07.10.2015
ქართულ ვებსაიტებზე დაწერილი
სტატიების ქვემოთ ხშირად შეხვდებით შეურაცხმყოფელ კომენტარებს,
მუქარას, სიძულვილის ენას... იცავენ თუ არა ქართული ვებსაიტები
თავიანთ მკითხველს სიძულვილისა და შეურაცხყოფისაგან, რამდენად უწყობენ
ხელს ვებგვერდებზე კომენტარების სახით ჯანსაღი დისკუსიის არსებობას და
რა პასუხისმგებლობა აკისრია ამ კომენტარებზე მედიასაშუალებას?
Mediachecker-ი დაინტერესდა, რა სიტუაციაა საქართველოში კომენტარების
მოდერაციის მხრივ და რამდენად დიდ ყურადღებას აქცევენ
მედიაორგანიზაციები ამ საკითხს. როგორც აღმოჩნდა, მედიასაშუალებებს
საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული სარედაქციო პოლიტიკა
აქვთ.
რადიო თავისუფლების ვებსაიტი იმ
მცირეთაგანია, რომელსაც კომენტარების მართვის ჩამოყალიბებული პოლიტიკა
აქვს: “ ჩვენ გვაქვს საკმაოდ ლიბერალური მიდგომა - დაშვებულია
ყველაფერი, რაც არ არღვევს გარკვეულ წესებს. აკრძალულია შეურაცხყოფა,
უწმაწური გამოთქმები, აგრესიული თავდასხმა, ძალადობისკენ მოწოდება და
ა.შ. საიტზევე გვაქვს ფორუმში მონაწილეობის წესები გამოქვეყნებული” -
ამბობს რადიო თავისუფლების ვებსაიტის მთავარი რედაქტორი ბიძინა
რამიშვილი.
რადიო თავისუფლების ვებსაიტზე რომ
კომენტარი დატოვო, ფეისბუკზე უნდა იყო დარეგისტრირებული და კომენტარის
დატოვებისას სოციალურ ქსელში შენი ანგარიშით უნდა შეხვიდე. თუმცა, არც
ერთი კომენტარი მანამდე არ ქვეყნდება, სანამ მას ვებსაიტზე იმ
დროისთვის მორიგე მოდერატორი არ წაიკითხავს.
“არის შემთხვევები, როდესაც ესა თუ
ის მომხმარებელი ხშირად არის შემჩნეული წესების დარღვევაში. ჩვენ ასეთ
ხალხს ვაფრთხილებთ და თუ ვხედავთ, რომ ეს არ მოქმედებს, ვბლოკავთ.
დაბლოკვაც სხვადასხვანაირია: ზოგს სულ ვბლოკავთ და არასდროს ვაძლევთ
კომენტარების დატოვების უფლებას, როცა აშკარად ჩანს, რისთვის მოდის და
რისი ინტერესი აქვს. არიან ადამიანები, რომლებიც ძალიან საინტერესო
კომენტარებს წერენ, მაგრამ დროდადრო მიუღებელ გამონათქვამებს
იყენებენ. მათ დროებით ვბლოკავთ”, - ამბობს რამიშვილი.
ახლახან რადიო თავისუფლებამ ასობით
მომხმარებელი დაბლოკა სტალინის შესახებ დაწერილი ბლოგის ქვეშ
გაკეთებული კომენტარების გამო. ბლოგის ავტორი ამტკიცებდა, რომ სტალინი
არ იყო ისეთი გენიოსი, როგორადაც მას ისტორია გვაცნობს. ვებსაიტის
რედაქტორის თქმით, ბლოგის ქვემოთ დაწერილი კომენტარების უმეტესობა
პრიმიტიულად აგრესიული იყო.
თუ ambebi.ge-ზე გადაწყვეტთ
კომენტარის დატოვებას, ეს დარეგისტრირების გარეშე, მეტსახელითაც
შეგიძლიათ გააკეთოთ. რედაქტორის, გიორგი გიორგაშვილის, თქმით,
მათთანაც კომენტარს გამოქვეყნებამდე კითხულობენ.
“მკითხველს შეუძლია დააფიქსიროს
ნებისმიერი შეხედულება ნებისმიერ თემაზე, მაგრამ მისი მოსაზრება არ
უნდა შეიცავდეს მიუღებელ ლექსიკას და არ უნდა იყოს შეურაცხმყოფელი
სხვა ადამიანების მიმართ. ასევე, საიტი არ აქვეყნებს რომელიმე ჯგუფის,
თემის მიმართ დისკრიმინაციულ მოსაზრებებს. არ ვაქვეყნებთ ამა თუ იმ
ადამიანის პირადი ცხოვრების შემცველ ინფორმაციას, რომელზეც, შესაძლოა,
რომელიმე მკითხველმა დაწეროს”, - ამბობს გიორგაშვილი.
