ისლამური სახელმწიფოს ვიდეომიმართვა - ტელემედიის მიმოხილვა
25.11.2015
23 ნოემბერს საქართველოდან „ისლამურ სახელმწიფოში“ წასული მებრძოლების ვიდეომიმართვა ტელევიზიების ნაწილმა ან საერთოდ არ გაუშვა ეთერში, ან მნიშვნელოვნად რედაქტირებული სახით აჩვენა. თუმცა, ვიდეოს გავრცელება 23-24 ნოემბრის მედიისთვის დღის მთავარი თემა გახდა. ერთადერთი მაუწყებელი, რომელმაც ეს ამბავი 23 ნოემბერს არ გააშუქა, საზოგადოებრივი მაუწყებელი იყო, მაგრამ მეორე დღეს, მაუწყებელმა თემას საკმაოდ ვრცელი მასალა მიუძღვნა. ტელევიზიებისგან განსხვავებით, რამდენიმე ინტერნეტგამოცემამ ვიდეო სრულად, რედაქტირების გარეშე გამოაქვეყნა.

„მედიაჩეკერი“ დაინტერესდა, როგორ გააშუქეს თემა მაუწყებლებმა, რაზე გააკეთეს აქცენტი და შესთავაზეს თუ არა აუდიტორიას, მრავალმხრივი შეფასებები.

“მოამბე”

ისლამური სახელმწიფოს მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ მუქარის შემცველი ვიდეოს გავრცელებას “მოამბე” მხოლოდ 24 ნოემბერს გამოეხმაურა, 23 ნოემბერს, საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ საინფორმაციო სამსახურს ამ თემისთვის დრო საეთეროდ არ დაუთმია.

მასალაში მოკლედ არის გადმოცემული ვიდეომიმართვის შინაარსი, ჟურნალისტებს არ დაუსახელებიათ ვებგვერდი, სადაც ვიდეომიმართვა გამოქვეყნდა, ასევე, არ ყოფილა ნაჩვენები თავად ვიდეომიმართვაც.

ჟურნალისტი ამბობს, რომ 12 წუთიან ვიდეომიმართვაზე, რომელსაც რუსული სუბტიტრები ახლავს, ე. წ ისლამური სახელმწიფოს რუსულენოვანი მედიაორგანიზაციის ლოგოა გამოსახული. ჩანს 4 ახალგაზრდა მამაკაცი „კალაშნიკოვის“ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებითა და „რპგ-ს“ ტიპის ყუმბარმტყორცნით, გზავნილი კი შეიცავს მუქარას, მათ შორის აჭარაში მცხოვრები მუსულმანი სასულიერო პირების მიმართ.

ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ ისლამური სახელმწიფოს სახელით გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა ჟურნალისტებისთვის ამ გამოძიების დეტალები უცნობია. ჩაწერილია იმ ახალგაზრდების ოჯახის წევრთა კომენტარები, რომლებიც მიმართვაში საუბრობენ.

მასალაში ყურადღება გამახვილებულია უსაფრთხოების ზომებზე და აღნიშნულია, რომ 13 ნოემბერს პარიზში მომხდარი ტერორისტული აქტების შემდეგ, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ყველა გამშვებ პუნქტში სავიზო კონტროლი გამკაცრდა. გამოყენებულია შსს-ს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემები, რომლის თანახმადაც, 14 ნოემბრიდან 24 ნოემბრის ჩათვლით, საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვა უცხო ქვეყნის 479 მოქალაქეს, საქართველოს სახელმწიფო სახმელეთო საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით კი საქართველოს 1 და უცხო ქვეყნის 31 მოქალაქე დააკავეს.

ჟურნალისტი ამბობს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა "ისლამური სახელმწიფოს" მხარდამჭერი რამდენიმე ქართულენოვანი ვებგვერდი დაბლოკა.

გარდა ამისა, ვიდეომიმართვასთან დაკავშირებული გამოძიების დეტალებზე და ტერორიზმის საფრთხესთან დაკავშირებით “მოამბემ” პირდაპირი ჩართვის დროს კითხვები დაუსვა შს მინისტრის მოადგილეს, არჩილ თალაკვაძეს. „ეს არის კარგად მომზადებული, წინასწარ დადგმული ვიდეომიმართვა, რომლის სავარაუდო მიზანიც არის უფრო მეტად პანიკის დათესვა მოსახლეობაში, ვიდრე რაიმე კონკრეტული მოქმედებების შესახებ მინიშნების ან გზავნილების გაგზავნა სახელმწიფოს მისამართით. მიუხედავად ამისა, ბუნებრივია ეს ვიდეო ვერ დარჩება ყურადღების გარეშე. ეს ჩანაწერი გამოძიების საგანი და ობიექტი გახდება. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ამ და სხვა ვიდეოების გამოქვეყნებით, ხელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ჩვენი სამინისტრო ძალიან სწრაფ რეაგირებას ახდენს მომხდარ და განვითარებულ მოვლენებზე“, - განაცხადა „მოამბის“ ეთერში თალაკვაძემ, თუმცა გამოშვების წამყვანები არ დაინტერესებულან, რა ქმედებებით გამოვლინდა “ძალიან სწრაფი რეაგირება” სახელმწიფო უწყების მხრიდან.

