ქალი, რომელსაც მედია გვიჩვენებს
11.11.2015
მგრძნობიარე, ნაზი, ლამაზი, ჰაეროვანი არსება, უკრავს ფორტეპიანოზე, ქსოვს, ქარგავს და მღერის - ასეთი ქალია გაიდეალებული გასული საუკუნის ლიტერატურულ ნაწარმოებებში.იმ ეპოქისთვის ქალი, რომელიც საზოგადოებაში მიღებული ნორმების უგულებელყოფით ცდილობდა თავის დამკვიდრებას ან საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას, უარყოფით ფიგურად იყო წარმოჩენილი.

წინა საუკუნეებში ქალის საზოგადოებაში გამოჩენა მისი სამომავლო სტატუსისათვის მნიშვნელოვანი იყო. ქალს უნდა ეჩვენებინა ყველა ის კარგი თვისება და დახვეწილი მანერა, რასაც ოჯახში წლების განმავლობაში სწავლობდა. საზოგადოებაში წარდგენა განსაზღვრავდა მის ბედსაც - მეჯლისებსა თუ სალონურ შეხვედრებზე ის ეცნობოდა ახალგაზრდა ყმაწვილებს ან ხმა ვრცელდებოდა მისი სილამაზის, სინატიფისა და განათლების შესახებ და საბედოც არ აყოვნებდა... მდიდარ ოჯახში მოხვედრა და კარგი ქმარი ქალის ცხოვრების მთავარი მიზანი და მიღწევა გახლდათ.

სტერეოტიპების რღვევა აქტიურად გასული საუკუნის მეორე ნახევრიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება. მეჯლისის, როგორც ქალის საზოგადოებაში წარმომდგენის ფუნქცია კი ახლა, ერთგვარად, მედიამ შეითავსა.

როგორია ჩვენს ქვეყანაში ტელევიზიით ნაჩვენები ქალი? - მათ შესახებ ყველაზე კარგად გასართობი ტოქ-შოუებიდან თუ ბულვარული პრესიდან ვიგებთ. აკი კვლევების ნაწილმა კიდეც დაადასტურა, მედიის გვიჩვენებს ქალს, რომელიც მხოლოდ ჩაცმა-დახურვით და სამზარეულოში ტრიალით ინტერესდება, ან ოჯახში პრობლემების მომგვარებლის როლი აქვს. ალბათ, არაერთხელ გვინახავს გადაცემები, რომლებიც ცნობილი ადამიანების ერთ დღეს გვთავაზობს სოფელში, სადაც საოჯახო საქმეებს ყოველთვის ქალი აკეთებს. ასეთ შოუებში პოლიტიკოსი ქალებიც ხშირად ჩნდებიან და „უჩვეულო“ პროფესიის მიღმა თავის „ნამდვილ სახეს“ გვიჩენენ, სამზარეულოში ფუსფუსებენ და გემრიელ აჩმას აკეთებენ. ამგვარი რეპორტაჟები განსაკუთრებით საახალწლო პერიოდში მრავლდება - გოზინაყის საკუთარი, ინდივიდუალური რეცეპტი, დედას მონატრებული შვილები და ოჯახური გარემო პოლიტიკოს ქალებს იდეალურ მეოჯახეებად წარმოგვიჩენს.

ცალკე თემაა ქალი ბულვარულ პრესაში. „თქვენთვის, ქალბატონებო“, - წლებია, გაზეთების ნაწილს ასეთი რუბრიკა აქვს. რუბრიკაში ყოველთვის არის ისტორიები მიტოვებულ ქალებზე, კეთილად დასრულებულ ისტორიებზე, სენტიმენტალურ ამბებზე, რომლებიცქალებს გულს უჩუყებს. ასეთ გვერდებს ბოლოს ბონუსად რომელიმე კერძის რეცეპტიც მოყვება.

ყვითელ ჟურნალებში ქალები, ძირითადად, შოპინგის, მამაკაცების, ოჯახის და მსუბუქი თემების გარშემო ტრიალებენ. „საქართველოში სამოსს არასოდეს ვყიდულობ“, „როგორი უნდა იყოს მამაკაცი, რომელიც მის გულს დაიპყრობს“, „ჩემს მომავალ დედამთილს დედას ვერ დავუძახებ“... ეს და მსგავსი სათაურები ყველაზე ხშირად გვხვდება პრიალა ჟურნალების გარეკანებზე. როგორც წესი, რესპონდენტების პროფესიულ საქმიანობასა და მიღწევებს ასეთ მასალებში დიდი დრო არც ეთმობა.

ქალთა თემა და გენდერული პრობლემატიკა, განსაკუთრებით,2014 წლის შემდეგ გახდა აქტუალური. თითქოს, მედიასაშუალებებს ერთი ვირუსი გადაედოთ, ტოქ-შოუები გამუდმებით გვთავაზობენ გადაცემებს ნაადრევად გათხოვილი ან ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალების შესახებ. მეორე ნაწილი კი ცდილობს, ქალი „უჩვეულო ამპლუაში“ წარმოგვიდგინოს - ქალი საჭესთან, ქალი ქარხანაში, ქალი სოფლის თავკაცი.. ერთი შეხედვით, შოუს მესვეურთა მიზნები კეთილია, სურთ, დაიწყონ საუბარი თემაზე, მწვავე საკითხებზე, თუმცა ეს ისტერია მაყურებელს ხელოვნურობის განცდას უჩენს და ეხამუშება.

გენდერული სტერეოტიპების გაღრმავებასთან დაკავშირებით კიდევ ერთ საინტერესო სტანდარტს მედია წინასაარჩევნო პერიოდში გვთავაზობს, როდესაც ქალი კანდიდატების გაშუქებისას მათ მიმართ განსაკუთრებულ სენტიმენტებს ამჟღავნებს. ჟურნალისტის დამოკიდებულება იგრძნობა ტონში, კითხვების ფორმულირებაში, გარემოში, რომელშიც კანდიდატს გვაჩვენებს.

სტატუსი - პოლიტიკოსის მეუღლე - მედიის კიდევ ერთი „მიგნებაა“. ამ ქალების გადაცემებში მიწვევისას, საუბრის ძირითადი თემა პოლიტიკოსი მეუღლე და ოჯახია, თითქოს, ქალს შვილებისა და ქმრის იქით საზოგადოებრივი ცხოვრება არ აქვს. ასეთ დროს ქალებს ხშირად იყენებენ, როგორც კაცების „დანამატს“, რომელიც საზოგადოებისთვის შექმნილ იმიჯს უფრო მეტად იდეალურს ხდის.

რატომ არის არასასურველი მედიაში სტერეოტიპების გამყარება? - რიგითი მაყურებლისათვის მედია ისეთივე მაგალითის მიმცემია, როგორიც ბავშვისთვის მშობელი. არაერთგზის გამოთქმული უკმაყოფილებების მიუხედავად, მაყურებლისთვის ტელევიზია იდეალური სამყაროა - იდეალური ადამიანებით და უნაკლო რესპონდენტებით. ხოლო როდესაც იდეალური გარემოდან ჩვენთვის ნაცნობ თემას ასეთი ფორმით გვაწვდიან, ვფიქრობთ, რომ ასე ნორმალურია.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