17.03.2016
საზოგადოებრივი მაუწყებლის
მონიტორინგის საბჭომ 15 მარტს ეკა მიშველაძის სამსახურიდან
გათავისუფლება პოლიტიკურ გადაწყვეტილებად შეაფასა.
საბჭოს წევრის, ემზარ გოგუაძის
თქმით, მაუწყებელის მიერ ეკა მიშველაძის გათავისუფლების მიზეზი მისი
მეუღლეა, რომელიც ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერია. გარდა ამისა,
ემზარ გოგუაძემ აღნიშნა, რომ მიშველაძის გათავისუფლება შრომით
კანონმდებლობასაც ეწინააღმდეგება.
საზოგადოებრივი მაუწყებლის
მონიტორინგის საბჭო 3 წევრისგან შედგება. მათ შორის არიან მწერალი
ემზარ გოგუაძე, გაზეთ “24 საათის” დამფუძნებელი მამუკა ფაჩუაშვილი და
რეჟისორი დავით კანდელაკი.
ეკა მიშველაძე მონიტორინგის საბჭოს
დასკვნას სასამართლოში წარადგენს, სადაც მან სარჩელი საზოგადოებრივი
მაუწყებლის წინააღმდეგ 7 მარტს შეიტანა.
მიშველაძე საზოგადოებრივმა
მაუწყებელმა სამსახურიდან 11 თებერვალს გაათავისუფლა. ასევე 11
თებერვლით დათარიღებული ბრძანებით დაიხურა მიშველაძის გადაცემა
“პირველი სტუდია”, რომელიც 2015 წლის 10 ივლისის შემდეგ ეთერში არ
გასულა.
მიშველაძე სასამართლოში მისი
სამსახურიდან გათავისუფლებისა და გადაცემა “პირველი სტუდიის”
დახურვაზე მაუწყებლის გადაწყვეტილებების ბათილად ცნობას ითხოვს.
საზოგადოებრივი მაუწყებელი კი
საკუთარ პოზიციაზე საჯაროდ არ საუბრობს. ერთადერთი კომენტარი,
კოალიციის "მედია ადვოკატირებისთვის" მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე,
2015 წლის 4 სექტემბერს, საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის
მრჩეველმა ბასა ჯანიკაშვილმა გააკეთა. მან განაცხადა, რომ ეკა
მიშველაძეს ინტერესთა კონფლიქტი აქვს, რადგან პოლიტიკოსის, პარტია
“თავისუფალი დემოკრატების წევრის” ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილის
მეუღლეა. ასე ჯანიკაშვილი მიშველაძის გადაცემის შესაძლო დახურვის
შესახებ იმ დროისთვის გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა (უნდა
აღინიშნოს, რომ პეტრიაშვილი და მიშველაძე ოფიციალურად ერთი თვის
შემდეგ, 4 ოქტომბერს დაქორწინდნენ).
“ქალბატონ ეკას მინდა მივულოცო
მთელი გულით და სულით ოჯახის შექმნა. იყო პრომოს დამზადების პროცესი,
ველოდებოდით, რომ ეკა უნდა ჩამოსულიყო, ეს პრომო უნდა დაგვემზადებინა
და ასეთი კარგი ამბავი დაგვახვედრა, რომ გათხოვდა პოლიტიკურ ლიდერზე,
მომავალ პარლამენტის თავმჯდომარეზე, სხვათა შორის, აქვე
ვიწინასწარმეტყველე. მაუწყებელს აქვს თავისი კოდექსი, როგორც
მარეგულირებელ კომისიას, ასევე მაუწყებელს, სადაც ინტერესთა კონფლიქტი
შეიძლება იყოს საზოგადოებრივი. მე შემიძლია გამოგიგზავნოთ ეს მეილზე.
ეს არის პრობლემა”.- განაცხადა ბასა ჯანიკაშვილმა.
მონიტორინგის საბჭოს დასკვნა და
ბასა ჯანიკაშვილის მაშინდელი განცხადება უარყო მაუწყებლის
სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ გრიგოლ გოგელიამ 15 მარტს.
