22.10.2015
„გაზპრომთან“ მოლაპარაკებას
ყველაზე მეტი დრო "იმედმა" დაუთმო 2015-10-22 ენერგეტიკის მინისტრმა
კახა კალაძემ 20 ოქტომბერს „გაზპრომთან“ მოლაპარაკებების შესახებ
განმარტებები გააკეთა და პრესკონფერენცია გამართა. ეს საკითხი თითქმის
ყველა ტელევიზიამ გააშუქა სხვადასხვა აქცენტით, თუმცა ყველაზე მეტი
დრო ტელეკომპანია „იმედმა“ დაუთმო.
ტელეკომპანია „იმედმა“
„გაზპრომთან“ მოლაპარაკება და ზოგადად საქართველოს გაზმომარაგების
საკითხი 2 სიუჟეტში გააშუქა „ქრონიკის“ მთავარი გამოშვების
დასაწყისში. გადაცემის მეორე ბლოკში კი სტუმრად ენერგეტიკის მინისტრი
მოიწვიეს. „გაზპრომთან“ მოლაპარაკების საკითხი მეორე ამბავი იყო
საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო გამოშვებაში. ტელეკომპანია
„რუსთავი 2-მა" ამ თემაზე სიუჟეტი მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში
მე-3 სიუჟეტად გაუშვა. ჯიდიეს-ის გადაცემა 2030-ზე კი „გაზპრომის“
საკითხი მეოთხე სიუჟეტად მე-19 წუთიდან გაშუქდა. ტელეკომპანია
„მაესტრომ“ მთავარ გამოშვებაში „გაზპრომის“ საკითხს საერთოდ არ დაუთმო
დრო. კახა კალაძის პრესკონფერენცია მოკლედ მიმოიხილეს გადაცემა
„ბიზნესკონტაქტში“.
„იმედის“ „ქრონიკამ“ აქცენტი
„გაზპრომიდან“ კომერციული გაზის მიწოდების აუცილებლობაზე გააკეთა.
ჟურნალისტი გაესაუბრა ბიზნესმენებს, რომლებმაც ხაზი გაუსვეს, რომ თუ
ბაზარზე ალტერნატიული წყარო და შესაბამისად, გაზის უფრო დაბალ ფასად
მიღების შესაძლებლობა გაჩნდება, ამ ვითარებით ისარგებლებენ მეტი
მოგების მისაღებად.
ევროპაში რუსული გაზის დაბალ ფასზე
ისაუბრა თავად ჟურნალისტმაც.
„ევროპაში რუსული საწვავის ფასი
დღეს უკვე შემცირებულია 250 დოლარამდე, საქართველოში კი კომპანიების
ნაწილისთვის აზერბაიჯანული გაზის ფასი 315 დოლარს აღწევს.
გაზგასამართმა სადგურებმა, ლარის გაუფასურების გამო, პროდუქცია
გააძვირეს, დღეს იმედი აქვთ, რომ სიტუაცია შეიცვლება“, - აღნიშნა
„ქრონიკის“ ჟურნალისტმა.
კახი კალაძის პრესკონფერენციიდან
კი „ქრონიკის“ სიუჟეტში ვიცეპრემიერის განცხადებების პოლიტიკური
ნაწილი მოხვდა. კალაძემ აღნიშნა,რომ „გაზპრომთან“ ხელშეკრულება 2003
წელს გაფორმდა და მოლაპარაკებები რუსულ ენერგოგიგანტთან ყოველწლიურად
მიმდინარეობდა, მათ შორის 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგაც კი.
გამოშვების მეორე სიუჟეტი მიეძღვნა
საქართველოს მთავრობისა და „გაზპრომის“ ურთიერთობის 12 წლიან
ქრონიკას. ძირითადი აქცენტი გაკეთდა იმაზე, რომ „გაზპრომთან“
ურთიერთობას წინა ხელისუფლების პირობებში მიხეილ სააკაშვილის
მთავრობის წარმომადგენლები არ თაკილობდნენ მაშინ, როცა იმდროინდელი
ოპოზიციონერები, დღეს კი მმართველი კოალიციის წარმომადგენლები, (ზვიად
ძიძიგური, დავით უსუფაშვილი) რუსული ენერგოდამოკიდებულების გამო
ჩიოდნენ და ხელისუფლებას აკრიტიკებდნენ. სიუჟეტში აღინიშნა ისიც, რომ
2005 წელს განიხილებოდა მილსადენის რუსეთისთვის მიყიდვის ვერსიაც,
თუმცა როგორც სიუჟეტში აღინიშნა, მაშინ ეს აშშ-ში არ დაუშვეს და
საქართველოს 300 მილიონიანი დახმარება გამოუყვეს.
გადაცემის მეორე ბლოკში
ენერგეტიკის მინისტრის 20 ოქტომბრის პრესკონფერენციას „ქრონიკის“
წამყვანმა „წინა ხელისუფლებისა და „გაზპრომის“ ურთიერთობის
მამხილებელი პრესკონფერენცია“ უწოდა. ამ ბლოკში სტუმრად კახი კალაძე
მიიწვიეს. მან ქვეყანაში გაზის მოხმარების ზრდაზე ისაუბრა. „სოკარის“
შევიწროებაზე საუბარი არ არის“, - აღნიშნა კალაძემ და კვლავ გაიმეორა,
რომ „გაზპრომთან“ ხელშეკრულება 2003 წლიდან არის გაფორმებული.
აღსანიშნავია „ქრონიკის“ წამყვანის
ბოლო კითხვა, რომელიც ეხებოდა მამუკა არეშიძის მიერ მიწოდებულ
ინფორმაციას. საკითხი ეხება 2006 წელს რუსულ ნაწილში გაზსადენის
აფეთქებას, რის შედეგადაც საქართველოს მოსახლეობა გაზის გარეშე დარჩა.
როგორც არეშიძეს უთქვამს ჟურნალისტებისთვის, იმ დროს ინგუშეთში
მისთვის ურჩევიათ, რომ აფეთქების კვალი საქართველოში მოეძებნა.
- „თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ ე.წ.
ქართულ კვალთან დაკავშირებით?“
- „მე გამიგია ბატონი მამუკა
არეშიძის სერიოზული კავშირების შესახებ. ის წლებია, კავკასიის თემაზე
მუშაობს. აქ საუბარია იმ რეჟიმზე, რომელიც წლების განმავლობაში
ატერორებდა ჩვენს მოსახლეობას, აშინებდა, აშანტაჟებდა, ინსცენირებას
აწყობდა ტერაქტების, „მოდელირებული ქრონიკის“ და ამ ადამიანებისგან
მოულოდნელი არაფერია, თუმცა მე გამიჭირდება რამე კონკრეტიკაზე
საუბარი. ვფიქრობ, შესაბამისი სამსახურები იმ ინფორმაციით, რაც
მოვისმინეთ, უნდა დაინტერესდნენ“
- „ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ ეს
ყურადსაღები თემაა და ამის გამოძიება უნდა მოხდეს.“
- მე ვფიქრობ, უნდა დაინტერესდნენ
შესაბამისი სამსახურები, უნდა მოიკვლიონ მასალები ამასთან
დაკავშირებით და თუ რამე ხელმოსაკიდი არსებობს, უნდა დაიწყოს
გამოძიება“
რაც შეეხება „რუსთავი 2-ს“ , აქ
„კურიერის“ 21 საათიან გამოშვებაში მთავარი აქცენტი იმაზე გაკეთდა,
რომ „გაზპრომიდან ბუნებრივი აირის შესყიდვა საქართველოსთვის
გარდაუვალი იქნება”. სწორედ ამ ფრაზით წარადგინეს წამყვანებმა
სიუჟეტი. მათ კალაძის პრესკონფერენციას „დაგვიანებული კომენტარი“
უწოდეს და აღნიშნეს, რომ ენერგეტიკის მინისტრის თქმით, აზერბაიჯანი
საქართველოს მოთხოვნილებას ვერ აკმაყოფილებს. “რუსთავი 2-მა” სიუჟეტს
დაახლობით ოთხი წუთი დაუთმო.
სიუჟეტში აღინიშნა, რომ საქართველო
ამ ეტაპზე რუსულ გაზს მხოლოდ რუსეთ-სომხეთის ტრანზიტისგან იღებს.
