30.09.2015
მაუწყებლობის შესახებ კანონის 63-ე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, რეკლამაში ან ტელეშოპინგში მონაწილეობა ეკრძალებათ: ახალი ამბების, საზოგადოებრივ-პოლიტიკური და წინასაარჩევნო დებატების პროგრამის წამყვანებსა და ჟურნალისტებს.
ირღვევა თუ არა კანონი მაუწყებლობის შესახებ დიმიტრი ობოლაძის რეკლამაში მონაწილეობით?!
საქართველოს კანონში მაუწყებლობის შესახებ განმარტება - რას მოიცავს ახალი ამბების პროგრამა და ვინ შეიძლება ჩაითვალოს ახალი ამბების წამყვანად - არ არის. დიმიტრი ობოლაძე ყოველ დღე საზოგადოებას დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში, პოლიტიკური და სოციალური საკითხების შემდეგ, სპორტულ ახალ ამბებს აცნობს, თუმცა, ერთმნიშვნელოვნად თქმა იმისა, ვრცელდება თუ არა მასზე კანონის ზემოთხსენებული მუხლი, რთულია.
მედიასამართლის სპეციალისტის, ნათია კაპანაძის, განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ სპორტული ინფორმაცია განსხვავებული ხასიათისაა, მისი გამიჯვნა ახალი ამბებისაგან არამართებულია.
"მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-5 პუნქტის ჩანაწერი მიმართულია მომხმარებლის დაცვისაკენ - არ მოექცეს ზეგავლენის ქვეშ მათგან, ვისაც განსაკუთრებულად ენდობა. სპორტული ამბები, მიუხედავად იმისა, რომ ოდნავ განსხვავებული ფორმატის ინფორმაციაა, ახალი ამბების განუყოფელი და მუდმივი ნაწილია, შესაბამისად, ერთიან პროდუქტად აღიქმება. ვფიქრობ, ობოლაძე განსაკუთრებულ ნდობას იმსახურებს, რადგან ის მთავარ საინფორმაციო გამოშვების ფორმატში ეკონტაქტება მაყურებელს / პოტენციურ მომხმარებელს და მათ მოსაზრებებზე გავლენის მოხდენის მეტი შანსი აქვს. ამიტომაც ჩნდება წინააღმდეგობა დადგენილ ნორმასთან“ - განმარტავს ნათია კაპანაძე.
ახალგაზრდა იურისტთა ასიციაციის იურისტის, ეკა ციმაკურიძის, განმარტებით კი, სავარაუდოა, რომ ამ ნორმით კანონმდებელმა რეკლამაში მონაწილეობაზე აკრძალვა დაუდგინა როგორც პოლიტიკური, ისე კულტურის თუ სპორტის ახალი ამბების ჟურნალისტებს.
„საზოგადოებისათვის ახალი ამბების მიწოდება ობიექტურად და მიუკერძოებლად თანაბრად მნიშვნელოვანია როგორც პოლიტიკური და საზოგადოებრივი, ისე კულტურის თუ სპორტის ახალი ამბების გაშუქებისას. შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ კანონმდებელმა რეკლამაში მონაწილეობაზე აკრძალვა დაუდგინა როგორც პოლიტიკური, ისე კულტურის თუ სპორტის ახალი ამბების ჟურნალისტებს. კანონის იმგვარი განმარტება, რომელიც მხოლოდ საზოგადოებრივ-პოლიტიკური ახალი ამბების ჟურნალისტს აუკრძალავდა რეკლამაში მონაწილეობას, წინააღმდეგობაში მოვა კანონის მიზანთან და ვერ უზრუნველყოფს აღნიშნული მიზნის შესრულებას. ასევე, კანონის ამგვარი განმარტება არათანაბარ მდგომარეობაში ჩააყენებს ახალი ამბების გადაცემების ჟურნალისტებს“ - განამარტავენ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში.
Mediachecker დაუკავშირდა დიმიტრი ობოლაძეს, მისი თქმით, კანონში არსებული ამგვარი შეზღუდვის შესახებ ინფორმირებული არ იყო.
კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში კი, განგვიმარტეს, რომ საკითხი შესწავლას საჭიროებს: „ეხება თუ არა აღნიშნული შეზღუდვა სპორტული სიახლეების წამყვანს, მსჯელობის საგანია და იმ შემთხვევაში თუ კომისიაში შემოვა განცხადება, აღნიშნული საკითხის საჯარო განხილვა კომისიის სხდომაზე გაიმრთება“ - ამბობს ხატია ყურაშვილი, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი.