პარიზის ტერაქტები და ქართული ტელემედია, რომელსაც დააგვიანდა
14.11.2015
13 ნოემბრის ღამით, პარიზში, ექვს სხვადასხვა ადგილას ერთდროულად მომხდარი აფეთქებებისა და შეიარაღებული თავდასხმების სერია - თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ტერორისტულ აქტი, რომლის შედეგადაც 128 ადამიანი დაიღუპა, 200-მდე კი დაიჭრა, ქართული სატელევიზიო მედიის ეთერში მხოლოდ 10 საათის შემდეგ მოხვდა. სპეციალური გამოშვება, დეტალური, დაზუსტებული ინფორმაციით, მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული კადრებით, საერთაშორისო გამოხმაურებებითა და ექსპერტთა შეფასებებით, იმავე ღამეს არცერთი ქართული ტელეკომპანიის ეთერში არ გასულა. აუდიტორიას, რომელსაც არც ინტერნეტი აქვს და არც უცხოენოვანი საერთაშორისო არხების ნახვის საშუალება, დღის ყველაზე მნიშვნელოვანი ახალი ამბის შესახებ არაფერი გაუგია.

პირველი, ვინც საკუთარი ტელეკომპანიის ვებგვერდზე პარიზში მომხდარი ტერაქტის შესახებ ინფორმაცია განათავსა, „რუსთავი-2“ იყო -“ტერაქტი საფრანგეთში - დაღუპულია 40 ადამიანი, 60 კი ტერორისტებს მძევლად ჰყავთ აყვანილი”, მასალა ვებგვერდზე ტერაქტიდან რამდენიმე წუთის შემდეგ, 01:36 წთ-ზე დაიდო, აფეთქებებისა და შეიარაღებული თავდასხმების სერიის შესახებ ინფორმაციით კი “კურიერის” სპეციალური გამოშვება14 ნოემბერს, 11:00 სთ-ზე გავიდა. წამყვანმა აღნიშნა, რომ წინა ღამით პარიზში 6 ტერორისტული აქტი მოხდა, შეიარაღებული პირები საკონცერტო დარბაზს, სტადიონსა და რესტორნებს დაესხნენ თავს, რის შედეგადაც 153 ადამიანი დაიღუპა, 200-ზე მეტი კი დაშავდა. ჩაწერილია საფრანგეთში საქართველოს ელჩის, ეკატერინე სირაძე-დელონეს სატელეფონო კომენტარი, სადაც ელჩი აცხადებს, რომ არ აქვს დაზუსტებული ინფორმაცია გარდაცვლილთა შორის საქართველოს მოქალაქეების არსებობის შესახებ. წამყვანი ეთერში საელჩოს ცხელი ხაზის ნომერს აცხადებს. ინფორმაციას ტერაქტის შესახებ, ვებსაიტის საშუალებით, მთელი ღამის განმავლობაში აშუქებდა "ტაბულაც".

საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ამ დროს სერიალი “ჩენტო ვეტრინე” გადიოდა. ვებგვერდზე 1tv.ge პარიზში მომხდარი ტერაქტების შესახებ პირველი და არასრული ინფორმაცია 14 ნოემბერს, 10:00 სთ-ზე განთავსდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ დროისთვის უკვე ცნობილი იყო ის ადგილები, სადაც შეიარაღებული თავდასხმები და აფეთქებები მოხდა, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში რატომღაც მხოლოდ "სტად დე ფრანსის” შესასვლელთან და ბატაკლანის საკონცერტო დარბაზში მომხდარ ტერორისტულ აქტებზეა საუბარი: “ფრანგული გამოცემა France-24, პოლიციაზე დაყრდნობით, წერს, რომ ბატაკლანის თეატრში დაღუპულთა რიცხვი 100-ის ფარგლებშია.მათ შორის ოთხი ტერორისტია. სულ კი ტერორისტული აქტების დროს, არსებული მონაცემებით, 140-მდე ადამიანია დაღუპული .

