გადაუმოწმებელი ინფორმაცია 2030-ის შესახებ
16.11.2015
11 ნოემბერს, პორტალმა “ambebi-ge-მ” გამოაქვეყნა სტატია “ქართული "2030"-ის რუსული ანალოგი "Стратегия 2030" - რა მსგავსებაა ივანიშვილისა და მედვედევის ეკონომიკურ პროექტებს შორის”. სტატიაში აღნიშნულია, რომ რუსეთის ფედერაციის პრემიერმინისტრის დმიტრი მედვედევის დავალებით, რუსეთის განვითარების “სტრატეგია 2030” შეიქმნა, რუსული ტელევიზიის ეთერში კი ამავე სახელწოდების გადაცემაც გადის, რაც სტატიის მიხედვით ქართულ საზოგადოებას GDS-ის გადაცემა 2030-ს ახსენებს.

“სამუშაო ჯგუფს კვარტალში ერთხელ რუსეთის ფედერაციის ბიუჯეტის ეფექტური შესრულების ანალიზი დაევალა. ამავე პროექტის ფარგლებში სატელევიზიო გადაცემაც იქმნება, რომელიც ეკონომიკურ ტელეარხ РБК-ზე გადის. გადაცემის სახელწოდებაა "სტრატეგია 2030"; ფორმატი ქართულ საზოგადოებას ორგანიზაცია "მოქალაქეს" პროექტ "2030"-ს ახსენებს, რომელიც ასევე აერთიანებს ანალიტიკურ ჯგუფს, რომელიც 2030 წლისთვის ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის მუშაობს და ასევე ახორციელებს სატელევიზიო პროექტს „2030“ -ვკითხულობთ ambebi.ge-ს მასალაში. მასალას თან ერთვის ვიდეო, რომელიც თავად “რბკ-მ” სპეცრეპორტაჟის რუბრიკით გაუშვა ეთერში, ambebi.ge-მ კი, გადაცემა „სტრატეგია 2030-ად“ მოიხსენია.

რუსულ არხზე არ გადის გადაცემა “სტრატეგია 2030-ის” სახელწოდებით, მეტიც, მსგავსი გადაცემის მომზადების შესახებ რუსული ტელევიზია არც კი იტყობინება. შესაბამისად, გაუგებარია, თუ რატომ გაავრცელა ქართულმა ინტერნეტპორტალმა გადაუმოწმებელი და მცდარი ინფორმაცია, რომელიც ადვილად დააჯერებს მკითხველს, რომ ტელეკომპანია GDS-ზე ყოველდღიური გადაცემა “2030” რუსული “რბკ-ს” გადაცემის ანალოგია.

რედაქცია წერს, რომ რუსეთის ფედერაციაში განვითარების “სტრატეგია 2030-ის” შექმნას წინ უსწრებს საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის არასამთავრობო ორგანიზაცია “მოქალაქის” მიერ ანალოგიური დასახელების პროექტის დაწყება:

“რაც შეეხება დროში თანხვედრას, მედვედევის ინიცირებულ "სტრატეგია 2030-ს” წინ უძღოდა "2020 - გრძელვადიანი განვითარების კონცეფცია", რომელიც 2008 წლის ნოემბერში გამოაცხადეს, ბიძინა ივანიშვილის ორგანიზაცია "მოქალაქის " პროექტი "2030"-ის შესახებ კი მიმდინარე წლის მაისში გაცხადდა, რასაც მალევე მოჰყვა ანალიტიკური ჯგუფის, "2030"-ის ორი სატელევიზიო პროექტი ტელეარხ GDS-ზე. რაც შეეხება მის რუსულ ანალოგს, რუსული "სტრატეგია 2030"-ის პრეზენტაცია მიმდინარე წლის 20 ივლისს შედგა”, - წერია სტატიაში.

ზემოხსენებულ სტატიაში ქართული 2030-ისა და რუსული "სტრატეგია 2030" ის შინაარსობრივი მხარე განხილული არაა, შესაბამისად, გაუგებარია, რის საფუძვეზე მიიჩნევა ქართული 2030 რუსულის ანალოგად.

გრძელვადიანი განვითარების კონცეფციების შექმნა სხვა სახელმწიფოებშიც მიღებული პრაქტიკაა: ასე, მაგალითად, საფრანგეთის მთავრობა აქტიურად მუშაობს მომდევნო ათწლეულების ეკონომიკის, გარემოს დაცვითი საკითხების განვითარების კუთხით - შესაბამისი სტრატეგია 2015 წლის ოქტომბერში გამოქვეყნდა, ასეთივე ვითარებაა გერმანიაში, თურქეთში, საქართველოს მეზობელ თუ არამეზობელ სხვა პარტნიორ ქვეყნებშიც.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი მუხლის თანახმად, ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