07.03.2016
ვებგვერდი Marshallpress.ge 2015
წლის 1 თებერვალს დაარსდა. საიტი გამოირჩევა ყოფილი ხელისუფლებისა და
“ნაციონალური მოძრაობის” წევრთა კრიტიკით, მათ მიმართ ბრალდებებითა და
შეურაცხყოფით, ასევე - პრორუსული ორიენტაციით და ანტიდასავლური
რიტორიკით, ჰომოფობიური გამონათქვამების გავრცელებით. ხშირად ვხვდებით
გადაუმოწმებელ ინფორმაციასაც.
ვებგვერდს აქვს “პოლიტიკის”
განყოფილება, ასევე რუბრიკა “ინტერვიუ”, “პრესის უნიკალური არქივი”,
“პრესკლუბი”, “ანატომია (ვიდეო არქივი)“ და “დადას გვერდი”
(დასასვენებელი ადგილი).
საიტი ძირითადად მიმდინარე
პოლიტიკურ ამბებს აშუქებს. ახალი ამბების გარდა Marshalpress.ge-ს
ყურადღების ცენტრში ხვდება უკრაინული wikileaks-ის მიერ საქართველოს
ყოფილ პრეზიდენტსა და მთავრობის ყოფილ წევრებზე გავრცელებული
ჩანაწერები.
ვებგვერდი ძირითადად, აკრიტიკებს
ოპოზიციაში მყოფ “ნაციონალურ მოძრაობას” და შედარებით ნაკლებად
გვხვდება სახელისუფლებო გუნდის კრიტიკა. Marshalpress.ge-ის მიერ
სხვადასხვა პირებთან ჩაწერილ ინტერვიუებშიც რესპონდენტები უმეტესად
ყოფილი ხელისუფლების მავნებლობაზე საუბრობენ.
დღის განმავლობაში მიმდინარე
პოლიტიკური მოვლენების გაშუქების პარალელურად, Marshalpress.ge
საკმაოდ ხშირად ინტერესდება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ
გახსნილი საქმეებით ან რომელიმე ინფრასტრუქტურული თუ მთავრობის მიერ
დაგეგმილი და განხორციელებული სხვა პროექტებით.
გადაუმოწმებლად ქვეყნდება
უკრაინული wikileaks-ის მიერ გავრცელებული ყოფილი ხელისუფლების წევრთა
სავარაუდო საუბრის ჩანაწერები. აღსანიშნავია, რომ თითქმის არცერთ
შემთხვევაში არ დევს აუდიო ან ვიდეომასალა, მოცემულია ტექსტის
ტრანსკრიპტი და მკითხველმა უნდა იგულისხმოს, რომ ეს საუბარი მართლაც
ამ ფორმით შედგა. თუმცა რთულია რეალურად დაადგინო, რამდენად
ავთენტურია ეს მასალები. თანაც, მოპასუხე მხარის კომენტარები
სტატიებში არ ჩანს.
ერთ-ერთ ჩანაწერში პრეზიდენტი
სააკაშვილი და მისი მეუღლე სანდრა რულოვსი საუბრობენ. სტატიაში
აღნიშნულია, რომ მათი საუბრის თემა ორგანოებით ვაჭრობაა. უნდა
აღინიშნოს, რომ სააკაშვილისა და რულოვსის მიერ ორგანოებით ვაჭრობაზე
ბევრჯერ დაწერილა, თუმცა ეს ფაქტი არასდროს დადასტურებულა. სარწმუნო
დოკუმენტები არც ამ შემთხვევაშია მოყვანილი. მოპასუხე მხარის
კომენტარი კი სტატიაში საერთოდ არ არის.
სხვა არაერთი ჩანაწერით
Marshalpress.ge იმის წარმოჩენასაც ცდილობს, რომ საქართველოს ყოფილ
პრეზიდენტს და მის გარემოცვას საქართველოში სიტუაციის დაძაბვა სურთ.
მოპასუხე მხარე არც ამ მასალებშია წარმოდგენილი.