მედიასთან საუბრისას მას მიშველაძის გათავისუფლების მიზეზებზე არ
უსაუბრია.
„ბასა ჯანიკაშვილმა სადღაც რაღაც
თავისი პოზიცია დააფიქსირა, ეს არ ნიშნავს, რომ ეს არის მაუწყებლის
პოზიცია. ბასა ჯანიკაშვილი არ არის ადამიანი, რომელსაც შეიძლება
დაეყრდნო, როგორც ოფიციალური საზოგადოებრივი მაუწყებლის
წარმომადგენელი, რადგან მას ამ წარმომადგენლის უფლებამოსილება არ
ჰქონია. ჩემი აზრით, ეს პოლიტიკური დევნა არ ყოფილა“ - განაცხადა
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ გრიგოლ
გოგელიამ „რუსთავი 2-თან" საუბრისას.
ჟურნალისტის ვერსია
ეკა მიშველაძე იხსენებს, რომ მისი
გადაცემის დახურვის შესახებ მედიიდან შეიტყო 2015 წლის სექტემბერში.
როდესაც საკითხის გარკვევა სცადა, მაუწყებელში უთხრეს, რომ მიმდინარე
გადაცემები რეორგანიზაციის გამო შეაჩერეს. მას სხვა პროექტის გაკეთება
შესთავაზეს. მიშველაძის აზრით, ეს შეთავაზება საზოგადოების ზეწოლის
შედეგი იყო.
მისი თქმით, ახალი პროექტი ჯერ
ოქტომბერში, შემდეგ ნოემბერში, შემდეგ კი იანვარში უნდა გასულიყო
ეთერში. თუმცა თებერვალში მაუწყებელმა პროექტი, რომლის ფორმატიც
ხელმძღვანელობასთან შეთანხმებული იყო, არ დაამტკიცა და მიშველაძის
გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.
თებერვლის დასაწყისში მისთვის
გაგზავნილ ოფიციალურ დოკუმენტში მიშველაძის გათავისუფლების მიზეზად
საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოს მიერ პროექტის არდამტკიცებაა
დასახელებული:
“მიმდინარე წლის თებერვლის
დასაწყისში თქვენ მიერ წარმოდგენილი იქნა ახალი საავტორო გადაცემის
პროექტი. იგი განსახილველად გადაეცა სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებლის”
დებულებით გათვალისწინებულ აღმასრულებელ საბჭოს, რომელიც სხვა
ფუნქციებთან ერთად, ამზადებს რეკომენდაციებს ახალი სატელევიზიო
პროექტების წარმოებაში ჩაშვების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით.
პროექტს არ მიეცა შესაბამისი რეკომენდაცია და ასევე არ იქნა მიღებული
დადებითი გადაწყვეტილება მისი წარმოების დაწყების შესაძლებლობასთან
დაკავშირებით”, - აღნიშნულია საზოგადოებრივი მაუწყებლის წერილში,
რომელსაც მისი დირექტორი გიორგი ბარათაშვილი აწერს ხელს.
ეკა მიშველაძე კი აღნიშნავს, რომ
პროექტის ფორმატი წინასწარ ჰქონდა შეთანხმებული არხის
ხელმძღვანელობასთან.
“თავიდან საუბარი იყო შაბათ-კვირის
ეთერზე, გასართობ გადაცემაზე. რაზეც მე ვუთხარი, რომ მაგ საკითხს არც
კი განვიხილავდი, საერთოდ. ეს ჩემი პროფილი არ არის, არც ვიცი ეგეთი
გადაცემა როგორ უნდა გავაკეთო-მეთქი. მათი მხირდან მეორე შემოთავაზება
იყო, რომ ანალიტიკური ტოკ-შოუ გამეკეთებინა, ოღონდ ერთი პირობით - არ
უნდა მომეწვია პოლიტიკოსები, რაზეც მე დავთანხმდი. არ იყო ჩემი
კომპეტენცია გადაცემის პროექტის მომზადება, თუმცა რაკი მოვილაპარაკეთ
გარკვეულ ფორმატზე, ამ კუთხით მოვამზადე. თუმცა ესეც არ
დააკმაყოფილეს”, - ამბობს მიშველაძე.
