24.01.2016
რამდენიმე დღეა ქართულ მედიაში
აქტიურად ქვეყნდება მასალები, რომლებიც საზოგადოებას "სომხების მიერ
ქართული ცეკვისა და სიმღერის მოპარვის" შესახებ ამცნობს. გარდა იმისა,
რომ თავად მასალები უწყობს ხელს სომეხი ხალხის მიმართ აგრესიას,
სტერეოტიპების გავრცელებას, ხშირად, ამ მასალებს თან ახლავს
მკითხველის საკმაოდ შეურაცხმყოფელი კომენტარები - “უთავმოყვარეო,
უკულტურო, პლაგიატი ერი”, - ასეთი რეაქცია მოჰყვა ზოგიერთი
მკითხველისგან ზემოხსენებული საკითხების გაშუქებას. როგორც წესი,
კომენტარების გაფილტვრა უმეტეს ვებგვერდებზე არ ხდება.
ამ საკითხების გაშუქებისას
გამოქვეყნდა გადაუმოწმებელი ინფორმაცია, ასევე არ იყო ჩაწერილი მეორე
მხარე და კონკრეტული პირების შესაძლო მითვისების ფაქტი სომეხ ერზე
განზოგადდა.
ქართული გამოცემების ნაწილმა 20
იანვარს მასალები მიუძღვნა Youtube-ზე ატვირთულ სიმღერას, “ყვავილების
ქვეყანა”, რომელიც სხვადასხვა მედიასაშუალების თქმით, სომეხმა
მომღერალმა და ავტორმა მიისაკუთრეს და ეს სიმღერა გაჰქონდა სომხეთს
ევროვიზიაზე. 22 იანვარს კი გამოცემები “სომხური ცეკვის აკადემიის
მიერ ქართული ცეკვის მითვისებაზე” ალაპარაკდნენ. ახალი ამბების
განხილვის საგანი გახდა ასევე Youtube-ზე გამოქვეყნებული ვიდეო, სადაც
ქართული ცეკვა “დაისი” მოხსენიებული იყო, როგორც სომხური საქორწინო
ცეკვა.
სიმღერაზე “ყვავილების ქვეყანა”
სტატიები გამოქვეყნდა შემდეგი სათაურებით: “სასაცილოა იმის თქმა, რომ
ეს სიმღერა სომხურია" - ვინ მიითვისა "ყვავილების ქვეყანა?”, “როგორ
იქცა სიმღერა „ყვავილების ქვეყანა“ სომხურ „HAYASTAN-ად“, “სომხეთი
„ევროვიზიაზე“ „ყვავილების ქვეყანას“ აგზავნის?!”, “მანუკ ხაჩატრიანი:
ბო***ო, „ყვავილების ქვეყანა“ სომხური სიმღერაა და ქართველმა ქურდებმა
მოიპარეთ”, „სომხებმა Youtube-დან "მოპარული ყვავილების ქვეყანა"
წაშალეს“.
მასალებში აღინიშნა, რომ სომეხმა
მომღერალმა სერობ აჯემიანმა ქართული სიმღერის მელოდიაზე სომხური
სიმღერა Hayastan შექმნა. ზოგიერთმა გამოცემამ დაწერა, რომ სიმღერა
“ევროვიზიაზე” წარსადგენადაა მომზადებული. თუმცა ეს ინფორმაცია
სიმართლეს არ შეესაბამება. როგორც გაირკვა, ევროვიზიაზე სომხეთს სულ
სხვა მომღერალი წარადგენს და ის “ყვავილების ქვეყანას” არ
შეასრულებს.
აღსანიშნავია სტატიის ავტორთა
დამოკიდებულება თემის მიმართ. მაგალითად, ერთ-ერთი გამოცემის
ჟურნალისტი წერს:
ციტატა 1. „სანამ ქართველი ერი
იმის გარკვევაში იყო, თუ ვის ეკუთვნოდა „ყვავილების ქვეყანა“ - მიხეილ
ჩირინაშვილს თუ გოგი ვასაძეს, სრულიად მოულოდნელად სიმღერას „ნამდვილი
ავტორი“ მანუკ ხაჩატრიანი მოევლინა და ქართველებს სასამართლოში
ჩივილითაც ემუქრება“.
ციტატა 2: “აღსაღნიშნავია ის
ფაქტი, რომ ქართველები ათწლეულების განმავლობაში “ვიპარავდით და
ვითვისებდით” ამ შესანიშნავ სიმღერას, რომელიც თურმე ... ვის თუ არა
ჩვენ “მოძმე-მეზობლებს ეკუთვნოდათ”.
ციტატა 3: “ხაჩატრიანი აცხადებს,
რომ სიმღერა „ყვავილების ქვეყანა“ სინამდვილეში ძველი სომხური სიმღერა
“caxikneri ashxarhum“ გახლავთ და ის ქართველმა ქურდებმა მოიპარეს.
„ბო***ო, სასამართლოში აგებთ პასუხს“ - ეს ერთ-ერთი „მარგალიტია“
ქართველი მომხმარებლებისადმი ხაჩატრიანის კომენტარებიდან, დანარჩენის
ხილვა სიმღერის კომენტარებში ყველა მსურველს თავად შეუძლია“.
კიდევ ერთი სტატიის სათაურში კი
კონკრეტული პირების ქმედება განზოგადებულია სომხებზე - „სომხებმა
Youtube-დან "მოპარული ყვავილების ქვეყანა" წაშალეს“, თავად მასალაში
კი აღნიშნულია, რომ ვიდეო სიმღერის შემქმნელმა და შემსრულებელმა
წაშალეს.
