მივცეთ ბავშვს საუბრის უფლება!
16.10.2015
ბავშვთა საკითხების მონიტორინგი მედიაში 3 წლის წინ დავიწყეთ. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, დადებითისკენაც… მაგრამ უკვე მესამე წელია უცვლელია ის, რომ ბავშვების შესახებ მომზადებულ სიუჟეტებში ბავშვების აზრს ყველაზე ნაკლებად ითვალისწინებენ.

2015 წლის მარტი-ივნისის “ბავშვთა საკითხების ეთიკური გაშუქება მედიაში” ანგარიშის მიხედვით, იმ მასალებში, რომლებიც ბავშვებს ეხება, მათ აზრს მხოლოდ 13 პროცენტის შემთხვევაში ეკითხებიან. არასრულწლოვნების შესახებ მომზადებული სტატიებისა და სიუჟეტების 87 პროცენტის შემთხვევაში ბავშვები საერთოდ არ ჩანან.

ზოგადად, ბავშვების იდენტიფიცირება საფრთხილო საქმეა, რადგან ხშირად ჟურნალისტურ მასალებში ბავშვის იდენტიფიცირებით მათ ვვნებთ (განსაკუთრებით, როცა ბავშვი ძალადობის მსხვერპლი ან ჩამდენი, ბრალდებული ან მსჯავრდებულია...) თუმცა, ეს არ ნიშნავს მეორე უკიდურესობაში გადავარდნას - არ ვკითხოთ აზრი ბავშვს, როცა თემა მის კეთილდღეობას, მის მიერ ან მის შესახებ მომზადებულ პროექტს ეხება.

ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის სახელმძღვანელო მითითებებსა და პრინციპებში წერია, რომ “როდესაც ეს შესაძლებელია, მისცენ ბავშვებს მასმედიით თავიანთი აზრების გამოხატვის საშუალება ყოველგვარი ძალდატანების გარეშე”.

ქართველი ჟურნალისტები ბავშვებს აზრს ძირითადად მაშინ ეკითხებიან, როცა ტრაგედიის გამძაფრება სურთ, ქველმოქმედებისას ვინმესთვის გულის აჩუყება უნდათ ან რაიმე ღონისძიებას (კონცერტი, სპორტული შეჯიბრები...) აშუქებენ.

თუმცა ბავშვებს ხშირად არც ამ უკანასკნელ შემთხვევაში უმართლებთ. მაგალითად, აჭარის ტელევიზიაზე გავიდა სიუჟეტი იმის შესახებ, რომ ბათუმში სკოლბურთში გოგონათა შორის შეჯიბრება დასრულდა და გამარჯვებული გამოვლინდა. სიუჟეტში ჩაწერილია ფეხბურთის ფედერაციის, ქალთა ფეხბურთის ფედერაციისა და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი. გახარებული ბავშვები მხოლოდ სიუჟეტის ფონია.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ ზემოთ ნახსენები კვლევის მიხედვით, საქართველოში ჟურნალისტების მიერ ბავშვების შესახებ მომზადებული მასალები ყველაზე ხშირად განათლების საკითხებს ეხება. ბავშვები დისკუსიაში არც ამ შემთხვევაში მონაწილეობენ. მათ შესახებ ძირითადად ოფიციალური პირები საუბრობენ.

რატომ უნდა ავიღოთ ინტერვიუ ბავშვებისგან? სარა მაკრამისა და ლოტ ჰიუს პუბლიკაციაში ვკითხულობთ, რომ ეს ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანია, რადგან:

• ბავშვებს შეუძლიათ საინტერესო და ახალი ინფორმაციით მოგამარაგონ.

• ისეთი თემები, როგორიცაა განათლება, თამაში ბავშვებისათვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე უფროსებისთვის. ამიტომ ჟურნალისტები უნდა დაინტერესდნენ, რას ფიქრობენ ამ თემებზე ბავშვები.

• მედიის მომხმარებელთა შორის ბავშვებიც არიან. მათ აინტერესებთ, რას ამბობენ და გრძნობენ მათი თანატოლები.

• ბავშვებს აქვთ უფლება, რომ მათ მოუსმინონ, მათი აზრი გაითვალისწინონ, რომ მასმედიაში გამოხატონ საკუთარი მოსაზრებები.

ყველა ეს პრინციპი გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციისგანუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