ქვეყანა სომხეთში გატარებული ბუნებრივი აირის 10 პროცენტს 110 დოლარად
ყიდულობს. დანარჩენი წილი კი აზერბაიჯანზე მოდის. „კურიერის“
ჟურნალისტის თქმით, ამ ვითარების ცვლილება „გაზპრომთან“
მოლაპარაკებებზეა დამოკიდებული.
სიუჟეტში კალაძის ორი სინქრონია
გამოყენებული. ერთში ვიცეპრემიერი ამბობს, რომ იმის შესახებ, თუ რატომ
არ ჰქონდა აზერბაიჯანს დამატებითი მოცულობები, ალბათ, აზერბაიჯანს
უნდა დაუსვან კითხვები. ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ კალაძემ ოპონენტები
გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მიმდინარე მოლაპარაკებები ქვეყნის
ენერგოდამოუკიდებლობას საფრთხეს არ შეუქმნის. „კახა კალაძემ ამის
დასტურად ის ხელშეკრულებები მოიყვანა, რომელიც 2003 წლის მაისიდან
დღემდე რუსეთის სახელწიფო ენერგოგიგანტთან გაფორმებულა“.
კალაძის მეორე კომენტარი
ექსპერტების კრიტიკას ეხებოდა. კალაძემ აღნიშნა “დღეს რატომღაც
ექსპერტების ნაწილი არ იხსენებს გაზპრომთან და მილსადენთან
დაკავშირებით ძალიან საინტერესო მოვლენებს”. “საინტერესო მოვლენების”
შესახებ მინისტრს სიუჟეტში აღარ უსაუბრია. მის კომენტარს ექსპერტების
პასუხი მოჰყვა. ექსპერტებად ფინანსების სპეციალისტი რომან გოცირიძე და
საზოგადოება „ივერიას“ დამფუძნებელი ნიკა რურუა იყვნენ წარმოდგენილი.
რომან გოცირიძის თქმით, “დღეს უკან დაბრუნება ეს არის სიბეცე. ეს არის
სახელმწიფო ინტერესების ღალატი”. ხოლო ნიკა რურუამ კალაძის
“ვირეშმაკობაზე” ისაუბრა და განაცხადა, რომ ის “ნაცარს აყრის ყველას
თვალებში”.
სიუჟეტში ნაციონალური მოძრაობის
ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი გაბაშვილმა კალაძის ინიციატივას
“მოღალატეობირივი ნაბიჯი” უწოდა. ენერგეტიკის მინისტრი გააკრიტიკეს
საპარლამენტო ოპოზიციის სხვა წევრებმაც. ჟურნალისტმა კი აღნიშნა, რომ
რუსეთთან ფარული მოლაპარკებებსა და ანტისახელწიფოებრივ ქმედებებში
დღეს კიდევ ერთხელ დაადანაშაულა მთავრობა საპარლამენტო
ოპოზიციამ.
„ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ,
რომ თუ საქართველო გაზის მიწოდების სხვა გზას არ იპოვის, ქვეყანა
კვლავ რუსეთზე დამოკიდებული გახდება“, - აღნიშნა ჟურნალისტმა.
სიუჟეტის ბოლოს კი თინა ხიდაშელის კომენტარია ჩაწერილი, რომელიც
ამბობს, რომ “ეს თანამშრომლობა მიმდინარეობს ტრანზიტის რეჟიმში. არა
იმ რეჟიმში, რაზეც დღეს ისტერიკა და წიოკია ატეხილი”. საზოგადოებრივი
მაუწყებლის “მოამბის“ მთავარი აქცენტი ის იყო, რომ რუსულ
ენერგოკომპანიასთან მოლაპარაკებას წინა ხელისუფლებაც აწარმოებდა და ამ
პროცესში “სიახლე არაფერი იყო”.
