“მაესტრო” საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების შესახებ
16.11.2015
2015 წლის 5 და 9 ნოემბერს ტელეკომპანია მაესტრომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების შესახებ 2 სიუჟეტი მოამზადა. ორივე სიუჟეტში ტელეკომპანიამ სცადა საზოგადოებისთვის გაეცნო მოსამართლეები და ეჩვენებინა მათი კავშირი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებასთან.

5 ნოემბერს ეთერში გავიდა სიუჟეტი სახელწოდებით “უზენაესი კანონის დამცველები”. სიუჟეტი შეეხებოდა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს. წამყვანმა სიუჟეტი ასე წარადგინა:

“9 მოსამართლის სამართალი და პოლიტიკა. ვინ არიან ისინი, ვინც 10 წლის ვადით საკონსტიტუციო სასამართლოში ქვეყნის მთავარ კანონს იცავენ. ნინო არღვლიანი იმ მოსამართლეებს შეგახსენებთ, რომელთა კარიერაც “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებას და ზურაბ ადეიშვილს უკავშირდება”. ამ სიტყვებთან ერთად წამყვანმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ “ზედმეტი ინტერესი” თავად უმაღლესი ორგანოს გააქტიურებით ახსნა.

საკონსტიტუციო სასამართლოს გააქტიურებაზე მოგვიანებით ჟურნალისტმა ნინო არღვლიანმა ისაუბრა და განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიკერძოებულობის შესახებ ეჭვები გიგი უგულავას და რუსთავი 2-ის საქმეებზე სასამართლოს გადაწყვეტილებებმა განაპირობა. როდესაც ჯერ გიგი უგულავა რამდენიმე საათით გათავისუფლდა, შემდეგ კი, რუსთავი 2-ის მოთხოვნით კი საკონსტიტუციო სასამართლომ დაუყოვნებლივი აღსრულების ნორმა შეაჩერა.

სიუჟეტში ჟურნალისტმა ჩამოთვალა 9-დან 8 მოსამართლე. მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი და აღნიშნა, რომ ის იუსტიციისა და გარემოს დაცვის მინისტრის თანამდებობებს იკავებდა. 3 მოსამართლე (კონსტანტინე ვარძელაშვილი, მაია კოპალეიშვილი და ზაზა თავაძე) იუსტიციის მინისტრის მოადგილე იყო. მაია კოპალეიშვილი განათლების მინისტრის მოადგილედაც მუშაობდა.ლალი ფაფიაშვილი პარლამენტის წევრი იყო, თამაზ ცაბუტაშვილი - კახეთის საოლქო პროკურორი, ოთარ სიჭინავა კი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი.

სიუჟეტში არ უხსენებიათ მოსამართლე ქეთევან ერაძე, რომელიც ჯერ საკონსტიტუციო სასამართლოს აპარატში მუშაობდა 1998-დან 2006 წლამდე, ბოლო წელს ის სასამართლოს აპარატის უფროსი იყო. 2006 წლიდან კი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს.

ჟურნალისტის თქმით, “9-დან ერთი მოსამართლე მერაბ ტურავა სასამართლოში დღეს გამონაკლისია. მისი, როგორც მოსამართლის ისტორია წყდება იქ, სადაც ნაციონალური მოძრაობის ეპოქა იწყება. სტატუსი მან ოცნების მთავრობის პირობებში დაიბრუნა”.

9 ნოემბერს “მაესტრომ” სიუჟეტი მოსამართლე თამაზ ცაბუტაშვილის შესახებ მოამზადა. “მაესტროს” ცნობით ცაბუტაშვილი 2007 წლის 27 ივლისს კახეთის პროკურორი იყო.

“ამ პერიოდში მან პირს პატიმრობა არარსებული მკვლელობისთვის მიუსაჯა, მართლმსაჯულების წინაშე კი არასწორი ვერდიქტისთვის პასუხი არ უგია”, - აღნიშნა წამყვანმა.

სიუჟეტში ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა განაცხადა, რომ ძნელად წარმოსადგენია, რომელიმე პირმა ასეთი საქმის შემდეგ საპასუხისმგებლო თანამდებობა დაიკავოს.მაესტროს თქმით, ცაბუტაშვილს ბიზნესმენ მერაბ ბოლქვაძის ოჯახისთვის ჩამორთმეული ბინა პრეზიდენტ სააკაშვილის ბრძანების საფუძველზე ერთ ლარად გადაეცა.2011 წელს კი საკნონსტიტუციო სასამართლოში სააკაშვილის კვოტით მოხვდა.

ამ სიუჟეტებს წინ უძღოდა უმრავლესობისა და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა დაპირისპირებაზე 14 ოქტომბერსა და 4 ნოემბერს მომზადებული სიუჟეტი, სადაც უმრავლესობა საკონსტიტუციო სასამართლოს მიკერძოებულობაში ადანაშაულებდა და 2 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც საკონსტიტუციო სასამართლომ რუსთავი 2-ის ადვოკატების მოთხოვნით დაუყოვნებლივი აღსრულების ნორმა შეაჩერა. 9 ნოემბერს კი პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს 2 მოსამართლის მაია კოპალეიშვილის და კონსტანტინე ვარძელაშვილის აცილება მოითხოვა.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