ვებგვერდზე კომენტარის ველის
ქვემოთ ჩანს წარწერა: : “ყურადღება! გთხოვთ, დაიცვათ ეთიკისა და
ზრდილობის ნორმები!” თუმცა, ამ ეტაპზე ვებსაიტ ambebi.ge-ზე არსადაა
გაწერილი რას გულისხმობს ეს “ეთიკისა და ზრდილობის ნორმები” და არც
კომენტარების მოდერაციის წესებია ახსნილი. ამასთან, რედაქტორის თქმით,
არის შემთხვევები, როცა შეურაცხმყოფელი კომენტარები მაინც “იპარება”.
ამ შემთხვევაში, რეაგირებას კომენტარების გამოქვეყნების მერე
ცდილობენ.
რადგან ambebi.ge-ზე
დარეგისტრირების გარეშეც შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი, კომენტარების
დამწერის იდენტიფიცირებას ვერ ახერხებენ. ამიტომ - კომენტარებს შლიან,
მაგრამ მომხმარებელს ვერ ბლოკავენ.
Mediamall.ge-ის თანამშრომლები
კომენტარების კონტროლის აუცილებლობაზე რამდენიმე შემთხვევამ დააფიქრა.
ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა კონკრეტული მასალის ქვემოთ პიროვნული
დაპირისპირება იყო. დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს შეურაცხყოფას
აყენებდნენ და ტელეფონების ნომრების გაცვლას მოითხოვდნენ.
“ჩვენ ვიფიქრეთ რომ
მომხმარებლებისთვისაც გაცილებით უსაფრთხო იქნებოდა, თუ მსგავსი ტიპის
შეურაცხყოფები და ა.შ. წაიშლებოდა”, - ამბობს მანო ტოგონიძე,
Mediamall.ge-ის მთავარი რედაქტორი.
თუმცა, კომენტარების კონტროლი არც
ისე ადვილი აღმოჩნდა. მომხმარებლები აქ კომენტარებს პირდაპირ
ფეისბუქის ანგარიშით ტოვებენ. ვებსაიტი კი ისეა აწყობილი, რომ
კომენტარის გამოქვეყნებამდე Mediamall.ge-ის თანამშრომლებისთვის მისი
ნახვა შეუძლებელია. დღეისათვის ვებსაიტის ჟურნალისტები ცდილობენ
როგორმე თვალი მიადევნონ კომენტარებს და წაშალონ მიუღებელი
ნაწილი.
Mediamall.ge-სა და ambebi.ge-ის
რედაქტორების თქმით, იციან, რომ კომენტარების მართვის სისტემა
დასახვეწი აქვთ, უახლოეს მომავალში ახალი ვებსაიტი ექნებათ და
ეცდებიან, კომენტარების მოდერაციის საკითხი გაითვალისწინონ.
რედაქტორები თანხმდებიან, რომ
კომენტარების წაშლით მკითხველებს ანაწყენებენ და შეიძლება კარგავენ
კიდეც:
“კომენტარების დაახლოებით 60%
იშლება, რადგან რედაქციას მათი გამოქვეყნება დაუშვებლად მიაჩნია
კომენტარში დაფიქსირებული შეურაცხმყოფელი მოსაზრებების გამო. ძალიან
ბევრი განაწყენებული მკითხველი გვირეკავს რედაქციაში ამის გამო. ” -
ამბობს გიორგი გიორგაშვილი.
რატომ შლიან კომენტარებს
მედიასაშუალებები? ეს ხომ რედაქციის მიერ შექმნილი მედიაპროდუქტი არაა
და მხოლოდ მომხმარებლების მიერ გამოთქმული აზრები ან დაწერილი
ემოციებია? ინაწილებს თუ არა მომხმარებლის მიერ ვებსაიტზე გაკეთებულ
კომენატარებზე პასუხისმგებლობას რედაქციაც და რატომ?
“დიახ, პასუხისმგებელი ჩვენს
ვებსაზოგადოებაზე ვართ ჩვენ. ჩვენ ვეპატიჟებით მათ, რომ ამ სივრცეში
მოვიდნენ, წაიკითხონ, გაეცნონ, თავიანთი აზრი გამოთქვან და დისკუსიაში
მიიღონ მონაწილეობა. ასე რომ, ჩვენ, როგორც მასპინძლებმა, თუ ვერ
უზრუნველვყავით სათანადო პირობები, პასუხი ჩვენ უნდა მოგვეთხოვოს, რა
თქმა უნდა. შეიძლება ზოგჯერ სხვა ვებსაიტებზე მკაცრები ვართ, მაგრამ
ჩვენ ძალიან ვუფრთხილდებით ჩვენს რეპუტაციას”, - ამბობს ბიძინა
რამიშვილი.
