18.12.2015
„ხარძიანის ოჯახისთვის მკვლელის
ვინაობა უკვე ცნობილია. რამდენიმე წუთის წინ ეს ინფორმაცია
ბიზნესმენის მეუღლემ კონტაქტს დაუდასტურა. ეკა ანდრონიკაშვილის
განცხადებით, გამოძიებამ მათ ქუჩის კამერებიდან ამოღებული მასალა
გააცნო, რის შემდეგაც ბიზნესმენის შვილმა დამნაშავის იდენტიფიცირება
შეძლო. ოჯახის ადვოკატმა დღეს ოფიციალურად დაადასტურა, რომ საქმე,
რომელსაც მთავარი პროკურორი პირადად ხელმძღვანელობს, ფაქტობრივად
გახსნილია“, - ამგვარად წარადგინა 16 დეკემბერს, „მაესტროს“ მთავარი
საინფორმაციო გამოშვების წამყვანმა აუდიტორიას სიუჟეტი,რომელიც 2015
წლის 28 მარტს, საკუთარ საცხოვრებელ კორპუსთან ბიზნესმენ ბესიკ
ხარძიანის მკვლელობის საქმეს ეხებოდა.
„კონტაქტმა რვაზე“ ხაზი გაუსვა,
რომ მაყურებელმა სწორედ „მაესტროს“ ეთერში ნახა პირველად სავარაუდო
ბრალდებულის ფოტოები, რომელიც რედაქციას გადასცეს.
„ბესიკ ხარძიანის მეუღლემ
დაგვიდასტურა, რომ ეს ის პიროვნებაა, რომლის ფოტოები რამდენიმე თვის
წინ გავრცელდა. მაშინ „მაესტროს“ ეს ფოტოები მოსკოვში მცხოვრებმა ზაზა
გაბედავამ გამოუგზავნა, რომლებზეც კავკასიური გარეგნობის მამაკაცი იყო
აღბეჭდილი. ზაზა გაბედავა მაშინ განმარტავდა, რომ ფოტოებზე სწორედ
ხარძიანის მკვლელი იყო გამოსახული“, - თქვა ჟურნალისტმა ჩართვის
დროს.
ოჯახის ადვოკატმა განაცხადა, რომ
აღნიშნული პირი რამდენიმე თვის განმავლობაში ხარძიანების საცხოვრებელ
კორპუსთან გადაადგილდებოდა დაზვერვისა და მკვლელობის დაგეგმვის
მიზნით.
ამასთან, სიუჟეტში ხარძიანის
მეუღლემ მკვლელობის დამკვეთებად კონკრეტული პირები დაასახელა.
„შემკვეთები არიან ყაჩაღი, ბანდიტი
გიორგი უდესიანი და ქურასბედიანი. თუ კარგად გამოიძიეს ეს საქმე,
მივლენ მაქამდე. ბესოს მოგებული ჰქონდა კუს ტბის წილები და ახლა
(საქმე) არის სააპელაციოში“, - უთხრა ხარძიანის მეუღლემ „კონტაქტის“
რეპორტიორს.
ამასთან, „კონტაქტს“ არ
შეუთავაზებია დასახელებული პირების: გიორგი უდესიანის და
ქურასბედიანის საპასუხო განცხადებები სიუჟეტის ერთ-ერთი რესპოდენტის
ძალიან მძიმე ბრალდებებზე მკვლელობის დაკვეთასთან დაკავშირებით.
ჟურნალისტმა მხოლოდ ის თქვა, რომ მათ პოზიციას მოგვიანებით გაეცნობიან
და მიაწვდიან მაყურებლებს. რატომ ვერ მოიპოვა სიუჟეტის ავტორმა ეს
კომენტარი, გაუგებარია, რადგან ხარძიანების ადვოკატმა თემაზე
პრესკონფერენცია დღის პირველ ნახევარში გააკეთა (საინფორმაციო
სააგენტოებმა მისი განცხადებები 13:00-14:00 საათების ფარგლებში
გააშუქეს) შესაბამისად, რედაქციას საკმარისზე მეტი დრო ჰქონდა ყველა
მხარის პოზიციის მოსაპოვებლად და გასაშუქებლად. სიუჟეტში არც საარქივო
მასალაა გამოყენებული, სადაც უდესიანი ან მისი ოჯახის წევრები
ხარძიანების ამ ბრალდებას უარყოფენ/საპასუხო ბრალდებით
პასუხობენ.
საგულისხმოა ასევე, რომ
„კონტაქტში“, ბესიკ ხარძიანის მეუღლეზე დაყრდნობით, სიუჟეტში
არაიდენტიფიცირებულ პირს მკვლელად მოიხსენიებენ, მიუხედავად იმისა,
რომ საქმის გამოძიება ოფიციალურად დასრულებული არ არის, არც
ბრალდებული არსებობს და მით უმეტეს, არც სასამართლოს განაჩენია
ცნობილი.
მაუწყებელთაქცევისკოდექსის, მე-20
მუხლისმე-8 ქვეპუნქტში წერია, რომ პირს, რომლის მიმართ პროგრამაში
ბრალდებები გამოითქვა, უნდა მიეცეს დროული და ჯეროვანი პასუხის
გაცემის საშუალება. მუხლი 15: მიუკერძოებლობის პრინციპი ახალი ამბების
გადაცემისას, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მიუკერძოებლობის
პრინციპის განუხრელი დაცვა. ამასთან, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის
პირველ მუხლში აღნიშნულია, რომ ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს
სიმართლეს და საზოგადოების უფლებას, მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.
ამასთან, კოდექსის 48-ე მუხლის
თანახმად, “დანაშაულისა და ანტისოციალური ქმედების გაშუქებისას,
მაუწყებელმა უნდა დაიცვას ბალანსი, ერთიმხრივ, გამოხატვის
თავისუფლებასა, ხოლო, მეორემხრივ, უდანაშაულობის პრეზუმფციასა და
ეჭვმიტანილთა, ბრალდებულთა, განსასჯელთა, მსჯავრდებულთა, მოწმეთა და
დაზარალებულთა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას შორის”.
ამავედროს, კოდექსის 50-ემუხლის “ბ” ქვეპუნტის თანახმად, “მაუწყებელი
უნდა დაეყრდნოს საგამოძიებო ორგანოებისა და ექსპერტების დასკვნებს,
გარდა იმ შემთხვევისა, როცა მაუწყებელი საკუთარ ჟურნალისტურ
გამოძიებას ატარებს, რომელიც გამოავლენს ოფიციალური გამოძიების
უზუსტობას, წინააღმდეგობრიობას ან ინერტულობას და ფლობს საკმარის
ინფორმაციას, სანდო ჟურნალისტური შეფასების გაკეთებისათვის”.