08.02.2016
სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხის
არგაშუქება და ყურადღების მიღმა დატოვება, ასევე, აქტუალურ საკითხებზე
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მოსაზრებების სიმწირე -
ეს არის ტენდენცია, რაც საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის
პირველი არხის “მოამბის” მთავარი გამოშვების მონიტორინგისას
გამოიკვეთა.
სამეურვეო საბჭომ საზოგადოებრივ
მაუწყებელს, მათ შორის საინფორმაციო სამსახურს, განუსაზღვრა პრგრამული
პრიორიტეტები, სადაც წერია, რომ ახალი ამბები ასახავდეს რიგითი
მოქალაქეების პრობლემებს, ასევე, ასახული უნდა იყოს სოციალური
პრობლემები და ქვეყანაში მიმდინარე სხვა მნიშვნელოვანი
პროცესები.
“მედიაჩეკერი” “მოამბეს” 20 საათზე
შემთხვევით შერჩეულ ორკვირიან მონაკვეთში - 17 იანვრიდან 31 იანვრამდე
აკვირდებოდა. მონიტორინგის მიზანს წარმოადგენს იმის გარკვევა, თუ
რამდენად მისდევს ის სამეურვეო საბჭოს მიერ განსაზღვრულ პროგრამულ
პრიორიტეტებს და რამდენად სთავაზობს ის თავის მაყურებელს ამომწურავ
ინფორმაციას მიმდინარე საზოგადოებრივ–პოლიტიკურ საკითხებზე.
როგორც ორკვირიანმა დაკვირვებამ
აჩვენა, არის შემთხვევები, როცა “მოამბე” ან საერთოდ არ აშუქებს
მიმდინარე, მნიშვნელოვან, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საკითხს,
ან არასათანადო ყურადღებას უთმობს მას და ასეთი საკითხი ვერ ხვდება
მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში. როგორც წესი, მთავარი საინფორმაციო
გამოშვება მაყურებელს სთავაზობს დღის მთავარ, მნიშვნელოვან თემებს და
როცა მაუწყებელი კონკრეტულ საკითხს აშუქებს დღის გამოშვებაში, მაგრამ
არა – მთავარ გამოშვებაში, ეს ნიშნავს იმას, რომ ამ საკითხს ის ნაკლებ
მნიშვნელოვნად, მეორეხარისხოვან საკითხად მიიჩნევს. ხოლო, თუ რაღაც
ამბავი საერთოდ ვერ მოხვდა რომელიმე საინფორმაციო გამოშვებაში, ესეც
თავის მხრივ, მიუთითებს არხის პრიორიტეტზე, რა ინფორმაცია მიაწოდოს,
ან არ მიაწოდოს მაყურებელს.
მაგალითად, “მოამბემ” მთავარ
საინფორმაციო გამოშვებაში არ გააშუქა ქობულეთში ასწლოვანი ხეების
ამოთხრისა და ურეკში გადატანის პროცესი, რომელსაც ყოფილ
პრემიერ–მინისტრთან, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანია
ახორციელებს. 15 იანვარს, დღის გამოშვებებში გავიდა კადრ-სინქრონი
იმის შესახებ, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ სანერგე მეურნეობაში
მიმდინარე სამუშაოები გააპროტესტა. შემდეგ კი 18 იანვარს, ასევე დღის
საინფორმაციო გამოშვებაში “მოამბემ” გააშუქა ამ საკითხზე აჭარის
მთავრობის მიერ გავრცელებული განცხადება, თუმცა, ეს ამბავი მთავარ
საინფორმაციო გამოშვებაში მონიტორინგის პერიოდში არ მოხვედრილა.
“მოამბის” მთავარი გამოშვების
ყურადღების მიღმა დარჩა “ჯორჯიან მანგანეზის” თანამშრომელთა
საპროტესტო აქცია და მოთხოვნა ხელისუფლებისადმი. კერძოდ, “ჯორჯიან
მანგანეზმა” რამდენიმე თვით შეაჩერა ჭიათურაში მაღაროების მუშაობა,
რის შედეგადაც 3 200 თანამშრომელი დროებით უსამსახუროდ დარჩა.
კომპანია მათ 20 მაისამდე ხელფასის 60%–ს გადაუხდის, ეს ადამიანები
დანარჩენი 40%–ის გადახდას ხელისუფლებას სთხოვენ. “მოამბემ” აღნიშნულ
ამბავზე ეთერში სიუჟეტები გაუშვა დღის საინფორმაციო გამოშვებებში,
თუმცა, არა – მთავარ “მოამბეში” 20:00 საათზე.
