შშმ პირთა საერთაშორისო დღე რეგიონულ მაუწყებელზე
07.12.2015
3 დეკემბერს შშმ პირთა საერთაშორისო დღესტელეკომპანია „რიონის“ , „გურჯაანის“ , „თრიალეთისა“ და აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებებში აქტიურად გაშუქდა. შშმ პირთა ოცნებები, მათთვის ასრულებული სურვილები, გამგეობის, საკრებულოს, მერიის თანამშრომლების მიერ შშმ პირთათვის მოწყობილი სპეციალური ღონისძიებები - შშმ პირთა საერთაშორისო დღე ტელეკომპანიების დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებებში ძირითადად ამ აქცენტებით გაშუქდა. მედიაჩეკერი წარმოგიდგენთ რეგიონული მედიის მიერ ამ თემის გაშუქების მოკლე მიმოხილვას.

ტელეკომპანია “რიონმა“ ნახევარსაათიანი საინფორმაციო გამოშვების 15 წუთი შშმ პირების საეთაშორისო დღეს მიუძღვნა. გადაცემაში რამდენიმე ამბავი გავიდა, სადაც ძირითადი აქცენტი შშმ პირებისათვის გადაცემულ საჩუქრებსა და ამ დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაეთმო. სიუჟეტებში ისაუბრეს, თუ რა თანხა გამოყო სახელმწიფომ შშმ პირებისათვის სავარძლების შეძენაზე, კონკრეტულად რა საჩუქრები გადაეცათ ბენეფიციარებს და რა გასართობი ღონისძიებები ჩატარდა. სიუჟეტებში არ არის დასმული შეკითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რა აწუხებთ შშმ პირებს ყველაზე მეტად, შექმნილია თუ არა მათთვის ადაპტირებული გარემო, გრძნობენ თუ არა თავს სრულად ინტეგრირებულად საზოგდეობაში. არცერთ სიუჟეტში არ გვავქს შშმ პირის სინქრონი, რომელიც მსგავს საკითხზე საუბრობს.

ტელეკომპანია “თრიალეთის“ სიუჟეტში საუბარია, როდიდან აღნიშნავს მსოფლიო ამ დღეს, გვამცნობს საქართველოსა და შემდეგ გორის სტატისტიკურ მონაცემებს. მასალიდან მაყურებელი იგებს, რა საქმიანობას ეწევა გორის მუნიციპალიტეტის სოციალური სამსახური, რომლის წამყვანი სპეციალისტი შშმ პირია. ის საუბრობს პრობლემის სიმწვავზე და შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრაციის აუცილებლობაზე.

რაც შეეხება ტელეკომპანია “გურჯაანს“, მან მაყურებელს მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამ დღეს შშმ პირებისთვის სპეციალური ღონისძიება გაიმართა, რომლის ერთ-ერთი ორგანიზატორიც გამგეობა იყო.

გადაცემაში მიწვეული იყო გამგეობის წარმომადგენელი, რომელმაც 3 დეკემბერს გამართული ღონისძიების შესახებ ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ გამგეობა ხშირად სტუმრობს ხოლმე იმ ცენტრს, სადაც შშმ პირები ცხოვრობენ. სიუჟეტში ჟურნალისტმა რამდენიმე შშმ პირს თავისი ოცნების შესახებ დაუსვა კითხვა. სწორედ ამ კითხვებთან დაკავშირებით ესაუბრა ის გადაცემის სტუმარსაც. გამგეობის ადმინისტრაციის სამსახურის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ მომავალ წელს რამდენიმე პროექტი იგეგმება, რომელშიც ეს სურვილები გათვალისწინებული იქნება. წამყვანის შეკითხვას, თუ რას აკეთებს მთავრობა ადაპტირებული გარემოს შესაქმნელად, სტუმარმა უპასუხა, რომ 2016 წელს გურჯაანის ცენტრალური ქუჩების ადაპტირება დაიწყება.

შშმ პირების უფლებრივი მდგომარეობა შედარებით უფრო ფართოდ იყო გაშუქებული აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში. აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შშმ პირების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საინფორმაციო გამოშვების 21-ე წუთზე დაიწყო საუბარი. აღნიშნულ საკითხს ორმოცწუთიანი საინფორმაციო გამოშვების 6 წუთი დაეთმო. სიუჟეტიდან მაყურებელმა გაიგო, როდიდან აღინიშნება მსოფლიოში შშმ პირების საერთაშორისო დღე, რა თანხებს ხარჯავს კონრეტულად საქართველო ამ ადამიანების მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, რამდენად არის უზრუნველყოფილი აჭარის რეგიონში შშმ პირების საჭიროებები, მათი ღირსების დაცვა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულად ინტეგრაციის პროცესი.

ჟურნალისტი გვაწვდის ისეთ ფაქტობრივ ინფორმაციას, როგორიცაა :აჭარაში 13 ათასი შშმ პირი ცხოვრობს, საიდანაც 1300 ბავშვია; შშმ პირების დასახმარებლად აჭარის განათლების სამინისტრომ 280 სკოლისათვის 140 პედაგოგი გადაამზადა ;აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო მომავალი წლისთვის შშმ პირებისათვის პროგრამების დაფინანსების გაზრდას გეგმავს. ახალი პროგრამის 170 ათასი ლარია.

სიუჟეტიდან ვრცლად ვიგებთ, ამ ეტაპზე რას მოითხოვენ შშმ პირები სახელმწიფოსგან აჭარის რეგიონში. კერძოდ, იმას რომ მათ მშობლების საპენსიო ასაკის დაწევის მოთხოვნით მიმართეს აჭარის უმაღლეს საბჭოს. სიუჟეტიდან ასევე ვიგებთ, რომ სახელმწიფოს მცდელობა შშმ პირებმა კომფორტულად იგრძნონ თავი არასაკმარისად მიაჩნია ორგანიზაცია “ცვლილებები თანაბრი უფლებების შესახებ“ ხეკლმძღვანელს. თომა კაკაბაძე საუბრობს, პანდუსების და არაადაპტირებული გარემოს პრობლემაზე .სიუჟეტის ბოლოს, წამოჭრილია საკითხი, იცავენ თუ არა სამშენებლო კომპანიები ადაპტირებული გარემოს შესაქმნელად დადგენილ ნორმებს და რომ ზემოაღნიშნული ორგანიზაცია ამ საკითხზე პასუხისმგებელი მხარეების დასადგენად კვლევის ჩატარებას აპირებს.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