30.11.2015
Mediachecker-ის მეირ, ორ
მედიასაშუალებაზე Geworld.ge-ზე და reportiori.ge- ზე დაკვირვებმა
აჩვენა, რომ გამოცემები საკმაოდ დიდ ადგილს უთმობენ „პატრიოტთა
ალიანსის“ საარჩევნო კანდიდატის ირმა ინაშვილის კამპანიის გაშუქებას,
ხოლო მეორე კანდიდატის თამარ ხიდაშელის აქტივობები ან არ შუქდება, ან
მისი სახელი მხოლოდ მკვეთრად ნეგატიურ კონტექსტშია ნახსენები.
28 ოქტომბერს ვებგვერდმა
Geworld.ge-მ გამოაქვეყნა სტატია სახელწოდებით „ქართული პოლიტიკის
ჟანა დ’არკი და რესპუბლიკელების მორიგი ბუდარიხა“. სტატია შუალედური
საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე 4 დღით ადრე გამოქვეყნდა და
მკითხველს საგარეჯოს დეპუტატობის კანდიდატების ირმა ინაშვილისა და
თამარ ხიდაშელის შესახებ მოუთხრობს.
სტატია „პოლიტიკის“ რუბრიკაში დევს
და მითითება იმის შესახებ, რომ საავტორო ან სარედაქციო მასალაა, არ
აქვს, ის მიკერძოებული და ცალმხრივია. სტატიაში ასევე გამოყენბულია
ჰომოფობიური გამონათქვამები და ავტორი არასამთავრობო და საერთაშორისო
ორგანიზაციების შესახებ სტერეოტიპების გაღვივებას უწყობს ხელს.
ირმა ინაშვილს სტატიის ავტორი ჟანა
დარკს, საფრანგეთის სახალხო გმირს, და ქართველ გმირ ქალებს ადარებს.
თამარ ხიდაშელის მიმართ კი უარყოფითად არის განწყობილი და მას დათა
თუთაშხიას პრესონაჟ ბუდარიხას ადარებს, რომელიც ნაწარმოებში
მოხსენიებულია როგორც უჯიშო/ურჯულო, უყოფაქცევო ქალი. თამარ ხიდაშელის
ბიოგრაფიაზე საუბრისას ვკითხულობთ:
„როგორც ყველა რესპუბლიკელი, თამარ
ხიდაშელიც სოროსის ძუძუს წოვდა, პრაქტიკულად, არაფრის კეთებაში
(რადგან ზემოჩამოთვლილი ფონდები თუ ორგანიზაციები მხოლოდ საქართველოს
საზიანოდ მოქმედებენ) კაი ხელფასი, “პაეზდკები” არ აკლდაო და, მეც
მოკლედ ვიტყოდი, როგორც თვითონ განაცხადა ხიდაშელმა, საქართველოს
“გადასარჩენად” პარლამენტში მიმავალ “ვარსკვლავს” მართლაც უზრუნველი
კომფორტი მიუტოვებია-მეთქი...“
რაც შეეხება ინაშვილს, სტატიაში
ცალსახად გამოკვეთილია ავტორის დადებითი დამოკიდებულება მის მიმართ.
გარდა ამისა, ის ცდილობს ინაშვილის ბიოგრაფიის დრამატიზებას:
„18-19 წლის გოგონა აფხაზეთის ომში
იცავდა საქართველოს ერთიანობას; გამოიარა ჭუბერის ჯოჯოხეთიც, სადაც
(ბევრმა არც იცის) ბილიკზე იპოვა ყინვისგან გათოშილი, გათიშული თოთო
ბავშვი, გულში ჩაიკრა, მრავალი კილომეტრი ასე ატარა და მოხდა სასწაული
_ ბავშვი გაცოცხლდა!
არ ვიცი, ირმას სხეულის სითბომ
გაალღო გაყინული ბავშვის სხეული თუ ღვთის განგებით მოხდა ეს სასწაული.
