“გამოკითხულთა 76% არასამთავრობოების ნაწილს არ ენდობა“ - არასრულად წარმოდგენილი კვლევის შედეგები
05.12.2015
პირველ დეკემბერს ტელეკომპანია “გურჯაანის“ მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში გავიდა მასალა, საზოგადოებრივი აზრის კლევის შედეგების შესახებ, გამოკითხვა „საქართველოს დემოგრაფიულმა საზოგადოება XXI-მა” ჩაატარა. წამყვანი შესავალ ტექსტში ამბობს, რომ გამოკითხულთა 76% საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილს არ ენდობა. “ გამოკითხული რესპონდენტების აზრით, არასამთავრობო ორგანიზაციები საზღვარგარეთიდან ფინანსდებიან და ხშირად მიდიან საქართველოს სახელმწიფო ინტერესებისა და მისი ტრადიციების წინააღმდეგ“, - აღნიშნავს ჟურნალისტი.

კვლევის და იმ ორგანიზაციის შესახებ, რომელმაც კვლევა ჩაატარა, „გურჯაანის“ მასალაში სხვა არაფერი თქმულა. არ იყო დაკონრეტებული კვლევის სახელი, რა პერიოდს მოიცავდა კვლევა და რა მეთოდოლოგიით ჩატარდა ის, როგორ მოხდა გამოკითხულთა შერჩევა და ა.შ. ასევე, გაუგებარი დარჩა, მოსახლეობისთვის არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ დასმული კითხვა გამოკითხვაში როგორ იყო ფორმულირებული და რას ნიშნავს წამყვანის განცხადება, რომ „გამოკითხულთა 76% საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილს არ ენდობა“. ბუნდოვანია, კონკრეტულად რამდენი და რა ორგანიზაციები იგულისხმება „არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილლში“.

ჟურნალისტის შესავალ ტექსტს პირდაპირ მოსდევდა ქუჩის გამოკითხვა, რომელშიც მოსაზრებათა მრავალფეროვნება წარმოდგენილი იყო - ჩაწერილთაგან ნაწილი ამბობდა რომ ენდობოდა არასამთავრობო ორგანიზაციებს, ნაწილი კი მათ საქმიანობას კრიტიკულად აფასებდა.

Google-ს საძიებო სისტემაში „საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI-ს“ ოფიციალური გვერდი და ასევე კვლევა, რომელსაც „გურჯაანმა“ მასალა მიუძღვნა, არ იძებნება. რეესტრში არსებული მონაცემების მიხედვით, ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ლევან ვასაძეა. წესდების მიხედვით, ორგანიზაციის მიზანია, „ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესება, ქორწინების და მყარი ოჯახის პროპაგანდა, ერის ეროვნული და სულიერი თვითშეგნების ამაღლებისთვის ხელის შეწყობა“ და სხვა.

საზოგადოებრივი აზრის კვლევის გაშუქებასთან დაკავშირებით, მაუწყებელთა ქცევის კოდექსის 25-ე მუხლში ვკითხულობთ: „საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების გაშუქების პრინციპი მაუწყებელმა უნდა უზრუნველყოს მის ეთერში განთავსებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის საფუძვლიანობა და საიმედოობა. მისი შედეგები არ უნდა იქნას გამოყენებული საზოგადოებრივი აზრის მანიპულირების ან გადაწყვეტილების მიღების პროცესზე გავლენის მოხდენისათვის“.

27-ე მუხლში კი ვკითხულობთ: „.საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების სანდოობაში ეჭვის შეტანის თავიდან აცილების მიზნით მაუწყებელი უნდა დარწმუნდეს კვლევის მეთოდოლოგიის სისწორეში, შედეგების საიმედოობაში და იმ ხალხის ობიექტურობაში, რომელთაც აღნიშნული კვლევა ჩაატარეს ან დაუკვეთეს“, მაუწყებელთა ქცევის კოდექსის ეს მუხლი მიანიშნებს, რომ ყველა სახის საზოგადოებრივი კვლევა არ შეიძლება ტელევიზიის ეთერში ხვდებოდეს. მედიასაშუალება კი, სანამ რომელიმე ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ კვლევის შედეგებს გააცნობს აუდიტორიას, უნდა დარწმუნდეს, რამდენად სანდო და კომპეტენტურია კვლევის ავტორი ორგანიზაცია.


თეგები : კვლევების გაშუქება;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