18.01.2016
სათაურად გამოტანილი კითხვის
დასმის აუცილებლობა „მაესტროს“ მიერ გასულ კვირას მომზადებულმა ორმა
გადაცემამ განაპირობა: „მაესტროს ფაქტორმა“ და უფრო მეტად კი
ყოველკვირეულმა ინტერვიუმ. „SWOT ანალიზმა“ საქართველოს
მართლმადიდებლური ეკლესიის შესახებ მსჯელობისას მაყურებელი
პრაქტიკულად ცალმხრივი მოსაზრებების ანაბარა დატოვა, რადგან აქცენტი
გაკეთდა ეკლესიისა და მისი მეთაურის შესახებ კრიტიკული მოსაზრებების
მქონე პირების კრიტიკაზე და ამგვარი აზრების გამოთქმა ერთგვარი
„ანტიეკლესიური ლობის გაძლიერებას“ დაუკავშირდა.
16 იანვრის „SWOT ანალიზში“,
გადაცემის წამყვანი ნიკოლოზ ლალიაშვილი პარტიარქის საერთაშორისო
ფონდის თავმჯდომარეს ლაშას ჟვანიას მასპინძლობდა. როგორც
დასაწყისიდანვე გავიგეთ, საუბარი უნდა შეხებოდა „ანტიეკლესიური
კამპანიის“ სუსტ და ძლიერ მხარეებს, შესაძლებლობებსა და საფრთხეებს,
თუმცა პრაქტიკულად მთელი გადაცემა დაეთმო „ლიბერალიზმის, როგორც
ანტიქრისტიანობის“, დაგმობას, თან ისე, რომ ადამიანები, რომლებიც
წამყვანმაც და სტუმარმაც "ანტიეკლესიური კამპანიის“ მონაწილეებად
მოიაზრეს, არც დაუსახელებიათ და არც მათი მისამართით გამოთქმული
ბრალდებებისთვის პასუხების გაცემის საშუალება მიუციათ.
საინტერესო ის არის, რომ სტუმარზე
მეტად „ლიბერალიზმის ანტიქრისტიანობაზე“ თავად გადაცემის ავტორი და
წამყვანი საუბრობდა:
„მათთვის საფრთხე არის არა
საკონსტიტუციო შეთანხმება ან სამართლებრივი აღიარება ეკლესიის
განსაკუთრებული როლისა და არც ეკლესიის უცვლელად დიდი ავტორიტეტი...
გულის ფანცქალით ელოდებიან NDI-ს და IRI-ს კვლევებს, იქნებ მოაკლდეს
ერთი პროცენტი მაინც პატრიარქისა და ეკლესიის ავტორიტეტსო, მაგრამ
არა, მადლობა ღმერთს, არაფერი იცვლება. აი, ეს კი არ არის საფრთხე,
საფრთხე მათთვის არის რწმენა, რომელიც გააჩნია ქართველ ხალხს
საქართველოს ეკლესიის მიმართ“, - თქვა ნიკა ლალიაშვილმა გადაცემაში და
რამდენიმე წუთში ევროპულ ღირებულებებზე საუბრისას დაამატა, რომ
„ქართველი ლიბერალების აზრით, თუ გინდა ევროპა, უნდა იყო ლიბერალი,
უნდა ემხრობოდე ერთსქესიანთა ქორწინების უფლებას, გენდერული
თანასწორობა უნდა იყოს მთავარი პრიორიტეტი და თანამედროვე ქალი
როგორმე უნდა გამოვტაცოთ ტრადიციული ოჯახის „კლანჭებს“.
გადაცემა პრაქტიკულად ერთი
ღირებულებათა სისტემის მქონე მოსაუბრეების ურთიერთდათანხმების 40 წუთი
იყო, სადაც განსხვავებული მოსაზრება მცირედითაც კი არ გაჟღერებულა ან
საარქივო ჩანაწერის ან რაიმე სხვა ფორმით.
პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელი და
ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ლაშა ჟვანია გამუდმებით უსვამდა ხაზს, რომ
„ანტიეკლესიურ ჯგუფს“ უნდა, ეკლესია ჩვეულებრივი ინსტიტუციის დონეზე
დაიყვანოს, არადა, ის ქრისტეს ინსტიტუტია და ვერანაირად ვერ
გაუთანაბრდება ვერც სახელმწიფო და ვერც სამოქალაქო საზოგადოების
ინსტიტუტები; რომ ე.წ. შავი პიარით ცდილობენ ეკლესიისა და პატრიარქის
წინააღმდეგ ტყუილები გაავრცელონ; რომ ეკლესია ყველაფერზე მაღლა დგას
და ა.შ.