ჟურნალისტის ადვოკატის, ახალგაზრდა
იურისტთა ასოციაციის იურისტის, თათია კაჭარავას თქმით, სასამართლოს,
გარდა სამსახურისა და განაცდურის აღდგენისა, დისკრიმინაციული ფაქტის
დადგენასაც სთხოვენ.
“მივიჩნევთ, რომ მისი
გათავისუფლების რეალური მოტივი და საფუძველი არის დისკრიმინაცია მისი
მეუღლის, კერძოდ, მისი ოჯახის წევრის პოლიტიკური პარტიისადმი
კუთვნილების ნიშნით და ვითხოვთ, აქედან გამომდინარე, მორალური ზიანის
ანაზღაურებასაც”, - აღნიშნა კაჭარავამ.
მისი თქმით, ინტერესთა კონფლიქტი,
რაზეც ბასა ჯანიკაშვილი მიუთითებდა, სავარაუდოდ, მიშველაძის
გათავისუფლების რეალური მიზეზი შეიძლება იყოს. თუმცა თავად იურისტი
გამორიცხავს მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის ინტერესთა კონფლიქტს. თავის
მხრივ, ინტერესთა კონფლიქტის არსებობას გამორიცხავს ეკა
მიშველაძეც.
“მე ვთქვი კიდეც და მათთვისაც
ნათქვამი მაქვს, რომ ეთერში თუ გავალთ და როგორც კი შეამჩნევთ, ან
ერთხელ მაინც თუ მივიღებ შენიშვნას ჩემს მიკერძოებულობასთან
დაკავშირებით, არა მარტო ამ არხიდან, ჟურნალისტიკიდანაც წავალ-მეთქი.
შემდეგ, დავთანხმდი, რომ გავაკეთებდი გადაცემას, რომელშიც
პოლიტიკოსებს საერთოდ არ მოვიწვევდი, თუმცა ეთერში არც ეს გადაცემა
გავიდა”, - ამბობს ეკა მიშველაძე.
ინტერესთა კონფლიქტი
რა არის ინტერესთა კონფლიქტი და
როგორ უნდა მოიქცეს თავად ჟურნალისტი და მისი დამსაქმებელი, როცა
საქმე ინტერესთა კონფლიქტს ეხება?
ინტერესთა კონფლიქტი არის
სიტუაცია, როდესაც პირის პირადი, პროფესიული ანდა საზოგადოებრივი
ინტერესი შესაძლებელია ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოვიდეს, რაც ხელს
შეუშლის დაკისრებული მოვალეობის შესრულებას.
“ჟურნალისტის შემთხვევაში
ინტერესთა კონფლიქტი უმთავრესად მის მიუკერძოებლობას და
სამართლიანობას აყენებს ეჭვქვეშ. კონფლიქტი ინტერესებს შორის შეიძლება
წარმოიქმნას რამდენიმე მხრიდან, მათ შორისაა – ოჯახი, პირადი
ურთიერთობები, ფინანსები/ბიზნესი, სამოქალაქო აქტიურობა. საჭიროა
ჟურნალისტმა გადახედოს საკუთარ ურთიერთობებს და დაფიქრდეს, როგორ
უკავშირდებიან ისინი მის პროფესიულ საქმიანობას” - ვკითხულობთ ეთიკის
ქარტიის სახელმძღვანელო რეკომენდაციაში.
მაუწყებელთა ქცევის კოდექსში
აღნიშნულია, რომ ჟურნალისტმა არ უნდა შელახოს მაუწყებლის
დამოუკიდებლობა საკუთარი სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური და
საზოგადოებრივი საქმიანობით და თავიდან უნდა აიცილოს ინტერესთა
კონფლიქტი (მუხლი 29, პუნქტი - 7).
