მედია-კავშირი „ობიექტივი“ წამების კადრებს უჩვენებს
28.10.2015
მედია-კავშირ „ობიექტივის“ ტელეეთერში 26 ოქტომბერს 19:06 საათზე ასევე 27-28 ოქტომბერს 00:05 საათზე გავიდა წამების ამსახველი ვიდეომასალა. კადრებში, რომელიც დაახლოებით 2 წუთს გაგრძელდა, ასახული იყო, სავარაუდოდ, გაუპატიურებისა და ასევე ცემის სცენები. მიუხედავად იმისა, რომ იყო მცდელობა კადრების დაფარვისა, მაინც ჩანდა მამაკაცის სასქესო ორგანო, ისმოდა ხმები, ძირითადად მეგრულად. კადრების ნახვისას შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ რამდენიმე კადრში სექსუალური აქტი მიმდინარეობდა.

ვიდეომასალაში სხვადასხვა სცენას შორის ჩნდებოდა წარწერა: „ამ სადიზმის ორგანიზატორია სააკაშვილის რეჟიმი, მოვითხოვთ დამნაშავეთა დასჯას!“ ტექსტი იყო გახმოვანებული და მოწოდებული, როგორც მედია-კავშირ „ობიექტივის“ პოზიცია.

ეს მასალა გადაიცა, ტელეკომპანია 25-ე არხის ეთერითაც, რომელიც "ობიექტივის" სიგნალს უშვებს.

აღსანიშნავია, რომ „ობიექტივმა“ კადრების ეთერში გასვლამდე გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ერთი კვირის განმავლობაში იგეგმებოდა ასეთი ვიდეომასალის ჩვენება. თუმცა ამ ინფორმაციაში მითითებული იყო, რომ კადრების ჩვენება მოხდებოდა მხოლოდ ღამით პირველი საათის დაწყებისას.

„მედია-კავშირი „ობიექტივი“ ერთი კვირის განმავლობაში, ყოველდღე, ღამის პირველის ხუთ წუთზე ეთერში გაუშვებს წამების გახმაურებული კადრების მცირე ფრაგმენტებს. ვიცით, რომ ეს უმძიმესი კადრებია. ვიცით, რომ კრიტიკის ქარ-ცეცხლში აღმოვჩნდებით, მაგრამ საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა სისასტიკითა და სადიზმით აწამებდა სააკაშვილის რეჟიმი ადამიანებს, ეს ვიდეომასალა ამხელს სისტემურ, ორგანიზებულ დანაშაულს ადამიანის და ადამიანურობის წინააღმდეგ! ეს არავითარ შემთხვევაში არ არის პირადი ცხოვრების ამსახველი მასალა. ჩვენ მოვითხოვთ არა მარტო შემსრულებლების, არამედ ამ დანაშაულის ორგანიზატორთა დასჯას!“

ეს ტექსტი და ასევე გამაფრთხილებელი ტექსტი ეთერში წამების ამსახველი კადრების გაშვებამდე გავიდა. ტელეკომპანიამ მაყურებელს მოუწოდა არასრულწლოვნები, სუსტი ფსიქიკისა და ჯანმრთელობის ადამიანები მოერიდებინათ ეკრანებისთვის.

მაუწყებელთა ქცევის კოდექსის 56-ე მუხლის მიხედვით, ახალ ამბებში ძალადობის ამსახველი კადრების გამოყენებაზე გადაწყვეტილება მათი ინფორმაციული ღირებულებისა და მნიშვნელობის, ასევე აუდიტორიის სავარაუდო რეაქციის გათვალისწინებით უნდა მიიღონ. მე-2 პუნქტის თანახმად, " იკრძალება ისეთი პროგრამების გადაცემა, რომლებიც რაიმე ფორმით რასობრივი, ეთნიკური, რელიგიური ან სხვაგვარი შუღლის გაღვივების, რომელიმე ჯგუფის დისკრიმინაციის ან ძალადობისკენ წაქეზების აშკარა და პირდაპირ საფრთხეს ქმნის." ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, "იკრძალება პორნოგრაფიის, აგრეთვე ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი ისეთი პროგრამის ან რეკლამის განთავსება, რომელიც შეიცავს უხამსობას."

ამავე კოდექსის 41-ე მუხლში კი აღნიშნულია: 1. ძალადობის ან მისი შედეგების ამსახველი კადრები, აგრეთვე ძალადობის როგორც ვიზუალური, ისე ვერბალური აღწერის გადაცემა, უნდა იყოს ჯეროვნად რედაქტირებული 23:00 საათამდე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ეს გამართლებულია შესაბამისი კონტექსტით. 2. დაუშვებელია არასრულწლოვნის მიერ იოლად იმიტირებადი ძალადობრივი ან სახიფათო ქმედების გადაცემა 23:00-საათიან წყალგამყოფამდე, თუ ამის მნიშვნელოვანი სარედაქციო დასაბუთება არ არსებობს.

მაუწყებელთა ქცევის 45-ე მუხლში კი განმარტებულია, რომ 18 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებლად ითვლება სამაუწყებლო პროგრამა, თუ ის შეიცავს ძალადობის ამსახველ სცენებს ახლო ხედით ან 15 წამზე მეტი ხნით (გარდა შემეცნებით-საგანმანათლებლო, ისტორიული, ფანტასტიკური ან კომედიური ჟანრის პროგრამებისა).

ამ საკითხზე განცხადება გაავრცელეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა. მათ ამ განცხადებით კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასაც მიმართეს და ფაქტზე რეაგირება ითხოვეს.

„ცხადია, ძალადობის და დანაშაულის მხილება საზოგადოებრივი ინტერესის საგანია, მაგრამ მედიას შეუძლია ეს ფუნქცია აუდიტორიის გრძნობებით მანიპულირების და ადამიანის ღირსების შემლახავი კადრების პერმანენტულად და კამპანიურად გავრცელების გარეშე შეასრულოს. ამგვარი ქმედებები საზოგადოებაში შუღლის გაღვივებას და ძალადობისკენ წაქეზების პირდაპირ საფრთხეს ქმნის, რისი მხილველიც ბოლო დღეებში საზოგადოება გახდა და რამაც შეიძლება სამოქალაქო დაპირისპირების გაღვივებას შეუწყოს ხელი“, - აღნიშნულია არასამთავრობო ორგანიზაციათა წერილში.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