02.11.2015
მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებაში გაჩნდა 2012 წელს არჩევნებამდე გავრცელებული კადრების დამონტაჟებისა და დადგმის ვერსია, 2030-ს არც ერთი რესპონდენტი არ ჰყოლია, რომელიც ამგვარ მოსაზრებას გამოთქვამდა. ნაცვლად ამისა, გადაცემა ყოველ დღე იწყებოდა ციხეში წამების კონკრეტული ისტორიით და სრულდებოდა დისკუსიით „ცალკეული შემთხვევები, თუ სისტემური დანაშაული?“, სადაც სტუმრის სტატუსით მოწვეული ყოფილი პატიმრები დეტალურად აღწერდნენ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არსებულ მძიმე ვითარებას.
სიუჟეტები
მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით, სიუჟეტებში ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ ყოფილი პატიმრები უკმაყოფილოები არიან გამოძებით და დამნაშავეთა დასჯას ითხოვენ, მასალაში არ ყოფილა წარმოჩენილი არც ერთი პოლიტიკოსის თუ ხელისუფლების წარმომადგენელთა პასუხები. შესაბამისად, რესპონდენტების მიერ გამოთქმული პრეტენზიები, თუ რატომ არ დაისაჯნენ დამნაშავეები, უპასუხოდ დარჩა. სიუჟეტების ფოკუსი არა ახლანდელი მდგომარეობა, გამოძიების ეფექტურობის პრობლემები და დამნაშავეთა დაუსჯელობაა, არამედ წარსულში არსებული მძიმე ვითარების აღწერა.
26 ოქტომბრის „2030“ ყოფილი პატიმრის, ლაშა არქანიას ისტორიით დაიწყო. რესპონდენტი ამბობს, რომ ადამიანები, ვინც ციხეში აწამებდნენ, დღეს თანამდებობებს იკავებენ. ჟურნალისტი არ ცდილობს ამ პირებთან დაკავშირებას, იმის გადამოწმებას მართლაც დაინიშნენ თუ არა ისინი რაიმე თანამდებობაზე, როგორ და როდის დაიკავეს მათ ეს პოზიცია, არ ჩანს პასუხი ხელისუფლებიდანაც. ციხის კადრების გასაჯაროების საკითხი პოლიტიკურ თემად იქცა, ამიტომაც მნიშვნელოვანი იყო იმ პირების კომენტარიც კონკრეტულ საქმეებზე, ვისაც პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება მიმდინარე მოვლენებზე. თუმცა ნაცვლად ამისა, ჟურნალისტმა პასუხისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა, რომელმაც უთხრა, რომ ინფორმაციის მისაღებად წერილობითი მიმართვაა საჭირო. უცნობი დარჩა გაგზავნა თუ არა ჟურნალისტმა წერილი და შეეცადა თუ არა, ყველა ღონე ეხმარა ინფორმაციის გადასამოწმებლად ან ბრალდების მხარისთვის შეპასუხების უფლების მისაცემად, როგორც ამას ეთიკის პრინციპები ავალდებულებს.
„კიდევ ერთი ყოფილი პატიმრის წამების ისტორიით“ დაიწყო გამოშვება მეორე დღესაც, 27 სექტემბერს. ამჯერადაც ყოფილი პატიმარი წამების დეტალებს აღწერს. კვლავაც უკმაყოფილოა რესპონდენტი გამოძიებით, ისიც ასახელებს კონკრეტულ გვარებს, ვინც მის წამებაში მონაწილეობდნენ და ამბობს, რომ მათ მიმართ სასჯელი არასაკმარისია. სიუჟეტის შემდეგ ისმის პრეზიდენტის და სახალხო დამცველის კომენტარები. უჩა ნანუაშვილი ამბობს, რომ საჭიროა ყველა საქმე ბოლომდე იყოს გამოძიებული. ბიძინა ივანიშვილი კი წამების კარების გავრცელების დაუშვებლობაზე საუბრობს. გამოძიების არაეფექტურობაზე კვლავაც არ ჩანს ხელისუფლების კომენტარი.