17 და 25 იანვრის “მოამბეში” 20:00
საათზე არ მოხვედრილა ზაჰესის ხიდის გარშემო დაწყებული პროტესტი,
კერძოდ, მოსახლეობა მერიას ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოების
გაჭიანურებაში ადანაშაულებს და პრობლემის მოგვარებას ითხოვს. მათ
საპროტესტო აქციაც კი გამართეს, 25 იანვარს თბილისის საკრებულოში ეს
საკითხი ოპოზიციასა და მერიის მაღალჩინოსნებს შორის კამათის საგანიც
გახდა. კომპანია “ხიდის” საქმიანობით, რომელმაც ვალდებულება არ
შეასრულა, საგამოძიებო უწყებაც დაინტერესდა. მოგვიანებით, 4
თებერვალს, ამავე კომპანიის დამფუძნებელი 1.5 მილიონი ლარის
მითვისების ბრალდებით დააკავეს. ეს ამბავი 4 თებერვლის “მოამბის”
პრიორიტეტულ თემებში ვერ მოხვდა. ტელეკომპანია “პირველი არხის”
ვებგვერდზე, ახალი ამბების არქივში ზაჰესის ხიდის რეაბილიტაციასთან
დაკავშირებით მხოლოდ ერთადერთი ამბავი იძებნება, რომელიც 2015 წლის 25
იანვარს გავიდა ეთერში და რომელიც ხიდის რეაბილიტაციის დაწყებას
ეხება.
27 იანვარს “მოამბემ” დღის
გამოშვებაში ეთერში გაუშვა ახალი პოლიტიკური ცენტრის, “გირჩის”
ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო მოსახლეობის
დაურეგისტრირებელ, მემკვიდრეობით მიღებულ და სარგებლობაში მყოფ მიწებს
ირეგისტრირებს. პრობლემა, რომელიც პოლიტიკურმა პარტიამ წამოჭრა,
მასშტაბური და რეგიონის მცხოვრებთათვის მნიშვნელოვანია, რადგან საქმე
ეხება ათასობით ოჯახს, რომლებსაც საქართველოში რეგისტრირებული არ აქვს
ფაქტობრივ სარგებლობაში არსებული, ან მემკვიდრეობით მიღებული მიწის
ნაკვეთი. აღნიშნულ ამბავი, მონიტორინგის პერიოდში არ მოხვედრილა
“მოამბის” მთავარ გამოშვებებში, თუმცა, იგივე თემას მნიშვნელოვანი
ყურადღება დაუთმეს კერძო ტელეარხებმა.
“მოამბის” მთავარი გამოშვების
ყურადღების მიღმა დარჩენილ თემებს შორისაა რეჟისორ გოგა ხაინდრავას
რადიოსთან დაკავშირებული ამბავიც. კერძოდ, 30 იანვარს ცნობილი გახდა,
რომ თბილისის მასშტაბით ყველა სამგზავრო მიკროავტობუსში მხოლოდ
ერთადერთი, გოგა ხაინდრავას რადიოს მოსმენა იქნება შესაძლებელი,
შესაბამისი მემორანდუმი ახლად შექმნილმა კომპანიამ უკვე გააფორმა
“თბილისის მიკროავტობუსთან”. აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ გამოიწვია
როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების, ისე სხვა რადიოსადგურების
პროტესტი, რომლებიც მიიჩნევენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება
მომხარებლის თავისუფალ არჩევანს ზღუდავს.
“პირველი არხის” არქივში ამ
ამბავთან დაკავშირებით ახალი ამბავი არ იძებნება, თუმცა, ამავე
არქივში ჩანს, რომ “მოამბეს” გოგა ხაინდრავასთან დაკავშირებული სხვა
ამბები არაერთხელ გაუშუქებია. მაგალითად, 2015 წლის ივნისში “მოამბემ”
მოამზადა მასალები სახელწოდებით “გოგა ხაინდრავას მხატვრული ფილმი
“ოცნებების სასაფლაო” სამშობლოში დაბრუნდა” და “ქართველი
ჯარისკაცებისთვის რეჟისორ გოგა ხაინდრავას მხატვრული ფილმის
“ოცნებების სასაფლაოს” ჩვენება გაიმართა”.
