სასამართლო პროცესი, დაკითხვა და პირველი პირების განცხადებები
23.10.2015
ტელეკომპანია რუსთავი 2-ის სასამართლო პროცესი და ნიკა გვარამიას დაკითხვა პროკურატურაში 22 ოქტომბრის მთავარი ამბავი იყო. თბილისის საქალაქო სასამართლოსთან და „რუსთავი 2-ის“ შენობასთან მოქალაქეთა აქციები მიმდინარეობდა. საღამოს ცნობილი გახდა, რომ გვარამიამ ალექსი ახვლედიანი დაასახელა იმ პირად, რომლის საშუალებითაც ხელისუფლება მას ეკონტაქტებოდა და სწორედ მან გადასცა მუქარის შემცველი შეტყობინებაც. დღის განმავლობაში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა პრეზიდენტიც, რომელმაც საკუთარ განცხადებაში პრემიერ მინისტრი გააკრიტიკა.

ეს ამბები გახდა მთავარი თემა ტელემედიისთვისაც, მათ საინფორმაციო გამოშვებები სწორედ, პროკურატურაში ალექსი ახვლედიანის მისვლით და იქ განვითარებული მოვლენებით დაიწყეს.

ტელეკომპანია GDS-ის საინფორმაციო გამოშვება „2030“ არ ყოფილა გამონაკლისი. მათ გადაცემა პროკურატურიდან ჩართვით დაიწყეს და აღნიშნეს, რომ ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსი ახვლედიანია ის პირი, რომელიც ნიკა გვარამიას „სამთავრობო მესიჯებს“ აწვდიდა. რასაც თავად ახვლედიანის, შემდეგ კი გვარამიას კომენტარები მოჰყვა. აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტს არ განუმარტავს რა იყო ეს „სამთავრობო მესიჯები“, არ უხსენებია კონკრეტულად რა ბრალდებას უყენებს გვარამია ხელისუფლებას. მით უფრო რომ წინა დღეს „2030-ს“ საკუთარი მაყურებლისთვის ამ თემაზე არ მიუწოდებია ამომწურავი ინფორმაცია და არც გვარამიას გამოსვლა გაუშვიათ ეთერში.

მეორე ჩართვა ჰქონდათ რუსთავი ორის ოფისთან, სადაც აქცენტი გაკეთდა იმაზე, რომ აქციის მონაწილეები ფიზიკურად აპირებენ ტელეკომპანიის დაცვას. ცალკე სიუჟეტი მიუძღვნეს სასამართლო პროცესს, არ აღუნიშნავთ რომ მოქალაქეები იქაც იყვნენ შეკრებილები „რუსთავი 2-ის“ მხარდასაჭერად.

ამის შემდეგ კი, დრო ციხის კადრების საზოგადოებაზე გავლენაზე ფსიქოლოგებისა და ფსიქიატრების მოსაზრებებს დაეთმო. რასაც მოჰყვა კიდევ ერთი სიუჟეტი ნაციონალური მოძრაობის ოფისების დარბევაზე. შემდეგ კი, პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან ჩართვით დაუბრუნდნენ „რუსთავი 2-ის“ თემას და პრემიერის განცხადება და მის საპასუხოდ პრეზიდენტის გამოსვლა გაუშვეს ეთერში. ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ მმართველი გუნდის წარმომადგენლები არაადეკვატურს უწოდებდნენ პრეზიდენტის განცხადებას, რასაც მოჰყვა გია ვოლსკისა და თამარ კორძაიას განცხადებები. ეთერში არ გაუშვიათ მინისტრების მიერ პრეზიდენტის გაკრიტიკება.

„2030-სგან“ განსხვავებით, უფრო სრულყოფილად და დიდი ქრონომეტრაჟით გააშუქეს მიმდიანრე მოვლენები „იმედმა“, „პირველმა არხმა“, „მაესტრომ“ და „კავკასიამ“. მათაც საინფორმაციო გამოშვება პროკურატურიდან ჩართვით დაიწყეს. ეთერში გაუშვეს როგორც ალექსი ახვლედიანის, ისე ნიკა გვარამიას კომენტარები. თქვეს, რომ პროკურატურამ გვარამიას დაცვა შესთავაზა, თუმცა მან უარი თქვა უნდობლობის გამო. მცირედად განსხვავებული იყო „მაესტრო“, რომელიც გვარამიას კიდევ ერთხელ მას შემდეგ დაუკავშირდა, რაც ალექსი ახვლედიანმა ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრები და „მესენჯერობა“ უარყო.

ზემოთ აღნიშნულ მაუწყებლებში მეორე სიუჟეტი უკვე რუსთავი 2-ის სასამართლო პროცესს დაეთმო, რომელიც ნიკა გვარამიასთვის პროცესებზე დასწრების აკრძალვით დაიწყო. სიუჟეტში აქცენტი კეთდება იმაზეც, რომ “რუსთავი 2-ის” ადვოკატებმა კიდევ ერთხელ მოითხოვეს მოსამართლე ურთმელიძის აცილება, თუმცა არ დაკმაყოფილდა ეს მოთხოვნა. ისაუბრეს სხვა არდაკმაყოფილებულ შუამდგომლობებზე და აღნიშნეს, რომ პროცესი აქციის ფონზე მიმდინარეობდა. მაყურებელს მიაწოდეს ინფორმაცია ტელეკომპანიის შენობასთან მიმდინარე აქციის შესახებაც.

შემდეგ გაშუქდა პრემიერ მინისტრის და პრეზიდენტის შეფასება. მაუწყებლების ნაწილმა მათი გამოსვლა „რუსთავი 2-ის“ კონტექსტში, ნაწილმა კი ძალადობის მოწოდება/დაგმობის ჭრილში განიხილა.

მაგალითად, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა თქვა, რომ „რუსთავი ორის“ სასამართლო პროცესთან და ოპონენტებთან დაკავშირებული განცხადების გამო, პრემიერი პრეზიდენტის კრიტიკის სამიზნე ხდება“.

„იმედმა“ კი ასეთი შესავალი გაუკეთა - „სახელისუფლებო ტრიბუნიდან დღეს ორი განცხადება გაკეთდა და ორივე კრიტიკის საგანი გახდა. პრეზიდენტმა დღეს პოლიტიკური კლიმატის ესკალაციასა და სამოქალაქო დაპირისპირების წინაპირობაზე მიანიშნა“.

ყველა სიუჟეტში ნაჩვენები იყო მთავრობის წევრთა კრიტიკული კომენტარები პრეზიდენტის მიმართ.მხოლოდ „იმედმა“ გაუშვა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის მოსაზრება „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით. მაყურებელს საშუალება ჰქონდა მოესმინა სხვდასხვა პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მოსაზრებები პრეზიდენტთან გამართული კონსულტაციების შემდეგ.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