3,5-წუთიანი მასალის წარმდგენი
ტექსტი ასე დაიწყო “გაზპრომთან მოლაპარაკების თემაზე პოლიტიკური
დაპირისპირება მწვავდება. ამ დღეებში გახშირებული ბრალდებების პასუხად
ენერგეტიკის მინისტრი ყოფილ პრეზიდენტს მაგისტრალური გაზსადენის
“გაზპრომზე” გასხვისების მცდელობაში ადანაშაულებს. კახა კალაძე
ოპონენტებს 2005 წლის მოლაპარაკებებს ახსენებს. ვიცეპრემიერი, რომელიც
ბრიუსელში გამართული შეხვედრის გამო ოპოზიციის მწვავე კრიტიკის
სამიზნეა, დღეს ადასტურებს, რომ მოლაპარაკება ტრანზიტული გაზის
მოცულობის გარდა რუსული კომპანიისგან დამატებითი ბუნებრივი აირის
შეძენასაც ეხებოდა. თუმცა, იქვე დასძენს, რომ ამ მოლაპარაკებაში
სიახლე არაფერია. მეტი დამაჯერებლობისთვის მინისტრი მედიის წინაშე
“გაზპრომთან” 12 წლის წინ ხელმოწერილი ხელშეკრულების მუხლებით და
კონკრეტული ციფრებით წარდგა”.
ტექსტში ჟურნალისტი ამბობს:
“ენერგეტიკის მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ “გაზპრომთან”
მოლაპარაკებებში ახალი არაფერია. მისი თქმით, 2005 წელს, “ნაციონალური
მოძრაობის” მმართველობის დროს, ხელისუფლება “გაზპრომთან” აქტიურ
მოლაპარაკებაში იყო ჩართული სომხეთთან დამაკავშირებელი გაზსადენის
გასხვისების საკითხზე”.
ბრიფინგიდან აღებულია მინისტრის
ციტატა, რომელიც გასხვისების დეტალებზე და ამერიკის შეერთებული
შტატების დახმარებაზე საუბრობს. კალაძე იქვე იმასაც განმარტავს, რომ
“გაზპრომთან” მოლაპარაკებებს წინა ხელისუფლება წლების განმავლობაში
აწარმოებდა.
სიუჟეტში ჩაწერილია “ნაციონალური
მოძრაობის” ერთ-ერთი წევრის, აკაკი მინაშვილის, კომენტარიც, რომელიც
კალაძის განცხადებას ტყუილს უწოდებს. „დაახლოებით 2 კვირა ფიქრობდა
ხელისუფლება ამ ტყუილ არგუმენტებზე. მთელმა საქართველომ ძალიან კარგად
იცის, რომ “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პერიოდში საქართველომ
მოიპოვა ენერგოდამოუკიდებლობა,” - ამბობს მინაშვილი.
ენერგეტიკის მინისტრის მიერ
გამოქვეყნებული ბუნებრივი აირის ექსპორტის ბოლო 12 წლის მონაცემების
გაცნობის შემდეგ შეფასებებს აკეთებენ ექსპერტებიც. “როგორც ჩანს,
კალაძის ახლანდელი მოლაპარაკება “გაზპრომთან” იყო ერთ-ერთი მათგანი,
რაც ტრადიციულად ამ წლების მანძილზე ტარდებოდა “გაზპრომთან” სწორედ ამ
ტრანზიტის პირობებზე დ დამატებითი გაზის მოცულობებზე. ასე, რომ ახალი
და საგანგაშო, როგორც ჩანს, ამაში არაფერი ყოფილა,” - ამბობს ხათუნა
ლაგაზიძე.
ენერგეტიკის საკითხზე ჩაწერილია
მამუკა არეშიძის კომენტარიც. რომელიც აღნიშნავს, რომ მაშინდელმა
მთავრობამ სტრატეგიული ობიექტის სტატუსი მოუხსნა მილსადენს და ახლაც
იმავე ტიპის ვაჭრობა მიდის. თუმცა არეშიძე იქვე აჟღერებს მთავრობის
პოზიციას და ამბობს, რომ ახლა გაზის დივერსიფიკაციაზე მიდის საუბარი.
სიუჟეტის ბოლოს ჟურნალისტი ამბობს, რომ ენერგეტიკის მინისტრის თქმით,
“გაზპრომთან” მოლაპარაკებები ჯერ კიდევ გრძელდება.
