დილა მშვიდობისა!
21.03.2016
ერთი ან ორი მთავარი თემის განხილვა სტუდიაში მიწვეული რამდენიმე სტუმრის თანხლებით, ახალი ამბების ბლოკი ყოველ ნახევარ საათში, შოუ ბიზნესის სიახლეები, სპორტის ამბები გრძელი ქრონომეტრაჟით, ანიმაციური ფილმი ბავშვებისთვის, ქართული პრესის მიმოხილვა, ამინდის და კვირის ასტროლოგიური პროგნოზი და, რა თქმა უნდა, ფლორისტულ-კულინარიული ჩანართები - ეს ქართული ტელეკომპანიების დილის გასართობ-საინფორმაციო გადაცემების მთავარი კონსტრუქციული ხაზი წლების განმავლობაში უცვლელია, რომლის წყალობითაც კონკურენტი არხების მიერ მაყურებლისთვის შეთავაზებული დილის პროგრამები ერთმანეთს წყლის ორი წვეთივით ემსგავსება.

ყველაზე ადრე, 07:05 სთ-ზე, „დილა პირველზე” იწყება. გადაცემა ხშირად ერთ მთავარ თემაზეა აგებული, მთავარი თემა კი, შესაძლოა, მოგზაურობა ან განქორწინება და მასთან დაკავშირებული პრობლემები იყოს. ნახავთ და გაიგებთ, სად შეიძლება ბილეთების იაფად შეძენა, რით და როგორ დააკომპლექტოთ სამოგზაურო ჩანთა, რომელი ნივთების ატანა არ შეიძლება თვითმფრინავის სალონში, რატომ და რამდენი ოჯახი ინგრევა საქართველოში, რა პრობლემები ჩნდება განქორწინების შემდეგ და ამ საკითხზე იურისტის რჩევებსაც მოისმენთ. შოუბიზნესის ცნობილი ვარსკვლავების შესახებ მომზადებული ამბების კალეიდოსკოპიდან შეიტყობთ, რომ თურმე გაი რიჩი და მადონა ისევ “შეასკდნენ ერთმანეთს”, “ბილბორდის” მუსიკალური ჩარტის 200 საუკეთესოში ადელის ალბომი ლიდერობს, მრავალშვილიან ცნობილ მსახიობთა შორის კი - მელ გიბსონი. ერთი სიტყვით, „დილა პირველზე“ მაყურებლისთვის კარგად ნაცნობი ამბებით იწყება.

“რუსთავი 2-ის” დილის გადაცემა - “დილა მშვიდობისა, საქართველო” არსებობის 12-წლიანი ისტორია აქვს, თუმცა ამ ხნის განმავლობაში დიდად არც გადაცემის ფორმატი შეცვლილა. ამ ეტაპზე ერთადერთი სიახლე ის არის, რომ ამინდის პროგნოზს წამყვანის ნაცვლად ცნობილი ან მეტ-ნაკლებად ცნობილი ადამიანი გვაცნობს. გადაცემაში, რომელიც 2,5 სთ გრძელდება, ერთი მთავარი თემა, მაგალითად გენდერული ბალანსი, სტუმრებთან ერთად მხოლოდ გადაცემის მიწურულს, მეორე ბლოკის მეორე ნახევარში განიხილება. გადაცემის დიდ დროს აქ ძირითადად რეკლამა ავსებს. რეკლამაა ყველგან, სარეკლამო ჭრაში, პირდაპირ ჩართვებსა და სიუჟეტებშიც კი. რეკლამის ჟურნალისტური პროდუქტისგან გარჩევაზე თავად მაყურებელმა უნდა იზრუნოს - რეკლამის აღმნიშვნელი მითითება, ან მითითება, რომ გადაცემას სპონსორია ესა თუ ის კომპანია, ან ის შეიცავს სარეკლამო სიუჟეტებს, როგორც წესი არ არის. არადა, ერთ მშვენიერ დღეს, საოჯახო მენიუს ბლოკში, წამყვანთან ერთად სამზარეულოში, შესაძლოა, სუნამოების დიდი არსენალით შეიარაღებული “ვულევუს” PR მენეჯერი დაგხვდეთ და შოკოლადის დესერტის მომზადების პარალელურად მაღაზიაში შეტანილი ახალი ბრენდის და ახალი სურნელის შექმნის მეთოდებზე გესაუბროთ.

