რას წერენ გაზეთები „რუსთავი 2-ის" საქმეზე
24.11.2015
წინა კვირის დასაწყისში „რუსთავი 2“-ის გარშემო განვითარებული მოვლენები ბეჭდური მედიისთვის აქტუალური არ იყო. ორშაბათს ყოველკვირეულმა გაზეთებმა „პრაიმ-ტაიმმა“ და „ასავალ-დასავალმა“ „რუსთავი 2“-ის პრობლემები გაკვრით, სრულიად სხვა თემაზე მომზადებულ თითო პუბლიკაციაში აღნიშნეს. „კვირის პალიტრაში“ სიტყვა „რუსთავი 2“ საერთოდ ვერ იპოვიდით. „კვირის ქრონიკამ“ კი ყურადღება „რუსთავი 2“-ის საქმის განმხილველი მოსამართლის, თამაზ ურთმელიძის პერსონაზე გაამახვილა.

„ახლა გახდა მოსამართლე თამაზ ურთმელიძე დემონი და მართული? როცა „ალია“-„ქრონიკას“ ანადგურებდა, მაშინ ხომ ციდან ჩამოფრენილი ანგელოზი იყო?!“ - ამ სათაურით აანონსებს „კვირის ქრონიკა“ პირველ გვერდზე „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერთან, მამუკა კაციტაძესთან ინტერვიუს. ეს ფრაზა ინტერვიუში ჟურნალისტის მხრიდან შეკითხვის სახითაც არის დასმული, რაზეც მამუკა კაციტაძე „გულწრფელი წუხილით“ და ბოდიშით პასუხობს: „მესმის... ალბათ, ყველამ, მოქალაქეებმა, პარტიებმა და მათ შორის მეც, როგორც ჩანს, არ გამოვიჩინეთ ჯეროვანი ყურადღება. ეს ჩვენი სერიოზული მინუსია და ამიტომ ასეთი რამ არც უნდა განმეორდეს და არც უნდა მოხდეს. ვიღებ თქვენს წუხილს და შენიშვნას“.

მამუკა კაციტაძეც არ ინტერესდება და არც გაზეთი საუბრობს, თუ რატომ დააჯარიმა მოსამართლე ურთმელიძემ 50000 ლარით „ალია“-„ქრონიკა“.

თამაზ ურთმელიძის პერსონას შემდგომ დღეებში „ალიაც“ უბრუნდება. 21 ოქტომბერს ამ გაზეთმა გამოაქვეყნა ერთგვერდიანი ინტერვიუ ადვოკატ ზურაბ ჯორბენაძესთან სათაურით: „რატომ იცავს მანანა კობახიძე მოსამართლე ურთმელიძეს?“ რესპონდენტი „რუსთავი 2“-ის საქმეს მიმოიხილავს და აცხადებს: „მაშინ სად იყო რუსთავი 2“, „ალიას“ რომ დევნიდა თამაზ ურთმელიძე?! მაშინ რატომ არ იღებდა ხმას, რატომ არ აპროტესტებდა თავისუფალი სიტყვის დევნას?!“

ყოველდღიური გაზეთები „რუსთავი 2“-ის თემას განსაკუთრებული ყურადღებით 22 ოქტომბრის გამოცემებში აშუქებენ - მას შემდეგ, რაც ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ მას ხელისუფლება აშანტაჟებს.