პარიზში ტერორისტული აქტები იმ დროს განხორციელდა, როდესაც საფრანგეთი-გერმანიის საფეხბურთო ნაკრებების ამხანაგური მატჩი მიმდინარეობდა. მატჩს საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდიც ესწრებოდა. ერთ-ერთი აფეთქება სწორედ სტადიონის მახლობლად მოხდა,” - ვკითხულობთ ინფორმაციაში. ტერორისტული აქტების სერიის შესახებ პირველი სრული ინფორმაცია 14 ნოემბერს, “მოამბის” 12-საათიან გამოშვებაში გავიდა. რეპორტაჟში აღნიშნულია, რომ პარიზი ბოლო წლების ყველაზე მასშტაბური ტერაქტების ობიექტი გახდა, რის შედეგადაც 153 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 200 დაშავდა. მასშტაბურ ტერაქტებზე პასუხისმგებლობა კი ტერორისტულმა ორგანიზაცია - “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო. პარიზში არსებულ ვითარებაზე კი სატელეფონო ინტერვიუში საფრანგეთში საქართველოს ელჩი, ეკატერინე სირაძე-დელონე საუბრობს.

საფრანგეთის დედაქალაქში მომხდარი ტერაქტების შესახებ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში ინფორმაცია და პირველი რეპორტაჟი 14 ნოემბერს, 11:00 სთ-ზე გავიდა. მანამდე პარიზში მომხდარი აფეთქებებისა და შეიარაღებული თავდასხმების სერიის შესახებ ინფორმაცია “იმედის” ვებგვერდზე არ განთავსებულა. რეპორტაჟში აღნიშნულია, რომ შაჰიდის ქამრებით შეიარაღებული თვითმკვლელი ტერორისტების სამიზნე 6 ობიქტი გახდა, ტერორისტული აქტების სერიის შედეგად 153 ადამიანი დაიღუპა, აქედან 112 ბატაკლანის საკონცერტო დარბაზში. “ტერაქტებს გადარჩენილები პასუხისმგებლობას ფრანსუა ოლანდს აკისრებენ. მათი თქმით, საფრანგეთის პრეზიდენტს “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ დასავლურ იერიშებში ჩართვის გადაწყვეტილება რომ არ მიეღო, ეს ყველაფერი არ მოხდებოდა, ” - ამბობს ჟურნალისტი.

საფრანგეთში მომხდარი ტერორისტული აქტების შესახებ “მაესტროს” მაყურებელმა პირველად 12-საათიანი საინფორმაციო გამოშვებიდან შეიტყო. მანამდე ინფორმაცია ტერორისტული აქტების შესახებ “მაესტროს” ოფიციალურ ვებგვერდზე არ განთავსებულა. საინფორმაციო გადაცემაში გასულ სიუჟეტში საერთაშორისო მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით აღწერილია ტერაქტი და მისი შედეგები. ჩაწერილია სატელეფონო ინტერვიუ საფრანგეთში მცხოვრებ საქართველოს ერთ-ერთ მოქალაქესთან, რომელიც აცხადებს, რომ პარიზში მოქალაქეებისთვის გადაადგილება შეზღუდულია, შეშინებული ხალხი ქუჩაში აღარ დადის და დედაქალაქში არც ტრანსპორტი გადაადგილდება, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. პარიზში მოქალაქეებისთვის გადაადგილება არავის შეუზღუდავს - ხელისუფლებამ მათ ურჩია, აუცილებლობის გარეშე სახლიდან გარეთ არ გამოსულიყვნენ. მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში კი კარგად ჩანდა, რომ საფრანგეთის დედაქალაქში არც ტრანსპორტის გადაადგილება იყო შეზღუდული.

“კავკასიის” და “GDS-ის” ეთერში მსოფლიოს N1 ახალი ამბის შესახებ ინფორმაცია 14 ნოემბერს პირველად საღამოს ეთერში გამოჩნდა. დილის საინფორმაციო გამოშვებაში, რომელიც “GDS-ის” ეთერში 07:00 სთ-ზე გადის, 13 ნოემბრის “2030-ის” ჩანაწერი გავიდა. პარიზში მომხდარი აფეთქებების და შეიარაღებული თავდასხმების შესახებ ინფორმაცია “კავკასიის” და “GDS-ის” ვებგვერდებზე საერთოდ არ განთავსებულა.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