ეკა მიშველაძე: “ხელფასს უნდა იღებდე მაშინ, როცა მუშაობ”
23.03.2016
3 თვეზე მეტია, რაც “გამომძიებელი რეპორტიორის” მიერ მომზადებული ჟურნალისტური გამოძიება საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში აღარ გადის, თუმცა გადაცემის თანამშრომლები მუშაობას აგრძელებენ და შესაბამისად, კუთვნილ ხელფასსაც ჩვეულებრივ იღებენ. გადაცემის შეჩერებიდან 6 თვის შემდეგ გაათავისუფლეს სამსახურიდან პოლიტიკური ტოქშოუ “პირველი სტუდიის” ავტორი და წამყვანი ეკა მიშველაძე. ამ დროის განმავლობაში ისიც ხელფასს ჩვეულებრივ იღებდა. ჟურნალისტი ამბობს, რომ ეს მას დისკომფორტს უქმნიდა.

ეკა მიშველაძის გადაცემა 2015 წლის ივლისის მერე ეთერში აღარ გასულა. როგორც უკვე ყოფილი ტელეწამყვანი მედიაჩეკერთან ინტერვიუში ამბობს, ის თვიდან თვემდე ელოდა გადაცემის ეთერში გასვლას, თუმცა, უშედეგოდ: “ჯერ იყო დაპირება, რომ გადაცემა ეთერში ოქტომბერში გავიდოდა, რაც არ მოხდა. შემდეგ ვიფიქრე, რომ ნოემბერში, მაგრამ ნოემბერშიც არ გავედით ეთერში. ნოემბერში მითხრეს, რომ იანვარში გავიდოდი ეთერში და ველოდებოდი იანვარს. მთელი ამ ხნის განმავლობაში მე ხელფასს ვიღებდი და რა თქმა უნდა, ჩემთვის ეს არ იყო კომფორტული, რადგან ხელფასს უნდა იღებდე მაშინ, როცა მუშაობ, რაღაც პროდუქტს ქმნი. ვინაიდან მოლოდინის რეჟიმში ვიყავი, ვფიქრობდი, რომ ეს სწორია და მართებულია”.

ეკა მიშველაძის თქმით, როცა მისი გადაცემა იანვარშიც არ გავიდა ეთერში, მან საზოგადოებრივ მაუწყებელს მოსთხოვა, მისთვის მიეცათ იმ საქმის კეთების საშუალება, რისთვაც ის ხელფასს იღებდა. საბოლოოდ, საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორმა გიორგი ბარათაშვილმა მას თებერვალში გაგზავნილი ოფიციალური წერილით აცნობა ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. გადაწყვეტილების საფუძვლად წერილში მითითებულია ის გარემოება, რომ გადაცემა “პირველი სტუდია” დაიხურა, ხოლო მაუწყებელმა მიზანშეწონილად არ მიიჩნია იმ ახალი გადაცემის ეთერში გაშვება, რომლის პროექტიც ეკა მიშველაძემ წარადგინა. ჟურნალისტი დავას შრომითი უფლებების დასაცავად სასამართლოში აგრძელებს.

რამდენად არის მიზანშეწონილი იმ თანამშრომლებისთვის საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტიდან ხელფასის გადახდა, რომლებიც თვეების განმავლობაში არ ქმნიან პროდუქტს, ეს კითხვა საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორ გიორგი გვიმრაძეს 10 მარტს, კოალიცია “მედია ადვოკატირებისთვის” მიერ ორგანიზებულ საჯარო შეხვედრაზეც დაუსვეს. გვიმრაძემ თქვა, რომ ეკა მიშველაძესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ბარათაშვილმა მიიღო და შესაბამისად, მხოლოდ ის იყო კომპეტენტური ამ საკითხის შესახებ. რაც შეეხება “გამომძიებელ რეპორტიორს”, გვიმრაძის თქმით, გადაცემის გუნდთან ხელშეკრულება შეწყვეტილი არ არის და ისინი მაუწყებელში მუშაობას აგრძელებენ.

“ეს ჯგუფი არც სამსახურიდან გაგვიშვია, არც პროექტი დახურულა, რომ მათთვის ხელფასი არ გადაგვეხადა და არც საქმიანობა შეუწყვეტიათ. ისინი თემებზე მუშაობენ, რამდენიმე თემა დამუშავებული აქვთ და როგორც კი მათ მომავალი კვირიდან დაემატებათ რესურსი, ისინი წარმოადგენენ იმ ფილმებს, რომლებზეც ნამუშევარი აქვთ ამ დროის განმავლობაში”, – თქვა გვიმრაძემ. მისივე განმარტებით, გამოძიება შეჩერებულია მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, რადგან მიაჩნია, რომ გადაცემას ჰქონდა როგორც ტექნიკური, ისე შინაარსთან დაკავშირებული პრობლემები. სოწრედ ამიტომ, მაუწყებლისთვის დამაკმაყოფილებელი არ იყო გადაცემის ხარისხი. გიორგი გვიმრაძის ინფორმაციით, გადაცემას არ ჰყავდა რეჟისორი, გარდა ამისა, სარგებლობდნენ მეორე არხის მოძველებული კამერებით.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორი არ განმარტავს, კონკრეტულად რას გულისხმობდა გადაცემის შინაარსთან დაკავშირებულ პრობლემებში, რაზეც მან დეტალურად საუბარი არ ისურვა: “ნახეთ ბოლო ფილმი, წინა ფილმი და მიხვდებით რას ვგულისხმობ”.