ჟურნალისტური პრინციპების
აბსოლუტური იგნორირებით, მაყურებელმა ვერც კი გაიგო, რა კითხვებს
სვამს ადამიანთა ის ჯგუფი, რომელსაც წამყვანმა და სტუმარმა „ქართველი
ლიბერალი“ შეარქვეს ან რა აღიზიანებს ორივეს ამ კითხვებში; რას ეხება
ეს კითხვები: ეკლესიის ავტორიტეტს, სახელმწიფოსა და ეკლესიის
ურთიერთობას, საეკლესიო კანონიკას, ახალი ეკლესიების მშენებლობას,
სახელმწიფო ფინანსების რელიგიური მიზნებით ხარჯვას? - გადაცემაში არც
ერთი „ქართველი ლიბერალი“ არ ყოფილა მიწვეული და არც ერთი კითხვა არ
დაკონკრეტებულა, რომელიც ამ ადამიანებს აქვთ. შესაბამისად, დიდი
ალბათობით, „SWOT ანალიზის“ მაყურებელს შეექმნებოდა შთაბეჭდილება, რომ
საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების ფინანსებით გაძლიერებული
ადამიანები სხედან და გამუდმებით ფიქრობენ, თუ როგორ მიაყენონ
შეურაცხყოფა ეკლესიას და სასულიერო პირებს, როგორ გახადონ საქართველოს
საზოგადოება მორალს მოკლებული, როგორ წაშალონ ადამიანებში ისტორიული
მეხსიერება, „საით მიდიან, რა ფასეულობებზე უნდათ გაზარდონ საკუთარი
შვილები“, - იკითხა ლაშა ჟვანიამ ამ ადამიანების მისამართით.
“SWOT ანალიზმა“ პრაქტიკულად შეკრა
„მაესტროს“ სარედაქციო პოლიტიკის ის ჯაჭვი, რომელიც გასულ კვირას
განსაკუთრებული სიმძაფრით გამოჩნდა 12 იანვრის „მაესტროს ფაქტორში“.
როცა გადაცემის წამყვანს ერთ-ერთმა სტუმარმა ჰკითხა, რა საჭირო იყო
სოციალურ ქსელში დაწერილი სტატუსისთვის(იგულისხმებოდა ნინია კაკაბაძის
სტატუსი პატრიარქზე) გადაცემის მიძღვნა, წამყვანმა გაიკვირვა და
უპასუხა, რომ კაკაბაძის რეზონანსულ პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა და
ამიტომ გადაწყვიტა გადაცემის სწორედ ამ თემაზე მომზადება.
რედაქციის მიზანი თავიდანვე
გასაგები იყო (5 იანვარს გამოქვეყნებული პოსტის შესახებ გადაცემა ერთი
კვირის შემდეგ, 12 იანვარს გავიდა ეთერში - სამართლიანობა იმის
აღნიშვნას მოითხოვს, რომ საახალწლო დასვენების გამო “მაესტროს
ფაქტორი” 11 იანვარს დაუბრუნდა ეთერს): წამყვანმაც არაერთხელ
განაცხადა, რომ გადაცემა ყველაზე “სენსიტიურ, მგრძნობიარე” თემას
მიეძღვნებოდა, შესაბამისად, “მაესტროს ფაქტორი” ელოდა, რომ ხმაურიანი,
სკანდალური ანონსის შემდეგ უამრავი მაყურებელი მიუჯდებოდა ტელევიზორს
და კიდევ ერთხელ მოუსმენდა, თუ როგორ იცავენ “ნამდვილი ქართველები”
საქართველოს ეკლესიის მეთაურს, ხოლო ავტორიტეტებთან მებრძოლები როგორ
“უთხრიან ძირს ეროვნულ სიწმინდეს”.
გადაცემის გამორჩეულ სამ მომენტზე
შევჩერდები.
მას შემდეგ, რაც ჟურნალისტმა ნინია
კაკაბაძემ თქვა, რომ პოსტის გამოქვეყნების შემდეგ მას 100-მდე პირმა
მისწერა და წერილების უმეტესობა შეიცავდა მუქარას, შეურაცხყოფას და
უხამსობას, წამყვანი არც კი დაინტერესებულა, რა სახის მუქარა
იკითხებოდა ამ გზავნილებში, მიმართა თუ არა ჟურნალისტმა
სამართალდამცველებს. სხვა თუ არაფერი, მაყურებელი იმ კითხვას მაინც
ელოდა, თუ ასე ღიად ემუქრებოდა მავანი ჟურნალისტს საკუთარი მოსაზრების
საჯაროდ გამოქვეყნების გამო, რატომ არ მიმართა შინაგან საქმეთა
სამინისტროს უფლებების დასაცავად? ამის ნაცვლად ჟურნალისტმა
ჟურნალისტს დაუსვა შემდეგი კითხვა: “არ ფიქრობ, რომ უნდა არსებობდეს
რაღაც მორალური ჩარჩოები? ნებისმიერი ადამიანი შეიძლება იყოს კრიტიკის
ობიექტი, თუმცა რაღაცის ზღვარს მიღმა არავინ არ უნდა
გადადიოდეს...”
ვინ დაუწესა ზღვარი მოქალაქეს, მით
უმეტეს, ჟურნალისტს, აზრის გამოსახატავად? რატომ ვაგებთ კედლებს ისევ
საკუთარი თვალსაწიერის შესავიწროებლად და კითხვებზე პასუხის მიღების
ნაცვლად ძალაუნებურად ხელს ვუწყობთ ისედაც საკრალიზებული თემებისა თუ
პირების კიდევ უფრო დიდ ბუნდოვანებაში გახვევას? ბოლოს და ბოლოს, რა
არის ეს “ზღვარი”?
