რუსეთი თუ თურქეთი - მცდარი დილემა „მაესტროს ფაქტორში“
30.11.2015
„ვისი მხარე უნდა დაიჭიროს საქართველომ რუსეთ-თურქეთის დაპირისპირებაში, რუსეთის, თურქეთის თუ ნეიტრალური?“ ასე ჟღერდა 26 ნოემბერს „მაესტროს ფაქტორის“ ინტერაქტივის შეკითხვა და მთელი გადაცემაც სწორედ ამ „დილემის“ მიმოხილვას მიეძღვნა. თურქოფობიის ტირაჟირება, ისტორიული მოვლენების ცალმხრივი შეფასებები, კონტექსტიდან ამოგლეჯილი პარალელები - ეს იყო ის ძირითადი პრობლემები, რაც 26 ნოემბრის „მაესტროს ფაქტორში“ გამოიკვეთა.

გადაცემას ვიზუალური გაფორმებაც საინტერესო ჰქონდა. შესავალ ნაწილში ფილმებიდან ამონარიდები გვიჩვენეს, ერთ -ერთ ასეთ ნაწყვეტში ბრძოლის კადრებია ნაჩვენები („თურქული გამბიტი“), ხოლო მეორეში ფილმის („არ დაიდარდო“) გმირი ქუთაისისა და თბილისისკენ მიმავალ გზას ეძებს. მას შემხვედრები ეუბნებიან, რომ იმ მიმართულებით, საითაც ის მიდის, სტამბულია, ფილმის გმირი ამბობს: სტამბული არ მინდა, ჩვენ იქ უკვე ვიყავით, იქ თურქები არიან” . გაუგებარია, რა კავშირია თემასა და ამ ფილმიდან ნაწყვეტებს შორის, რა მიზნით აჩვენეს გადაცემის ავტორებმა ეს ამონარიდები, რა საინფორმაციო ღირებულება ჰქონდა მათ ჩვენებას, ან რისი თქმა სურდათ ამით.

რუსეთი თუ თურქეთი?

დავიწყოთ ინტერაქტივის შეკითხვით - რომელი მხარე უნდა აირჩიოს საქართველომ რუსეთ-თურქეთის დაპირისპირებაში? გაუგებარია, რის საფუძველზე მიიჩნიეს გადაცემის ავტორებმა, რომ საქართველო, დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით, ამგვარი დილემის წინაშე დგას, ან შეიძლება დადგეს. ამ საკითხზე მსჯელობა გადაცემის განმავლობაში მაყურებელს არ მოუსმენია. საკითხის ამგვარად დაყენებით, რჩება შთაბეჭდილება, რომ მაუწყებელი მაყურებელს არარეალისტურ, მცდარ დილემას უყენებს.

მეორე მხრივ, ნებისმიერი ტელეკომპანიის ეთერში ინტერაქტივის ფორმით კითხვის დასმა ქვეყნის მოსახლეობის მოსაზრებების რეპრეზენტატული არ არის, რაც მაყურებელთა დიდი ნაწილისთვის შესაძლოა უცნობი იყოს. ინტერაქტივის გამოკითხვა მანიპულაციის საშუალებად რომ არ იქცეს და მაყურებელი შეცდომაში არ შევიდეს, მნიშვნელოვანია მისი გამოყენების წესების დაცვა. მაუწყებელთა ქცევის კოდექსში ინტერაქტივის შესახებ ვკითხულობთ: „ინტერაქტიული გამოკითხვის შედეგის გაშუქებისას მკაფიოდ უნდა იყოს მითითებული, რომ ის არ არის წარმომადგენლობითი, სანდო და ზუსტი, ვინაიდან ასახავს მხოლოდ თვითშერჩეულ ადამიანთა მოსაზრებებს“. როგორც წესი, ქცევის კოდექსის ამ დათქმას, ტელევიზიები იშვიათად ასრულებენ ხოლმე, გამონაკლისი არც „მაესტროს ფაქტორი“ ყოფილა.

