02.10.2015
ხაზარაძის კრიტიკის საბაბი ამჯერად „თიბისი ბანკის“ მიერ დაარსებული პრემიის -„საბას“ ერთ-ერთი წლევანდელი ლაურეატი, პაატა შამუგია გახდა, რომელიც წინა წლებშიც არაერთხელ ყოფილა „ასავალ-დასავალის“ სამიზნე თავისი ეპატაჟური ლექსების გამო.
ბოლო ნომრებში გაზეთმა რამდენიმე გვერდი დაუთმო პაატა შამუგიას შემოქმედებას, საიდანაც,ძირითადად, სკაბრეზული და ეპატაჟურ ადგილების ციტირებს.
ლექსების განხილვისას „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტები შამუგიას მოიხსენიებენ ჰომოფობიური ეპითეტით - „საბარასტი“.
14-20 სექტემბრის ნომერში გამოქვეყნდა სტატია - „ხაზარაძის „უბორნიაში“ საქმე კარგად მიდის!“ სტატიის ავტორი წერს: „აბა, „საბარასტი“ რისი „საბარასტია“, საკუთარი მშობლებიც თუ არ გამოაჭენა...“ „აი, ეს არის მცირედი ნაწილი იმისა (რაც მე, ვაღიარებ, სრულად დიდი ტანჯვის ფასად წავიკითხე!), რასაც ჰქვია ორგზის „საბარასტ“ პაატა შამუგიას „შემოქმედება“, სახელწოდებით „შიზოგადოება“!
28 სექტემბრის ნომერში კი გაზეთმა ორ გვერდზე გააშუქა „ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრში“ პაატა შამუგიას საჯარო ლექცია, სადაც „საბას“ ლაურეატმა წაიკითხა ვალერი ნუგატოვის ერთ-ერთი ეპატაჟური ლექსი.
სტატიების ავტორები მამუკა ხაზარაძეს და პაატა შამუგიას კვლავ შეურაცხმყოფელი ეპითეტებით და სიძულვილის ენით აკრიტიკებენ.
„მამუკა ხაზარაძეს კაცობა და სინდისი რომ ჰქონდეს, გამოვიდოდა და პირდაპირ იტყოდა: მე არ ვარ პაატა შამუგიას სიბილწისა და „უბორნიის პოეზიის“ თაყვანისმცემელიო და რუსთაველისა და გალაკტიონის, ვაჟასა და აკაკის მშობელ ხალხს ბოდიშს მოუხდიდა იმ გაუგებრობისათვის, რასაც მის მიერვე ხელდასხმული „საბარასტი შამუგია“ ჰქვია!“
ერთ-ერთი სტატია მთავრდება მოწოდებით: „იხსენით თქვენი შვილები მამუკა ხაზარაძისა და პაატა შამუგიასგან!“
სტატიაში გვხვდება არაერთი ჰომოფობიური გამონათქვამი სხვადასხვა რესპონდენტის მისამართით.