ზოგიერთ ასეთ მასალას ახლავს
შენიშვნა, რომ „მარშალპრესის” რედაქცია პასუხს არ აგებს უკრაინულ
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის სიზუსტეზე.
Marshalpress.ge-ზე
გამოქვეყნებულია გადაცემა „ანატომიის“ ჩანაწერები. ყველა ვიდეო ყოფილი
ხელისუფლების საქმიანობას ეხება. მხოლოდ ერთი გადაცემა შეეხებოდა
ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის, სიმამრს, თამაზ თამაზაშვილს.
განყოფილებაში ატვირთულია გადაცემები გივი თარგამაძეზე, გია
უდესიანზე, გიგა ბოკერიაზე, ახალაიებზე, გიგი უგულავაზე, ვანო
მერაბიშვილზე, ძმებ რურუებზე, მეგის ქარდავაზე. აღსანიშნავია, რომ
„ანატომია“ ჯერ ტელეკომპანია „მაესტროს“, შემდეგ კი TV3-ის ეთერში
გადიოდა, შემდეგ კი პროექტი შეწყდა. როგორც მისი ავტორი აცხადებდა,
ტელეკომპანიამ უკვე მომზადებული გადაცემა არ გაუშვა ეთერში.
განყოფილებაში „პრესის უნიკალური
არქივი“ Marshalpress.ge ქართული და უცხოური პრესის არქივს
წარმოადგენს. პრესის საარქივო მასალები ძირითადად ყოფილ პრეზიდენტებს
ედუარდ შევარდნაძესა და ზვიად გამსახურდიას შეეხება. ასევე საუბარია
2004 წლის ბიუჯეტის ხარჯებზე.
Marshalpress.ge ხელს უწყობს
ჰომოფობიური გამონათქვამების გავრცელებას. ზოგჯერ ვებგვერდი
სხვადასხვა პირის ფეისბუქის სტატუსებს აქვეყნებს უცვლელად, ან პრესაში
გავრცელებულ განცხადებებს იყენებს. მაგალითად შემდეგი მასალებიც
გამოდგება: „გიგაური: ლადო პაპავამ საკუთარი სტუდენტების
გაპი*დარასტ-გალეს*ოსელებაზე განაცხადა თანხმობა“, „აი გეი იმენნა
გრუზინი გეია რააა!!!!! პიდარასტობაშიც გრუზინები როგორ ხართ??“,
„თქვენი ბანძი პიდარასტული “ვნებები” ყელში ამოგვივიდა – გეი
აღლუმით”გაკეთებული ფულები და პოპულარობა“.
რაც შეეხება ანტიდასავლურ
განწყობებს, ვებგვერდი აქვეყნებს მასალებს, სადაც ამერიკა და ევროპული
ქვეყნების ცხოვრება გარყვნილებასთან არის დაკავშირებული. მაგალითად,
მასალაში, რომელიც ფეისბუქის სტატუსს ეძღვნება, ამერიკაში მცხოვრები
საქართველოს მოქალაქე წერს, ამერიკელებმა მოახერხეს ქართველთა
უმრავლესობის დამსგავსება, რადგან ჩემს ქვეყანაშიც გარყვნილობას,
უზნეობას ეძახიან თავისუფლებასო. ხოლო წერილში „რატომ გაუფერულდა
ნატო-ევროკავშირის მითი – როგორ ვებრძოლოთ რუსულ პროპაგანდას?“,
პოლიტოლოგი ჰამლეტ ჭიპაშვილი წერს, რომ საქართველოში რუსული
პროპაგანდაზე საუბარი „ჭიქაში ქარიშხალია“. მისი თქმით, აშშ-სა და
ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მოსახლეობას მეთოდურად უმალავენ
უკრაინაში ან სირიაში მიმდინარე მოვლენებს და მთავარ დამნაშავეებად
რუსეთს, ირანს, ან სირიის ხელისუფლებას ასახელებენ.
