04.12.2015
1 და 2 დეკემბერს სხვადასხვა
საინფორმაციო სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია 8 წლის ბუკა ნიკურაძის
გარდაცვალების შესახებ, რომელსაც იაშვილის კლინიკაში ლეიკემიის
დიაგნოზი დაუსვეს.
ბავშვის ახლობლებმა იაშვილის
კლინიკის ერთერთი მკურნალი ექიმი ბუკა ნიკურაძისთვის არასწორი
დიაგნოზის დასმასა და მის გარდაცვალებაში დაადანაშაულეს. რამდენიმე
მედიასაშუალებამ კი ეს საკითხი არასრულად წარმოადგინა და მოპასუხე
მხარეს პასუხის გაცემის შესაძლებლობა არ მისცა.
„ყელი უნდა გამოგჭრა და შენი
სისხლით იაშვილის ეზო მოგირწყააა” - გარდაცვლილი პაციენტის მამიდა
ექიმს” – argumenti.ge-ს ამ სტატიაში მხოლოდ ბავშვის მამიდის მიერ
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფრაზებია გამოტანილი, სადაც ის ექიმს
ემუქრება და პასუხს სთხოვს. მოგვიანებით, გამოცემამ იაშვილის კლინიკის
განცხადებაც გააშუქა. “პირველი ინფო” კი სათაურშივე მიუთითებს, რომ
ექიმის მიერ დასმული დიაგნოზი არასწორი იყო და ამ ფაქტს კითხვის
ნიშნის ქვეშ არ აყენებს: “არასწორი დიაგნოზით 8 წლის ბუკა ნიკურაძე
გუშინ გარდაიცვალა”. სტატიაში აღნიშნულია, რომ იაშვილის მკურნალმა
ექიმმა ბუკას ლეიკემია დაუდგინა და ოჯახს არ მისცა საშუალება დიაგნოზი
გერმანიაში გადაემოწმებინათ. ოჯახის წევრების მტკიცებით, ბავშვს
ქიმიოთერაპიის შემდეგ სოკო განუვითარდა, რის შემდეგაც მისი
მდგომარეობა დამძიმდა. იაშვილის კლინიკის განცხადება ამ გამოცემამაც
გაავრცელა.
ambebi.ge-მ და palitratv.ge-მ
გამოაქვეყნეს სტატია „ჩემი შვილის სიკვდილს არავის შევარჩენ“ -
დაღუპული 8 წლის ბავშვის ოჯახი აპირებს, იაშვილის კლინიკას უჩივლოს“.
მასალაში ოჯახი ამტკიცებს, რომ ბავშვს იაშვილის კლინიკის კონკრეტულმა
ექიმმა არასწორი დიაგნოზი დაუსვა. მეორე მხარის, იაშვილის კლინიკის
პოზიცია არასრულადაა წარმოდგენილი Palitra.tv-ს მასალაში.
„ოჯახის მტკიცებით, ბავშვს
არასწორი დიაგნოზით - ლეიკემია დაუდგინეს, რის შედეგადაც
ქიმიოთერაპიის კურსი ჩაუტარდა. გაუმჯობესების ნაცვლად კი მისი
მდგომარეობა დღითიდღე დამძიმდა. პაციენტი თურქეთის წამყვან კლინიკაში
გადაიყვანეს. შვიდი ბიოფსიის ჩატარების შემდეგ თურქმა ექიმებმა
იაშვილის კლინიკის დიაგნოზი არ დაადასტურეს“, - აღნიშნულია
სტატიაში.
მასალაში მოყვანილია ბავშვის დედის
კომენტარი, რომელიც ამბობს, რომ მას და მის შვილს იაშვილის კლინიკაში
ღორის გრიპი აღმოუჩინეს. ბავშვის ბებიამ კი აღნიშნა, რომ თურქეთში
თბილისიდან ჩაიტანეს ანალიზი, რომელშიც ლეიკემიის ჩხირები არ
აღმოჩნდა.
მასალაში წარმოდგენილია იაშვილის
ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს მთავარი ექიმის, ივანე ჩხაიძის
კომენტარი. ის ამბობს, რომ ბუკა ნიკურაძისთვის ლეიკემიის დიაგნოზი
სწრაფად დაისვა და მკურნალობაც სწრაფად დაიწყო. ასევე მისი თქმით,
კლინიკა ამ დაავადებას გასულ წლებთან შედარებით უფრო ეფექტურად
მკურნალობს, ზოგი შემთხვევა კი მკურნალობას არ ექვემდებარება.
რაც შეეხება ambebi.ge-ს, მათ
მასალა palitratv.ge-ზე დაყრდნობით მოამზადეს, თუმცა სტატიაში არ ჩანს
იაშვილის კლინიკის მთავარი ექიმის კომენტარი და ამბავი ცალმხრივად
გაშუქდა.
palitratv.ge-ს მასალაში უპასუხოდ
რჩება შემდეგი კითხვები: იაშვილის კლინიკაში მართლა დაუდგინდათ ბუკა
ნიკურაძესა და მის დედას ღორის გრიპი, როგორც ამას მანანა ენუქიძე
ამბობს? ტრადიციულად რა გამოკვლევები ტარდება ლეიკემიის დასადგენად და
რა პირობებში? რატომ გახდა საჭირო ანალიზის წაღება თბილისიდან
თურქეთში? რა გამოკვლევის საფუძველზე გააკეთეს დასკვნები იაშვილისა და
თურქეთის კლინიკებმა პაციენტის მდგომარეობასთან დაკავშირებით?
ამ კითხვებზე ნაწილობრივ პასუხობს
ვებგვერდებზე fmabkhazia.com, info9.ge, fortuna.ge-სა და
interpressnews.ge-ზე გამოქვეყნებული იაშვილის კლინიკის ოფიციალური
განცხადება. აქ იაშვილის კლინიკა განმარტავს, თუ რა ანალიზები ჩატარდა
და როგორ დადგინდა ლეიკემიის დიაგნოზი. თუმცა აღსანიშნავია ერთი
დეტალი. სამივე მასალაში მითითებულია, რომ აღნიშნული ფაქტი უკვე
შეისწავლა სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ,
რომლის დასკვნის მიხედვითაც პაციენტის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში
დარღვევები არ დაფიქსირებულა.
რედაქცია: მასალაში დაზუსტების
მიზნით შეტანილია ცვლილება. 17:40 , 4 დეკემბერი, 2015