ვიზუალური ეფექტებით მანიპულირება - ონლაინმედიის მიმოხილვა
10.02.2015
ქალაქის მერის არაერთ განცხადებას „ტაბულას“ ვებსაიტზე ნარმანიას ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის სიმბოლოების ფონზე გადაღებული ფოტო ერთვის. არადა, ამ განცხადებების უმეტესობა საერთოდ არ ეხება ფესტივალს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ამავე ფოტოს გამოქვეყნება 13 ივნისს თბილისში მომხდარ კატასტროფასთან დაკავშირებულ ამბებზე. მასალა ვებზე ახალი ამბების ფორმატით დევს.

“სუბსიდიის თემა თავიდან არც იყო გაწერილი, რადგან ჩვენ ვუყურებდით თუ როგორც ხორციელდებოდა ღვინის გაყიდვა… თუმცა იმ პრობლემების გათვალისწინებით, რაც მსოფლიოში შეიქმნა ბოლო თვეების განმავლობაში, სახელმწიფომ სუბსიდირებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო”, - მკითხველი ალბათ დაგვეთანხმება, რომ ვიცე-პრემიერ კახა კალაძის ამ ციტატას ილუსტრაციად მისი მომღიმარი ფოტო ყველაზე ნაკლებად მოუხდებოდა. ღიმილი არც განცხადების შინაარსს შეესაბამება და არც კალაძის იმ შინაგან განწყობას, რომელიც მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირს წელს კახეთში ყურძნის რეალიზაციასთან დაკავშირებულ პრობლემებზე უნდა ჰქონდეს. თუმცა “ტაბულამ” 12 სექტემბერს კალაძის ამ განცხადებას სწორედ ამგვარი ფოტო დაურთო.

23 სექტემბერს ვებპორტალმა “ამბები.ჯიმ” სტატიას “მიხეილ სააკაშვილი საარჩევნო რევანშისთვის ემზადება?! - ვინ ვის წინააღმდეგ ხლართავს ინტრიგებს?” ყოფილი პრეზიდენტის ისეთივე შეუსაბამო ფოტო დაურთო, როგორც ეს წინა მაგალითში აღვწერეთ.

18 აგვისტოს „საქართველომ და მსოფლიომ“ გამოაქვეყნა სტატია ასეთი სათაურით: „სტივენ კოენი: ვაშინგტონი ოდესას საკუთარ კოლონიად აღიქვამს და მართავს სააკაშვილის მეშვეობით“.

„რას დაუშავებენ საქართველოს „ბნელი პრორუსული ძალები“, ანუ რა სარგებლობა მოაქვს თინას“, - ასეთი სათაურით გამოაქვეყნა „საქართველო და მსოფლიომ“ მორიგი წერილი, სადაც ქვეყნის თავდაცვის მინისტრია გაკრიტიკებული. ამ წერილის შინაარსობრივ ან ეთიკურ მხარეს ამჯერად ყურადღებას არ მივაქცევთ და, ჩვენი სვეტის მიზნიდან გამომდინარე, ისევ ფოტოზე გავამახვილებთ ყურადღებას. ფოტო, რომელიც სტატიას აქვს დართული, არაერთხელ გახდა საზოგადოების განხილვის თემა - ბევრმა თინა ხიდაშელი სამხედრო ფორმის შეურაცხყოფასა და უდიერად მოპყრობაში დაადანაშულა, მოგვიანებით კი ხიდაშელმა სოციალური ქსელში უპასუხა კრიტიკის ავტორებს: დაწერა, რომ უამინდობის გამო ერთ-ერთმა სამხედრო მაღალჩინოსანმა შესთავაზა ქურთუკი და მასაც უარი არ უთქვამს შეთავაზებაზე. ცხადია, რომ ამ ფოტოს გამოყენებას მიზანი მინისტრის საწინააღმდეგო განწყობების შექმნა იყო.

აქვე კიდევ ერთი მაგალით: “ტაბულამ” 21 სექტემბერს მკითხველს ამცნო, რომ ელექტროენერგიის მიწოდება თბილისის რამდენიმე უბანს შეეზღუდება, იქვეა მითითებული შესაბამისი რაიონები დენის გათიშვის შესაბამისი გრაფიკით. ამ სამომხმარებლო და სამწუხაროდ, უკვე “ტრადიციულ” სამომხმარებლო ნიუსს დართული აქვს ანთებული სანთლის ფოტო . ელ.ენერგიის ჩაქრობა, სანთელი, გრაფიკი, დენის პერიოდული შეზღუდვა, - ეს ყველაფერი სწორედ იმ ბნელ და 90-იან წლებს გვახსენებს, რომლებიც საქართველოს მოსახლეობის უმეტესობამ გამოიარა. ეს თემა ბოლო სამი წელია, ახლებურ პოლიტიკურ კონოტაციას იძენს.

იქმნება შთაბეჭდილება, რომ ზოგიერთი რედაქცია ამ შეუსაბამო ფოტოებით ცდილობს, მკითხველზე გავლენა მოახდინოს - მანიპულაცია სწორედ მაშინ არის ეფექტიანი, როცა აუდიტორიას აწუხებს ის, რაზეც საუბრობს რესპონდენტი (ლარის გაუფასურება, წარუმატებელი რთველი, კრიმინალური შემთხვევების სიმრავლე და ა.შ.) და ამ დროს თავად ამ რესპონდენტს გაღიმებულს ხედავს. წარმოგიდგენიათ მაღალჩინოსანი, რომელიც კომენტარს აძლევს რომელიმე მაუწყებლის ახალი ამბების ჟურნალისტს, მაგალითად, 13 ივნისის ტრაგედიასთან ან საქართველოს მოსახლეობის საბანკო ვალდებულებების გაზრდასთან დაკავშირებით და ამ დროს იცინის?! და თუ გაიცინებს ან ისეთ ემოციას გამოხატავს, რომელიც ფაქტის, მოვლენის სიმძიმის შესაბამისი არ იქნება, ის, რა თქმა უნდა, გაიკიცხება საზოგადოების მხრიდან.

რედაქციას, როგორც მთლიან ორგანიზმს, აქვს აბსოლუტური უფლება, იყოს ამა თუ იმ პოლიტიკური პლატფორმის მხარდამჭერი, მაგრამ ჟურნალისტური სტანდარტების მიხედვით, ფაქტებს, ციტატებს, მოვლენებს უნდა გადმოსცემდეს სიზუსტით. მაღალი პოლიტიკური, თუნდაც მისთვის არასასურველი და არასაიმედო საჯარო ფიგურის ციტატებისთვის ფოტოების დართვა, მანიპულაციის მცირედ ეჭვსაც კი არ უნდა იწვევდეს. პროპაგანდა სწორედ ამ პრინციპების უგულებელყოფით მუშაობს.

თეგები : სოციალური მედია;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