„მერკელმა მხარი ერდოღანს დაუჭირა,
პრეზიდენტს, რომლის საოჯახო ბიზნესი მჭიდროდ უკავშირდება „ისლამურ
სახელმწიფოს“, განსაკუთრებით ნავთობით ვაჭრობაში. მერკელმა
დაბეჯითებით მოითხოვა სირიის ცაში ფრენების შეწყვეტა. ამ წინადადებით
კარგა ხანია ერდოღანი გამოდის, რაც რუსეთის თვითმფრინავების სამხედრო
ოპერაციების შეწყვეტას ნიშნავს. საჰაერო იერიშების გარეშე სირიის
არმიის წინსვლა და „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ დაპყრობილი
ტერიტორიების უკან დაბრუნება შეუძლებელია. არის თუ არა ეს ანტირუსული
განცხადება „ისლამური სახელმწიფოსთვის“ დახმარების გაწევა? სიტყვით
ყველა ებრძვის „ისლამურ სახელმწიფოს“, საქმით მხოლოდ ირანი, რუსეთი,
ერაყი, „ჰესბოლა“ (ლიბანური დაჯგუფება) და სირიელი ქურთები“, - ამბობს
ჭიპაშვილი.
ვებგვერდი თითქმის არ აქცევს
ყურადღებას ჟურნალისტურ სტანდარტებს და მასალებს მეორე მხარის
საპასუხო კომენტარების გარეშე აქვეყნებს. მაგალითად, 2016 წლის 13
თებერვალს გამოქვეყნებულ სტატიაში ავტორი აქვეყნებს ფოტოს, სადაც
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი მედიისა და არასამთავრობო
ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად რიგაში იმყოფებოდა. ფოტოზე
მყოფ ყველა პირს სტატიის ავტორი „ნაცჭურნალისტებად“ მოიხსენიებს,
„ნაცების მიერ ნაყიდ მედიას“ და „სააკაშვილის ზონდერ ჟურნალისტებს“
უწოდებს. სტატიაში არ ჩანს ალტერნატიული მოსაზრება, თუმცა ფოტოზე მყოფ
მედიის რამდენიმე წარმომადგენელს ხშირად გაუკრიტიკებია „ნაციონალური
მოძრაობის“ ხელისუფლების დროს მთავრობა.
საინტერესოა შემდეგი სტატიაც
სათაურით: „ხიდაშელის ბრძანებით ყაზარმებში მეჩეთები და იეჰოვას
მოწმეთა სასულიერო დაწესებულებები გაიხსნება!“ Marshalpress.ge ამ
ინფორმაციას საკმაოდ ნეგატიური ფორმით სთავაზობს მკითხველს. სტატიის
სათაური აგრესიულად განაწყობს მათ მუსლიმებისა და იეჰოვას მოწმეთა
მიმართ.
საერთაშორისო გამჭვირვალობა -
საქართველოს მონაცემებით Marshallpress.ge-ს მფლობელი, დირექტორი და
რედაქტორი info9.ge-ს ყოფილი ჟურნალისტი ოთარ სტეფანიშვილია. მისივე
ინფორმაციით, რომელიც TI-ს მიაწოდა, ვებგვერდს დღეში დაახლოებით 14
000 უნიკალური ვიზიტორი ჰყავს და მას სამ სხვა ვებგვერდთან აქვს
პარტნიორული ურთიერთობა. ამ სამიდან ერთიქართული ვებგვერდი
Reportiori.ge არის, ხოლო დანარჩენი ორი ვებგვერდი უკრაინაშია
დარეგისტრირებული: slovo.net.ua და wikileaks-ua.livejournal.com. „ეს
უკრაინული ვებგვერდები პრორუსული განწყობებით და ანტიდასავლური
რიტორიკით გამოირჩევიან. ასევე, ორივე ვებგვერდი აქტიურად აქვეყნებს
მასალებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის და ახლანდელი ოდესის ოლქის
გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის და უკრაინაში მყოფი სხვა ქართველი
ყოფილი მაღალჩინოსნების შესახებ,“ - ვკითხულობთ კვლევაში.