გადაცემის მეორე ყველაზე
მნიშვნელოვანი მომენტი იყო დიმიტრი ლორთქიფანიძის ჩართვა. პოლიტიკოსმა
მაყურებელზე მანიპულაცია ფოტოებით სცადა, სადაც ჩანს, თუ როგორ
მონაწილეობდნენ ეპისკოპოს რუსუდან გოცირიძის მიერ ჩატარებულ
ღვთისმსახურებაში “ნაციონალური მოძრაობის” წევრი გიგა ბოკერია და
თეოლოგი ბექა მინდიაშვილი. მიუხედავად იმისა, რომ წამყვანმა
აბსოლუტურად მართებულად მიუთითა რესპონდენტს, რომ ფოტოები არაფერ
შუაში იყო გადაცემაში განხილულ საკითხთან, მას მეტი ძალისხმევა უნდა
გამოეჩინა, რომ დიმიტრი ლორთქიფანიძეს აუდიტორიაზე მანიპულაციის
საშუალება არ მისცემოდა. ამის საპირისპიროდ უკვე მერამდენედ მივიღეთ
სიძულვილის ენით გაჟღენთილი რეპლიკები, რომ თურმე “ნინიები და ბაიები
პატრიარქს ებრძვიან”, რომ “უზნეობაა პატრიარქზე ისე საუბარი, როგორც
ეს ნინია კაკაბაძემ გააკეთა” და ა.შ.
“მაესტროს ფაქტორმა” 12 იანვრის
ინტერაქტივითაც მიიქცია ყურადღება, როგორც ეს მანამდეც რამდენჯერმე
მოხდა. გადაცემის ბოლოს დათვლილი მონაცემებით, 5700-მდე მაყურებლიდან
97%-ზე მეტმა დადებითი პასუხი გასცა კითხვას, “მიმდინარეობს თუ არა
ეკლესიის წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანია”. თუ რედაქცია ფიქრობს,
რომ ასეთი კამპანია მართლა დაიგეგმა კონკრეტული ადამიანებისა თუ
ორგანიზაციების მხრიდან, მაშინ რას აკეთებს იმისთვის, რომ მაყურებელმა
მეტი იცოდეს მათ შესახებ; ან საერთოდ, გვაქვს კი კამპანიასთან საქმე
თუ ადამიანები, კონსტიტუციურად მონიჭებული უფლებების შესაბამისად,
სვამენ კითხვებს ეკლესიისა და სახელმწიფოს ასეთი ფორმით ურთიერთობის
მიზანშეწონილობაზე; ინტერესდებიან რომელმა უწყებამ საზოგადოების
საჯარო ფინანსების რა ნაწილი დახარჯა პატრიარქის იუბილეს
აღსანიშნავად; რატომ ფინანსდება საპატრიარქო ყოველწლიურად 25 მილიონი
ლარით და ნამდვილად იხარჯება ეს ფინანსური რესურსი, ისე როგორც ამას
ძნელად ხელმისაწვდომი ისედაც მწირი დოკუმენტები ითვალისწინებს?
ეს და მრავალი სხვა კითხვა ორიოდ
წლის წინ იმავე “მაესტროს” ეთერში ჟურნალისტმა ვახო სანაიამ საავტორო
გადაცემაში დასვა და მართებულადაც დაიმსახურა მოწონება საზოგადოების
იმ ნაწილის მხრიდან, რომელიც კრიტიკულ თუ სკეპტიკურ დამოკიდებულებას
რელიგიურ ორგანიზაციებსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობაზე სოციალურ
ქსელში, საჯარო წერილებსა თუ გამოსვლებში გამოხატავდა. სამწუხაროდ,
პროგრესის ნაცვლად, არხის სარედაქციო პოლიტიკამ უკუსვლა არჩია - თუ
ორი წლის წინ არხი ეკლესიის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გავლენებზე
ლოგიკურ და ლეგიტიმულ კითხვებს თამამად სვამდა, დღეს უკვე
გაღიზიანებულად ეკითხება ასეთი კითხვების ერთ-ერთ ავტორს, უნდა
დაემორჩილოს თუ არა მორალური ჩარჩოებს პატრიარქის შეფასებისას.
P.S. 12 იანვარს, “მაესტროს
ფაქტორი” ტრადიციულად 21:30 საათზე დაიწყო. ამავე საღამოს “პატრიარქის
გინების გამო” “ტაბულას” ჟურნალისტებს თავს დაესხნენ. შესაძლოა,
გადაცემის შემოქმედებით ჯგუფს რესურსი არ ეყო, ადგილიდან რეპორტიორის
ჩართვა უზრუნველეყო, თუმცა რას უნდა შეეშალა ხელი გადაცემის
პროდიუსერებისთვის, რომ ამაზე მაყურებლისთვის ინფორმაცია
მიეწოდებინათ. როგორც ჩანს, უბრალოდ არ ჩათვალეს საჭიროდ.