როგორ უნდა გავაშუქოთ რესპონდენტის დისკრიმინაციული გამონათქვამები
17.02.2016
მედიის მხრიდან დისკრიმინაციული გამონათქვამით დაინტერესების ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა პარლამენტარ გოგი თოფაძის მიერ საპარლამენტო ტრიბუნიდან პრეზიდენტის მისამართით ნათქვამი სიტყვები იყო: “ქართველი ხალხი თქვენ დაუნებს შეადარეთ, ძალიან სამწუხაროა, რომ თქვენ ასე აფასებთ საქართველოს მოქალაქეებს”.

როგორ უნდა მოიქცეს ჟურნალისტი, რომ ხელი არ შეუწყოს დისკრიმინაციული გამონათქვამების ტირაჟირებას და მისი პლატფორმა რესპონდენტების სიძულვილს ენის ტრიბუნად არ იქცეს?! აქ მნიშვნელოვანია, იმის გათვალისწინება, რამდენად მაღალია საზოგადოებრივი ინტერესი, ვინ იყენებს დისკრიმინაციულ გამონათქვამს, საჯარო თუ არასაჯარო პირი. ასევე, რესპონდენტის დისკრიმინაციული ნათქვამი ჩანაწერია თუ პირდაპირ ეთერში ამბობს მას.

მაუწყებელთა ქცევის კოდექსში წერია, რომ მაუწყებელმა თავიდან უნდა აიცილოს რელიგიური, ეთნიკური ან სხვა ნიშნის მიხედვით რომელიმე ჯგუფის შეურაცხყოფა, ხოლო თუ დისკრიმინაციულ გამონათქვამებს რესპონდენტი პირდაპირ ეთერში ამბობს: “წამყვანი არ უნდა აჰყვეს ასეთ დიალოგს და შეეცადოს შეურაცხმყოფელი განცხადების ავტორს დაუსვას შეკითხვა გამოთქმული მოსაზრების დასაბუთების მიზნით”.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მეშვიდე პრინციპის განმარტებით ნაწილში მითითებულია, რომ: “პირდაპირი ეთერის შემთხვევაში, ჟურნალისტი უნდა გაემიჯნოს დისკრიმინაციულ განცხადებას და დაუპირისპირდეს მას, რაც გულისხმობს შემდეგს: ჟურნალისტმა ან სხვა სტუმარს უნდა მისცეს სიტყვა, რომელიც გამოთქვამს საპირისპირო აზრს, ან თავადვე ამცნოს აუდიტორიას, რომ არსებობს განსხვავებული მოსაზრება, რომელიც აქვს საზოგადოების ნაწილს“. რაც შეეხება გადაცემის ჩანაწერს, ან სტატიას, განმარტებითი ნაწილის მიხედვით, მკაფიოდ უნდა ჩანდეს, რომ არატოლერანტული გამონათქვამები არ არის ჟურნალისტის პოზიცია: „საჯარო პირს დისკრიმინაციული გამონათქვამები უნდა დაუტოვოს ჟურნალისტმა, კერძო პირს კი შეიძლება ამოუჭრას, თუ მიზანი არატოლერანტული გარემოს ჩვენება არ არის. ზოგადად, ევროპული ტენდენცია იმგვარია, რომ ჟურნალისტი უნდა ებრძოდეს დისკრიმინაციულ გამონათქვამებს“.

გოგი თოფაძის დისკრიმინაციულ ნათქვამს რომ დავუბრუნდეთ, რამდენიმე დღის წინ პარლამენტის ტრიბუნიდან ნათქვამი სიტყვები მან საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერშიც გაიმეორა. ჟურნალისტი სტანდარტების შესაბამისად, პირდაპირ ეთერშივე გაემიჯნა პოლიტიკოსის გამონათქვამს: "ბატონო გოგი, ბოდიშს გიხდით, თქვენ ჩვენი ეთერის საშუალებით კიდევ ერთხელ გამოიყენეთ ეს სიტყვა, მე მინდა მაყურებელს ვუთხრა, რომ ჩვენ ვემიჯნებით გოგი თოფაძის ამ განცხადებას, არ გვინდა რომ ჩვენი ეთერი იყოს ამისთვის გამოყენებული".


ვებგვერდებმა კი, გოგი თოფაძის დისკრიმინაციული გამონათქვამი სხვადასხვანაირად გააშუქეს. დიდმა ნაწილმა გოგი თოფაძის ციტატა პირდაპირ გამოაქვეყნა, ყოველგვარი მინაწერისა თუ დამატებითი კონტექსტის გარეშე.

