მცდარი შეხედულება აუტიზმისა და ვაქცინაციის კავშირზე
15.02.2016
ქართულ ვებგვერდებზე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ყოველწლიური საყოველთაო აცრები ბავშვებში აუტიზმს იწვევს. ამ თემის შესახებ მასალები ძირითადად ისეთ ვებგვერდებზე გამოქვეყნდა, რომელთა შინაარსი ჯანდაცვის საკითხებს ეხება და საკმაო პოპულარობით სარგებლობენ ინტერნეტმომხმარებლებში. ხშირად აქ გამოქვეყნებულ ინფორმაციას მოქალაქეები პრაქტიკულ ცხოვრებაშიც იყენებენ.

ასეთი მასალების გამოქვეყნება, ერთი მხრივ, ხელს უწყობს აცრების მიმართ საზოგადოებაში სტერეოტიპების ჩამოაყლიბებას და მეორე მხრივ, პირდაპირ კავშირშია ადამიანების ჯანმრთელობასთან. შესაძლოა მივიდეთ გართულებებთან, რასაც აცრების არგაკეთება გამოიწვევს.

სხვადასხვა დროს ამ შინაარსის სტატიები შემდეგი სათაურებით გამოქვეყნდა: “ბავშვთა აუტიზმის ერთ-ერთი მიზეზი, შესაძლოა, აცრა იყოს”, “ბავშვთა აუტიზმის ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა ვერცხლისწყლის შემცველი ზოგიერთი ვაქცინა იყოს”, “აუტიზმის გამომწვევი მიზეზი და აცრა”, “აცრები...უდიდესი სიცრუე”, “რისგან მზადდება ვაქცინა და რითი გვწამლავენ”.

2016 წლის 5 იანვარს გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნულია, რომ “ბოლო მონაცემებით, ბავშვთა აუტიზმის ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა იყოს ვერცხლისწყლის შემცველი კონსერვანტებიც, რომლებიც ზოგიერთი ვაქცინის შემადგენლობაში შედის. სპეციალისტებმა ყურადღება მიაქციეს იმას, რომ ბავშვებს აუტიზმი ხშირად სწორედ იმ ასაკში უვითარდებათ, როცა აქტიურად უტარებენ ვაქცინაციას. მკვლევარები ვარაუდობენ, რომ კონსერვანტები ბავშვის ორგანიზმში გროვდება და ტვინის ქსოვილს აზიანებს”.

სხვა მასალაში ვაქცინის დამზადების შესახებ უყვებიან მკითხველს და მას “მასობრივი განადგურების იარაღს” უწოდებენ. სტატიაში აღნიშულია, რომ ვაქცინები, რომლითაც აცრები ტარდება მზადდება ჰეპატიტით, სიმსივნით, ან სარკომით გარდაცვლილი ადამიანის ორგანოებითა და სისხლით.

“სწორედ ეს ორგანოები გახლავთ საწიყისი მასალა ვაქცინური ვირუსების გამოსაყოფად. როგორც კი ვირუსს გამოყოფენ, იწყება მისი გამოზრდა სპეციფიკურ კულტურულ გარემოში, რისთვისაც ისევ და ისევ (ამჯერად, უკვე „მკვებავი სუბსტრატის“ სახით) ადამიანის და ცხოველის სისხლი, ქსოვილი და ორგანოები გამოიყენება. და თუკი ვაქცინას იღებენ სიმსივნური ქსოვილებისგან, მაშინ ბავშვებში ხდება სიმსივნური დნმ-ს იმპლანტირება! მაშ რითი აიხსნება ბოლო 60 წლის მანძილზე სიმსივნური დაავადებების მკვეთრი ზრდა, რომელიც იდენტიფიცირებულია ვაქცინასთან!”, - ვკითხულობთ მასალაში.

ამ თემაზე გამოქვეყნებული სტატიების დიდ ნაწილში არ ჩანს პროფესიონალი ექიმების მოსაზრებები. გამონაკლისი არც ეს სტატიაა. უფრო მეტიც აღნიშნული მასალა იწყება შემდეგი ფრაზით: “ექიმი - ისეთივე კარგი კონსულტანტია აცრების საკითხში, როგორც ყასაბი - ვეგეტარიანულ საკითხებში“, - ბერნარდ შოუ”. ასეთი ფრაზის კონტექსტიდან ამოგლეჯილ მდგომარეობაში გამოყენება კი ისედაც ნდობადაკარგულ ექიმებს უფრო მეტად უკარგავს ნდობას საზოგადოებაში. ამასთან მკაფიოდ ჩანს ავტორის სუბიექტური დამოკიდებულება საკითხისადმი. ის ერთმნიშვნელოვნად უგულებელყოფს სახელმწიფოს პოზიციას ვაქცინაციასთან დაკავშირებით და მის დადებით ეფექტს.

“ყველაზე ცუდია ის, რომ ჩვენი „მშობლიური“ პედიატრები, იმუნოლოგები, სანექიმები და ჩინოვნიკები ჯანდაცვიდან, რომელთა პირდაპირი მოვალეობაა ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სადარაჯოზე დგომა, ყოველწლიურად ფანატიკურად თავს ახვევენ საზოგადოებას მასობრივი განადგურების იარაღის დახვეწილ ნაირსახეობას. ამასთან, ისინი ფარისევლურად ამტკიცებენ, რომ ეს არის „იმუნოპრიფილაქტიკის საშუალება“, და მეტიც... -„წამლები“! - ვკითხულობთ სტატიაში.