„იმედი“

23 ნოემბერს, „ქრონიკამ“ მაყურებელს ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წევრების ვიდეომიმართვა გამოშვების მეორე თემად გააცნო. მთავარი გამოშვების პირველი რეპორტაჟი ბრიუსელში ანტიტერორისტულ-საგამოძიებო მოქმედებებს და მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით მიღებულ ზომებს მიეძღვნა.

წამყვანმა აღნიშნა, რომ მიმართვის ავტორები ქართულად საუბრობენ და ქვეყანაში ხალიფატის შემოსვლით იმუქრებიან. „ქრონიკამ“ მუქარის შემცვლელი 12 წუთიანი მიმართვის მხოლოდ კადრები გამოიყენა და არც ის ვებგვერდი დაუსახელებია, რომელზეც აღნიშნული მიმართვა გავრცელდა. თითქმის წუთნახევარიანი კადრ-სინქრონის ძირითადი ნაწილი ვიდეოში აღბეჭდილი ერთ-ერთი პირის ხვიჩა გობაძის მამის კომენტარს დაეთმო.

ვიდეომიმართვის შინაარსის გაცნობის შემდეგ „ქრონიკამ“ მაყურებელს საქართველოში მცხოვრებ მუსლიმთა მუფთისა და მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარის კომენტარები გააცნო. ორივემ აღნიშნა, რომ ტერორიზმთან ისლამს კავშირი არ აქვს, მიმართვის გარკვეული მონაკვეთები კი, ყურანის არასწორ და სახიფათო ინტერპრეტაციას წარმოადგენს.

ამის შემდეგ გავიდა სიუჟეტი თბილისის აეროპორტში დაკავებული დავით ბორჩაშვილის შესახებ, რომელსაც საგამოძიებო სტრუქტურები ე.წ. ისლამურ სახელმწიფოს წევრობას/ტერორისტობას ედავებიან.

გაცილებით ინფორმაციული და დატვირთული იყო „ქრონიკის“ 24 ნოემბრის მთავარი გამოშვება. ახალი ამბები დაიწყო თურქეთის მიერ რუსული ავიაგამანადგურებლის ჩამოგდებაზე მომზადებული სიუჟეტით, რაც 23 ნოემბრის რეზონანსული ვიდეომიმართვის თემით გაგრძელდა: რედაქცია დაინტერესდა, თუ ვინ, რატომ იბრძვის ისლამური სახელმწიფოს რიგებში. წამყვანმა აღნიშნა, რომ ჯიჰადის ქართულმა შტრიხმა საზოგადოებაში ახალ დისკუსიას დაუდო სათავე: რა განაპირობებს ტერიტორისტების რიგების შევსებას საქართველოდან, ისლამის ინტერპრეტირებულად გაგების გარდა? კითხვებზე პასუხების მოძებნას რეპორტიორები ვიდეომიმართვის ავტორების ოჯახის წევრებთან და აღმოსავლეთმცოდნეებთან შეეცადნენ. ამ რეპორტაჟს მოჰყვა სიუჟეტი იმაზე, თუ რატომ აიგივებენ ისლამსა და ტერორიზმს, ჟურნალისტმა აუდიტორიას მრავალმხრივი შეფასებები შესთავაზა. ამ ნაწილის შემდეგ გამოშვებაში აქცენტი გადავიდა ქვეყნის უსაფრთხოების დაცვის მიზნით სახელმწიფო სტრუქტურების მიერ მიღებულ ზომებზე.

„2030“

მუქარის შემცველი ვიდეოს გავრცელება 23 ნოემბერს პირველ თემად ჰქონდა GDS-ს საინფორმაციო გამოშვება „2030-ს“. მასალაში ვიდეო სრულად ნაჩვენები არ ყოფილა და მხოლოდ მისი შინაარსი მიმოიხილეს. ამის შემდეგ აქცენტი საერთაშორისო მასშტაბით, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაზე, ბრიტანეთსა და საფრანგეთში გაკეთებულ განცხადებებზე, ბრიუსელის ანტიტერორისტულ ოპერაციებზე გაკეთდა, რასაც მოჰყვა სიუჟეტი დავით ბორჩაშვილის დაკავების შესახებ.