ის კი ვიცი, რომ ის ბავშვი ირმამ მონათლა და დღეს საღსალამათი
ზრდასრული კაცია“.
ამავე სტატიაში ავტორი
ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას ეპიდემიას ადარებს. შეგახსენებთ,
ეპიდემია ნიშნავს ინფექციური დაავადების სწრაფ და ფართო გავრცელებას.
არადა, ჰომოსექსუალობა გარეოს ჯანდაცვის ორგანიზაციამ 1990 წელს
ამოიღო დაავადებათა ნუსხიდან.
რაც შეეხება მეორე კანდიდატს,
თამარ ხიდაშელს, ამ გამოცემაში, ის ყოველთვის უარყოფით კონტექსტშია
წარმოჩენილი, მაგალითად. ერთ-ერთ ასეთ მასალაში, რომელიც ე.წ.
„უკარინულ ვიკილიქსზე“ დაყრდნობით, ვრცელდება, თამარ ხიდაშელი
„ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაახლოებულ პირადაა წარმოჩენილი.
„დღეს საგარეჯოს არჩევნები
ერთგვარი ტესტია _ თუ მოახერხეს და რესპუბლიკელ ბუდარიხასთან დუელში
დაამარცხეს ირმა ინაშვილი, მხოლოდ გაყალბებით შეძლებენ ამას და მაშინ,
2016-ში, დიდი ალბათობით, ზემოხსენებულ აბსურდულ პროცენტებსაც
დასვამენ“- ვკითხულობთ კიდევ ერთ მასალაში.
ირმა ინაშვილის შესახებ პოზიტიური
მასალების გამოქვეყნებით და თამარ ხიდაშელის ნეგატიური გაშუქებით,
გამოირჩევა, reportiori.ge-ც.
არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე
reportiori.ge ახალი ამბის ფორმატში, ათავსებს ირმა ინაშვილის
მხარდამჭერების, საზოგადოებისათვის ცნობილი სახეების: ჯამლეტ
ხუხაშვილის, ლევან თედიაშვილის და ერეკლე საღლიანის მოწოდებებს,
რომლებიც ხაზს უსვამენ ირმა ინაშილის, როგორც საარჩევნო კანდიდატის
უპირატესობას. ამავე მედისაშულებით ვრცელდება თავად ირმა ინაშვილის
მიმართვაც საგარეჯოელებისადმი, რომელშიც იგი მოსახლეობას მხარდაჭერას
სთხოვს.
„თანადგომას და მხარდაჭერას
გთხოვთ. ნუ ჩაიქნევთ ხელს ამ არჩევნებზე. ნუ მოგერევათ უიმედობა.
პირიქით, - იმოქმედეთ, მხარი დამიჭირეთ! მომეცით საშუალება, რომ
დაგიბრუნოთ იმედი. მომეცით საშუალება, რომ ერთად ვიმოქმედოთ
საქართველოს საკეთილდღეოდ,“ - ირმა ინაშვილის მიმართვა
საგარეჯოელებს.
„ძვირფასო საგარეჯოელებო! მე მჯერა
თქვენი მოუსყიდველი ბუნებისა. გავითვალისწინოთ, თუ როგორ აისახება
შემდეგ ჩვენს ცხოვრებაში არჩევნების წინ მიღებული ერთჯერადი
დახმარება. მაინც, რატომ უნდა ავირჩიოთ დეპუტატად ირმა ინაშვილი? ჯერ
ერთი იმიტომ, რომ ამით თქვენ აირჩევთ ერთ-ერთ თქვენგანს. ირმა იქნება
თქვენი მისწრაფებისა და სულისკვეთების პირდაპირი გამომხატველი.
