07.08.2015
კვლევის მიხედვით, მედია ნაკლებად ცდილობს დაიცვას ბავშვის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, განსაკუთრებით, როდესაც ინფორმაცია ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხება. ბავშვებთან დაკავშირებული ტრაგიკული შემთხვევები კი, კვლავ ემოციური გაშუქების საგნად რჩება; სატელევიზიო ტოკ-შოუებში ბავშვებიც და მათთან დაკავშირებული ამბებიც, ხშირად გამოიყენება მაყურებლის მოზიდვისა და მასზე ემოციური ზემოქმედების საშუალებად.
თემატურად, ბავშვები და მათთან დაკავშირებული საკითხები ყველაზე ხშირად, უბედური შემთხვევებისა და ტრაგედიების გაშუქებისასა ჩნდებიან მედიაში.
ანგარიშის მიხედვით, კვლავ პრობლემად რჩება ბავშვთა საკითხების მშრალი და ზედაპირული გაშუქება; აღსანიშნავია, რომ მასალების დიდ ნაწილში არ იყო გაშუქებული საკითხები სიღრმისეულად. მთლიანი ნამუშევრების მხოლოდ 13 პროცენტში გაშუქდა თემები სიღრმისეულად.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ მედიაში მომზადებულ მასალებში კვლავ არ ისმის ბავშვის ხმა; სრულად შესწავლილი მასალის მხოლოდ 13 პროცენტში მონაწილეობდნენ ბავშვები, ბავშვთა საკითხებზე მომზადებული მასალების 87 პროცენტი ბავშვების გარეშე მზადდებოდა.
ბავშვებთან დაკავშირებული თემები ტელევიზიებში ძირითადად დილისა და დღის გამოშვებებში ხვდებოდა, იშვიათად - პრაიმტაიმში; ქარტიის დაკვირვებამ აჩვენა, რომ სატელევიზიო ახალ ამბების ჟურნალისტები და რედაქტორები მეტად ცდილობენ სტანდარტის დაცვას ბავშვებთან მიმართებით , ვიდრე ტოკ - შოუები;
კიდევ ერთი საკითხი, რაც ასევე მნიშვნელოვანია, ზოგ შემთხვევაში მედია სიფრთხილის გამო, ერიდებოდა ბავშვების გადაღებას და ჩაწერას, ისეთ შემთხვევებში, როცა ბავშვის იდენტიფიცირება არანაირ პრობლემა არ ქმნიდა, მისი დაფარვა, „დაბლარვა“ კი პირიქით, ხელს უწყობდა ბავშვის სტიგმატიზაციას.
ანგარიშში ცალკეა გამოყოფილი,1 ივნისის, ბავთა დაცვის საერთაშორისო დღის მედიაგაშუქება. როგორც აღმოჩნდა, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესაც, გმირები არა ბავშვები, არამედ საპირველივნისო ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ:
“მედია ბავშვთა დაცვის დღესაც კი არ ცდილობს მათ კეთილდღეობასთან დაკავშირებულ თემებს სერიოზულად მიუდგეს, ან ამ დღეს მაინც მისცეს ბავშვებს შესაძლებლობა, თავად ესაუბრონ საზოგადოებას ”, - აღნიშნულია ანგარიშში.