„თურქეთმა რუსული თვითმფრინავი საზღვრის უმნიშვნელო დარღვევისთვის ჩამოაგდო “

გარდა ინტერაქტივის შეკითხვისა, კითხვებს აჩენს ჟურნალისტის შესავალი ტექსტიც:

“2012 წელს სირიაში თურქეთის სამხედრო თვითმფრინავმა დაარღვია სირიის საჰაერო სივრცე და ის ჩამოაგდეს სირიის სამხედრო ძალებმა. ამ ინციდენტს თურქეთის მაშინდელი პრემიერი, ერდოღანი შემდეგი განცხადებით გამოეხმაურა:“საზღვრის უმნიშვნელო დარღვევა არ შეიძლება გახდეს თვითმფრინავის ჩამოგდების საბაბი”.მაშინ ეს ქმედება შეფასდა როგორც ტერორისტული აქტი. 3 წლის შემდეგ კი, უკვე თურქეთმა საზღვრის უმნიშვნელო დარღვევისთვის ჩამოაგდო რუსული სამხედრო თვითმფრინავი და ეს შეფასდა, როგორც თურქეთის უფლება დაიცვას თავისი საჰაერო სივრცე”, - აღნიშნა წამყვანმა გადაცემის შესავალში, მაყურებლისთვის გუგებარი დარჩა რას ნიშნავს, წამყვანის ფაქტად მოწოდებული შეფასება, რომ საზღვრი „უმნიშვნელოდ დაირღვა“, გაუგებარია რა ოფიციალურ ინფორმაციას ეყრდნობა ის ამ შეფასების დროს ან საერთოდ, როდის, რა გარემოებაში მიიჩნევა საზღვარი „უმნიშვნელოდ“, ან „მნიშვნელოვნად“ დარღვეულად.

მაუწყებელთა ქცევის კოდექსში, 16-ე მუხლში ვკითხულობთ: „მაუწყებელი ვალდებულია ერთმანეთისაგან მკაფიოდ გამიჯნოს ფაქტი და კომენტარი. თავიდან უნდა იყოს აცილებული მოსაზრებათა ცალმხრივი ინტერპრეტაცია“.

„საავტორო პროგრამის წამყვანმა არ უნდა გამოიყენოს საკუთარი მდგომარება საკუთარი მოსაზრების იმ ფორმით გავრცელებისათვის, რომელმაც შეიძლება ხელყოს პროგრამის მიუკერძოებლობა“. (მუხლი 17.2)

„დავა აია სოფიასთან დაკავშირებით“

მნიშვნელოვანია წამყვანის შეფასება თურქეთსა და რუსეთს შორის ბოლო პერიოდში წარმოშობილი კონფლიქტის შედეგებზე საუბრის დროსაც. წამყვანი მიიჩნევს, რომ თურქეთსა და რუსეთს შორის დაპირისპირებისას ოფიციალური რუსეთის მხრიდან სხვადასხვა სახის ბოიკოტის ფონზე, „ყველაზე საინტერესო პრობლემა“ ერთერთი რუსი დეპუტატის, გავრილოვის განცხადებაა, რომელიც, როგორც „ფაქტორიდან“ გავიგეთ, აია სოფიას მართლმადიდებლურ სამყაროში დაბრუნების ითხოვს. გაუგებარია, რატომ მიიჩნევს წამყვანი ერთ-ერთი რუსი დეპუტატის მოთხოვნას „ყველაზე საინტერესო პრობლემად“, მაშინ როცა ეს საკითხი ოფიციალურად, სახელმწიფო დონეზე დღის წესრიგში არ დამდგარა.

აქვე, წამყვანი გამოთქვამს ვარაუდს, რომ „ბიზანტიის ოქროს ხანის სიმბოლოს აია სოფიას მართლმადიდებლობის წიაღში დაბრუნებას ყველაზე მეტად ბერძნები გულშემატკივრობენ“. „ფაქტორიდან“ ვიგებთ, რომ „ნატოს წევრობა საბერძნეთს არ აფერხებს“ , მისმა საგარეო საქმეთა მინისტრმა რუს კოლეგას მხარდაჭერა გამოუცხადა: „ბერძნებმა საინტერესო სტატისტიკაც მოიყვანეს, მათი მტკიცებით, თურქეთმა ბოლო 10 თვის განმავლობაში საბერძნეთის საჰაერო საზღვარი 1233-ჯერ დაარღვია, ყველა ფაქტზე რეაგირება რომ მოგვეხდინა, ჩვენი მეზობელი თვითმფრინავის გარეშე დარჩებოდაო, ირონიულად აღნიშნავენ საბერძნეთის გენშტაბში” -აღნიშნა წამყვანმა.

საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ზარის შესახებ ინფორმაცია რუსულმა რადიოსადგურმა საკუთარ ვებგვერდზე sputniknews.com-ზე გამოაქვეყნა. რაც შეეხება თურქეთის მიერ საბერძნეთის საზღვრის დარღვევის სტატისტიკას, ამ საკითხზე მასალა ასევე რუსულ მედიასაშუალებაში Russia Today-ს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. სტატია ეყრდნობა თესალის უნივერსიტეტის სტატისტიკას, რომელიც, თავის მხრივ, ბერძნული არმიის მიერ მიწოდებული მონაცემებითაა მომზადებული.

„ფაქტორის“ მაყურებლისთვის იქმნება ასეთი შთაბეჭდილება - ევროკავშირის და ნატოს წევრი საბერძნეთი უპირისპირდება ნატოს წევრ თურქეთს და მხარს უჭერს რუსეთს. “მაესტროს ფაქტორში“ საბერძნეთთან დაკავშირებულ პასაჟზე სხვა არაფერი თქმულა, გადაცემაში არ ყოფილა აღნიშნული თურქეთ-საბერძნეთის ურთიერთობის საერთო კონტექსტი, მაგ: უთანხმოება კვიპროსის გამო. ამ კონტექსტის ხსენების გარეშე, მაყურებელს შესაძლოა მცდარი შთაბეჭდილება შეექმნას საბერძნეთის პოზიციასთან დაკავშირებით.

ისტორიული კონტექსტი ცალმხრივად

გადაცემაში ცალმხრივად იყო წარმოჩენილი ისტორიული ფაქტების შეფასებაც. მაგალითად, წამყვანმა თქვა: “ისტორიკოსები ამბობენ, რომ რუსეთ-თურქეთის ომი ტერიტორიული თვალსაზრისით საქართველოსთვის ყოველთვის მომგებიანი იყო”. ამ სიტყვების დასტურად კი ისტორიკოს სიმონ მასხარაშვილის მოსაზრება მოვისმინეთ. თუმცა, შესაძლოა არსებობდეს სხვა მოსაზრებებიც იგივე საკითხთან დაკავშირებით. თუკი წამყვანს მართლაც სურდა გაერკვია, რამდენად მომგებიანი იყო, ან საერთოდ იყო თუ არა მომგებიანი, ისტორიულად რუსეთ-საქართველოს ომი, უფრო მრავალფეროვანი მოსაზრებები უნდა შეეთავაზებინა მაყურებლისთვის.

„პოლიტიკური მოვლენების თავისუფალი და მიუკერძოებელი გაშუქების უზრუნველსაყოფად, მაუწყებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ მიუკერძოებლობა არ გულისხმობს თითოეული შეხედულებისთვის თანაბარი დროის დათმობას, არამედ მაუწყებელმა უნდა უზრუნველყოს ყველა მნიშვნელოვანი მოსაზრების სათანადო წარმოჩენა”, მაუწყებელთა ქცევის კოდექსი, მუხლი 18.

თურქოფობიის ტირაჟირება

პოლიტოლოგმა სოსო ცისკარიშვილმა კომენტარში თურქები პირდაპირ დაადანაშაულა საქართველოს მიმართ ექსპანსიურ პოლიტიკაში და ამის დასტურად მოიყვანა ფაქტი, რომელსაც გადამოწმება სჭირდება, თუმცა გადაცემაში რესპონდენტის მიერ გაჟღერებული მოსაზრების ტირაჟირება პირდაპირ მოხდა და გადამოწმების მცდელობა არ ჩანდა.