პატიმართა წამებაზე მასალა 28 ოქტომბერსაც მომზადდა. ამჯერად ის მეორე თემად გავიდა ეთერში. წამყვანი წამების მეთოდებზე საუბრობს, სვამს კითხვას თუ რატომ არიან თავისუფლებაში ციხის ყოფილი თანამშრომლები, რომელებსაც პატიმრები ძალადობაში ადანაშაულებენ? სიუჟეტი წინა დღეების მსგავსად, ყოფილი პატიმრის ისტორიით იწყება და სახელდება კონკრეტული ადამაინები, რომლებიც მის წამებაში მონაწილეობდნენ. ერთ-ერთი ასეთი პირი ჯარჯი წიკლაურია, რომელიც, ჟურნალისტის თქმით, ახლა სპიკერი პროკურორია. რესპონდენტიც ადასტურებს რომ ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ ჯარჯი წიკლაური დააწინაურეს და ახლა ზემოაღნიშნულ პოზიციას იკავებს. კიდევ ერთი რესპონდენტი შოთა იამანიძე მასზე ძალადობაში ადანაშაულებს რამდენიმე პირს. მისით ქმით, ერთ ერთი მათგანი გოგა ბუთლიაშვილი სოციალური ქსელში აქტიურია და ეკონტაქტება მედიას. ასევე ყოფილი პატიმარი ვახტანგ მაისაია კი, ასახელებს კონკრეტულ უწყებებს, სადაც მისი თქმით, დამნაშავე პირები მუშაობენ. მაგალითად, ამბობს რომ ვალერი ზუმბაძე კრიზისების მართვის საბჭოშია. ჟურნალისტი ამბობს, რომ ჯარჯი წიკლაურთან დაკავშირებით გამოთქმულ ბრამდებაზე მთავარ პროკურატურაში კომენტარის გაკეთება მიზანშეწონილად არ მიიჩნიეს, მოძალადეების დასჯის მოთხოვნაზე კი განაცხადეს, რომ გამოძიება გრძელდება და მტკიცებულებათა ერთობლიობის მოპოვების შემთხვევაში მათ ბრალი წარედგინებათ.
ჟურნალისტი არ შეეცადა თავად დაკავშირებოდა ბრალდების ობიექტებს, გაერკვია მართლაც მუშაობენ თუ არა ისინი თანამდებობაზე და რა პასუხი აქვთ ამაზე მათ ზემდგომ პირებს. არ არის ჩაწერილი არც ერთი ოფიციალური პირი. წამყვანის მიერ დასაწყისში დასმული კითხვა უპასუხოდ დარჩა და მაყურებელმა ვერ გაიგო რატომ არ დასრულებულა აქამდე საქმის გამოძიება, რატომ იკავებენ თანამდებობს და დარჩნენ დაუსჯელები ის პირები, რომელთაც ასეთ ბრალდებებს უყენებენ მოქალაქეები.
29 ოქტომბერს მთავარი თემა წამების ნაცვლად მედიის თავისუფლება იყო. თუმცა ციხეებში არსებულ სიტუაციებზე საუბრის გარეშე არც ამ გამოშვებას ჩაუვლია. ამჯერად წამყვანის თქმით, დაინტერესდნენ იმ პირებით, რომლის წინააღმდეგაც არსებობს ჩვენებები, თუმცა ოფიციალურად ბრალი არ წაუყენებიათ. სიუჟეტი იწყება კარანტინის დაშლის შესახებ გლდანის ციხის თანამშრომლების აღიარებითი ჩვენებიდან ამონარიდით. ჟურნალისტის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გიორგი ავსაჯანიშვილმა პატიმრების ცემა აღიარა, არათუ მსჯავრდებული, ბრალდებულიც არასდროს ყოფილა და დღეს საქართველოში უკვე აღარ იმყოფება. კიდევ ერთი პირი, რომელიც მხოლოდ მოწმის სახით დაიკითხა და ბრალი არ წაუყენებიათ მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ასახელებდა მას როგორც დამნაშავეს, გოგა ბუთლიაშვილია. ჟურნალისტის თქმით, ბუთლიაშვილი კომენტარს არ აკეთებს თუმცა ბრლადებებს უარყოფს. მოყვანილია მისი ინტერვიუ პალიტრასთან სადაც ის ამბობს, რომ პატიმრები საკუთარ თავს თავად იზიანებდნენ. კიდევ რამდენიმე რესპონდენტი ასახელებს სხვა პირებსაც. ჟურნალისტის თქმით, ისინი მივიდნენ ბაჩანა ბალოიანთან, თუმცა, მეზობლების თქმით, ის გასვენებაში იმყოფებოდა. ადვოკატი ამბობს, რომ ბალოიანმა დანაშაული აღიარა, თუმცა მხოლოდ მოწმის სტატუსით დაიკითხა.
