსხვავებული აზრის არასწორი
ინტერპრეტირება.
2. საავტორო პროგრამის წამყვანმა
არ უნდა გამოიყენოს საკუთარი მდგომარება საკუთარი მოსაზრების იმ
ფორმით გავრცელებისათვის, რომელმაც შეიძლება ხელყოს პროგრამის
მიუკერძოებლობა.
მედიაექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს,
რომ ქართულ მედიასივრცეში, ისევე, როგორც სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში,
ყოფილი იმპერიის გავლენა შეიმჩნევა. ზვიად ქორიძის თქმით, საავტორო
გადაცემათა ამგვარ გაგებაში მიიჩნევა, რომ სარედაქციო პოლიტიკაზე
პასუხისმგებელი მხოლოდ წამყვანია და მას შეუძლია ისაუბროს და ღიად
გააცხადოს საკუთარი მოსაზრებები ისე, რომ არავის შეუთანხმოს. შედეგად
კი ვიღებთ გადაცემებს, რომლებიც არამხოლოდ ცნობილ სახეებთან, არამედ,
მათ იდეებსა და ხედვებთან არიან გაიგივებული.
„გადაცემებზე, რომლებიც
ტელევიზიებში გადის, პასუხს აგებს არხის მენეჯმენტი. პერსონიფიცირება
მხოლოდ პრომო საშუალება, მარკეტინგული ხერხია მაყურებელთათვის თავის
დასამახსოვრებლად. შესაბამისად, ეს არ ნიშნავს, წამყვანებმა ეთერში
ილაპარაკონ ის, რაც სურთ და აკეთონ განცხადებები, მოწოდებები,
დააფიქსირონ საკუთარი შეხედულება, რომელიც ეწინააღმდეგება არხის
პოლიტიკას. ჩვენ გვაქვს საავტორო გადაცემათა პოსტსაბჭოური, რუსული
გაგება. ამ დროს გვაქვს მედიის ცოდნისა და მისი ფუნქციების სწორი და
ადეკვატური გაგების დეფიციტი“, - აცხადებს ქორიძე.
მედიაექსპერტები ამბობენ, რომ
დასავლურ, კერძოდ კი ამერიკულ მედიაში, მოსაზრებების გაცხადება ხშირად
ხდება, წამყვანებიც თამამები არიან, თუმცა ჟურნალისტურ სტანდარტებს
მისდევენ და როგორც წესი, მათი მოსაზრებები ფაქტებად არასოდესაა
წარმოჩენილი. სახელობითი შოუს დაწყებისას ისინი პირდაპირ არ უსვამენ
ხაზს, რომ გადაცემა საავტოროა.
მაუწყებელთა ქცევის კოდექსი
ამბობს, რომ წამყვანმა არ უნდა გამოიყენოს თავისი მდგომარეობა
მაყურებლისათვის მხოლოდ საკუთარი მოსაზრების გასაცნობად. ის
ვალდებულია, ფართოდ წარმოაჩინოს თემები, რომლებსაც მაყურებელს
სთავაზობს. ზვიად ქორიძის თქმით, თუ გადაცემაში მხოლოდ ერთი პოზიციაა
წარმოჩენილი და მიუკერძოებლობის პრინციპი ირღვევა, ის არხის
დარღვევადაც მიიჩნევა.
„საავტორო გადაცემაში წამყვანი
სვამს კითხვებს, ეძებს გამოსავლის გზებს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში
საკუთარი პოზიციებით და მოსაზრებებით არ უნდა ჭრას და კეროს.
წამყვანის ფუნქციაა, ყოველმხრივ დაბალანსებული და მომზადებული
გადაცემა შესთავაზოს მაყურებელს“, ამბობს ზვიად ქორიძე.
მაყურებელს ინფორმაცია იმის
შესახებ რომ გადაცემა საავტოროა, მისი დაწყებისთანავე უნდა მიეწოდოს -
ამ მოთხოვნას მაუწყებელთა ქცევის კოდექსი ადგენს, თუმცა მაუწყებლები,
როგორც წესი მოთხოვნას არ იცავენ და თითქმის შეუძლებელია იმის
იდენტიფიცირება, თუ რომელი გადაცემაა საავტორო და რომელი არა.
კომუნიკაციის ეროვნული კომისიის
პრესმდივანი, ხატია ყურაშვილი ამბობს, რომ მაუწყებელთა ქცევის
კოდექსის სარეკომენდაციო ხასიათიდან გამომდინარე, ასეთ შემთხვევებში
რაიმე სახის სანქცია გათვალისწინებული არ არის, თუმცა მიიჩნევს, რომ
თუ იდენტიფიცირება რთულია, აუცილებელია, მოხდეს შესწავლა, არის თუ არა
პროგრამა საავტორო. რაც შეეხება ბალანსის და მიუკერძოებლობის ნაწილს,
კომისიაში ამბობენ, რომ მისი დარღვევის შემთხვევაში დაინტერესებულ
პირს შეუძლია, მაუწყებლის შიგნით მოქმედ თვითრეგულირების მექანიზმს
მიმართოს.