გაქრება ის სამანი და მიჯნა, რომელიც იქმნება ამომრჩეველსა და დეპუტტს
შორის...“ - აცხადებს პოეტი ერეკლე საღლიანი;
„ირმა სჭირდება პარლამენტსაც და
საგარეჯოსაც. წარმატებები მას!" - წერს ოლიმპიური ჩემპიონი ლევან
თედიაშვილი;
„ირმა ინაშვილი დიდი პატრიოტია -
ნიჭიერი, დაუღალავი და უდრეკი ადამიანია. სწორედ ამ ნიუანსების
კრებითობა გვაძლევს იმის იმედს, რომ ირმა ინაშვილი ყოველთვის
ობიექტური და სამშობლოსთვის თავდადებული იქნება", - ამბობს ჯამლეტ
ხუხაშვილი.
ქართული ოცნების კანდიდატის თამარ
ხიდასელის საარჩევნო კამპანიის შესახებ reportior.ge-ზე საკმაოდ მწირი
მასალა იძებნება. საძიებო სისტემაში თამარ ხიდაშელით ძიების შედეგად,
უაკანსკნელი განახლება, რომელიც ხიდაშელს ეძღვნება ირაკლი
ღარიბაშვილის მიერ ხიდაშელის საგარეჯოში წარდგენას უკავშირდება.
დანარჩენი ნიუსები ხიდაშელთან მიმართებაში ნეგატიურ ხასიათს
ატარებს.
„თამარ ხიდაშელის სტილი მედიისა და
კრიტიკოსების ყურადღების მიღმა დარჩა. ის არავის გაუკრიტიკებია და არც
შეუქია. არ გაულანძღავს და არ მოფერებია. როგორც პიარ-სპეციალისტები
ამბობენ,- სტანდატრული კანდიდატია! სტანდარტული კანდიდატი, ირმა
ინაშვილთან შედარებით, რომელიც ყოველდღიურად აოცებს პოლიტიკურ
წრეებსაც და საზოგადოებასაც, ანგრევს ამ სტერეოტიპებს.“ - ვკითხულობთ
სტატიაში სათაურით „ირმა ინაშვილის საარჩევნო მეტამორფოზა“, სტატია
ხიდაშელისა და ინაშვილის შედარებას ეთმობა, სადაც ეს უკანასკნელი
ერთმნიშვნელოვნად უფრო პოზიტიურ კონტექსტშია წარმოჩენილი .
1 სექტემბრით თარიღდება ხათუნა
ხოფერიას კრიტიკული განცხადება თამარ ხიდაშელთან დაკავშირებით,
რომელიც reportiori.ge-მ საკუთარ გვერდზე განათავსა.
„ოპერაცია კორძაია-2 დაიწყო!!!
ნაძალადევი ხომ ნაძალადევად გააიმასქნეს, ახლა საგარეჯოს უპირებენ
გაიმასქნებას და წარმოვიდგინე, კახელი გლეხების სახელით ეს სუბიექტი
პარლამენტში ერთსქესიანთა ქორწინებას რომ დაუჭერს მხარს...“-
აცხადებდა ხოფერია.
მედიასამართლის სპეციალისტი ნათია
კაპანაძე წინასაარჩევნო პერიოდში ონლაინმედიაში საარჩევნო
კანდიდატების გაშუქების საკითხი, არ ექვემდებარება საკანონმდებლო
რეგულირებას: „წინასაარჩევნო პერიოდში მონიტორიგს ექვემდებარება -
საზოგადოებრივი მაუწყებელი, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს
კანონის საფუძველზე ავტორიზებული ან/და ლიცენზირებული მაუწყებელი,
გაზეთი. ინფორმაციის გავრცელების სხვა წყაროები თავისუფალია
სახელმწიფო კონტროლისაგან. როდესაც საუბარია კანდიდატის სასარგებლო
ინფორმაციის ინტენსიურ გაშუქებაზე ინტერნეტში - ამ საკითხს ჩვენი
კანონმდებლობა ნაწილობრივ ღიად ტოვებს - მონიტორინგს არ ექვემდებარება
ინტერნეტგამოცემა, თუმცა კითხვის ნიშნები შესაძლოა გაჩნდეს იმაზე,
არის თუ არა ინტერნეტგამოცემის საქმიანობა აგიტაცია, ან
შემოწირულობასთან ხომ არ გვაქვს სამქე, “ - განმარტავს კაპანაძე და
ამატებს: „ ასევე, შესაძლოა კითხვები გაჩნდეს ობიექტურობასთან ან
ეთიკურობასთან დაკავშირებით - კერძოდ, ახერხებს თუ არა მედიასაშუალება
საზოგადოებისთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდებას".