GDS-ის გადაცემა 2030-ში აქცენტი
გაკეთდა გაზპრომთან 12 წლიან ურთიერთობაზე, რომ შეხვედრები
რეგულარულად იმართებოდა წინა მთავრობის დროსაც. სიუჟეტში ნათქვამია,
რომ 2005 წელს მთავრობა მაგისტრალური გაზსადენის გაზპრომისთვის
მიყიდვას აპირებდა. რასაც მოსდევს კალაძის კომენტარი, რომლის
თანახმადაც აშშ-მ შეუშალა ხელი ამ მილსადენის გასხვისებას.
ჟურნალისტის თქმით, 21 დამატება შევიდა გაზპრომთან გაფორმებულ
ხელშეკრულებაში. რის შემდეგაც პრემიერმინისტრმა აღნიშნა, რომ ამით
დასტურდება ის ურთიერთობები, რაც წლებია იყო, არის და ალბათ
მომავალშიც გაგრძელდება „გზაპრომთან“.
სიუჟეტში ნაჩვენებია
საზოგადოებრივი მოძრაობა „ივერიას“ დამფუძნებლის, წინა მთავრობის
წევრის, ნიკა რურუას კომენტარი, რომელიც ამბობს, რომ გაზპრომთან
ნებისმიერი სახის ურთიერთობას დაუშვებლად მიიჩნევს. ამავე აზრს
იზიარებს ჟურნალისტი გელა ბედინეიშვილი, რომელიც ჩაწერილია, როგორც
გაზპრომის წინააღმდეგ ჩატარებული აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
ჟურნალისტი ბედინეიშვილზე დაყრდნობით ამბობს, რომ 2006 წლიდან რუსული
გაზის მოხმარების მხრივ იყო კლების ტენდენცია, ახლა კი ხელისუფლება
რუსულ ბუნებრივ აირზე დამოკიდებულებას კვლავ ზრდის.
ამის შემდეგ ნაჩვენებია
უმცირესობისა და უმრავლესობის კომენტარები „გაზპრომის“ შესახებ.
ექსპერტის სტატუსით ჩაწერილია ლევან კალანდაძე, რომელიც, ჟურნალისტის
თქმით, რუსეთიდან გაზის მოცულობის ზრდაში საფრთხეს ვერ ხედავს.
კომენტარში ლევან კალანდაძე აღნიშნავს - „ის, რომ საქართველოს ახლა
ეძლევა შესაძლებლობა სომხეთში ტრანზიტის მოცულობის გაზრდით დამატებითი
სარგებელი მიიღოს, ამაზე უარის თქმა ჩვენი მხრიდან არარაციონალური
იქნება“.ამ ნაწილით იქმნება შთაბეჭდილება რომ საუბარია რუსეთიდან
სომხეთში გაზის ტრანზიტის მოცულობის გაზრდაზე და არა საქართველოს მიერ
რუსეთიდან გაზის შესყიდვაზე.
„მაესტროს“ გადაცემა
„ბიზნესკონტაქტში“ ზოგადად გაშუქდა კახი კალაძის პრესკონფერენცია,
რომელიც წამყვანმა წარადგინა. მან აღნიშნა, რომ ენერგეტიკის მინისტრი
„გაზპრომთან“ შეხვედრის შემდეგ არაერთი პოლიტიკოსის მხრიდან გამოწვეულ
რეზონანსს არაჯანსაღ ეიფორიას უწოდებს. აქვე კალაძეზე დაყრდნობით
აღინიშნა, რომ ამ კომპანიასთან ხელშეკრულება და კომუნიკაცია უკვე
წლებია, არსებობს. და რომ - გაზპრომთან ხელშეკრულებას 2003 წელს
მოეწერა ხელი, მას შემდეგ კი 21 დამატება გაფორმდა ვადის გაგრძელებასა
და სხვადასხვა ტექნიკურ საკითხზე.
აქვე მოყვანილია კალაძის
კომენტარი, სადაც ის ამბობს, რომ აზერბაიჯანიდან რომ ყოფილიყო
შესაძლებელი დამატებითი მოცულობების მიღება, არ წავიდოდით
გაზპრომთანო. სიუჟეტი სრულდება იმით, რომ გაზის საფასურის ზრდის
შესახებ კითხვას კალაძემ არ უპასუხა.