საერთაშორისო მედიაში ინტერესთა
კონფლიქტისა და მისი გადაჭრის არაერთი მაგალითია, 2011 წელს, როდესაც
აშშ-ს საზოგადოებრივი რადიოს გადაცემა „All Things Considered-ის“
წამყვანის მიშელ ნორისის ქმარი ბროდერიკ ჯონსონი პრეზიდენტობის
კანდიდატ ბარაკ ობამას საარჩევნო კამპანიის მრჩევლად დაინიშნა,
წამყვანმა საკუთარ ხელმძღვანელობას აცნობა ამის შესახებ.
„ჩვენ ვიმსჯელეთ და გადავწყვიტეთ,
რომ ბროდერიკის ახალი როლი სირთულეებს შემიქმნიდა გადაცემის
წაყვანაში. საარჩევნო კამპანიისას ბროდერიკის მიერ დაკავებული
პოზიციის თავისებურებიდან და იმ გავლენიდან გამომდინარე, რაც მას
შეიძლება ჩვენს ოჯახზე ჰქონდეს, მივიღე გადაწყვეტილება, რომ დროებით,
2012 წლის არჩევნების დასრულებამდე აღარ წავიყვანო გადაცემა“, –
განაცხადა მიშელ ნორისმა და იმავე ორგანიზაციაში სხვა პოზიციაზე
გადაინაცვლა.
ჟურნალისტმა გააცნობიერა, რომ
ქმრის ახალი პოზიცია ხელს შეუშლიდა საარჩევნო კამპანიის
გაშუქებაში;
მან ხელმძღვანელობას იქამდე აცნობა
ქმრის ახალი პოზიციის შესახებ, ვიდრე ის დაიკავებდა ამ
თანამდებობას;
ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით
მიიღეს გადაწყვეტილება – ჟურნალისტი დარჩა ორგანიზაციაში, თუმცა მისი
საქმიანობა გაიმიჯნა პოლიტიკური საკითხების გაშუქებისგან. ნორისი
წამყვანის პოზიციას დაუბრუნდა 2013 წელს.
ინტერესთა კონფლიქტის დროს
მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჟურნალისტის პასუხისმგებლობა, არამედ
რედაქციის მზაობა საკითხის გადასაჭრელად. რედაქციამ უნდა ჩამოაყალიბოს
საკუთარი პოზიცია ამ საკითხებზე, ამგვარი დეტალების გადაწყვეტა
სარედაქციო პოლიტიკის შესაბამისად უნდა ხდებოდეს. დასაქმებულები კი
ინფორმირებულნი უნდა იყვნენ ყველა იმ რეგულაციის შესახებ, რაც
რედაქციის შიგნით არსებობს.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ქცევის
კოდექსში ინტერესთა კონფლიქტის საკითხს ცალკე თავი ეძღვნება. კოდექსში
განმარტებულია, რა არის ინტერესთა კონფლიქტი, როდის, რა ვითარებაში
შეიძლება დადგეს ეს პრობლემა.
არის თუ არა ინტერესთა კონფლიქტი
სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი? ამის შესახებ ქცევის კოდექსში
არაფერია ნათქვამი. ამავე დოკუმენტში აღნიშნულია: “ინტერესთა
კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად მაუწყებელმა და თანამშრომელმა ყველა
სათანადო ზომა უნდა მიიღონ. ვითარებიდან გამომდინარე, თანამშრომელს
შესაძლოა გარკვეული საკითხების გაშუქებაზე უარის თქმა ან სხვა
სამსახურის შესრულება მოუწიოს”.
იყო თუ არა მიშველაძის
გათავისუფლების მიზეზი შესაძლო ინტერესთა კონფლიქტი? მიმართა თუ არა
მაუწყებელმა ყველა ზომას საკითხის მოსაგვარებლად? რატომ დაიხურა
გადაცემა “პირველი სტუდია”? ამ კითხვებზე პასუხის მიღება მედიაჩეკერმა
საზოგადოებრივი მაუწყებლისგან სცადა. თუმცა მაუწყებელში პასუხის
გაცემაზე უარი გვითხრეს. მედიაჩეკერი კვირის განმავლობაში ისევ
შეეცდება მათთან დაკავშირებას.