მედია და რელიგია
24.11.2015
პატრიარქის ყოველკვირეული ქადაგებები, მირონმდინარე ხატები, მართლმადიდებლური დღესასწაულები, ცალკეული საეკლესიო პირების სასწაულებრივი ისტორიები, საპატრიარქოს მიერ დაგეგმილი ღონისძიებები - ასეთია ქართულ მედიაში რელიგიური თემების გაშუქების ზოგადი სურათი.

მედიასაშუალებების დღის წესრიგში რელიგიური თემატიკა ყველაზე ხშირად რელიგიური დღესასწაულების დროს ჩნდება. გამონაკლისი არც წლევანდელი გიორგობა ყოფილა, თითქმის ყველა საინფორმაციო გამოშვებამ შეგვახსენა ამბავი წმინდანზე, რომელმაც გველეშაპი დაამარცხა, გვაჩვენეს ეკლესიებში შეკრებილი მრევლი, მოგვასმენინეს პატრიარქის ქადაგება, ხელისუფლების წარმომადგენლებისა და რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს მილოცვა მართლმადიდებლებს, ვნახეთ საყოველთაო ნათლობა სამებაში და პატრიარქის ნათლულებიც.

ყველაზე ხშირად მედიაში მომუშავეთა ინტერესი მართლმადიდებლური ეკლესიის მიმართ იკვეთება. მედიას ყურადღების მიღმა არ რჩება არც ერთი მართლმადიდებლური დღესასწაული თუ მნიშვნელოვანი ქადაგება. მაგალითად, სვეტიცხოვლობის დღეს, ერთერთმა ონლაინგამოცემამ დღესასწაულს 8 სიახლე მიუძღვნა. ცალკე გაშუქდა პატრიარქის ქადაგება, ქალაქში მზადება, წირვის დაწყება და დასრულება, პოლიტიკოსთა მილოცვები. დაახლოებით ასეთივე გამოხმაურება იყო სხვა გამოცემებშიც. ტელევიზიებს ყველა გამოშვებაში ჰქონდათ პირდაპირი ჩართვა მცხეთიდან. ჟურნალისტები ყვებოდნენ დღესასწაულის მიმდინარეობისა და მასზე პოლიტიკოსთა დასწრების შესახებ.

რაც შეეხება სხვა რელიგიების დღესასწაულებს, ასეთი დღესასწაულები მედიაში, როგორც წესი, მხოლოდ მაშინ შუქდება, როცა თემთან რომელიმე პოლიტიკოსი მიდის, სიუჟეტის, რეპორტაჟისა თუ სტატიის ფოკუსიც სწორედ პოლიტიკოსი, მისი მილოცვაა და არა თავად დღესასწაული ან თემი.

რაც შეეხება თემებს, რომლებიც რელიგიურ დღესასწაულებს არ უკაშირდება, ასეთი საკითხების გაშუქების დროსაც, ყველაზე ხშირად სწორედ მართლმადიდებლური ეკლესია შუქდება. ეკლესია, როგორც წესი, პოზიტიურ კონტექსტშია წარმოჩენილი. ქართული მედიის დიდი ნაწილი არ აძლევს თავს უფლებას დომინანტი რელიგიის წარმომადგენლები აკრიტიკოს. მედია საკმაოდ დიდი სიფრთხილით ეკიდება ისეთ საკითხებს, როგორიცაა მართლმადიდებლური ეკლესიის ბიუჯეტი და მისი ხარჯვა. არასამთავრობო ორგანიზაციებმა რამდენჯერმე გამოაქვეყნეს ამ მიმართულებით კვლევის შედეგები, თუმცა მედიის დიდ ნაწილში საკმარისი ყურადღება ამ საკითხს არ დათმობია, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე გამოხმაურებას.

არის შემთხვევები, როდესაც მედია პრობლემატურ საკითხებსაც აშუქებს, თუმცა ძირითადად, არა თავისი ინიციატივით, არამედ არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიურობის შემდეგ. საკონსტიტუციო სასამართლოში რვა რელიგიური ორგანიზაციის საჩვარი თითქმის ყველა მედიასაშუალებამ გააშუქა. აღინიშნა, რომ ორგანიზაციები საგადასახადო სფეროში “უთანასწორო და დისკრიმინაციულ გარემოს” აპროტესტებენ. ვრცლად ამ თემაზე მხოლოდ რამდენიმე მედიამ გაამახვილა ყურადღება, მათ შორის იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი. დუისში მეჩეთის დამხმარე ნაგებობის მშენებლობის საკითხით მედია მას შემდეგ დაინტერესდა, რაც მშენებლობა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინიციატივითა და მუსლიმთა სამმართველოს ხელშეწყობით განხორციელდა და შენობაც რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ და აღმოსავლეთ საქართველოს მუფთმა გახსნეს.

სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის სურბ გევორქის საკათედრო ტაძრის ხელახალი კურთხევისა და გახსნის ცერემონიაც მედიაში მას შემდეგ მოხვდა, რაც მას სომხეთის პრეზიდენტი, საქართველოს ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი და მთავრობის წევრები დაესწრნენ.

საინტერესო ტენდენციაა ისიც, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესების, საკანონმდებლო ცვლილებების თუ სხვა სიახლეების შესახებ, მედიიდან პაქტიკულად ვერასოდეს ვისმენთ სხვა რელიგიური ჯგუფების წარმომადგენლების მოსაზრებებს. ჩვენ მხოლოდ მართლმადიდებლური ეკლესიის შეფასებები ვიცით.

პრაქტიკულად ერთადერთი გადაცემა, ტელესივრცეში, რომელიც რელიგიას ეხება „ტაბულას“ „საუბრები რელგიაზეა“. გადაცემის თემატიკა საკმაოდ მრავალფეროვანია და საკითხის მიმართ დამოკიდებულებაც განსხვავებული. თუმცა სამწუხაროდ, ეს გამონაკლისი საერთო ფონს ვერ ცვლის.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