პირველ რიგში უნდა აღვნიშოთ, რომ აუტიზმისა და ვაქცინაციის კავშირის შესახებ პირველი ეჭვები 90-იანი წლების ბოლოს გაჩნდა. თუმცა ეს იყო კვლევის ჰიპოთეზა, რომელიც მოგვიანებით არ დადასტურდა და უფრო მეტიც, სამეცნიერო ჟურნალმა სადაც სამეცნიერო კვლევა გამოქვეყნდა, უკან გაიწვია ნაშრომი. მიუხედავად ამისა, მაინც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ვაქცინაციის იმიჯზე საზოგადოებაში.

საქართველოს სახელმწიფოს ოფიციალური პოზიციით იმუნიზაციის სისტემა მოქალაქეებს იცავს მართვადი ინფექციებისგან. ვაქცინაციით გამოწვეული გართულება კი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ეს დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს.

საქართველო დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პაატა იმნაძე ამბობს, რომ იმუნიზაცია ყველაზე დიდი მიღწევაა, რაც მედიცინას გააჩნია.

“იმუნიზაცია კაცობრიობის მიღწევებს შორის აღსანიშნავია. ის, რაც მუსრს ავლებდა კაცობრიობას, ან მთელ რიგ ნაკლოვანებებს ტოვებდა ადამიანებში, იმუნიზაციის საშუალებით აღმოიფხვრა.

დღეს უკვე 12 დაავადებაზე ვცრით საქართველოში, რითაც დავეწიეთ განვითარებულ ქვეყნებს. მათთან საბოლოოდ დასაახლოვებლად 2-3 ვაქცინა დაგვრჩა დასანერგი.

ჯერ კიდევ მე-18 საუკუნის დასაწყისში, როდესაც ჯერენმა ყვავილის ვაქცინა გააკეთა, მაშინდელი პრესა წერდა, არ აცრათ ბავშვები, რქები და ჩლიქები ამოუვათო. საუბარია ე.წ. “ძროხის ყვავილზე”, რაც იმ დროს იყო გავრცელებული და ჯერენმა ყვავილის ვაქცინის შესაქმნელად გამოიყენა. არ მინდა, რომ დღევანდელი ქართული პრესა ისევე წერდეს ამ საკითხებზე, როგორც მაშინ”, - ამბობს პაატა იმნაძე.

მისი თქმით, აცრასა და აუტიზმს შორის არანაირი კავშირი არ არის და ეს ბევრი სამეცნიერო კვლევით დადასტურდა.

“თუკი სტატისტიკა გვინდა შევადაროთ, აუტიზმის მქონე 1000 ბავშვში ის კი არ უნდა გამოვიკვლიოთ, რამდენს ჩაუტარდა აცრა. არამედ უნდა შევადაროთ რამდენი შემთხვევა იყო აუტიზმისა მაშინ, როცა არ ხდებოდა აცრა და რამდენია, როცა იცრებიან ბავშვები”, - ამბობს იმნაძე.

ფსიქოტერაპევტი ზაზა ვარდიაშვილი ამბობს, რომ აუტიზმი იმ ადამიანებშიც გვხვდება, ვისაც საერთოდ არ გაუკეთებია აცრა. ამიტომ, ასე გადაჭრით იმის მტკიცება, რომ აცრები იწვევს აუტიზმს არასწორია.

“აუტიზმის გამომწვევია პოლიფაქტორული მდგომარეობა. გამომწვევი მიზეზების კვლევა ჯერ კიდევ მიმდინარეობს და არ არის დაზუსტებული. გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს ქიმიური დარღვევები ორგანიზმში, მეტალებით მოწამვლა. ხელაღებით აცრებთან დაკავშირება აუტიზმისა, არ შეიძლება. თავის მხრივ, აცრებიც იწვევს რაღაც გართულებებს და შემდეგ ხდება ამ გართულებების გამოკვლევა. მაგრამ ცალსახად მათ უარყოფით მხარეებზე ვერ ვისაუბრებთ”, - ამბობს ზაზა ვარდიაშვილი.

ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, თითოეულმა ქვეყანამ პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდარი შეიმუშავა. კალენდარის მიხედვით, საქართველოში ტუბერკულიოზის, B ჰეპატიტის, დიფტერიის, ტეტანოსის, ყივანახველას, პოლიომილიტის, წითელას, წითურას და ყბაყურას წინააღმდეგ აცრები სავალდებულოდ ითვლება. ეს აცრები 14 წლის ასაკამდე კეთდება.

ამერიკის დავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ცნობით, აუტიზმი, აუტისტური აშლილობის სპექტრი არის ტვინის ფუნქციების დარღვევა. თუმცა აუტისტური აშლილობის სპექტრის მქონე ადამიანებს შეუძლიათ კომუნიკაცია, ინტერაქცია, აქვთ ქცევები და სწავლობენ სხვადასხვა გზით. ამ უწყების წარმომადგენლებიც აღნიშნავენ, რომ არანაირი კავშირი ვაქცინაციასა და აუტიზმს შორის არ არსებობს.

“ის, რომ ვაქცინაცია იწვევს აუტიზმს, იყო რამდენიმე ადამიანის მოსაზრება, რაც კვლევებით არ დადასტურდა”, - აღნიშნულია ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ვებგვერდზე. აქვე მოყვანილია კვლევები, სადაც ამ საკითხებზეა საუბარი.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