გადაუმოწმებელი ინფორმაცია „უკრაინული ვიკილიქსიდან“
23.10.2015
ინტერპრესნიუსი, ინფო 9, reportiori.ge, kvira.ge, "სააგენტო პირველი" - ამ მედიასაშუალებებმა ე.წ. „უკრაინული ვიკილიქსის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ სააკაშვილი ბოკერიასთან ერთად საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებას ამზადებს, პირდაპირ, გადამოწმების გარეშე გამოაქვეყნეს. ტელევიზიებიდან კი, თემა „იმედმა“ გააშუქა და ნაციონალურ მოძრაობას კომენტარისთვისაც დაუკავშირდა, თუმცა პარტიაში განაცხადეს, რომ ამ საკითხზე კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.

ქართულმა მედიასაშუალებებმა „უკრაინულ ვიკილიქსზე“ გამოქვეყნებული ინფორმაცია უცვლელად შემოგვთავაზეს. ინფორმაცია არ ყოფილა გადამოწმებული სხვა წყაროებთან. თავად "უკრაინული ვიკილიქსი" ირწმუნება, რომ მათ საიტზე გამოქვეყნებული მასალა, მიხეილ სააკაშვილისა და გიგა ბოკერიას საუბრის სტენოგრამაა. მასალაში არ არის ფოტო, ვიდეო, აუდიო ან სხვა სახის ჩანაწერი, რომელიც ინფორმაციას უფრო სარწმუნოს გახდიდა.

ეჭვს იწვევს, თავად ინფორმაციის პირველადი წყაროს, ე.წ. „უკრაინული ვიკილიქსის“ სანდოობის საკითხიც. მათ საიტზე, საკონტაქტო ინფორმაცია, ასევე, ცნობები პროექტის შესახებ არ იძებნება. საიტს აქვს ფუნქცია, რომლის მეშვეობითაც, დარეგისტრირება და ინფორმაციის გავრცელება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. გამოქვეყნებული ინფორმაციის დაახლოებით 80% მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ "კომპრომატებს" მოიცავს.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია:

პირველი პრინციპი: "ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია. უნდა ჩანდეს ჟურნალისტის მცდელობა, რომ მან საზოგადოების მიმართ გამოიჩინა პატივისცემა და ბოლომდე გადაამოწმა ფაქტები, რათა გამოექვეყნებინა სიმართლე და ზუსტი ინფორმაცია. ზუსტ ინფორმაციად, შეთანხმების თანახმად, ჩაითვლება ორ წყაროსთან გადამოწმებული ინფორმაცია, რომელშიც იდენტიფიცირებულია ადამიანი, ადგილი, მოვლენა – ვისაც და რასაც ეხება ინფორმაცია. არაიდენტიფიცირებული ინფორმაცია, რაგინდ მნიშვნელოვანი, უნდა გავიდეს სარედაქციო სვეტში და არა ახალ ამბებში. იგივე ეხება ამბავს, რომელსაც ჟურნალისტი შეესწრო, მაგრამ რომელიც არ დასტურდება დოკუმენტურად ფოტოთი, ვიდეოთი, ხმის ჩანაწერით და ა.შ."

მესამე პრინციპი: "ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია. ჟურნალისტმა არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები, არ უნდა გააყალბოს დოკუმენტები და ინფორმაცია".

მაუწყებელთა ქცევის კოდექსი, მუხლი 13.

1. მაუწყებელი ვალდებულია მიიღოს ყველა გონივრული ზომა, რათა უზრუნველყოს ინფორმაციის წყაროს და ფაქტების სიზუსტე.

2. მაუწყებელი ვალდებულია მიაწოდოს აუდიტორიას სანდო და ზუსტი ინფორმაცია, არ დაუშვას ცრუ ამ შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება

მაუწყებელთა ქცევის კოდექსი, მუხლი 14:

1. მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს აუდიტორია სანდო და ზუსტი ინფორმაციით და არ დაუშვას ცრუ ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება.

2. სიზუსტის უზრუნველყოფისათვის, მაუწყებელმა უნდა მოახდინოს ინფორმაციის წყაროს იდენტიფიცირება. ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ინფორმაციის გაშუქების შემთხვევაში, მაუწყებელმა ნათლად უნდა მიუთითოს წყაროს ანონიმურობის შესახებ.

3. მაუწყებელმა უნდა გაითვალისწინოს ინფორმაციის წყაროს შესაძლო დაინტერესება ან მიკერძოებლობა, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება საზოგადოებრივი ინტერესის შემცველ საკითხთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებას და მიიღოს ყველა გონივრული ზომა გადაცემული ინფორმაციის სისრულისა და სიზუსტის უზრუნველსაყოფად.

4. არსებული შესაძლებლობების ფარგლებში მაუწყებელი უნდა დაეყრდნოს პირველწყაროს და საკუთარი ძალისხმევით მოპოვებულ ინფორმაციას. როგორც წესი, მაუწყებელი არ უნდა დაეყრდნოს ინფორმაციის მხოლოდ ერთ წყაროს და სხვა წყაროებიდანაც უნდა მოიძიოს ინფორმაცია.

5. ინფორმაციის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მაუწყებელმა უნდა დააზუსტოს მისი წარმომავლობა და სიზუსტე. თუ შეუძლებელია ინფორმაციის სისწორის, უტყუარობისა და წარმომავლობის დაზუსტება, მაუწყებელმა უნდა აღნიშნოს, რომ ინფორმაცია დაუზუსტებელია.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