17.11.2015
მხატვარ ლია უკლებას მიერ შესრულებულ ნახატზე, რომელიც ოქტომბრის ბოლოს ილიას უნივერსიტეტში გამოიფინა, გამოსახულია ორსული ღვთისმშობელი, რომელსაც მარცხენა ხელი მუცელზე უდევს, ხოლო მარჯვენით პისტოლეტი საფეთქელთან აქვს მიბჯენილი. „კვირის ქრონიკის“ ინფორმაციით, ავტორმა ნახატი 17 მაისის მოვლენებს მიუძღვნა.
„ასავალ-დასავალი“, „კვირის ქრონიკა“ და „ალია“ ლია უკლებას ნახატს დასავლურ ღირებულებებთან აკავშირებენ და პარალელს ფრანგული კარიკატურების გაზეთთან, „შარლი ებდოსთან“ ავლებენ. ამ ხერხით, ეს გაზეთები მიანიშნებენ რელიგიური ექსტრემისტების შესაძლო ძალადობრივ ქმედებებზე.
„ილიას უნივერსიტეტში ტვინნაკლულმა ლია უკლებამ „თვითმკვლელი ღვთისმშობელი“ გამოფინა!“ - ამ სათაურით გამოაქვეყნა „ასავალ-დასავალმა“ პირველი სტატია ნახატის შესახებ. მხატვრის მიმართ შეურაცხმყოფელი ეპითეტები ამ და შემდგომ სტატიებშიც მრავლად არის. „ლია უკლებას რომ კარგა გვარიანად აკლია, ამას წყალი არ გაუვა!
სტატიაში ქსენოფობიური და ჰომოფობიური ეპითეტებით არიან მოხსენიებული „თავისუფლების ინსტიტუტის“ ყოფილი დირექტორი, ლევან რამიშვილი, „იდენტობის“ ლიდერი ირაკლი ვაჭარაძე და ილიას უნივერსიტეტის რექტორი გიგა ზედანია. ყოფილი რექტორის შესახებ კი უფრო მეტი შეურაცხმყოფელი ეპითეტია გამოყენებული: „დავიწყოთ იმით, რომ იმ უნივერსიტეტს, სადაც სულწაწყმედილი, ავადსახსენებელი, ღვთისმგმობელი და ეროვნულობისგან დაცლილ-დაშრეტილი გიგი თევზაძე მთელ თავის სექტასთან ერთად წლების განმავლობაში დაშლიგინებდა და ილია ჭავჭავაძის იდეურ მკვლელებს „ოსანას“ უგალობდა, საქართველოს უგვირგვინო მეფისა და წმინდანად შერაცხული უდიდესი ერისკაცის სახელი არ უნდა ერქვას!“
შემდეგ ნომერში „ასავალ-დასავალმა“ თემა კიდევ უფრო განავრცო და ლია უკლებას ნახატის გამოფენა დაუკავშირა კიდევ რამდენიმე ადამიანს, რომლებსაც ეს გაზეთი პერიოდულად თავს ესხმის. ამ სტატიაშიც მრავლად არის ჰომოფობიური ეპითეტები, მათ შორის სათაურშიც: „თვითმკვლელი ღვთისმშობლის გამოფენის ორგანიზატორი მამუკა ხაზარაძის „საბარასტი“, პატრიარქის მაგინებელი გიორგი მაისურაძეა!“ სტატიის ავტორი სიძულვილის ენით განიხილავს პრემია „საბას“ ლაურეატის, ფილოსოფოს გიორგი მაისურაძის ერთ-ერთ წიგნში გამოქვეყნებულ მოსაზრებებს. სტატიის ფინალში სიძულვილის ენა და აგრესიული მოწოდებები კიდევ უფრო მძაფრია: „აი, ბატონო, ეს არის მამუკა ხაზარაძის ანტიქართული, ანტიქრისტიანული, ლიბერასტული ესთეტიზმის ერთგული მეხოტბე - გიორგი მაისურაძე! აი, ამისთვის ჩაუკუჭა ხაზარაძემ პრემია ამ შლეგ ლიბერასტს!“
გაზეთი „კვირის ქრონიკა“ ლია უკლებას ნახატს კარიკატურას უწოდებს და ამ ხერხით ისიც პირდაპირ პარალელს ავლებს „შარლი ებდოსთან“. ამ თემაზე „კვირის ქრონიკაში“ გამოქვეყნებული პირველი სტატიის სათაურია: „რით დაისჯება სკანდალური კარიკატურის ავტორი?“ ჟურნალისტი გვთავაზობს ილიას უნივერსიტეტის პროფესორის გიორგი მაისურაძის მოკლე კომენტარს, რომელიც აცხადებს, რომ მედია ხელს უწყობს რელიგიური შუღლის გაღვივების მსურველებს, რადგან დიდ ადგილს უთმობს იმ „ადამიანებს, რომლებიც თავის თავს მორწმუნეებს უწოდებენ და საბაბს ეძებენ იმისთვის, რომ ახალი რელიგიური ექსტრემიზმისა და ძალადობის პროვოცირება მოაწყონ“.