კულინარიული ჩანართების მომზადება ქართული ტელეკომპნიებისთვის ერთგვარი ვნებაა. გამონაკლისი არც “იმედი” და “იმედის დილაა”. აქაც, ისევე როგორც ყველა სხვა ტელეკომპანიაში, კერძები ძვირადღირებული ქართულ-უცხოური ინგრედიენტებით იქმნება. დილის საუზმისთვის, შესაძლოა, ერთ-ერთ რესტორანში ლუდში გამოყვანილი და შემწვარი გოჭის კანჭი მოამზადონ. ეთერში ამ ბლოკის გასვლისას ბოლო დროს გაჩნდა მინაწერი, რომ გადაცემა სარეკლამო ხასიათის ეპიზოდებს შეიცავს, რაც იმას ნიშნავს, რომ იმ რესტორნისა და კვების ობიექტის რეკლამას ვუყურებთ, სადაც წამყვანი იმყოფება. “რუსთავი 2-ის” დილის გასართობ-საინფორმაციო პროგრამის მსგავსად, ჟურნალისტურ პროდუქტში ჩამალული რეკლამა, შესაძლოა, აქაც შეგხვდეთ.

დილის სხვა გადაცემების მსგავსად “იმედის დილაც” აქცენტს კულტურისა და შოუბიზნესის სიახლეებზე აკეთებს. თუმცა ფოკუსში აქ ძირითადად შოუბიზნესის ადგილობრივი წარმომადგენლები არიან. სწორედ მათზეა გათვლილი რუბრიკები: “ცნობილის დღიური” და “დილის გასეირნება”. რუბრიკაში “ცნობილის დღიური” რომელიღაც ცნობილი ან თვითონ რომ ჰგონია, რომ ცნობილია, ისეთი ადამიანი ჰყვება რითი იყო დაკავებული და რას აკეთებდა ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათს... და კვირის სხვა დღეებში. მთავარი თემა სტუმრებითურთ აქაც, ისევე როგორც გადაცემაში - “დილა მშვიდობისა, საქართველო” მეორე ბლოკის ბოლო ნაწილისთვისაა შემონახული.

ახალი და აქტუალური ინფორმაციებით დატვირთულია “მაესტროს” “საქმიანი დილა”. 2 საათის განმავლობაში გადაცემა მაყურებელს ეკონომიკისა და ბიზნესის სიახლეებს აცნობს. “საქმიანი დილის” ყურადღების ცენტრში ბიზნესთან და ეკონომიკასთან დაკავშირებული თითქმის ყველა აქტუალური საკითხი ხვდება: კანონპროექტი “მიწის რეგისტრაციის” და “მომხმარებელთა უფლებების” შესახებ, ინიციატივა სადისტრიბუციო მანქანების დედაქალაქში გადაადგილების შეზღუდვაზე, უძრავი ქონების ბაზარზე არსებული მდგომარეობა... ერთი სიტყვით, ყველა ის საკითხი, რომელიც მოსახლეობის დიდ ნაწილს აინტერესებს. პრობლემას და სფეროში არსებულ მდგომარეობას დარგის ექსპერტებთან ერთად მეწარმეები და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებიც აფასებენ: “საქმიან დილას” სტუდიაში სტუმრები დილიდანვე ჰყავს. უხერხულობას ზოგჯერ წამყვანთა სიმრავლე ქმნის. “საქმიან დილას” სამი წამყვანი ჰყავს, რომლებიც ზოგჯერ ერთმანეთს კითხვის დასმას არ აცდიან. თუმცა ამ ნაკლის მიუხედავად “საქმიანი დილა” დილის გადაცემების ყველაზე განსხვავებულ და გამორჩეულ გადაცემად რჩება.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