კომენტარების მოდერაციასთან
დაკავშირებით 2015 წელს, ევროსასამართლომაც გამოიტანა გადაწყვეტილება,
რომელსაც დიდი ხმაური მოჰყვა. 2006 წელს ესტონეთის ერთ-ერთმა დიდმა
ნიუს პორტლამა „დელფიმ“ თავის ვებსაიტზე გამოაქვეყნა სტატია, სადაც
საუბარი იყო იმაზე, თუ როგორ გაანადგურა ერთ-ერთმა კერძო კომპანიამ
ე.წ. „ყინულის გზები“. მომდევნო ორი დღის განმავლობაში სტატიას 185
კომენტარი მოჰყვა. დაახლოებით 20 მათგანი შეიცავდა მუქარასა და
შეურაცხყოფას კომპანიის მისამართით. თვე-ნახევრის შემდეგ კომპანიის
ადვოკატმა მედიაორგანიზაციას მოსთხოვა კომენტარების წაშლა და
არამატერიალური ზიანისთვის ფულის გადახდა. კომპანიამ კომენტარები
წაშალა, მაგრამ ფულის გადახდაზე უარი განაცხადა. სასამართლო დავა
დიდხანს გაგრძელდა და საბოლოოდ, ესტონეთის სააპელაციო სასამართლომ
დაადგინა, რომ სიტყვის თავისუფლება არ ვრცელდება შეურაცხმყოფელ
კომენტარებზე და აღიარა კერძო კომპანიის უფლებების დარღვევა. „დელფიმ“
დავა ევროსასამართლოში გააგრძელა. ევროსასამართლომ გაიზიარა
ადგილობრივი სასამართლოს პოზიცია და გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ
კომენტარები ერთმნიშვნელოვნად შეურაცხმყოფელი იყო, ლახავდა კომპანიის
რეპუტაციას, „დელფს“ კი ამის აღსაკვეთად არაფერი უღონია.
ევროსასამართლომ ესტონეთის სასამართლოს მიერ „დელფისთვის“ ფინანსური
ჯარიმის დაკისრებაც პროპორციულად ცნო. ევროპული სასამართლოს ცნობით,
ეს არ იყო გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, რადგან კომენტარები
კერძო კომპანიის რეპუტაციას ლახავდა.
ვებსაიტზე კომენტარების მოდერაციის
მკაცრი და დეტალურად გაწერილი წესები აქვს ბიბისისაც. ორგანიზაცია
სამი სხვადასხვა სახის მოდერაციას იყენებს, რაც დისკუსიის საგანსა და
სამიზნე ჯგუფის ასაკზეა დამოკიდებული: ისინი კომენტარებს ამოწმებენ
გამოქვეყნებამდე, გამოქვექვეყნების შემდეგ და ასევე სპეციალური
ღილაკის საშუალებით მომხმარებელს შეუძლია შეტყობინება გაუგზავნოს
მოდერატორს, რომ კონკრეტული მკითხველი არღვევს მედიაორანიზაციის მიერ
დადგენილ წესებს.
ბიბისი ვებგვერდზე მომხმარებელს
უხსნის, რატომაა საჭირო კომენტარების მოდერაცია. კომპანია განმარტავს,
რომ ისინი არიან პასუხისმგებელი დარწმუნდნენ, რომ დებატები დარჩება
ზრდილობიანი, უსაფრთხო, რელევანტური და არ დაარღვევს რაიმე კანონს ან
ბიბისის გაიდლაინებს. მათივე ცნობით, მოდერაცია აუცილებელია
იმისათვის, რომ ყველა მონაწილეს შესაძლებლობა ჰქონდეს დისკუსიაში
მონაწილეობა მიიღოს სხვა წევრების მხრიდან დაშინებისა და შეურაცხყოფის
გარეშე.
ამასთანავე ბიბისის აღნიშნავს, რომ
მოდერაციის გარეშე მომხმარებლებმა შესაძლოა განზრახულად ან უნებურად
დაწერონ კანონის საწინააღმდეგო კომენტარები, რითიც ჩააყენონ საკუთარი
თავი და ბიბისი სასამართლო განხილვების წინაშე. მოდერაცია კი ეხმარება
თავიდან აიცილონ სასამართლო პროცესები, რაც შეიძლება, ასი ათასობით
ფუნტი დაჯდეს.