განსხვავებული იყო „ნეტგაზეთის“ მიდგომა, გამოცემამ ამბავი ასე დაასათაურა: “გოგი თოფაძემ დაუნის სინდრომი სალანძღავ სიტყვად გამოიყენა” . რედაქციამ სტატიაში მკითხველს, გარდა თოფაძის გამონათქვამისა, შესთავაზა ამბის სრული კონტექსტი: გაახსენა, კიდევ რომელ პოლიტიკოსებს გამოუყენებიათ სიტყვა “დაუნი” სალანძღავ სიტყვად და სინდრომის სამედიცინო განმარტებაც დაწერა.

ვებგვერდის მთავარი რედაქტორის ნესტან ცეცხლაძის თქმით, უმჯობესია სათაური იყოს ნათელი, რადგან ბევრმა ახალი ამბის ტექსტი შეიძლება არც წაიკითხოს და სათაურმა სტიგმა, ამა თუ იმ ჯგუფის მიმართ, უფრო გააძლიეროს.

"როდესაც მოქალაქე იყენებს ინტერვიუში ასეთ ტერმინებს, ჩვენ მას საერთოდ არ ვაქვეყნებთ, მაგრამ როდესაც პარლამენტის წევრი, პარლამენტის ტრიბუნიდან, საჯარო გამოსვლისას იყენებს ამა თუ იმ დაავადებას სალანძღავ კონტექსტში, ვფიქრობთ, ეს სწორედაც არის ცალკე ახალი ამბის თემა. ასე მოხდა გოგი თოფაძის გამონათქვამთან დაკავშირებით. ამ თემაზე ცალკე ახალი ამბავი შევქმენით, მკითხველებს ყურადღება მივაქცევინეთ დეპუტატის ტერმინოლოგიაზე, თორემ ის, რომ თოფაძემ დაუნის სინდრომი სალანძღავ სიტყვად გამოიყენა არის ფაქტი და არა შეფასება. ჩვენი სარედაქციო პოლიტიკა ნამდვილად არის ასეთი მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვა, ახალი ამბების გაშუქებისას," - ამბობს ნესტან ცეცხლაძე.

“ლიბერალმა” კი, გოგი თოფაძის განცხადების ციტირება გააკეთა და ბოლოში მიაწერა, რომ “ლიბერალის” რედაქციას გოგი თოფაძის განცხადება დისკრიმინაციულად მიაჩნია და ემიჯნება მას”.

“ლიბერალი“ მასალებს, რომელიც შეიცავს ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას და დისკრიმინაციას, თავის პლატფორმას არ უთმობს. ამის შესახებ ჩვენთან მომუშავე ყველა ჟურნალისტმა იცის. ეს განცხადება ჩვენს ვებგვერდზე დავდეთ, რადგან პარლამენტარს ეკუთვნოდა და მიგვაჩნია, რომ მკითხველმა უნდა იცოდეს როგორი კანონმდებელი გვყავს. ოღონდ იქვე განვმარტეთ, რომ გოგი თოფაძე სიტყვა “დაუნს” დამამცირებელ და სალანძღავ კონტექსტში იყენებს, პასუხისმგებლიანი მედიის ვალია, მკითხველს მიაწოდოს ინფორმაცია, რომ ეს განცხადება დისკრიმინაციულია,”- ამბობს ვებგვერდ “ლიბერალის” რედაქტორი ლიკა ზაკაშვილი.

გადაცემის მიმდინარეობისას რესპონდენტის მიერ დისკრიმინაციული გამონათქვამის გამოყენების შემთხვევა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ 2010 წელსაც განიხილა. ტელეკომპანია “კავკასიის” ჟურნალისტ ალეკო ელისაშვილს პირდაპირ ეთერში ერთ-ერთი სტუმრის მიერ გაკეთებული ჰომოფობიური განცხადებების გამო უჩივლეს. მომჩივანი ფიქრობდა, რომ ჟურნალისტს არაფერი გაუკეთებია რესპონდენტის მიერ ჰომოფობიური განცხადებების აღკვეთის მიზნით.