ერთ-ერთი რადიოსადგურის ვებგვერდზე
კი, “სომხების მიერ “ყვავილების ქვეყნის” მითვისებაზე საუბრისას”,
ჟურნალისტმა აღინიშნა, რომ სომხები ყველაფერ ქართულს სომხურს
უწოდებენ. რის დასადასტურებლადაც ავტორმა საზოგადოების გარკვეულ
ნაწილში გავრცელებული ხუმრობა მოიყვანა, ასევე თქვა, რომ ინტერნეტში
მოიძია ვიდეო, სადაც “სომხებმა ქართული ცეკვაც მიითვისეს”.
“მსგავსი ფაქტი არცთუ იშვიათია,
როდესაც ჩვენი მეზობლები უამრავ ქართულ სიმღერას, ცეკვას თუ
ნაწარმოებს სომხურს უწოდებენ. ინტერნეტში ამის უამრავ დადასტურებას
აღმოაჩენთ. უკვე ხუმრობად არის ქცეული, რომ შოთა რუსთაველს სომხები
სომხად მიიჩნევენ.
ინტერნეტში მოვიძიეთ ვიდეო, სადაც
ასახულია ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართული კონცერტი. მას
აწერია, რომ იქ სრულდება სომხური საქორწილო ცეკვა, გევორქიანის ცეკვის
აკადემიის მიერ და აშკარაა, რომ ჟღერს მუსიკა „დაისიდან“,
მოცეკვავეებს აცვიათ ქართული ნაციონალური სამოსი და ასრულებენ ქართულ
ცეკვას”, - აღნიშნულია სტატიაში.
რამდენიმე მედიასაშუალებამ კი
გაავრცელა კულტურის პალატის განცხადება, სადაც ასევე საუბარია “სომხურ
სატელევიზიო თუ ინტერნეტ სივრცეში ქართული კულტურის მითვისების
მცდელობებზე”. კონკრეტული პირების ქმედება ამ შემთხვევაშიც
განზოგადებულია სომეხ ერზე.
“დაისს" ამერიკაში სომხურ ცეკვად
ასაღებენ - ვიდეო, რომელმაც ქართველი ინტერნეტმომხმარებელი აღაშფოთა”
- ამ სათაურით გამოაქვეყნა ვიდეო palitratv.ge-მ. სათაური თავიდანვე
უარყოფითად განწყობს სომხების მიმართ მკითხველს.
საკითხი გააშუქა გადაცემა
2030-მაც. სიუჟეტში ჩაწერილია ქართველი სოლისტი, რომელიც ცეკვა დაისს
ასრულებდა, ასევე ქართული საბალეტო დასების ხელმძღვანელები, ყველა
მათგანი საუბრობს, როგორი აუცილებელია პლაგიატის წინააღმდეგ ბრძოლა.
ასევე სიუჟეტში ისაუბრა საქპატენტის წარმომადგენელმა. მისი თქმით, ამ
შემთხვევაში საავტორო უფლებებთან არ გვაქვს საქმე და პლაგიატის
საკითხის გარკვევა იმ შემთხვევაში დაიწყება, თუკი ცეკვის მემკვიდრეები
იჩივლებენ.
აღსანიშნავია, რომ სოციალურ
ქსელებში გაკეთებულ კომენტარებს თუ არ ჩავთვლით, მედიასაშუალებებს არ
უცდიათ სომეხ კულტურის მოღვაწეებთან დაკავშირება. ასევე, ცეკვის
შემთხვევაში ვიდეო გაავრცელა არა სომხური ცეკვის აკადემიამ, არამედ
კონკრეტულმა მომხმარებელმა Youtube-ში და შესაძლოა ვიდეოს
დასათაურებაც მის მიერ იყოს შერჩეული და არა თავად ცეკვის დამდგმელთა,
ან შემსრულებელთა მიერ. რაც გამოაშკარავდა 23 იანვარს, როდესაც
Gevorkian Dance Academy-ს დირექტორის ოფიციალური მიმართვა გავრცელდა
. აკადემიის დირექტორმა უარყო რაიმე კავშირი Youtube-ის მომხმარებელ
MENQ meroncov-თან, რომელმაც ცეკვა „დაისი“ გამოაქვეყნა. მისი თქმით,
ამ მომხმარებელს არც ნებართვა ჰქონია ვიდეოს გამოსაქვეყნებლად.
„ჩვენ ოფიციალურად მოვითხოვეთ
"MENQ meroncov" YouTube-ის ექაუნტს, რათა გაასწორონ შეცდომა და
ამოიღონ ვიდეო ქსელიდან. ასეთივე მოთხოვნა ჩვენ გავუგზავნეთ
YouTube-ის ადმინისტრაციას და ველოდებით პასუხს. 1987 წელს, სომხეთში,
ქ. ერევანში ჩამოყალიბდა ეროვნული ქორეოგრაფიული ანსამბლი "დრუჟბა"
(მეგობრობა). მრავალი ქორეოგრაფი სხვა ქვეყნიდან იქნა მოწვეული, რათა
მიეცათ საკუთარი ეროვნული ცეკვების გაკვეთილები ანსამბლისთვის.
ქორეოგრაფთა შორის იყო ქართველი ქორეოგრაფი“, - აღნიშნა აკადემიის
დიექტორმა. მან ბოდიში მოიხადა ასეთი შეცდომის გამო.