„ალიამ“ სათაურებშივე გამოხატა თავისი ტენდენციური დამოკიდებულებები, როგორც „რუსთავი 2“-ის, ისე მოსამართლე ურთმელიძის მიმართ. მე-2 გვერდზე ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძესთან მოკლე ინტერვიუს სათაურია: „შალვა ხაჭაპურიძე: ურთმელიძე ვინ არის და რას წარმოადგენს, ჩემზე უკეთესად არავინ იცის, მაგრამ რასაც „რუსთავი 2“ ჩალიჩობს, ეს უკვე ამაზრზენია“. იქვე ქვეყნდება სააგენტო „ნიუპოსტის“ ნიუსი, რომელსაც ორიგინალში ასეთი სათაური აქვს - ბრმა უნდა იყო, რომ ვერ ხედავდე, "რუსთავი2" -ის წინააღმდეგ მთელი სისტემის დაპირისპირებაა , „ალიას“ რედაქციამ კი ახალი ამბავი შემდეგნაირად დაასათაურა: „ოჰ, აი, ისიც - ქართული ჟურნალისტიკის მეტრი! ერთგულების სიმბოლო! ყოფილი „პოლიტიკის ნორჩი ყოილი“ და „ოპოზიციონერი“! სათაურში გამოტანილი ირონია ეხება გიორგი თარგამაძეს, რომელმაც „რუსთავი 2“-ს მხარი დაუჭირა.

„ალიას“ ამ ნომრის მთავარი თემა „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის განცხადებაა, რაც მე-4 და მე-9 გვერდებზე მიმოხილვასა და ინტერვიუს სახით შუქდება.

„გუშინ „რუსთავი 2“-ის ოფისში დიდი „სხადნიაკი“ გაიმართა“, - ამ ჟარგონული წინადადებით იწყება მიმოხილვა, რომლის სათაურშიც გაზეთი შეურაცხმყოფელ ეპითეტს იყენებს: „მაიდანი“ შეიძლება მართლაც მოხდეს აქ, მაგრამ ამის ინიციატორი სააკაშვილის ხელისბიჭი გვარამია და მისი იდეოლოგიური მომხრეები იქნებიან!“

რაც შეეხება ინტერვიუს, მისი სათაური პირველ გვერდზე მოწინავედაც არის გამოტანილი: „ვინ აშანტაჟებს და ვინ ემუქრება ნიკა გვარამიას?“ „უფლებადამცველთა გაერთიანების“ ხელმძღვანელ ნიკოლოზ მჟავანაძესთან ინტერვიუს წინ უძღვის ჟურნალისტის ვრცელი ემოციური ტირადა, რომელიც ამ წინადადებით იწყება: „ამდენ ფარისეველს ეს დედამიწა ნამდვილად ვერ გაუძლებს და ამ ქვეყანაში გარდაუვალი იქნება სამოქალაქო დაპირისპირება“. ჟურნალისტი შესავალში მიმოიხილავს „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში ჩადენილ მძიმე დანაშაულებს, რომელზეც პასუხისმგებლობას აკისრებს მაშინდელი ხელისუფლების მაღალჩინოსანს, ნიკა გვარამიას და იქვე მას შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავს: „ნიკა გვარამია, თქვენ ხართ პოლიტიკურად ყველაზე გარეწარი ადამიანი, რომლის ადგილიც ამ ქვეყანაში არ იძებნება“. რაც შეეხება სათაურში გამოტანილ დამაინტრიგებელ შეკითხვას, მას რესპონდენტი ასე პასუხობს: „ნიკა გვარამიას ისევ საკუთარი გარემოცვა აშანტაჟებს“.

გაზეთი „რეზონანსი“, მეტწილად, მოვლენებს აღწერს და განსხვავებული პოზიციების მქონე რესპოდენტების შეფასებებს აწვდის მკითხველს. 22 ოქტომბრის ნომერში „რეზონანსი“ „რუსთავი 2“-ის თემას სამ მოწინავე გვერდს უთმობს. ჟურნალისტები საკუთარი შეფასებებისგან და პოზიციების გამოხატვისგან თავს იკავებენ. სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები თავიანთ პოზიციებს აფიქსირებენ მოწინავე სტატიაში - „რომელი პარტიები მივლენ „რუსთავი 2“-ის მხარდამჭერ აქციაზე“. ხოლო სტატია - „რუსთავი 2“-ის ბედი შეიძლება, დღეს გადაწყდეს“ ეხება სასამართლო პროცესის მიმდინარეობას საქალაქო სასამართლოში.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