ინტერესთა კონფლიქტი - საერთაშორისო მედიის პრაქტიკის მიმოხილვა
14.09.2015
საზოგადოებრივ მაუწყებელზე ეკა მიშველაძის „პირველი სტუდიის“ დახურვამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. დისკუსიაში ჩართულთა ნაწილი მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება უსაფუძვლოდაა მიღებული და საქმე „შერჩევით ინტერესთა კონფლიქტთან“ გვაქვს. მეორე მხრივ, საზოგადოებრივი მაუწყებლის შინაგანაწესში აღნიშნულია, რომ „ინტერესთა კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად, თანამშრომლებმა არ უნდა გააშუქონ ოჯახის წევრების და ახლო ნათესავების საქმიანობა“.

Mediacheker-მა გადაწყვიტა, მიმოეხილა საერთაშორისო პრაქტიკის ნაწილი, რომელიც პოლიტიკოსთა და ჟურნალისტთა ურთიერთობას და მათ პროფესიულ საქმიანობას ასახავს.

„ვებსტერის“ ენციკლოპედიაში „ინტერსთა კონფლიქტი“ განმარტებულია, როგორც „კონფლიქტი პირად ინტერესებსა და ნდობის მანდატის მქონე პირის ოფიციალურ პასუხისმგებლობებს შორის“. მედიასაშუალებათა დიდი ნაწილის შინაგანაწესში აღნიშნულ საკითხს ცალკე თავი ეთმობა. იქ აღნიშნულია ვალდებულებები, რომელთა შესრულებაც ჟურნალისტებს ინტერესთა კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად უწევთ.

„ინტერესთა კონფლიქტის“ საკითხი განსაკუთრებით სენსიტიურია ჟურნალისტებისათვის. მათ ყველა ღონე უნდა იხმარონ იმისათვის, რათა პირადმა დამოკიდებულებებმა გავლენა არ მოახდინონ მათ პროფესიულ საქმიანობაზე“, - აღნიშნულია ვაშინგტონ პოსტის ერთ-ერთ წერილში. მიუხედავად ამისა, ამერიკის შეერთებულ შტატებშიც ხშირია შემთხვევა, როდესაც გავლენიანი ჟურნალისტების ახლო ნათესავები თეთრ სახლში მუშაობენ.

იმ ჟურნალისტთა შორის, რომლებსაც მსგავსი კავშირები აქვთ, არის ABC-ს ახალი ამბების პრეზიდენტი ბენ შერვუდი. ის ელისაბედ შერვუდ-რენდალის ძმაა, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტ ობამას მრჩევლის პოსტს იკავებს. ბენ შერვუდის კოლეგა CBS-ში, დევიდ როუდი, პრეზიდენტ ობამას მრჩევლის ეროვნული უსაფრთხოებისა და სტრატეგიული კომუნიკაციის საკითხებში, ბენჯამენ როუდის ძმაა. CNN-ის აღმასრულებელი დირექტორი, ვირჯინია მოუსლი კი 2015 წლის დასაწყისამდე ჰილარი კლინტონის მოადგილის, ტომ ნიდის მეუღლეა.

თეთრის სახლის პრესატაშეს (2014 წლის მაისამდე), ჯეი ქერნის ცოლია კლარა შიფმანი, რომელიც ABC-ს ვეტერანი რეპორტიორია. NPR-ის თეთრი სახლის კორესპონდენტი არი შაპირო კი ადვოკატ მაიკლ გოტლიბზეა დაქორწინებული. ეს უკანასკნელი თეთრ სახლს 2015 წლიდან შეუერთდა.

მოქალაქეთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ სახის ურთიერთობებმა შესაძლოა, ობამას გაშუქებაზე გავლენა მოახდინოს. განსაკუთრებით ისეთ შემთხვევებში, როდესაც ახალ ამბებში თეთრი სახლის წარმატებები შუქდება. სწორედ მსგავს თემაზე დაიწერა კრიტიკული წერილი “The National Review Online“, სადაც ავტორმა ნათესაური ურთიერთობები პროფესიულ ინცესტს შეადარა.

„ნულის ტოლია ფაქტები, რომლებსაც შეუძლიათ გავლენა მოახდინონ ჩვენ მიერ გაშუქებული ამბების მიუკერძოებლობაზე“, - აცხადებს ბენ შერვუდის შესახებ ჯეფრი შნაიდერი, რომელიც ABC News-ს წარმოადგენს. ამის დასტურად შნაიდერს მაგალითები მოჰყავს, სადაც ABC მწვავედ აკრიტიკებს თეთრ სახლს საერთაშორისო პოლიტიკის გამო.

CBS News-ზე ამბობენ, რომ ძმები როუდები მრავალი წლის მანძილზე ცდილობენ ინტერსთა კონფლიქტის აცილებას. როცა დეივი როუდი Fox-News-ის ამომავალი ვარსკვლავი იყო, მისი ძმა მაშინ იწყებდა პოლიტიკურ კარიერას. ამავე ტელევიზიის ახალ ამბებს ხელმძღვანელობდა როუდი, როდესაც მისი ძმა 2008 წლის არჩევნებში ობამას ეხმარებოდა და შემდეგ მისი მრჩეველიც გახდა.