საგამოძიებო ჯგუფის ხელმძღვანელმა დოდო შონავამ 10 მარტს გამართულ შეხვედრაზე გვიმრაძეს საჯაროდ უპასუხა, რომ ის არ იზიარებდა პრეტენზიებს გამომძიებელი რეპორტიორის მიერ მომზადებული ფილმების შინაარსთან დაკავშირებით, ამასთანავე, დაადასტურა, რომ ჟრნალისტებს მართლაც მწირი ტექნიკური რესურსით უწევდათ გადაცემების მომზადება.

მოგვიანებით, დოდო შონავამ მედიაჩეკერთან ინტერვიუში თქვა, რომ საგამოძიებო გადაცემის გუნდს მაუწყებელი მუდმივად პირდებოდა ტექნიკურ დახმარებას, თუმცა, ბოლო პერიოდამდე ეს ვერ მოხერხდა. “ახლა გვპირდებიან, რომ ეს ძალიან მალე მოხდება”, – ამბობს დოდო შონავა. ის ასევე განმარტავს, რომ მიუხედავად გადაცემების ეთერში არგასვლისა, ჟურნალისტები აგრძელებენ მუშაობას კონკრეტულ თემებზე:

“ახლა ერთ ფილმზე მიდის მუშაობა, ამ თვეების განმავლობაში კი ჟურნალისტები რამდენიმე თემაზე პარალელურად მუშაობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ გაუგებრობა იყო, ეს ჯგუფი ერთი წამითაც არ გაჩერებულა, იძიებდნენ მასალებს, დოკუმენტებს რამდენიმე საქმეზე. ძალიან ბევრი თემაა დამუშავებული, აქედან ერთი ფილმია ტექნიკურად გადაღებული, წყაროებთან მუშაობა დამთავრებულია, სასამართლოს განაჩენი გამოტანილი აქვს, ჩვენ განაჩენის დადგომამდე არ გვაქვს გამოძიების ჩატარების უფლება, რადგან ეს სასამართლომ არ აღიქვას ზეწოლად. პირველი განაჩენი დამდგარია და ახლა ეს ჯგუფი სარეჟისორო სცენარსაც მოამზადებს და გადაცემას საბოლოო ფორმას მისცემს”.

გიორგი გვიმრაძის ინფორმაციით, 2016 წლის აგვისტომდე, ანუ მიმდინარე სატელევიზიო სეზონის დასრულებამდე, გამომძებელმა რეპორტიორმა 4 ფილმი უნდა მოამზადოს. ჟურნალისტური გამოძიების მომზადებას საზოგადოებრივ მაუწყებელს სამეურვეო საბჭოს მიერ განსაზღვრული 2015–2016 წლების პროგრამული პრიორიტეტებიც ავალდებულებს, სადაც წერია: “განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ჟურნალისტურ გამოძიებას, როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის ვალდებულებას და კონკურენტულ უპირატესობას. გადაცემები უნდა მომზადდეს როგორც სატელევიზიო, ისე - რადიო და ინტერნეტ ფორმატებში, შესაბამისი სპეციფიკის გათვალისწინებით”. ამავე დოკუმენტის მიხედვით, მაუწყებელი ვალდებულია, წელიწადში მინიმუმ 12 ასეთი გადაცემა მოამზადოს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი ქეთი მსხილაძე მიიჩნევს, რომ მაუწყებელი არასწორად მოიქცა ეკა მიშველაძესთან დაკავშირებით.

“ან თავიდანვე უნდა გაეშვათ ეკა მიშველაძე, ან ახლა გაშვება არ იყო სწორი. თუ ადამიანის გაშვება და გადაცემის დახურვა გინდა, ეს თავიდანვე უნდა მოხდეს და არ უნდა გაგრძელდეს ასე – ხელფასი გადაუხადო და ა.შ. საგამოძიებო ჯგუფი სხვა შემთხვევაა იმიტომ, რომ ეს გადაცემა არ დახურულა, ის უბრალოდ გასაუმჯობესებელია”, – თქვა ქეთი მსხილაძემ 10 მარტს მედიაკოალიციის მიერ ორგანიზებულ საჯარო შეხვედრაზე.

მედიაჩეკერი შეეცადა დაკავშირებოდა საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორ გიორგი ბარათაშვილს და მისთვის თემასთან დაკავშირებით დაესვა კითხვები. თუმცა, ჩვენ მასთან დაკავშირება რამდენიმე დღის განმავლობაში ვერ შევძელით. ბარათაშვილმა არც ჩვენს სატელეფონო ზარებს უპასუხა და არც – მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს. მაუწყებლის იურიდიულ სამსახურში კი განგვიცხადეს, რომ მანამ სანამ ეკა მიშველაძის საქმეს სასამართლო იხილავს, კომენტარს ვერ გააკეთებენ.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