დისკუსიის ნაწილში „2030-მა“ სტუმრად ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ზურაბ აგლაძე მიიწვია. ყოფილ სამხედრო პირს რეზონანსული ვიდეოს შინაარსის შეფასება სთხოვეს.

24 ნოემბრის „2030-ში“ ვიდეომიმართვის ავტორებს გამოშვების მეორე თემა მიეძღვნა. სიუჟეტში ჟურნალისტმა , მშობლებზე დაყრდნობით, ისაუბრა იმაზე, როგორ დატოვეს ახალგაზრდებმა საქართველო. ერთ-ერთი შეირაღებული პირის მამა, ბადრი ანთაძე ამბობს, რომ შვილს საქციელი იმამმაც მოუწონა, რაც თავად იმამმა სიუჟეტში უარყო. მამა ამბობს, რომ სახელმწიფოსგან გაფრთხილებული იყო, რომ შვილს საეჭვო პირებთან ჰქონდა ურთიერთობა. სიუჟეტი დასრულდა შსს-ს განცხადებით რომლის თანახმადაც, საზღვრებზე კონტროლი გამკაცრდა. დისკუსიის ნაწილში კი ვიქტორ დოლიძემ და ირაკლი სესიაშვილმა უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრეს.

„მაესტრო“

„ისლამური სახელმწიფო საქართველოს ემუქრება“ ამ სახელწოდების სიუჟეტი „მაესტროზე“ „კონტაქტში 8-ზე“ 23 ნოემბერს გავიდა. სიუჟეტში ჟურნალისტმა მაყურებელს მიმართვის შინაარსი გააცნო და ვიდეოს ერთერთი ავტორის მამის და აღმოსავლეთმცოდნე სოსო ზაალიშვილის კომენტარები შესთავაზა. მასალაში აღინიშნა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამ და სხვა მსგავსი შინაარსის ვიდეოებს სწავლობს.

სიუჟეტი ვერ დასრულდა ტექნიკური პრობლემის გამო. ეთერში ჟურნალისტის ტექსტს ფონად გასდევდა ე.წ. ტერორისტების მიერ გავრცელებული ვიდეოს ფრაგმენტები, სადაც ჩანდა ტიტრები რუსულ ენაზე და ისმოდა ხმა, თუმცა შინაარსის გარკვევა შეუძლებელი იყო.

24 ნოემბერს მაესტროს 8 საათიან გამოშვებაში მუქარის შემცველ ვიდეოს და შესაძლო საფრთხეს 5 სიუჟეტი, ჯამში დაახლოებით 25 წუთი დაეთმო. თემა პირველივე ბლოკში გაშუქდა.

პირველი რეპორტაჟი სოფელ ნასაკირალიდან მომზადდა და მაყურებელს იმ ახალგაზრდების შესახებ მოუთხრო, ვინც მუქარის შემცველ ვიდეოში ჩანდნენ. „ვინ არიან ახალგაზრდები, რომლებიც საზოგადოებამ მუქარის შემცველი მიმართვის შემდეგ გაიცნო“. მეორე სიუჟეტში „მაესტრომ“ მუსლიმთა კავშირის პოზიცია გაახმოვანა. მუსლიმთა კავშირის ხელმძღვანელმა ტარიელ ნაკაიძემ განაცხადა, რომ აუცილებელია მრევლის განათლებისათვის აქტიური მუშაობა. მესამე მასალა ასე იყო დასათაურებული: „ისლამური სახელმწიფო და საეჭვო ვებ-გვერდი“. აქ ინფორმაციული ტექნოლოგიები სპეციალისტმა ისაუბრა იმ ვებგვერდის რეგისტრაციის შესახებ, სადაც მუქარის შემცველი ვიდეო პირველად განთავსდა. ჟურნალისტმა კი ეთერში დაასახელა ორი ვებგვერდი, სადაც პირველად აიტვირთა ვიდეო. გაირკვა რომ ვებგვერდი პანამაშია დარეგისტრირებული, სახელწოდება კი ლოს-ანჯელესში იყიდეს. მეოთხე მასალა „საქართველოს სახიფათო რეგიონებს“ ეხებოდა. ასე წარადგინა ჟურნალისტმა რეგიონები, საიდანაც ახალგაზრდები სირიაში წავიდნენ. მისი თქმით, რისკზონებია: - აჭარა, გურია, ქვემო ქართლი, თბილისი და პანკისი. ჟურნალისტმა ასევე აღნიშნა, რომ გურიის იმ სოფლებიდან წავიდნენ ახალგაზრდები, სადაც აჭარლები არიან ჩასახლებული.