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის
პირველი მუხლით ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და
საზოგადების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია. ბიექტური და სრული
ინფორმაციის მიწოდებას.“
Reportiori.ge-ს და geworld.ge-ს
შესახებ:
„საერთაშორისო გამჭვირვალობა
საქართველოს“ კვლევის „ვის ეკუთვნის ქართული მედია“ თანახმად,
reportiori.ge-ს მფლობელია შპს. „რეპორტიორი“, რომელიც ასევე ფლობს
„რეპორტიორის” პრეს კლუბს.
„შპს „რეპორტიორის“ მფლობელები
გიორგი მამაცაშვილი და ნუგზარ ფოფხაძე არიან, ვებგვერდის
აღმასრულებელი რედაქტორი კი ანა ნოდიაა. გიორგი მამაცაშვილი წლების
განმავლობაში გაზეთ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი იყო. გაზეთი
„ასავალ-დასავალი“ წლებია გამოირჩევა ანტიდასავლური, ჰომოფობიური და
ქსენოფობიური განწყობების ტირაჟირებით, ასევე სიძულვილის ენის ხშირი
გამოყენებით, განსაკუთრებით, ყოფილი სახელისუფლებო გუნდის
წარმომადგენელთა მიმართ. მედიის განვითარების ფონდის მიერ ჩატარებული
მედია მონიტორინგის მიხედვით, ბეჭდური მედიიდან გამოკვეთილად მკაფიო
ანტიდასავლურ განწყობებს გაზეთი „ასავალ-დასავალი“ გამოხატავს“.
ამავე კვლევაში Geworld.ge- ს
შესახებ ვკითხულობთ: „გაზეთი „საქართველო და მსოფლიო” 2009 წელს
დაარსდა. გაზეთის გამომცემელი აიპ „ისტორიული მემკვიდრეობაა,” მისი
მთავარი რედაქტორი კი ირაკლი თოდუაა. ირაკლი თოდუა „ასავალ-დასავალის”
რედაქტორთან, ლაშა ნადარეიშვილთან ერთად „საქართველოს ჟურნალისტთა
შემოქმედებითი კავშირის” გამგეობის წევრია. დღეს გაზეთს აქვს ონლაინ
პლატფორმა Geworld.ge, რომელიც დამოუკიდებელ კონტენტს
აწარმოებს.
Geworld.ge- ს დომენი „ისტორიული
მემკვიდრეობის” ხელმძღვანელის, ტარას გაგნიძის სახელზეა
რეგისტრირებული. მედიასაშუალება, ისევე როგორც მისი დომენების
მფლობელი ორგანიზაცია „ისტორიული მემკვიდრეობა“, „ევრაზიის
ინსტიტუტის“ პარტნიორია.
„ევრაზიის ინსტიტუტი” საქართველოში
2009 წელს დაფუძნდა. ორგანიზაცია „ევრაზიის ინსტიტუტის” დამფუძნებლები
არიან გულბაათ რცხილაძე და გიორგი ვეკუა. გულბაათ რცხილაძე
პარალელურად არის გამგეობის წევრი ორგანიზაციაში, “კავკასიური
თანამშრომლობა”. ამავე ორგანიზაციის გამგეობის წევრია ნანა
დევდარიანიც, რომელიც Reportiori.ge-ს მფლობელებთან – ნუგზარ
ფოფხაძესთან და გიორგი მამაცაშვილთან ერთად აიპ „თავისუფალ
ჟურნალისტთა კლუბი VI კორპუსის” გამგეობის წევრია“.