მედიასაშუალებების უმეტესობა ამერიკაში განსაკუთრებით აკვირდება ჟურნალისტებს, რომლებსაც შესაძლოა, ინტერესთა კონფლიქტი შეექმნათ. გამოცემათა და ტელევიზიათა ნაწილი თანამშრომელთაგან მკაფიოდ მოითხოვს, გაემიჯნონ სფეროს, რომელშიც, შესაძლოა, მათი ოჯახის წევრის აქტივობა შედიოდეს.

ასე მაგალითად, ABC-ში ამბობენ, რომ შერვუდი არ აშუქებს უსაფრთხოების საკითხს, NPR-ში შაპირო თავს არიდებს თეთრი სახლის მრჩეველთა საბჭოსთან დაკავშირებული საკითხების გაშუქებას, CNN-ი კი აღნიშნავს, რომ ვირჯინია მოუსლიმ თავი აარიდა ბენღაზში რამდენიმე წლის წინ მომხდარი აფეთქების გაშუქებას, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროისათვის მისი ქმარი სახელმწიფო დეპარტამენტში არ მუშაობდა.

ინტერესთა კონფლიქტის რისკის ქვეშ მყოფი ჟურნალისტები, როგორც წესი, თავად აცხადებენ ამის შესახებ და ცდილობენ მის თავიდან აცილებას. ABC-ს ვეტერანი ჟურნალისტი, შიპმანი, რომელიც თეთრ სახლში, პოლიტიკის თემაზე მუშაობდა, „დილა მშვიდობისა ამერიკაში“ ფიტნესისა და ჯანსაღი კვების ნაწილის გასაშუქებლად მას შემდეგ გადავიდა, რაც მისი ქმარი ჯო ბაიდენთან სამუშაოდ წავიდა. ბაიდენის ამჟამინდელი კომუნიკაციების სპეციალისტი შაილა მურეი კი ნეილ ქინგზე, “The Wall Street Journal“-ის მთავარ პოლიტიკურ რეპორტიორზეა დაქორწინებული. ჟურნალის ოფისში ამბობენ, რომ ქინგი რჩება პოლიტიკურ მიმომხილველად, თუმცა არ წერს ბაიდენსა და მის აქტივობებზე.

NPR-ს ჟურნალისტმა მიშელ ნორისმა კი თავად განაცხადა უარი რიგი საკითხების გაშუქებაზე მას შემდეგ, რაც მისი ქმარი სენატში, ჯონ ქერის საპრეზიდენტო კამპანიაში მონაწილეობის მისაღებად წავიდა.

ამერიკის მსგავსი შემთხვევები გვხვდება ევროპის კონტინეტზეც. 2012 წელს, საფრანგეთის არჩევნებისას, ფრანსუა ოლანდის მეგობარმა ქალმა, ვალერი ტრიელვაილერმა, რომელიც „Paris Match“-ში პოლიტიკის თემაზე 1989 წლიდან მოყოლებული წერდა, ინტერესთა კონფლიქტის გამო უარი თქვა ამ საკითხზე მუშაობაზე და წიგნების მიმომხილველად გადავიდა.

ერთ-ერთი ყველაზე მკაცრად გაწერილი წესები BBC-ს აქვს. 2009 წელს, ტელეკომპანიამ ექვსსაათიანი ახალი ამბების წამყვანს, ჯორჯ ალაგიას, მოსთხოვა, თავი დაენებებინა საქველმოქმედო ჟურნალში მუშაობისათვის, რომელიც იმპორტულ საკვებ პროდუქტზე წერდა. ალაგია ჟურნალში გაწეული საქმიანობისათვის ანაზღაურებას არ იღებდა, თუმცა მას შემდეგ, რაც ალაგიას საკვების მომავლის შესახებ გადაცემის ორი სერია უნდა წაეყვანა, BBC-მ მიიჩნია, რომ ტელეწამყვანის საქველომოქმედო საქმიანობას, შესაძლოა, მაუწყებლის მიუკერძოებლობა ეჭვქვეშ დაეყენებინა.

„ჩვენ ზუსტად გვესმის, რომ გადაწყვეტილება ძალიან დამამწუხრებელია როგორც გაზეთის, ასევე ჯორჯისათვის, მაგრამ BBC-ს აქვს ვალდებულება, რომ დაიცვას რეპუტაცია და მიუკერძოებლობის პრინციპი,“ - აღნიშნული იყო ოფიციალურ განცხადებაში.

ერთი შეხედვით, ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებით ევროპის წამყვანი გამოცემების თვითრეგულირების მექანიზმები უფრო მკაცრია, ვიდრე შეერთებული შტატებისა. ამერიკის შეერთებულ შტატებში ჟურნალისტებს, რომლებსაც ინტერესთა კონფლიქტი აქვთ, ხშირად, ახალ ამბებზე მუშაობის საშუალებას აძლევენ, თუმცა, როგორც წესი, არა იმ სფეროზე, რომელშიც მათი ახლო ნათესავი მოღვაწეობს. ევროპულ და ამერიკულ თვითრეგულირების მექანიზმებს ის საერთო აქვთ, რომ ჟურნალისტს მოეთხოვება ინტერესთა კონფლიქტის შესახებ წინასწარვე მიაწოდოს ინფორმაცია რედაქტორებს, პროდუსერებსა და მთლიან გუნდს.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