სამეურვეო საბჭოს მიერ დადგენილი
“პროგრამული პრიორიტეტების” მიხედვით, გარდა მნიშვნელოვანი, მაღალი
საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხების გაშუქებისა,
საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახური ვალდებულია, რომ
ინფორმაციის მოპოვებისას დაცული იყოს წყაროთა სანდოობა და
მრავალფეროვნება. გარდა ამისა, ამავე დოკუმენტში აღნიშნულია, რომ
ახალი ამბების მაყურებლისათვის დამახასიათებელია მოთხოვნილება, რომ
გადაცემებმა პირველ ყოვლისა რიგითი მოქალაქის პოზიცია ასახონ, ხოლო
შემდეგ - ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლების
და ექსპერტების შეხედულებები. თუმცა, მონიტორინგის ორკვირიან პერიოდში
გამოიკვეთა განსხვავებული ტენდენცია. კერძოდ, “მოამბის” მთავარ
გამოშვებაში შესამჩნევია სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე არასამთავრობო
ორგანიზაციათა შეფასებების ნაკლებობა, ან არარსებობა.
მაგალითად, 21 იანვარს “მოამბეში”
გავიდა სიუჟეტი “რეგულაციები მარჯვენასაჭიანი ავტომობილებისთვის”,
სადაც ერთ–ერთი რესპონდენტი ამბობს, რომ შენიშვნები აქვთ
არასამთავრობო ორგანიზაციებს, თუმცა, სიუჟეტში მხოლოდ პოლიტიკოსების
ინტერვიუებია ნაჩვენები და არ ჩანს რა შენიშვნები, ან რეკომენდაციები
აქვთ არასამთავრობო ორგანიზაციებს.
არასამთავრობო ორგანიზაციათა
შეფასებები ასევე არ ახლავს ევროსაბჭოს მიერ საქართველოზე მომზადებულ
რეზოლუციაზე მომზადებულ სიუჟეტს.
არასამთავრობო ორგანიზაციათა
შეფასებები არ არის შემოთავაზებული საკონსტიტუციო სასამართლოს
რეფორმასთან დაკავშირებით 26 იანვრის მთავარ საინფორმაციო
გამოშვებაში.
აქტუალურ საზოგადოებრივ–პოლიტიკურ
საკითხებზე მოამბე მაყურებელს, ძირითადად, პოლიტიკოსთა და
თანამდებობის პირთა მოსაზრებებს სთავაზობს, უფრო ნაკლებად, შედარებით
მიუკერძოებელი აქტორების – არასამთავრობოებისა და დამოუკიდებელი
ექსპერტების, რაც ასევე უშლის ხელს მაყურებელს, მიიღოს ყოველმხრივ
ამომწურავი ინფორმაცია ამა თუ იმ საკითხზე.
“მედიაჩეკერი” კვლავ აგრძელებს
საზოგადოებრივი მაუწყებლის მონიტორინგს და მკითხველს პერიოდულად
შესთავაზებს ინფორმაციას, რამდენად ასრულებს ის სამეურვეო საბჭოს მიერ
დადგენილ პროგრამულ პრიორიტეტებს.
შესწორება: მეექვსე და მეშვიდე
აბზაცში შევიდა ცვლილებები დაზუსტების მიზნით. თავდაპირველი
ვერისია:
"მაგალითად, “მოამბემ” 17 იანვარს
მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში არ გააშუქა ქობულეთში ასწლოვანი
ხეების ამოთხრისა და ურეკში გადატანის პროცესი, რომელსაც ყოფილ
პრემიერ–მინისტრთან, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანია
ახორციელებს. ამბის გახმაურებიდან მეორე დღეს, დღის საინფორმაციო
გამოშვებაში “მოამბემ გააშუქა” ამ საკითხზე აჭარის მთავრობის მიერ
გავრცელებული განცხადება, თუმცა, ეს ამბავი მთავარ საინფორმაციო
გამოშვებაში შემდეგ დღეებშიც არ მოხვედრილა.
21 იანვარს “მოამბის” მთავარი
გამოშვების ყურადღების მიღმა დარჩა “ჯორჯიან მანგანეზის”
თანამშრომელთა საპროტესტო აქცია და მოთხოვნა ხელისუფლებისადმი.
კერძოდ, “ჯორჯიან მანგანეზმა” რამდენიმე თვით შეაჩერა ჭიათურაში
მაღაროების მუშაობა, რის შედეგადაც 3 200 თანამშრომელი დროებით
უსამსახუროდ დარჩა. კომპანია მათ 20 მაისამდე ხელფასის 60%–ს
გადაუხდის, ეს ადამიანები დანარჩენი 40%–ის გადახდას ხელისუფლებას
სთხოვენ. “მოამბემ” აღნიშნულ ამბავზე ეთერში სიუჟეტები გაუშვა დღის
საინფორმაციო გამოშვებებში, თუმცა, არა – მთავარ “მოამბეში” 20:00
საათზე".