“თურქების მე-10, მე-11 კლასის გეოგრაფიის სახელმძღანელოებში, რომელიც მე თვითონ მაქვს ნანახი, ბათუმის ოლქი მოხაზულია თურქეთის შემადგენლობაში და წერია ბათუმის ვილაიეთი, დროებით ოკუპირებული ბათუმის ვილაიეთი. ამიტომ თურქეთში არის ძლიერი მიმდინარეობა, რომელიც ბათუმს განიხილავს თურქულ ტერიტორიად. ამიტომ თუ რუსეთი ხელს დაიბანს, შეიძლება არასასრუველი შედეგებიც კი მივიღოთ”, - ამბობს ცისკარიშვილი.

მაგდა ანიკაშვილმა პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენელს დავით თარხან-მოურავსაც მისცა ტრიბუნა თურქოფობიის ტირაჟირებისთვის: “თურქეთი ამ ტერიტორიების გაკონტროლებას ცდილობს მხოლოდ იმიტომ, რომ აღადგინოს ოსმალეთის იმპერიის გავლენის სფერო, რომელშიც საქართველოც შეყვანილი აქვს და ღიად არაერთხელ, ეხლანდელ პრემიერს დავუთოღლუს უთქვამს, რომ ბათუმი, ოზურგეთი, ახალციხე ეს არის თურქეთის შემადგენელი ნაწილი, არაერთხელ უთქვამს, რომ ოსმალეთის იმპერია უნდა აღდგენს, ასევე სარაევო დამასკო უნდა დაბრუნდეს ოსმალეთის იმპერიაში, თან ამბობდა, რომ საზღვრებს პატივს სცემს, ეს სრულიად გაუგებარი სიტყვათწყობაა”, - თქვა დავით თარხან-მოურავმა.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აჰმეთ დავუთოღლუმ 2015 წლის მარტში ახლო აღმოსავლეთის პრობლემის მოგვარების მისეულ ხედვაზე ისაუბრა. მან ასეთი განცხადება გააკეთა:

„გასულმა წელმა უამრავი სირთულე მოგვიტანა. ჩვენ გვინდა დავასრულოთ ეს სირთულეები. ჩვენ ომისა და ვინმესთვის მტრის დაძახების, ან ვინმეს საზღვრის ხელყოფის გარეშე, ჩვენ კვლავ დავაკავშირებთ სარაევოს დამასკოს, ბენღაზს ერზერუმსა და ბათუმს. ეს იქნება ჩვენი ძლიერების საფუძველი. შეიძლება თქვენ სხვადასხვა ქვეყნებს მიაკუთვნებთ, მაგრამ იემენი და სკოპიე ერთი ქვეყნის ნაწილი იყო 110 წლის განმავლობაში, ასევე ერზერუმი და ბენღაზი. როცა ჩვენ ამას ვამბობთ, ჩვენი ოპონენტები ამას „ახალ ოტომანიზმს“ უწოდებენ. თუმცა ისინი, ვინც ევროპა გააერთიანა, არ გამხდარან ახალი რომაელები, მაგრამ მათ, ვისაც უნდა ახლო აღმოსავლეთი გეოგრაფიულად გააერთიანოს, „ახალ ოტომანისტებად“ იწოდებიან. დიდი პატივია, რომ გვახსენებთ ოტომანების, სელჩუკების სახელს, მაგრამ ჩვენ აღარასდროს დავადგამთ თვალს სხვის ქვეყანას, მისი წარსულის მიუხედავად“.

წამყვანს თარხან-მოურავის მიერ გაჟღერებულ თურქოფობიაზე რეაგირება არ ჰქონია. ამის ნაცვლად, მან რესპონდენტს ასეთი შეკითხვა დაუსვა: “არის თუ არა თურქეთი ჩვენი კეთილმეზობელი ქვეყანა, პარტნიორი და მოკავშირე?”

