“კორუფციული შეწყალება” - ბრალდებები
15.12.2015
თბილისის საკრებულოს დეპუტატის ალეკო ელისაშვილის განცხადება ხელისუფლების მაღალჩინოსნების შესაძლო კორუფციულ გარიგებებთან და ზეწოლასთან დაკავშირებით, ერთი კვირაა, “მაესტროს” მთავარი გამოშვების ერთ-ერთი მთავარი თემაა.

საკითხს 12 დეკემბრის ეთერის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო. “კონტაქტი 8-ზე” პირველი სიუჟეტის წარდგენისას წამყვანმა საქმეს არაოფიციალური კვალიფიკაცია მისცა და პირდაპირ განაცხადა, რომ პატიმრების შეწყალება კორუფციული სქემით მიმდინარეობდა.

“თუკი პროკურატურა შეწყალების კომისიის საქმიანობას არ შეისწავლის და მოკვლევის შედეგებს არ გაასაჯაროებს, კორუფციაში ჩართული მაღალჩინოსნების გვარ-სახელებს თავად ალეკო ელისაშვილი დაასახელებს. დღეს საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ისიც თქვა, რომ საქმეზე გარდა შეწყალების კომისიის მოქმედი ხელმძღვანელისა, დაკითხულები არიან ვიცემერი ლაშა აბაშიძე და მათ შორის ის მსჯავრდებულებიც, რომელთა შეწყალების სანაცვლოდ, კონკრეტული პოლიტიკოსები თანხებს იღებდნენ”, - ასეთი ტექსტით წარადგინა წამყვანმა სიუჟეტი, რომელიც ალეკო ელისაშვილის მორიგ განცხადებებსა და გამოხმაურებებს მიეძღვნა.

ასეთივე შინაარსის იყო დებატების ნაწილის წარმდგენი ტექსტიც, რომელშიც ჟურნალისტი ელისო კილაძე და ყოფილი პატიმარი ნანა კაკაბაძე მონაწილეობდნენ.

“კორუფციული შეწყალება - სკანდალი გრძელდება. ვინ არიან ის მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც კორუფციულ სქემაში მონაწილეობდნენ. რა ინფორმაციას ფლობს “ქრონიკა პლუსის” მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე და რატომ არ სჯერა მის მიერ გავრცელებული ინფორმაციის ადამიანის უფლებათა დამცველს ნანა კაკაბაძეს”, - ამ შესავლის შემდეგ წამყვანი კითხვით სტუმრებთან გადავიდა.

მიუხედავად იმისა, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხს “კონტაქტი” მთელი კვირის განმავლობაში აშუქებდა, მას აუდიტორიისთვის დამოუკიდებელი საგამოძიებო რეპორტაჟი/ფილმი არ შეუთავაზებია, სადაც შეეცდებოდა დაემტკიცებინა, რომ მაღალი თანამდებობის პირებმა ნამდვილად აიღეს ფული ყოფილი პატიმრების ახლობლებისგან, შეწყალების კომისიაზე ზეგავლენის მოხდენით, მათი გათავისუფლების სანაცვლოდ. მაესტროს ეთრში, რესპონდენტების მტკიცება, რომ მაღალჩინოსნები კორუფციაში მონაწილეობდნენ, ფაქტადაა წარმოჩენილი.

კოდექსის 48-ე მუხლის თანახმად, “დანაშაულისა და ანტისოციალური ქმედების გაშუქებისას, მაუწყებელმა უნდა დაიცვას ბალანსი, ერთი მხრივ, გამოხატვის თავისუფლებასა, ხოლო, მეორე მხრივ, უდანაშაულობის პრეზუმფციასა და ეჭვმიტანილთა, ბრალდებულთა, განსასჯელთა, მსჯავრდებულთა, მოწმეთა და დაზარალებულთა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას შორის”. ამავე დროს, კოდექსის 50-ე მუხლის “ბ” ქვეპუნტის თანახმად, “მაუწყებელი უნდა დაეყრდნოს საგამოძიებო ორგანოებისა და ექსპერტების დასკვნებს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მაუწყებელი საკუთარ ჟურნალისტურ გამოძიებას ატარებს, რომელიც გამოავლენს ოფიციალური გამოძიების უზუსტობას, წინააღმდეგობრიობას ან ინერტულობას და ფლობს საკმარის ინფორმაციას, სანდო ჟურნალისტური შეფასების გაკეთებისათვის”.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