გაზეთ „ჯორჯიან თაიმსის” დამფუძნებელმა მალხაზ გულაშვილმა, რომელიც გადაცემაში სტუმრად იყო მიწვეული, წამოიწყო საუბარი ღირებულებებზე და განაცხადა: “ეს [ევროპული ღირებულებები] არის ფსევდოლიბერალური, რასაც ვითომ „თავისუფლების ინსტიტუტი” მართავს. რა უნდათ, რომ საქართველოში მაინცდამაინც ერთსქესიანთა ქორწინება დაამკვიდრონ? თუ რას აკეთებენ ამ აღვირახსნილი კამპანიით, რასაც საინფორმაციო საშუალებებში მასობრივად პროპაგანდას უწევენ ჰომოსექსუალიზმს და ლესბოსელობას. რა ხდება ეს გამაგებინეთ? ეს რომელ ქვეყანაში ხდება? დავით აღმაშენებლის და ქეთევან დედოფლის ქვეყანაში ხდება, რომელმაც სიშიშვლე რომ გამოუჩნდა, იმაზე შეჰკივლა, წამებაზე არ შეუკივლია? ამ ქვეყანაში ხდება? ამ ქვეყანაში შეიძლება ასეთი რამეები იყოს დაცული? ჩვენ ზუსტად აი ეს მოძრაობა შევებრძოლებით აი ესეთ გამოვლინებას …. გვჭირდება ევროპული ღირებულებები კი არა, იმიტომ რომ ევროპაში ღირებულება არის, ამტკიცებს ევროსაბჭო ერთსქესიან ქორწინებას, მე ამ ღირებულებას ვერ შევუერთდები ვერანაირად“; „ფაქტია, რომ ევროსაბჭოში ბოდიში და ცისფერები თამაშობენ წამყვან როლს“. მალხაზ გულაშვილის ამ გამონათქვამებზე მოწვეულ სტუმართაგან რეაგირება არავის მოუხდენია. ეს გამონათქვამები კომენტარის გარეშე დატოვა გადაცემის წამყვანმაც. ალექსანდრე ელისაშვილმა ზეპირი მოსმენის დროს დასმულ კითხვაზე უპასუხა შემდეგი: „იქ [გადაცემაში] რომ ყოფილიყო ეროვნულ უმცირესობაზე საუბარი და არა ჰომოსექსუალებზე, უფრო მეტად აღვკვეთდი, ვიდრე აღვკვეთე ჰომოსექსუალებზე. სიმართლე გითხრთ, არასოდეს ჩემს გადაცემაში ჰომოსექსუალიზმზე არ ყოფილა საუბარი, შესაბამისად, ამ თემის დისკრიმინაციულობა-არადისკრიმინაციულობაზე ნაკლები მგრძნობიარობა მაქვს. მე ეთნიკურ უმცირესობასთან ხშირად მაქვს საქმე და ვიცი, ამ თემას ისინი როგორ უყურებენ”. ქარტიის საბჭოს მიერ უფრო კონკრეტულად დასმულ კითხვაზე, თუ როგორ მოიქცეოდა ჰომოსექსუალების აღვირახსნილი პროპაგანდის ნაცვლად საუბარი ეროვნულ უმცირესობაზე ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებზე რომ ყოფილიყო, მან უპასუხა, რომ ჩაერეოდა. კითხვაზე, ხედავს თუ არა სიძულვილის ენას ფრაზაში: „ჩვენ ყოველგვარ ასეთ გამოვლენას შევებრძოლებით“, ელისაშვილმა უპასუხა: „ამ ფრაზაზე დავფიქრდი მას შემდეგ, რაც რამდენჯერმე ვნახე გადაცემა. ეს ფრაზა დავაფიქსირე შემდეგ. მაშინ ეს ფრაზა არ დამიფიქსირებია. დღეის გადასახედიდან, ვკითხავდი „შევებრძოლები“-ში რას გულისხმობდა“.

„ალექსანდრე ელისაშვილი საბჭოს ხშირად მიუთითებდა გულაშვილის გამოხატვის თავისუფლებაზე, რომელიც არ შეზღუდა გადაცემის მსვლელობისას. გამოხატვის თავისუფლება ხშირ შემთხვევაში მოიცავს არაეთიკური გამონათქვამების თავისუფლებასაც. როდესაც ადამიანი იწყებს არაეთიკური გამონათქვამების გავრცელებას მედიის საშუალებით, სწორედ ამ მომენტიდან მოქმედებს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-7 მუხლი, ანუ ტელეწამყვანი ვალდებულია სტუმრის მეშვეობით გასცეს პასუხი ან პირადად გააკეთოს განცხადება და საზოგადოებას აცნობოს ალტერნატიული მოსაზრებების შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში გადაცემის მეშვეობით მოხდება ჰომოფობიური მოსაზრებების პროპაგანდა. ტელეკომპანია „კავკასიის“ 9 მარტის გადაცემის – „ბარიერის“ პირდაპირ ეთერში, რომელსაც ალექსანდრე ელისაშვილი უძღვებოდა, მალხაზ გულაშვილმა გამოიყენა სიძულვილის ენა და წაახალისა ჰომოსექსუალების დისკრიმინაცია. გადაცემაში მოწვეული სტუმრებიდან საწინააღმდეგო აზრი არავის გამოუხატავს, ანუ საზოგადოებამ ვერ გაიგო ალტერნატიული აზრის არსებობის შესახებ. არც წამყვანმა ალექსანდრე ელისაშვილმა გამოხატა აზრი, რომ ჰომოსექსუალი მოქალაქეები საქართველოს კონსტიტუციით და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით არიან უფლებრივად თანასწორნი და საზოგადოების ნაწილი სწორედ ასე ფიქრობს”, - აღნიშნა ქარტიის საბჭომ თავის გადაწყვეტილებაში და ჟურნალისტის მხრიდან მეშვიდე პრინციპის დარღვევა დაადგინა.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