საგულისხმო იყო მაგდა ანიკაშვილის პირველი შეკითხვაც, რომელიც დავით თარხან-მოურავს დაუსვა: “თქვენ არაერთხელ გისაუბრიათ იმ რისკებზე, რაც მომდინარეობს თურქეთიდან, მათ შორის ამ სახელმწიფოს ექსპანსიური განწყობებიდან გამომდინარე საქართველოს მიმართ. ამ ფონზე რა პოზიცია უნდა დაიკავოს საქართველომ რუსეთ-თურქეთთან დაკავშირებით?” გაუგებარია, რა რისკები მომდინარეობს თურქეთიდან და რას ნიშნავს „თურქეთის ექსპანსიური განწყობები?“ რესპონდენტის პასუხიც სწორედ ამ ხაზის გაგრძელება იყო და არაერთხელ აღინიშნა მისი მხრიდანაც, რომ თურქეთს საქართველოსთან მიმართებით ექსპანიური განწყობები აქვს. სამწუხაროდ, წამყვანი არ შეწინააღმდეგებია რესპონდენტის მსჯელობას, არ უკითხავს მისთვის, კონკრეტულად რაში გამოიხატება ამ სახელმწიფოს მიერ საქართველოს ექსპანსიის სურვილი, მით უფრო, იმ ფონზე, როცა თურქეთთან საქართველოს საზვღარი დადგენილია და ეს საკითხი საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე სადავო არასდროს გამხდარა.

რაც შეეხება კიდევ ერთ სტუმარს, ჯონდი ბაღათურიას, ის მართლმადიდებლობას აიგივებს ქართველობასთან და რელიგიას მიიჩნევს იმ მთავარ მიზეზად, რის გამოც, ქართველებმა “პატარა წყენა” უნდა დაივიწყონ და ოკუპაცია უნდა აპატიონ რუსეთს, თურქეთზე საუბრისას, ეს რესპონდენტიც არაერთხელ უსვამს ხაზს „თურქეთის ექსპანსიურ მიდრეკილებებს“.

აქ ავიწყდება წამყვანს შეახსენოს რესპონდენტს მის მიერვე გადაცემის ამ ნაწილის დასაწყისში ნათქვამი სიტყვები, რომ თურქეთის ნატოში გაწევრიანების შემდეგ საქართველოს მაშინდელმა საბჭოთა მთავრობამ ოფიციალურად თქვა უარი რაიმე ტიპის ტერიტორიულ პრეტენზიაზე თურქეთის მიმართ და მას შემდეგ ისტორიული მიწების დაბრუნების საკითხი ოფიციალურ დონეზე არ დამდგარა. დღევანდელი მდგომარეობით კი საქართველოს 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ და უამრავი დევნილი საკუთარი სახლისგან მოშორებით ცხოვრობს. თურქეთი კი სტრატეგიულ პარტნიორად განიხილება.

“მე მინდა შეგახენოთ ერდოღანის განცხადება, რომ როცა ვხედავ მინარეთებს, რომელიც მეზობელ სახელმწიფოებში შენდება, ისინი მაგონებენ რაკეტებს დამიზნებულს ჩვენი მტრებისათვის და როდესაც ვხედავთ მრევლს იქ მყოფს, ისინი მაგონებენ, იანჩარებს, ისლამის მებრძოლებს”, - თქვა ჯონდი ბაღათურიამ.

სინამდვილეში ერდოღანმა ეს ფრაზა ერთერთი ლექსიდან1998 წელს წარმოთქვა განსხვავებული ინტერპრეტაციით: “მეჩეთი არის ჩვენი ყაზარმები, გუმბათები ჩვენი ჩაფხუტები, მინარეთი ჩვენი ხიშტები და მრევლი ჩვენი ჯარისკაცები”.

სამწუხაროდ, რესპოდენტთა ნაწილის სტერეოტიპული შეხედულებები თურქების მისამართით, უპასუხოდ დარჩა. კონტრშეკითხვები და კონტრარგუმენტები წამყვანს არ წარმოუდგენია.

„პირდაპირ ეთერში მოწვეული სტუმრის მიერ გაკეთებულ დისკრიმინაციულ განცხადებებს ჟურნალისტი პირდაპირ ეთერშივე უნდა გაემიჯნოს და დაუპირისპირდეს. თუ ჩანაწერია, მკაფიოდ უნდა ჩანდეს, რომ არატოლერანტული გამონათქვამები არ არის ჟურნალისტის პოზიცია. საჯარო პირს დისკრიმინაციული გამონათქვამი უნდა დაუტოვოს ჟურნალისტმა, კერძო პირს კი, შეიძლება, ამოუჭრას – თუ მიზანი არატოლერანტული გარემოს ჩვენება არ არის“, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრინციპები, განმარტებითი ნაწილი.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