სტატიის ავტორი აღვივებს ანტიდასავლურ განწყობებს, როდესაც დასავლეთის ღირებულებების მხარდამჭერ არასამთავრობო ორგანიზაციებს აკრიტიკებს და პარალელს ავლებს გასულ წელს ქობულეთში მომხდარ ძალადობასთან, როდესაც მუსლიმთა მედრესეს კარზე ღორის თავი მიაჭედეს. „ახლო წარსულში, ქობულეთში, მუსლიმურ მედრესეს რომ ღორის თავი მიაჭედეს, მაშინ ყველას გვახსოვს, როგორ რეაგირებდა პროდასავლური სამოქალაქო სექტორი, ყველა „ფეხზე დადგა“. რით განსხვავდება ამ ნახატის უმაღლეს სასწავლებელში გამოფენა იმ ამბისგან და სად არიან დღეს მაშინ აღშფოთებული ორგანიზაციები?“ - კითხულობს ჟურნალისტი. რესპონდენტი კი პასუხობს: „მათ ნიღაბს ყავლი გაუვიდა. უფლებათა დაცვას რომ ახსენებენ, აფერისტობასთან ასოციაცია მიჩნდება“.
„კვირის ქრონიკის“ შემდეგ ლია უკლებას ნახატის თემა გრძელდება იმავე მედიაჰოლდინგის გაზეთში - „ალია“ , სადაც გამოქვეყნებულია ერთგვერდიანი ინტერვიუ ჯვართამაღლების ტაძრის მოძღვართან, დეკანოზ თეოდორე გიგნაძესთან, სათაურით: „ეკლესიის მოძღვარი ილიაუნის დირექციის წინააღმდეგ“. ინტერვიუს შესავალში მცირე ადგილი ეთმობა ილიას უნივერსიტეტის განმარტებას ნახატის გამოფენის თაობაზე, ხოლო პუბლიკაციის უმეტესი ნაწილი, გაზეთის თითქმის ერთი გვერდი, სასულიერო პირის მოსაზრებებია. „როდესაც ეს განათლებული, ინტელექტუალი ხალხი (უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას ვგულისხმობ) საჯაროდ აწყობენ ამ გამოფენას, ისინი სერიოზული დამნაშავეები არიან ერის წინაშე!“ - აცხადებს დეკანოზი თოდორე გიგნაძე. ინტერვიუში ვრცლად არის განხილული „შარლი ებდოს“ მიერ „ისლამური და ქრისტიანული სიწმინდების შეურაცხყოფის“ ისტორია და ხდება მინიშნება, რომ შესაძლოა, ასეთი ძალადობა უკლებას ნახატის გამოფენასაც მოჰყვეს.
„ალიას“ ინტერვიუში გამოკვეთილია ანტიდასავლური განწყობები. „შენ რომ მოდიხარ, ჩემს ადამიანურ ღირსებას ლახავ და ფოჩიან კანფეტად მაწვდი ჩემი სამშობლოს ვითომ თავისუფლებას, ქართველი კაცის შინაგანი ბუნება ამას უარყოფს. ამიტომ დღეს თუ ვექტორი ჩრდილოეთისკენ არის წანაცვლებული, ეს მხოლოდ და მხოლოდ დასავლეთის ე. წ. მომხრეების ბრალია და თვითონ ახდენენე დასავლეთის დისკრედიტაციას, თითქოს ევროპა არის ჰომოსექსუალიზმი, სიწმინდეების შეურაცხყოფა და სხვა არაფერი“, - ამბობს რესპონდენტი.
„ასავალ-დასავალის“, „კვირის ქრონიკისა“ და „ალიას“ ჟურნალისტების შეფასებებში ნათლად ჩანს ტენდენციური დამოკიდებულება და აგრესია მხატვარ ლია უკლებასა და ილიას უნივერსიტეტის რექტორატის, პროფესორ-მასწავლებლების მიმართ. პუბლიკაციებში ძალიან მცირე ადგილი ეთმობა მხატვრისა და რექტორატის პოზიციებს.
ფოტო: ნეტგაზეთი.