როგორც წინა სიუჟეტებში, აქაც ოფიციალური სტრუქტურებიდან არანაირი პასუხი არ აქვთ და კითხვა კვლავ ღიად რჩება, რატომ არ მიეცნენ პასუხისგებაში ის ადამიანები, ვისაც ყოფილი პატიმრები წამებასა და სხვდასხვა ტიპის ძალადობაში ადანაშაულებენ.
დისკუსია
ცალკე აღნიშვნის ღირსია ის დისკუსია, რომელიც გადაცემის მეორე ნაწილში იმართებოდა, ციხეში წამებასთან დაკავშირებით - „ცალკეული შემთხვევები, თუ სისტემური დანაშაული?“ პრაქტიკულად არ ისმოდა განსხვავებული აზრი, რადგან სტუდიაში ძირითადად, ყოფილი პატიმრები საუბრობდნენ, აღწერდნენ საპატიმრო დაწესებულებებში არსებულ მძიმე სიტუაციას და ერთხმად ამტკიცებდნენ, რომ ციხეში სისტემური დანაშაული ხდებოდა. ცხადია, ისინი ვერ გასცემდნენ კითხვას პასუხს, თუ რატომ არ დაისაჯნენ დამნაშავეები.
26 – 28 ოქტომბერს სტუმრად იყვნენ მიწვეული ყოფილი პატიმრები ერეკლე ცოცანიძე, ცოტნე გამსახურდია,შოთა იამანიძე,გენო აროშიძე, ციხის სამკურნალო დაწესებულების ექიმი ზურაბ სიხარულიძე, რომლებიც იხსენებდნენ ციხეში არსებულმდგომარეობას და აღწერდნენ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის დეტალებს. სტუდიაში ასევე, სტუმრად იყო მიწვეული ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“წარმომადგენელი არჩილ ჩოფიკაშვილი,მის მიერ ჩატარებულმა კვლევამ დაადასტურა, რომ ციხეში სისტემური დანაშაული ხდებოდა. ამავე თემაზე ასევე ისაუბრეს ადვოკატებმა გელა ნიკოლაიშვილმა და შალვა ხაჭაპურიძემ.
აღსანიშნავია, რომ 26 ოქტომბერს, გადაცემის მესამე ბლოკში ჟურნალისტის კითხვებს სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა უპასუხა, რომელიც წინა მთავრობის მმართველობის დროს სახალხო დამცველი იყო. საუბრის ძირითადი თემა მისი ომბუდსმენობის დროს, 2008 წელს პრეზიდენტ სააკაშვილისთვის მიწერილი წერილია, სადაც ის აღწერდა, თუ რა მდგომარეობა იყო ციხეებში. ჟურნალისტი კითხულობს ამონარიდებს ამ წერილიდან და ინტერესდება რა უპასუხა სააკაშვილმა მაშინ. მთელი ინტერვიუს დროს, ფაქტობრივად მხოლოდ ეს წერილი განიხილება. მხოლოდ მე-15 წუთზე დასმული კითხვით ინაცვლებს წამყვანი რეალურ დროში და კითხულობს „მოქმედმა ხელისუფლებამ რატომ არ მისცა შესაბამისი შეფასება და ფიქრობთ თუ არა, რომ ამ მიმართულებით ხელისუფლებამ დაუშვა შეცდომა?“ ის კიდევ ერთ კითხვას სხვას, თუ რატომ გაფორმდა საპროცესო შეთანხმებები ბრალდებულებთან, რის შემდეგაც საუბარი სრულდება.
27 ოქტომბერს მესამე ნაწილში სტუმრად მყოფი უმრავლესობის ლიდერს ზვიად კვაჭანტირაძეს კი რუსთავი 2-თან დაკავშირებით გოგი თოფაძის განცხადებებზე მოუხდა კომენტარის გაკეთება. ჟურნალისტს მისთვის არ უკითხავს არაეფექტური გამოძიების შესახებ წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებულ პირებთან დაკავშირებით, რაზეც რესპონდენტები როგორც სიუჟეტებში, ასევე სტუდიაში გამართული დისკუსიისას საუბრობდნენ. მხოლოდ იმას ეკითხება, რომ იმ პირობებში, როდესაც კვლავ ვრცელდება ციხეში წამების კადრები „ხომ არ ფიქრობთ რომ დღის წესრიგში ისევ დგას კომისიის შექმნის საკითხი?“ შემდეგ კი, წამყვანი დაინტერესდა, „ხომ არ გეგმავთ გაასაჯაროვოთ დაკავებულ პირთა რაოდენობა და სასჯელის სახე?“
სხვა ოფიციალურ პირს 2030-ის დისკუსიაში ამ თემაზე მონაწილეობა არ მიუღია.