მეხუთე სიუჟეტი პირდაპირ მუქარის შემცველ ვიდეოს და მის გმირებს არ ეძღვნებოდა. აქ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიმდინარე დაპირისპირება იყო განსახილველი თემა - უნდა იმსჯელოს თუ არა პარლამენტში თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტმა არსებულ საფრთხეებზე.

რუსთავი 2

“კურიერის” მთავარი საინფორმაციო გამოშვება ტერორისტული შინაარსის ვიდეობის გავრცელების ამბით დაიწყო და პირველი ორი სიუჟეტი დაეთმო. საინფორმაციო გამოშვებაში არ გამოუყენებიათ ნაწყვეტები გავრცელებული ვიდეოებიდან, მხოლოდ ვიდეოდან მოჭრილი ფოტოები აჩვენებს.

“ქართულ ენაზე ჩაწერილ მიმართვაში ოთხი პირიდან ორი ქართველ ხალხს, მათ შორის მუსლიმებს ისლამის დაცვისა და მიღებისკენ მოუწოდებს და ისლამის საწინააღმდეგო ქმედებების გამო თავის მოკვეთით ემუქრება”, - განმარტა ჟურნალისტმა.

პრობლემის შესახებ ისაუბრა პანკისის უხუცესმა ხასო ხანგოშვილმა და ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელმა მექა ხანგოშვილი, რომლებმაც აქცენტი იმაზე გააკეთეს, რომ ვიდეოები სერიოზულ საფრთხეებს არ შეიცავს და გავრცელების ძირითადი მიზანი ხალხის დაშინებაა. მუსლიმთა კავშირის თავმჯდობარე ტარიელ ნაკაიძემ კი აღნიშნა, რომ პრობლემას უფრო სიღრმისეულად უნდა შევხედოთ და მიზეზების კვლევა დავიწყოთ - რატომ უერთდებიან ეს ახალგაზრდები ISIS-ს.

“რუსთავი 2”-ის მთავარ გამოშვებაში განმარტეს, რომ ფაქტზე გამოძიება უკვე დაწყებულია, ექსპერტებმა სახელმწიფოს პრობლემის წინააღმდეგ საბრძოლველად რჩევები მისცეს, მმართველი გუნდის წარმომადგენელმა ანი მიროტაძემ იმედი გამოთქვა, რომ საქართველო ტერორიზმის თავიდან აცილებას შეძლებს, ხოლო ოპოზიციის წარმომადგენლებმა ხელისუფლებას უსაფრთხოების ზომების გამკაცრება მოსთხოვეს.

24 დეკემბერს კი “რუსთავი 2-ზე“ გავიდა სიუჟეტი საქართველოს ხელისუფლების მიერ სასაზღვრო პოლიტიკის გამკაცრებაზე - ბოლო 10 დღის განმავლობაში საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით 32 ადამიანია დაკავებული 500 მდე პირს კი ქვეყანაში შემოსვლაზე უარი ეთქვა. სიუჟეტში ჩაწერილი ადამიანები კი, რომლებიც საქართველოში სხვადასხვა რეისებით ჩამოვიდნენ, საზღვრებზე განსაკუთრებული კონტროლის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ.

სიუჟეტში აღნიშნულია, რომ ეს ერთადერთი განცხადებაა, რომელიც შსს ტერორისტული შინაარსის მქონე ვიდეოს გასვლის შემდეგ გააკეთა და სამართალდამცავ ორგანოებს დამატებითი კითხვებისთვის არ უპასუხიათ.

გადაცემა “არჩევანი” კი, მთლიანად ტეროტიზმის თემას მიეძღნა. საკითხი ფართოდ იყო განხილული. თემის შესახებ სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლებმა, თეოლოგმა და პანკისის საკითხებზე მომუშავე ჟურნალისტმა, საპატრულო პოლიციის წარმომადგენელმა, პოლიტიკოსებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა ერთად იმსჯელეს.

„კავკასია“

23 ნოემბერს „კავკასიის“ მთავარი საინფორმაციო გამოშვების დასაწყისში დავით ბორჩაშვილის დაკავების შესახებ ინფორმაცია გავიდა. სიუჟეტში ნახსენებია, რომ ტერორიზმის ბრალდებით დაკავებული პირი საავადმყოფოში მკურნალობს. 23 ნოემბერს გავრცელებული ვიდეოს შესახებ ინფრომაცია მეორე სიუჟეტად გავიდა. წამყვანმა მაყურებელს მიმართვის შინაარსი გააცნო, თავად ვიდეო კი, არ უჩვენებიათ.

24 ნოემბერს მომზადებულ სიუჟეტში კი ითქვა, რომ „თავისუფალი დემოკრატები“ ვიდეოსთან დაკავშირებით თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის შეკრებას ითხოვენ.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