17.11.2015
„პარიზისა და ფრანგული ქალაქების შემოგარენში ახალგაზრდა მუსლიმი ახალგაზრდები პარალელურ სამყაროში ცხოვრობენ და როგორც ალჟირელი მწერალი ბუალემ სენსალი წერს, იქ წვერიანები მართავენ ყველაფერს და ფრანგული და დასავლური ცხოვრების სტილის უარყოფა ტოტალურია. საქართველოშიც არის რეგიონები, სადაც ახალგაზრდები იგივეს გრძნობენ და წვერიანებს ისინი სირიაში საომრად მიყავთ“, - ასეთი ტექსტით წარადგინა წამყვანმა დავით კიკალიშვილმა სიუჟეტი. მასალაში საუბარია 10 წლის წინ გურიიდან წალკის რაიონში ჩასახლებულ მუსლიმ ეკომიგრანტებზე, რომელთაგან, სავარაუდოდ, რამდენიმე პირი ისლამური სახელმწიფოს რიგებში იბრძვის. მასალაში დეტალურადაა მიმოხილული საფრთხეები, რომელსაც შესაძლოა საქართველო, ისლამური სახელმწიფოსგან ელოდოს.
სიუჟეტის შემდეგ, ჩართვაში ავტორმა ისლამურ სახელმწიფოზე საუბრისას აღნიშნა, რომ გავრცელდა "ჰეზბოლას" საველე მეთაურის საიდ ალ ბაჰაადის ფოტო, რომელიც თბილისშია გადაღებული: "13 ნოემბერს მომხდარი ტერორისტული აქტების შემდეგ, სოციალურ ქსელებში ჰეზბოლას ერთ-ერთი საველე მეთაურის, საიდ ალ ბაჰაადის ფოტოები გავცრელდა, რამდენიმე მათგანზე ის თბილისში, მარჯანიშვილის მოედანზე "მაკდონალდსის" ფონზე პოზირებს. როდისაა ეს ფოტო გადაღებული და რამდენად არის მასზე გამოსახული პიროვნება ნამდვილად საველე მეთაური, ამ საკითხით ალბათ ქართული უსაფრთხოების სამსახურები დაინტერესდებიან" - ამბობს ჟურნალისტი.
საძიებო სისტემა Google-ში, ფოტოს ძიებისას მარტივად დგინდება, რომ ამ ფოტოს შესახებ რამდენიმე უცხოური ფორუმი და საიტი 13 ნოემბრის ტრაგედიამდე ორი თვით ადრე, სექტემბრის თვეში წერდა. ერთ-ერთ ასეთ უცხოურ გასართობ საიტზე გამოქვეყნებულ მასალაში, გამოყენებულია ზუსტად ის ფოტოები, რომლებიც ქართული მედიის ნაწილმა საქართველოში გადაღებულად მონათლა, უცხოურ საიტზე კი, აღნიშნულია, რომ ფოტო გერმანიაშია გადაღებული. საიდ ალ ბაჰაადის შესახებ ინფორმაცია და ფოტოები რამდენიმე კვირის წინ ქართულმა სააგენტოებმაც გაავრცელეს, თუმცა, მაშინ სურათზე გამოსახული პირი არა "ჰეზბოლას"მეთაურად, არამედ "სირიალ ლტოლვილად" მოიხსენიეს. იმ ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციის გათვალისწინებით, რაც ფოტოს შესახებ ქართულ და უცხოურ ვებსაიტებზე იძებნება, ეჭვს იწვევს მისი ავთენტურობა და ინფორმაციის წყაროების სანდოობა.
ჰეზბოლას შემდეგ, "P.S.-ის" ჟურნალისტი კვლავ ისლამური სახელმწიფოს თემას დაუბრუნდა და გაზეთ "რეზონანსში" რამდენიმე ექსპერტის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე დაყრდნობით აღნიშნა: „ექსპერტების ინფორმაციით ისლამურმა ხალიფატმა კავკასიაში კიდევ ერთი ვილაიეთი გურჯისტანი დაარსა, რომელიც ქვეყნის ძირითად ტერიტორიას მოიცავს. გაზეთის ინფორმაციით, მალე ისლამურ სახელმწიფოშიც წასული ჯიჰადისტების მონაწილეობით ვიდეომიმართვაც გამოქვეყნდება და ვილაიეთის ხელმძღვანელის მიმართვაც გახდება ცნობილი“.
საბოლოოდ, გაუგებარი დარჩა, ისლამური სახელმწიფოდან მომდინარე საფრთხეებზე საუბრისას,"P.S.-ის" ჟურნალისტებმა რატომ ახსენეს ჰეზბოლა და რა კავშირი ჰქონდა მას თემასთან.
უნდა აღინიშნოს, რომ ისლამური სახელმწიფო და ჰეზბოლა ერთმანეთისგან განსხვავებული ორგანიზაციებია. ისლამური სახელმწიფო რადიკალური სამხედრო დაჯგუფებაა, რომელიც თავს ისლამურ ხალიფატს უწოდებს და რომელიც ძირითადად ერაყელი და სირიელი სუნიტების მიერ იმართება. ისლამური სახელმწიფო ექსტრემიზმს და რელიგიურ ნიადაგზე ძალადობას ქადაგებს. რაც შეეხება ჰეზბოლას, ის შიიტი მუსლიმების სამხედრო დაჯგუფება და პოლიტიკური პარტიაა, რომელიც ლიბანში 1980 წელს შეიქმნა, ისრაელის ლიბანში შეჭრის საპასუხოდ. ჰეზბოლა მიჩნეულია ტერორისტულ ორგანიზაციად ისრაელის, კანადის და აშშ-ს მიერ. ჰეზბოლას მხოლოდ სამხედრო ფრთაა მიჩნეული ტერორისტულ დაჯგუფებად დიდ ბრიტანეთში, ავსტრალიასა და ეგვიპტეში. სხვათა შორის, ჰეზბოლამ 2001 წლის 11 სექტემბერს ალ ქაიდა დაგმო მსოფლიო სავაჭრო ცენტრში უდანაშაულო მოქალაქეებზე თავდასხმის გამო.
რამდენიმე დღის წინ კი, ჰეზბოლას ლიდერი პარიზის ტრაგედიასაც გამოეხმაურა და ისლამური სახელმწიფოს ქმედებებს ბარბაროსობა უწოდა. დღესდღეობით, ჰეზბოლა და ისლამური სახელმწიფო დაპირისპირებული მხარეები არიან.